სტალინის საიდუმლო სპეცოპერაცია: ქორწინება პოლიტიკური მკვლელობისთვის - „მაქსს“ კაბინეტში ფილტვის ჭირის ბაქტერიები უნდა გაეშვა - კვირის პალიტრა

სტალინის საიდუმლო სპეცოპერაცია: ქორწინება პოლიტიკური მკვლელობისთვის - „მაქსს“ კაბინეტში ფილტვის ჭირის ბაქტერიები უნდა გაეშვა

იოსებ სტალინი, ბევრი დიქტატორისგან განსხვავებით, ნაკითხი და ერუდირებული მმართველი იყო. სტალინის პირადი ბიბლიოთეკის წიგნების ფურცლებზე მისივე ხელით გაკეთებული შენიშვნები და კომენტარები ადასტურებს, რომ ის ძალზე ბევრს კითხულობდა: სამხედრო სტრატეგიის შესახებ დაწერილი მცირე ბროშურით დაწყებული და კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებლით" დამთავრებული.

სტალინი წიგნის კითხვისას შენიშვნებს სხვადასხვა ფერის ფანქრით წერდა. ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსი ისტორიკოსები, ვისაც ნება დართეს სტალინის პირად ბიბლიოთეკას გასცნობოდა, ამტკიცებენ, რომ ბიბლიოთეკაში 5000 ზე მეტი წიგნია მისი შენიშვნებით აჭრელებული. „დიდი დიქტატორი“ კარგად იცნობდა რუსულ და ქართულ კლასიკურ პროზა/პოეზიას, ასევე ანდაზებს, იგავებს, ხალხურ გამოთქმებს და ხშირად იყენებდა სტატიებში, სიტყვით გამოსვლებში და პირად საუბრებში. სტალინს განსაკუთრებით უყვარდა გამონათქვამი: „ორმოს სხვა ნუ უთხრი, თორემ თვითონ ჩავარდებიო“. თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თავად აღმოჩნდებოდა „ორმოში“.

1953 წლის 11 იანვარს პარიზში, 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა სტალინის დიდი ხნის პოლიტიკური ოპონენტი ნოე ჟორდანია. სამწუხაროდ უცნობია „დიდი ბელადის“ რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, სტალინის დავალებით საბჭოთა სპეცსამსახურები პარიზიდან ნოე ჟორდანიასა და ევგენი გეგეჭკორის მოტაცებას და მოსკოვში ჩამოყვანას გეგმავდნენ, თუმცა, ჩემი აზრით, სტალინს ეს არა მათთან ანგარიშსწორების მიზნით, არამედ მის მიერვე ინსპირირებული ე.წ. „მეგრელთა საქმისთვის“ სჭირდებოდა: უკვე ღრმად მოხუცი „მენშევიკები“ ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინა. სხვა შემთხვევაში მათი ლიკვიდაცია საფრანგეთშივე შეეძლო. თუ რატომ არ შესრულდა ეს გეგმა მხოლოდ თავად „დიდმა დიქტატორმა“ იცოდა. სავარაუდოდ იმ პერიოდში სტალინისთვის პრიორიტეტული „ახალი მტრების“ სამაგალითო დასჯა გახდა. პირველი კანდიდატი იუგოსლავიის ლიდერი იოსიპ ბროზ–ტიტო იყო.

სტალინისა და ტიტოს ურთიერთობა ძალზე სწრაფად, სულ რაღაც ორ–სამ წელში, რადიკალურად შეიცვალა: თუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტიტო „ბეჯითი მოწაფე“ იყო, 1948 წელს უკვე ურჩ და ამრევ „პოლიტიკურ ხულიგნად“ იქცა, რომელიც „დიდი ბელადის“ მოთხოვნებს არ ეპუებოდა. სტალინმა სიტყვიერი დავალება მისცა ტიტოს ლიკვიდაციის გეგმის მოსამზადებლად, თუმცა საჯაროდ ვითომდა „მარქსიზმ–ლენინიზმის გაკვეთილებს“ უტარებდა. 1948 წლის 4 მაისს მან „ოფიციალურ–მეგობრული“ და ამავე დროს მუქარა შეფარული წერილი გაუგზავნა ტიტოს: „ უნდა გვახსოვდეს, რომ ამა თუ იმ ხელმძღვანელის წარსული დამსახურება არ გამორიცხავს დღეს შეცდომების შესაძლებლობას. თავის დროზე ტროცკისაც ჰქონდა რევოლუციური დამსახურება, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ВКП(б) –ს შეეძლო თვალის დახუჭვა მის ძალიან უხეშ ოპორტუნისტულ შეცდომებზე, რამაც მოგვიანებით ის საბჭოთა კავშირის მტრების ბანაკში მიიყვანა“, – წერდა სტალინი. ვფიქრობ ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რატომ მოიყვანა ამ წერილში სტალინმა ტროცკის მაგალითი: ეს ტიტოსთვის, რომელმაც ძალზე კარგად იცოდა, თუ როგორ დაასრულა სიცოცხლე სტალინის პირადმა მტერმა, პირდაპირი გაფრთხილება იყო.

იუგოსლავიაში მყოფი საბჭოთა „სამხედრო წარმომადგენლები“ და „სამოქალაქო სპეციალისტების“ უმრავლესობა საბჭოთა დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც პოლიტიკური და ეკონომიკური ინფორმაციის მოპოვებასთან ერთად, ტიტოს პირადი დაცვის რაოდენობა/შემადგენლობასა და მისი კორტეჟის გადადგილების მარშრუტებს სწავლობდნენ.

თუმცა იუგოსლავიის მომავალი დიქტატორი მაშინ არ შეუშინდა სტალინის მუქარას და თავად გადავიდა „აქტიურ თავდაცვაზე“: ქვეყნის ხელმძღვანელობიდან გამოიყვანა და დააპატიმრა ყველა ვინც საბჭოთა რეჟიმის სიმპათიაში იყო შემჩნეული (ანდრია ჰებრანგი, სრეტენ ჟუიოვიჩი და სხვ.), ასევე საპატიმროებში აღმოჩნდნენ ის რუსი ემიგრანტებიც, რომლებიც მოსკოვის დავალებით „მეხუთე კოლონის“ ფუნქციას ასრულებდნენ იუგოსლავიაში. ამავე დროს ტიტომ მაქსიმალურად გაწმინდა იუგოსლავიის სპეცსამსახურის რიგები საბჭოთა აგენტურისგან: მათ შორის მოხვდა ტიტოს პირადი დაცვის ერთ–ერთი ხელმძღვანელი გენერალ–მაიორი მომო იუროვიჩი (ოპერატიული მეტსახელი „VAL“). სწორედ „VAL“–ი უნდა ყოფილიყო ტიტოს ლიკვიდაციის ოპერაციის ერთ–ერთი ძირითადი მონაწილე. ამიტომაც იყო რომ 1952 წლის მაისამდე ამ სპეცოპერაციის პერსპექტივები ძალზე ბუნდოვანი იყო. სტალინს რა თქმა უნდა შეეძლო ტიტოს ხელისუფლების დამხობა სამხედრო ოპერაციის გზითაც, თუმცა ეს პირდაპირი დაპირისპირება იქნებოდა გუშინდელ მოკავშირეებთან, უპირველესად აშშ–სთან, რაც სტალინს, როგორც ძალზე პრაგმატულ პოლიტიკოსს, იმ პერიოდში ხელს არ აძლევდა. მას ერჩივნა სახელმწიფო გადატრიალების მრავალნაცადი ხერხით: „აღშფოთებული იუგოსლაველი კომუნისტების“ ხელით, მოეცილებინა „ტიტოს ხროვა“ (სტალინის მითითებით 1949 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ამგვარად მოიხსენიებდნენ იუგოსლავიის ხელისუფლებას). ეს გეგმაც ჩაიშალა.

მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ, რომ სტალინს არ სურდა ტიტოს ლიკვიდაციის კვალი აშკარად „კრემლისკენ“ წასულიყო ( ისევე როგორც ლევ ტროცკის მკვლელობის შემთხვევაში, როდესაც თავდასხმა ვითომდა „კანადელმა ბიზნესმენმა ფრენკ ჯეკსონმა “ განახორციელა „ეჭვიანობის გამო“ ), ამიტომაც ჭიანურდებოდა სტალინის სიტყვიერი დავალების შესრულება. არსებობს ვერსია, რომ 1951 წელს გაბრაზებულმა სტალინმა უშიშროების ახლად დანიშნულ მინისტრს სემიონ იგნატიევს „ხუმრობით“ უთხრა: „ჩეკისტს მხოლოდ ორი გზა აქვს: ერთი დაწინაურებაა, მეორე კი ციხეო“. იგნატიევმა თავისი წინამორბედების მაგალითზე იცოდა, თუ რას ნიშნავდა სტალინის „ხუმრობა“. მოვლენები კი მისთვის სასიკეთოდ ვითარდებოდა და ეს დაკავშირებული იყო . . . ცენტრალური ამერიკის ერთ პატარა ქვეყანა კოსტა–რიკასთან. თუმცა მანამდე იყო მრავალწლიანი, ურთულესი აგენტურულ–ოპერატიული კომბინაციები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში სადაზვერვო პოზიციების მოსაპოვებლად. საბჭოთა დაზვერვის მიერ „გავლენის აგენტის“ ფორმირების ეს კლასიკური ოპერაცია საგარეო დაზვერვის სახელმძღვანელოებშია შეტანილი.

თავად განსაჯეთ: ესპანეთის სამოქალაქო ომში მონაწილე, 24 წლის ახალბედა საბჭოთა აგენტი ათი წლის შემდეგ იტალიაში კოსტა–რიკის მოქალაქის პასპორტით ჩადის, რომში აფუძნებს კომპანიას და იწყებს ყავის ბიზნესს, კიდევ სამი წლის შემდეგ „კოსტა–რიკელი დიპლომატი“ ხდება, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი უკვე იტალიაში კოსტა–რიკის ელჩია, რომლის „დაფარვის ზონაში“ იუგოსლავიაც შედის. ეს იყო საბჭოთა დაზვერვის აგენტი „მაქსი“ – იოსებ რომუალდის ძე გრიგულევიჩი (1913–1988), რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ლიტვის ქალაქ ვილნოში (დღევანდელი ვილნიუსი) დაიბადა ლიტველი ყარაიმის ოჯახში. მისი ახალგაზრდობა იმ დროისთვის კარგად გაკვალული გზით მიედინებოდა: მარქსისტული იდეებით გატაცება, კომინტერნში შესვლა, საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობის დაწყება და ესპანეთის სამოქალაქო ომში, როგორც საბჭოთა დაზვერვის „ბოევიკების დამხმარის “ სტატუსით მონაწილეობა (მათი მთავარი ფუნქცია ესპანელი „ტროცკისტების“ ლიკვიდაცია იყო). გრიგულევიჩის შემდგომი „აგენტურული კარიერა“ შეიძლება სხვანაირად გაგრძელებულიყო, რომ არა მისი პიროვნული მონაცემები: ენების ცოდნა, გარდასახვის ნიჭი, კომუნიკაბელურობა, სხარტი აზროვნება და მოხერხებულობა. საბჭოთა დაზვერვის გამოცდილმა თანამშრომლებმა ალექსანდრე ორლოვმა (ლევ ფელდბინი) და ნაუმ ეიტინგონმა „იუზიკს“ (გრიგულევიჩის იმდროინდელი ოპერატიული მეტსახელი), როგორც პერსპექტიულ არალეგალურ აგენტს „ცენტრში“ რეკომენდაცია გაუწიეს. გამომდინარე იქიდან, რომ „იუზიკი“ სრულყოფილად ფლობდა ესპანური ენას (ხოლო ინგლისურსა და ფრანგულს – კარგად) , მისი არალეგალური ცხოვრებისა და აგენტურული მუშაობის არეალად ამერიკის ესპანურენოვანი ქვეყნები განისაზღვრა. ჯერ იყო მექსიკა, სადაც „ფელიპე“ (გრიგულევიჩის ახალი ოპერატიული მეტსახელი) 1938 წლის მაისში ჩავიდა და ლევ ტროცკის ლიკვიდაციის ოპერაციის (ძალზე ორიგინულური დასახელებით – „ოპერაცია იხვი“) მომზადებაში ჩაერთო. სტალინის უმთავრეს მტერზე, ლევ ტროცკიზე პირველი თავდასხმა მეხიკოში 1940 წლის 24 მაისის ღამეს განხორციელდა, თუმცა მაშინ „ლიკვიდატორებმა“ მიზანს ვერ მიაღწიეს. „ფელიპემ“ თავი მეხიკოს ერთ–ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში შეაფარა და მათი „პაციენტის“ როლი კარგად განასახიერა. აქ ერთი საინტერესო დეტალი მინდა აღვნიშნო: 1940 წლის გაზაფხულზე „ფელიპემ“ ცოლად მოიყვანა ახალგაზრდა მექსიკელი მასწავლებელი ლაურა არაუხო. ეს ქორწილი „ცენტრის“ მიერ განხორციელებული „მაჭანკლობის“ ჩვეულებრივი ოპერაცია იყო: ორი საბჭოთა აგენტი ერთმანეთს „ჩაახუტეს“ და არალეგალური დაზვერვისთვის იდეალური გარემო შექმნეს.

picture3-1729838215.jpg

საბჭოთა არალეგალური დაზვერვის „ოჯახური წყვილი“: ლაურა და თეოდორო კასტროები

1940 წლის დეკემბერში ახალგაზრდა წყვილმა არგენტინას შეაფარა თავი, „ფელიპე“ იქ ჩილეს მოქალაქე „ხოსე როტის“ პასპორტით ცხოვრობდა. მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტების დამზადება საბჭოთა დაზვერვას არასდროს არ უჭირდა. არგენტინაში „ფელიპემ“ ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და უკვე „ხოსე გრიგულიავიჩუსი“ გახდა. თან ფარმაცევტულ ბიზნესშიც ჩაერთო. 1941 –1947 წლებში იოსებ გრიგულევიჩმა, მეუღლესთან ერთად, სხვადასხვა გვარებით და სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქის პასპორტებით მთელი სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა მოიარეს სანამ 1948 წლის იანვრის დასაწყისში მოსკოვში არ დაბრუნდნენ. ერთი წლის შემდეგ „ცენტრმა“ თეოდორო და ლაურა კასტროები, კოსტა–რიკის მოქალაქეების პასპორტებით, იტალიაში მიავლინა. „მაქსის“ (გრიგულევიჩის ახალი ოპერატიული მეტსახელი) ლეგენდა ამგვარი იყო: იტალიაში ლათინური ამერიკიდან ყავის იმპორტის დაწყება. „მაქსის“ კომუნიკაბელურობა ხელს უწყობდა მეგობრული ურთიერთობის დამყარებას იტალიაში მცხოვრებ „თანამემამულეებთან“: კოსტა–რიკელ დიპლომატებთან და ბიზნესმენებთან. თუმცა მისი, როგორც საბჭოთა არალეგალური აგენტის საოცარ კარიერაში, გადამწყვეტი ერთი შემთხვევითი შეხვედრა აღმოჩნდა. 1950 წლის ოქტომბერში იტალიაში ვიზიტით ჩავიდა კოსტა–რიკის პრეზიდენტი ლუის ულატე ბლანკო, რომელიც თანამემამულეებსაც, მათ შორის თეოდორო კასტროს , შეხვდა. პრეზიდენტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიზნესმენის წარმატებებმა და მისმა ფართო კავშირებმა იტალიის ხელისუფლებაში და ვატიკანში. სამშობლოში დაბრუნებულმა კოსტა–რიკის პრეზიდენტმა 1951 წლის დასაწყისში თეოდორო კასტრო იტალიაში კოსტა–რიკის გენერალური საკონსულოს პირველ მდივნად დანიშნა, ხოლო 1952 წლის გაზაფხულზე,

picture2-1729838215.jpg

„მაქსი“ ერთ–ერთ დიპლომატიურ მიღებაზე

იტალიაში კოსტა–რიკის საელჩოს გახსნის შემდეგ, საბჭოთა აგენტი „მაქსი“–„თეოდორო კასტრო“, უკვე ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა. 1952 წლის 22 ივლისში “კოსტა–რიკის ელჩის, თეოდორო კასტროს“ მოვალეობებს იუგოსლავიასთან დიპლომატიური ურთიერთობის მოწესრიგება დაემატა, რითაც საბჭოთა დაზვერვისთვის ტიტოს ლიკვიდაციის რეალური პერსპექტივები გამოჩნდა. ასე აღმოჩნდა საბჭოთა პოლიტიკური ტერორიზმის „სცენაზე“ მესამე იოსები.

„მაქსი“ ორჯერ ესტუმრა იუგოსლავიას, თუმცა ტიტო მის მიღებას არ ჩქარობდა. „კოსტა–რიკელი დიპლომატი“ იუგოსლავიის საგარე საქმეთა სამინისტროში დაამშვიდეს და ტიტოსთან პირად აუდენციას 1953 წლის გაზაფხულზე შეპირდნენ.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სტალინის სიტყვიერი განკარგულებით, საბჭოთა უშიშროების სამინისტროში შეადგინეს ტიტოს ლიკვიდაციის გეგმა, სადაც მთავარი როლი „მაქსს“ ეკისრებოდა: მას უნდა მოეკლა იუგოსლავიის ლიდერი. 1952 წლის გვიან შემოდგომაზე, სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ს. იგნატიევმა სტალინს გაუგზავნა ხელნაწერი დოკუმენტი, რომელიც ერთ ეგზემპლარად არსებობდა . საბჭოთა სადაზვერვო–დივერსიული და ტერორისტული ოპერაციების ერთ–ერთი ხელმძღვანელის, პავლე სუდოპლატოვის ინფორმცაიით დოკუმენტში აღნიშნული იყო შემდეგი:

„მაქსი“ ჩვენ კოსტა– რიკის პასპორტით გადავიყვანეთ იტალიაში, სადაც მან მოახერხა ნდობის მოპოვება .. . „მაქსმა“, ჩვენი დავალებით და თავისი კავშირებით, მიაღწია დანიშვნას კოსტა– რიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე იტალიაში და ამავე დროს იუგოსლავიაში. დიპლომატიური მოვალეობების შესრულებისას ის ორჯერ ეწვია იუგოსლავიას 1952 წლის მეორე ნახევარში, სადაც კარგად მიიღეს, წვდომა ჰქონდა „ტიტოს ხროვასთან“ დაახლოებულ წრეებთან და დაპირდნენ მასთან პირად აუდიენციას. „მაქსის“ პოზიცია ამჟამად მას საშუალებას აძლევს გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები ტიტოს წინააღმდეგ აქტიური მოქმედებების განსახორციელებლად“. ხელნაწერ დოკუმენტში განხილული იყო ტიტოს ლიკვიდაციის ოთხი ვარიანტი:

1. ტიტოსთან პერსონალურ აუდიენციის დროს „მაქსს“ ტანსაცმელში დამალული სპრეის მექანიზმიდან უნდა მოეხდინა კაბინეტში ფილტვის ჭირის ბაქტერიების გაშვება, რაც გამოიწვევდა ტიტოსა და ოთახში მყოფთა დაინფექცირებას და სიკვდილს. თავად „მაქსმა“ არ იცოდა ამ ინფექციის შესახებ. „მაქსის“ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მას წინასწარ გაუკეთებდნენ ჭირის საწინააღმდეგო ინექციას.

2. ტიტოს ლონდონში მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით „მაქსიც“ ჩავოდოდა იქ და ინგლისში იუგოსლავიის ელჩთან კარგი პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე შეძლებდა იუგოსლავიის საელჩოში ტიტოს საპატივსაცემად გამართულ მიღებაზე დასწრებას. თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო მცირე ზომის მექანიზმიდან ჩუმად სროლით, ცრემლსადენი გაზის ერთდროული გაშვებით დამსწრეებს შორის პანიკის შესაქმნელად, რათა „მაქსს“ შეძლებოდა გაქცევა;

3. ბელგრადში გამართულ ერთ-ერთი ოფიციალური მიღებაზე „მაქსი“, როგორც იუგოსლავიის მთავრობაში აკრედიტებული დიპლომატი, იქნება მიწვეული და იმოქმედებს მეორე ვარიანტის შესაბამისად;.

4. „მაქსი“ კოსტა –რიკის ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენლის მეშვეობით ტიტოს საჩუქრს გადასცემს , რომლის გახსნა ააქტიურებს მექანიზმს, რომელიც მყისიერად გამოაფრქვევს ტოქსიკურ ნივთიერებას“.

უშიშროების სამინისტროს მიერ სტალინისთვის წარდგენილ ამ დოკუმენტში ასევე აღნიშნული იყო: „ ეჭვგარეშეა, რომ „მაქსი“ თავისი პიროვნული თვისებებიდან და სადაზვერვო გამოცდილებიდან გამომდინარე შეასრულებს დავალებას. . .იმ შემთხვევაში, თუ მას დააკავებენ ან მოკლავენ კოსტა–რიკელი დიპლომატის ქმედებებში ვერავინ აღმოჩენს საბჭოთა დაზვერვის კვალს. ამისთვის „მაქსი“ დაწერს გამოსამშვიდობებელ წერილს თავისი მექსიკელი მეუღლის სახელზე. ვითხოვთ თქვენს თანხმობას“.

ამ დოკუმენტის განხილვისთვის, 1953 წლის თებერვლის ბოლოს, სტალინმა დაიბარა: უშიშროების მინისტრი იგნატიევი, მისი მოადგილეები და სუდოპლატოვი. ტიტოს ლიკვიდაციის წარმოდგენილი გეგმა, როგორც სრულიად არაკომპეტენტური დოკუმენტი, სუდოპლატოვმა მკაცრად გააკრიტიკა, მისი არგუმენტები შემდეგი იყო: "მაქსი" არ არის შესაფერისი ასეთი დავალებისთვის, რადგან ის არასოდეს ყოფილა „კილერი–აგენტი“;

ჩვენ არ გვაქვს უფლება, აგენტი გავაგზავნოთ სასიკვდილოდ . ოპერაციის გეგმა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მოქმედების შემდეგ აგენტის წასვლის შესაძლებლობას; არ შეიძლება დაეთანხმო გეგმას, რომელშიც აგენტს ევალება სერიოზულად დაცული ობიექტის განადგურება ოპერატიული სიტუაციის წინასწარი ანალიზის გარეშეო.

სტალინმა სუდოპლატოვს სიტყვა შეაწყვეტინა და იგნატიევს მიუბრუნდა: ეს საკითხი ხელახლა უნდა განიხილოთ, იუგოსლავიის ხელმძღვანელობის შიდა დაპირიპირების გათვალისწინებითო. შემდეგ სუდოპლატოვს უთხრა: ეს ამოცანა ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში და ჩვენი გავლენისთვის ბალკანეთში, ამიტომ მას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთო. სტალინის გადაწყვეტილებით ტიტოს ლიკვიდაციის ახალი გეგმის მომზადებაში სუდოპლატოვიც ჩართეს. სტალინმა ათი დღის ვადა მისცა ახალი გემის მოსამზადებლად. 1953 წლის 1 მარტს იგნატიევმა სტალინს გეგმა კი წარუდგინა, თუმცა არავინ იცის მოასწრო, თუ არა დიქტატორმა მისი წაკითხვა, რადგანაც ის 2 მარტს მომხდარი ინსულტის შემდეგ, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.ასე , რომ ბედისწერას ვერავინვერ გაექცევა. დიქტატორი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ ქვეყანას ისე დატოვებდა ჩანაფიქრი არ აღესრულებინა და ჯერ თავისი პირადი მტრები არ გაესტუმრებინა „იქ“. თუმცა ნათქვამია: „კაცი ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდაო“. ეს გამონათქვამიც უყვარდა დიქტატორს.

picture1-1729838214.jpg

მეგობრული საუბარი სროლის გარეშე

სტალინის სიკვდილის შემდეგ ლავრენტი ბერიამ სასწრაფოდ გააუქმა ტიტოს ლიკვიდაციის ბრძანება და იუგოსლავიასთან ურთიერთობის მოწესრიგების წინადადებით გამოვიდა.

1953 წლის 25 აპრილს კოსტა–რიკის ელჩმა იუგოსლავიაში ქვეყნის ხელმძღვანელს იოსიპ ბროზ (ტიტოს) რწმუნებათა სიგელები გადასცა. მათ დიდხანს ისაუბრეს. არ იყო არც სროლა/აფეთქებები და არც ჭირის ბაქტერიები. ტიტო უვნებელი გადარჩა და სამი ათეული წელი იუგოსლავიის დიქტატორი გახლდათ. ცოცხალი გადარჩა „მაქსიც“: წარმატებული კოსტა–რიკელი დიპლომატი „თეოდორო კასტრო“ და მისი მეუღლე 1953 წლის ბოლოს იტალიიდან მოულოდნელად გაუჩინარდნენ და მალე მოსკოვში აღმოჩნდნენ. წლების შემდეგ იოსებ გრიგულევიჩი ლათინური ამერიკის შესწავლის ერთ-ერთი წამყვანი საბჭოთა მეცნიერი გახდა და 1979 წელს ის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტადაც აირჩიეს. იოსებ გრიგულევიჩი 1988 წელს გარდაიცვალა მოსკოვში.

ამ, ათწლეულების წინ განვითარებულმა მოვლენებმა არ შეიძლება რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი სპეცოპერაციები არ გაგახსენოს: ეს ყველაფერი მათ „დიდი დიქტატორისგან“ აქვთ ნასწავლი. პუტინი სტალინს რომ ბაძავს ახალი ამბავი არ არის. ჩანს, რომ მან „დიდი დიქტატორის“ მოღვაწეობა კარგად შეისწავლა ,როგორც სტალინს, პუტინსაც ყველა გეოპოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტიან მეთოდად სპეცსამსახურების ფარული სპეცოპერაციების ყოვლისშემძლეობისა სჯერა. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ვიცით პუტინის ბრძანებით „შინ“ და „გარეთ“ (მათ შორის საქართველოშიც) ლიკვიდირებულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა იმედი მაქვს ამასაც მალე შევიტყობთ.