"ღმერთო, უკრაინისა და ყაზახეთის საერთო საზღვარს მომასწრო!.." - რა ძალას ფლობს რუსეთსა და ჩინეთს შორის მოქცეული ყაზახეთი - კვირის პალიტრა

"ღმერთო, უკრაინისა და ყაზახეთის საერთო საზღვარს მომასწრო!.." - რა ძალას ფლობს რუსეთსა და ჩინეთს შორის მოქცეული ყაზახეთი

როგორ ინარჩუნებს საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ კურს ორ გიგანტ,რუსეთსა და ჩინეთს შორის მოქცეული ყაზახეთი...

1992 წლის შემოდგომა, აფხაზეთის ომი, გუმისთის ფრონტის ხაზის სანგრებში სროლებს შორის მუსააფის დროს ხმამაღლა წავიოცნებე-ღმერთო, ერთი, უკრაინისა და ყაზახეთის საერთო საზღვარს მომასწრო-მეთქი...ჯარისკაცებმა გაკვირვებულებმა შემომხედეს-სად აფხაზეთის ომი და სად უკრაინა და ყაზახეთიო...

ვეცადე აუჩქარებლად და დეტალურად ამეხსნა-თვეების წინ და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ შეიქმნა რეალობა, როდესაც დამოუკიდებელი უკრაინის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარსა და ასევე დამოუკიდებელი ყაზახეთის უკიდურეს დასავლეთ საზღვარს შორის უმცირესმა მანძილმა 480 კმ შეადგინა და სწორედ ეს „დერეფანი“ გახლდათ ის ძირითადი გზა, რომლის საშუალებითაც რუსეთი ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში „შემოდიოდა“, იქიდან კი კავკასიის ქედის გადამოლახვით ჩვენს საქართველოში...

სასწაული, ბუნებრივია, არ მოხდა, უკრაინა-ყაზახეთის საერთო სახმელეთო საზღვარის ხილვა აუსრულებელ ოცნებადვე დარჩა. პირიქით, განვლილ სამ ათეულზე წელზე მეტ პერიოდში თავად რუსეთმა შეძლო არამარტო საქართველოს ორი საზღვრისპირა მხარის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, არამედ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის დასავლეთით 150 კმ-ით „გადაჩოჩებაც“ დონბასის ოკუპაციის შედეგად...

ყაზახეთი, რომელიც დღეს, 25 ოქტომბერს რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს(ჯერ კიდევ 1990 წლის 25 ოქტომბერს ანუ საბჭოთა პერიოდშივე ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ), საბედნიეროდ გადაურჩა იმას, რაც ჯერ საქართველომ და შემდეგ კი უკრაინამ თავიანთი ჩრდილოეთელი მეზობლისგან-რუსეთისგან იწვნიეს, თუმცა სხვადასხვა სახის სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეები აქტუალურობას არც დღეს კარგავს ოფიციალური ასტანისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთს რუსეთთან 7 548 კმ სიგრძის სახმელეთო საზღვარი აქვს, ხოლო მეორე, ასევე გიგანტ სახელმწიფო-ჩინეთთან კი 1 782 კმ...

ამ ორ, ბირთვულ ზესახელმწიფოს შორის აღმოჩენილ, მხოლოდ 20 მლნ-იან ყაზახეთს მუდამ უწევს რუსეთისა და ჩინეთის მეზობლობის ფაქტორის გათვალისწინება, თუმცა ზოგჯერ რუსეთის ზემოქმედების ისეთივე „მსხვერპლი“ ხდება, როგორც საქართველო...

გაიხსენეთ, რამდენჯერ „აღმოაჩინა“ რუსეთის სანიპედსამსახურმა ქართულ ღვინოებსა თუ ხილში „სახიფათო დარღვევები“ და შეაჩერა მათი იმპორტი, რაც დროში ძალზე საეჭვოდ ემთხვეოდა რუსეთ-საქართველოს შორის მორიგი პოლიტიკური დაპირისპირების პერიოდს...

ასევე, ამ დღეებში რუსეთმა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით აკრძალა ყაზახური მარცვლეულის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ ითვლება, შეტანა თავის ტერიტორიაზე,რაც შეიძლება კრემლის ერთგვარ „პასუხ-გაფრთხილებად“ იქცა ასტანისთვის იმის შემდეგ, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა თავი შეიკავა ყაზახეთი ამ ეტაპზე გაეწევრიანებინა BRICS-ში (BRICS: Brazil, Russia, India, China, South Africa),თუმცა თავად დაესწრო რუსეთის ყაზანში გამართულ „BRICS-ს პლუსის“-ის სამიტს.

1-qazaxeti-1729844188.jpg
ყაზახეთის არმია არ გამოირჩევა მრავალრიცხოვნობით, თუმცა მიმდინარეობს მისი გადაიარაღება თანამედროვე საბრძოლო არსენალით...

ყაზახეთს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის ლიდერობს.

ყაზახეთი ახორციელებს ნედლი ნავთობისა და ურანის მადნის მოპოვებას,ხორბლისა და მსხვილფეხა საქონლის ექსპორტირებას, მაგრამ რა ძალის არმია გააჩნია ყაზახეთს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა?

საბჭოთა პერიოდში ყაზახეთის ტერიტორია ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონს წარმოადგენდა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ყაზახეთის აღმოსავლეთ ნაწილი, სადაც ჩინეთის საზღვართან კრემლმა 1969-79 წლებში მძლავრი საბრძოლო დაჯგუფება განათავსა, მოსკოვ-პეკინს შორის არსებული დიდი პოლიტიკური დაპირისპირების გამო.

შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს დარჩა დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო საჭურველი.

მათ შორის კი უმთავრესს, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება-ბირთვული ქობინებისა და მათი გადამტანი საშუალებების-ბალისტიკური რაკეტებისა და შორსმფრენი რაკეტმზიდ-ბომბდამშენების სახით.

თუმცა ყაზახეთმა,ისევე როგორც ბელარუსმა და უკრაინამ, დასავლეთის პოლიტიკური რჩევებისა თუ ზეწოლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება ამ სტრატეგიული ბირთვული არსენალის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე.

2-qazaxeti-1729844187.png
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთ და ყაზახეთის დასავლეთ საზღვრებს შორის უმოკლესი მანძილი მხოლოდ 480 კმ-ს შეადგენდა, რომელთა „დაახლოების“ შემთხვევაში რუსეთი გასასვლელს დაკარგავდა ჩრდილოეთ კავკასიაში და შესაბამისად საქართველოშიც... მაგრამ ეს მხოლოდ აუხდენელი ოცნება თუ გახლდათ...

The Military Balance-ს 2024 წლის მონაცემებით დღეს ყაზახეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა მხოლოდ 39 ათას სამხედროს მოითვლის, რომელთაგანაც 20 ათასი სახმელეთო ჯარებში მსახურობს, 12 ათასი საჰაერო, 3 ათასი საზღვაო ძალებში, ხოლო 4 ათასი კი თავდაცვის სამინისტროს აპარატშია დაკავებული.

თავად ყაზახური წყაროები კი თითქმის ორჯერ დიდ რაოდენობაზე ლაპარაკობენ-მათი მონაცემებით, ყაზახეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 39-40 ათასს კი არა, არამედ 70 ათასს უახლოვდება...

გარდა ამისა, ყაზახეთის პარამილიტარულ ძალების შემადგენლობაში შედის შსს-ს დაქვემდებარებული ეროვნული გვარდია(20-დან 35 ათასამდე), 9 ათასიანი სასაზღვრო ჯარები, 2,5 ათასიანი სახელმწიფო დაცვის სამსახური და სამოქალაქო თავდაცვის დანაყოფები.

მეზობელ რუსეთისა(2,4 მლნ, მათ შორის, 1,5 მლნ სამხედრო მოსამსახურე) და ჩინეთის(2 მლნ-ზე მეტი) შეიარაღებული ძალების რიცხოვნობასთან შედარებით, ყაზახეთის არმიის რაოდენობა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მოკრძალებულად გამოიყურება, რაც განსაზღვრავს კიდეც ოფიციალური ასტანის ფრთხილ პოლიტიკურ კურსს...

3-qazaxeti-1729844187.jpg
ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა ჯერ კიდევ შენდება, თუმცა მისი ორიგინალური შენობა-ნაგებობები უკვე გამოირჩევა თავიანთი დასამახსოვრებელი დიზაინით...

საქართველოს ყაზახეთთან ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა აქვს, რაც მყარდება საერთო ეკონომიკური ინტერესებით(აზიიდან ევროპისკენ და პირიქით მიმართულებით საქონლის გადაზიდვა ყაზახეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით), ასევე მზარდი ტურისტული ბიზნესით-ყოველწლიურად იზრდება ყაზახეთის მოქალაქე ტურისტების ნაკადი საქართველოში, რაც ნამდვილად მისასალმებელია...