„ანაკლიის პორტის აქციონერებად საქართველოს მოქალაქეები უნდა მოვიწვიოთ“ - მამუკა ხაზარაძე
„ქართველმა ხალხმა უნდა ააშენოს ეს პროექტი“! - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) ჯერ კიდევ ხელშეკრულების დეტალებს აზუსტებს და შეთანხმება არ გაფორმებულა, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკამ ხაზარაძემ, კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრა ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელების გზებზე, სადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ქართველმა ხალხმა უნდა ააშენოს.
„ამით გადავწყვეტთ ორ საკითხს - ეს თანხა არ დააწვება ბიუჯეტს, იმიტომ, რომ ბიუჯეტს სხვა გამოწვევები აქვს და ეს თანხა იქნება იმ ხალხის მიერ მოგროვილი და შეტანილი, რომლებიც ამავე დროს გახდებიან ანაკლიის პორტის აქციონერები. ამიტომ დამერწმუნეთ, ამ მიდგომით ანაკლიის პორტს ჩვენ დავასრულებთ ორ წელიწადში, პირველ გემს ჩვენ მივიღებთ 2026-ში“- განაცხადა ხაზარაძემ.
"ბიზნესპრესნიუსი" უფრო დეტალურად დაინტერესდა, თუ როგორ ხედავს მამუკა ხაზარაძე საქართველოს თითოეული მოქალაქის თანამონაწილეობას ამ საუკუნის პროექტში.
- ბატონო მამუკა, რა თანხაა დღეს საჭირო იმისათვის, რომ ანაკლიის პორტის პირველი ეტაპი დასრულდეს? და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს ამ თანხების მობილიზება?
- სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აპირებს პორტის ბიუჯეტის ფულით აშენებას. დღეს ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობას არა 600 მილიონი დოლარი, არამედ 850-900 მილიონი დოლარი სჭირდება, რადგან ფასები ბოლო 4-5 წელიწადში დრამატულად არის გაზრდილი. ეს თანხები ბიუჯეტს არ გააჩნია და როგორც გაირკვა, არც ინვესტორი ჰყავთ - ორიოდე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინელი ინვესტორ ChinaCommunications Construction Company Limited-თან, რომლის იმედადაც იყვნენ, კონტრაქტი არ ფორმდება. ეს ნიშნავს, რომ დღეს ანაკლიის პორტის და პროექტის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია.
-თქვენ ისაუბრეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქციების ფლობის უფლება უნდა ჰქონდეთ. როგორ უნდა მოხდეს ეს და რა სარგებელს მოუტანს ეს თითოეულ მოქალაქეს?
- ჩვენი შეთავაზება მაშინაც და ახლაც იგივეა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში აქციონერებად უნდა მოვიწვიოთ საქართველოს მოქალაქეები და მივცეთ მათ უფლება, გახდნენ პორტის მესაკუთრეები. ჩვენი ეკონომიკის გაცოცხლების ერთ-ერთი გზაა, როცა სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი - მასწავლებელი, პოლიციელი, ჯარისკაცი, ბიზნესმენი თუ საჯარო მოხელე - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში პირდაპირ იქნება ჩართული.
ეს არის მომგებიანი პროექტი და ინვესტიცია იქნება საინტერესო ყველა მოქალაქისთვის, რადგან აქციის ღირებულება კარგ პროექტებში მუდმივად იზრდება. ამასთანავე, აქციას აქვს ის თვისება, რომ დივიდენდი ერიცხება. ამავე დროს, იქნება პრესტიჟული, რადგან მოქალაქეები მიიღებენ „საუკუნის პროექტში“ მონაწილეობას. ამის განმეორება შემდეგ შეიძლება სხვა სახელმწიფო ტიპის კომპანიებსა და მსხვილ პროექტებშიც.
-რა ეტაპზე და როგორ შეძლებენ ჩაერთონ მოქალაქეები ანაკლიის პორტის პროექტში?
- თავიდანვე შესაძლებელია მათი ჩართვა. უნდა დაიწეროს პროსპექტუსი, რომელიც დამტკიცდება ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ. უნდა იქნას გამოშვებული აქციები და საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მათი შეძენის შესაძლებლობა.
-უხეში დაანგარიშებით, რა შეიძლება დაუჯდეთ მოქალაქეებს აქციების შეძენა?
- ზეპირად არ მინდა რამე ვთქვა, მაგრამ მაგალითად, 1000-ლარიანი ნომინალის რომ იყოს ერთი აქცია, უკვე საინტერესო იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის. ვფიქრობ, რომ აქციები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მაგალითად, შარშან მხოლოდ ემიგრაციაში მყოფმა ადამიანებმა 4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს საქართველოში, პირობითად 10% რომ გადადოს ყველამ, 400 მილიონი დოლარით მშენებლობის პირველი ეტაპი დამთავრდება.
-გვსმენია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მაგალითად საპენსიო დანაზოგები იქნას გამოყენებული პროექტში. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- საპენსიო დანაზოგის გამოყენება უნდა მოხდეს ისეთ საწარმოებში, რომელსაც უკვე აქვს შემოსავალი. ანაკლიის პორტი კი დიდი „სტარტაპია“. ამიტომ, თუ ამ პროექტის განხორციელებისას საპენსიო ფონდის გამოყენება მოხდება, ეს ძალიან მცირე თანამონაწილეობით უნდა განხორციელდეს, თუნდაც სტიმულირებისთვის და არა რისკის აღების თვალსაზრისით. საპენსიო დანაზოგი კონსერვატიულად უნდა იქნას გამოყენებული.
-საინტერესოა, თქვენი ხედვით, როგორ უნდა გადანაწილდეს აქციები სახელმწიფოს, კომპანიებსა და მოქალაქეებს შორის და ვინ უნდა განკარგავდეს საკონტროლო პაკეტს?
- სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკონტროლო პაკეტი. თუმცა, ამ შემთხვევაში არ იგულისხმება, რომ აუცილებლად აქციების 51%-ს უნდა ფლობდეს. მას შეუძლია ჰქონდეს 25%-ს პლუს რამდენიმე აქცია და ე.წ. ოქროს აქცია, რათა მისი [სახელმწიფოს] გარეშე, ვერცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება ვერ იქნას მიღებული. სახელმწიფოს, როგორც მთავარ აქციონერს, ყველა პროცესისა და მომავალი სტრატეგიის მართვის ნაწილში „ოქროს გასაღები„ ექნება.
-და ვინ უნდა იყოს პორტის მმართველი - სახელმწიფო?
- სახელმწიფო იქნება ანაკლიის პორტის მესაკუთრე მოქალაქეებთან ერთად, მაგრამ მმართველი კომპანია უნდა იყოს დასავლური მაღალი რეპუტაციის მქონე პორტის ოპერატორი.
- თუ გაქვთ გათვლილი, როგორ უნდა შეირჩეს თქვენ მიერ დასახელებული ოპერატორი?
- ახალი ტენდერი უნდა ჩატარდეს და მოწვეულ უნდა იქნას ახალი ინვესტორი. ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.
- როგორ ფიქრობთ, უნდა შეეზღუდოს თუ არა უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიას პროექტში მონაწილეობა?
- ასეთ შეზღუდვასთან დაკავშირებით, ტენდერის პირობებში „ქართულ ოცნებასაც“ ეწერა. ძალიან გამიკვირდა, რომ დაუშვეს ჩინური კომპანია [ტენდერის პირობებით, ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიას მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, თუ მასში სახელმწიფოს კაპიტალი არის 30%-ზე მეტი] და იმ ეტაპამდე მიიყვანეს, რომ ლამის ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. ეს ჩინური კომპანია არის კომუნისტური პარტიის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანია. ჩინური კომპანიების წინააღმდეგი არ ვარ, ძალიან ბევრი ჩინური კომპანია ვიცი, რომელსაც სიამოვნებით გავუღებდი კარს ინვესტიციებისთვის, მაგრამ ანაკლიის პორტის მთავარი ინვესტორი უნდა იყოს დასავლური კომპანია.