"ქალბატონმა სალომემ, მას შემდეგ, რაც მოიარა უცხოეთის სხვადასხვა დედაქალაქი, ჩამოვიდა პასუხით, რომ ქართველებს არ გვაქვს არჩევანის გაკეთების უნარი და შეადგინა რამდენიმეპუნქტიანი ქარტია"
[სალომე ზურაბიშვილმა] პირდაპირ განაცხადა, რომ პლატფორმა, თუ ჯგუფი, თუ არ ვიცი, რაც იქმნება 26 ოქტომბერს არის იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დააკვირდეს არჩევნებს და ბოლოს აღნიშნოს გამარჯვება. ეს არის პირდაპირ პარტიული შტაბი, რომელიც იქმნება ჩვენი ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციაში, ჩვენი ფული დაიხარჯება იმ ლოჯისტიკაში იმისთვის, რომ ქალბატონმა სალომე თავისი გემოვნებით იზეიმოს თავის გემოვნებაში მყოფი პარტიების გამარჯვება, თუ არ გამარჯვება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის მტკიცებით, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაზეც თვალს ხუჭავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, „ვინაიდან შეკრული არიან თავად სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან“. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რამდენიმე სახის დარღვევა არის.
„პირველი, ე.წ. ქარტია, რომელიც არანაირად არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რომ ის ჩაერიოს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამის შედგენაში და მან, ფაქტობრივად, ამით შეადგინა საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამავე დროს, საქართველოს აცხადებს „ბანანის რესპუბლიკად“. ამბობს, რომ მოქალაქეებს არ გვაქვს უნარი ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც ოთხი წელი უხელმძღვანელებს ქვეყანას, ეს უნდა იყოს დროებითი მთავრობა, ვინაიდან მოქალაქეებს არ გვყოფნის იმის ჭკუა და გამჭრიახობა, რომ ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, როგორც გვინდა. ქალბატონმა სალომემ, მას შემდეგ, რაც მოიარა უცხოეთის სხვადასხვა დედაქალაქი, ჩამოვიდა პასუხით, რომ ქართველებს არ გვაქვს არჩევანის გაკეთების უნარი და ამიტომ შეადგინა, რამდენიმეპუნქტიანი ქარტია, რომლის მთავარი არსი არის ის, რომ ეს იქნება დროებითი მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. და შიგნით რაც წერია, ფაქტობრივად, არის ის, რომ სხვისი დიქტატით მოქმედი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც უცხოელი ბიუროკრატების ნებისმიერ მითითებას დაემორჩილება.
მეორე დარღვევა - ქალბატონი სალომე ჩართული იყო და არის კვლავ, პარტიების კოალიციების შექმნაში, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ჰქონდა კონსულტაცია. ამისთვის იყენებდა პრეზიდენტის სასახლეს, ადმინისტრაციულ რესურსს და იმ რესურსს, რომელიც არის მათ შორის ამ სასახლის ლოჯისტიკის მხრივ, რაც არის ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამაზე თვალს ხუჭავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან თავად არიან ამ შეთქმულების ნაწილი.
მესამე - არჩევნების დღეს ე.წ. საკოორდინაციო პლატფორმის დაანონსება. შემდეგ შეეცადნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ რაღაცნაირად გამოეყვანათ ქალბატონი სალომე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არაფერი გამოუვათ აქედან. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს პლატფორმა, თუ ჯგუფი, თუ არ ვიცი, რაც იქმნება 26 ოქტომბერს არის იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დააკვირდეს არჩევნებს და ბოლოს აღნიშნოს გამარჯვება. ეს არის პირდაპირ პარტიული შტაბი, რომელიც იქმნება ჩვენი ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციაში, ჩვენი ფული დაიხარჯება იმ ლოჯისტიკაში იმისთვის, რომ ქალბატონმა სალომე თავისი გემოვნებით იზეიმოს თავის გემოვნებაში მყოფი პარტიების გამარჯვება, თუ არ გამარჯვება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ეს არის პარტიული შტაბი, რომლის მიზანიც არის გარკვეული პარტიის, თუ პარტიათა ჯგუფის გულშემატკივრობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.