კონსტანტინე გამსახურდიას ბიბლიური ქალი
ლალი ბადურაშვილი:
- წუთით წარმოიდგინეთ, რომ ისეთი მძიმე ლოდი დაგეცათ, ყელამდე მიწაში ჩაგიტანათ... უნდა ამოხვიდეთ, თავი გადაირჩინოთ და ოჯახიც ამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. ეს გადამიტანია და ამოვსულვარ...
ლალი ბადურაშვილი - ლამაზი ქალი, რომელიც მხოლოდ სადედოფლოდ შეიძლებოდა გაგმეტებოდა. ასეთი იმიჯით დამკვიდრდა ის ჩვენს ცნობიერებაში, რადგან "დიდოსტატის მარჯვენაში" ნანახი შორენას მერე სხვანაირად ვერც მოხდებოდა...
მართლაც ყოფილა პერიოდი, როცა გარეშე თვალისთვის უზრუნველი ცხოვრება ჰქონია. გარეშე თვალს ვახსენებ, რადგან სინამდვილეში ყოველთვის ჰქონდა თავისი წილი დარდიცა და საზრუნავიც. მერე რა, რომ არავის დაანახვებდა ტკივილს. ასეთი იყო, სრულ სიმარტოვეშიც კი ძუნწად მისცემდა თავს უფლებას, ცრემლი მოსდგომოდა.
თავისი ცხოვრების ურთულეს წლებში, როცა მისი ოჯახის სამივე წევრი ჩაკეტილ სივრცეში იყო მოქცეული და სამივე მისი საპატრონო, ამ სადედოფლო ქალისგან უცებ ჩამოყალიბდა ყოვლისშემძლე ვაჟკაცი, არანაირ სირთულეს რომ არ უშინდებოდა...
მისი ვაჟი ერეკლე ბადურაშვილი, ცნობილი რეჟისორი მაშინ უკიდურეს აღმოსავლეთში გადაისროლეს, სამხედრო ნაწილში... სინამდვილეში ურჩი მამის დასჯა უნდოდათ, რომელმაც არ ინება სხვისი კარნახით ბინძურ საქმეში მონაწილეობა...
სწორედ ერეკლესთან მიდიოდა სანახავად, კონიაკებს აწყობდა სამგზავრო ჩანთაში ჯარის ნაწილში მისატანად. კონიაკი ხომ რუსეთის უკიდეგანო სივრცეში ყველა კარს აღებდა... მეგობარი - ლამარა ღონღაძე უყურებდა. მერე წყნარად უთხრა: - ლალი, და მაინც, შენი ისევ შურთო...
რა შურდათ? ალბათ სიმაღლე, რომელიც არ დაუკარგავს, სიცოცხლის უნარი, რომელიც ვერ მოკლეს და ისტორია, რომელიც შენია და ამქვეყნად ვერაფერი ხელყოფს.
"ისტორიანის" მკითხველს ვთავაზობთ ლალი ბადურაშვილის ცხოვრების ისტორიას - იმას, რაც უმძიმეს წუთებშიც რჩებოდა ამაღლებულად...
ყველაზე ადრეული მოგონებით დავიწყეთ...
- სკოლაში რომ მიმიყვანეს, ის დღე მახსოვს ძალიან კარგად. ყველას თავისი სკოლა უყვარს, მაგრამ ჩემი - ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლა მართლა გამორჩეული იყო. მახსოვს უსაყვარლესი დუშა მასწავლებელი - ჩემი პირველი მასწავლებელი. დუშა სანიკიძე ჟანრი ლოლაშვილის დედა გახლავთ. სკოლის დამთავრებიდან 50 წელი რომ გავიდა, შევიკრიბეთ. დუშა მასწავლებელი ყველას სახელით მოგვმართავდა, არავისი სახელი არ შეშლია. კლასელები დღესაც ვმეგობრობთ, მარინე რჩეულიშვილი, ნანა თოიძე... სამწუხაროდ ესმა ონიანი, ქეთევან სააკაშვილი ადრე გამოგვეცალნენ.
მერვე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. მერე აღარ - მათემატიკა ძალიან მძიმე საგანი აღმოჩნდა ჩემთვის. დედაჩემი მიყვანდა ამოცანებს.
ლამაზი ბავშვი ვყოფილვარ. დედას არც ვეჭირე ხელში, სულ აქეთ-იქით დამატარებდნენ... დედა მიამბობდა, ქუჩაში თუ ვინმე გაგივლიდა გვერდით და არ იტყოდა, ვაიმე, რა კარგი გოგოა, მაჯას ჩამომქაჩავდი და მკითხავდი, - რატომ არ თქვა, კარგი გოგოაო...
ახლა უკვე ჩემი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება ესეც გიამბოთ... სკოლაშიც ბევრს მოვწონდი. გია ჭირაქაძე - ახლა ვმეგობრობთ, ორი კლასით წინ იყო. მეშვიდე ვაჟთა სკოლაში სწავლობდა. 13 წლის ვიყავი, კომპლიმენტი რომ მითხრა: - ლალი, ია ნე ზნალ, ჩტო ტაკოე კრასოტა, უვიდელ ტებია, ი ია უზნალ ჩტო ტაკოე კრასატა... მას მერე რამდენი კომპლიმენტი მიმიღია და ეს დღესაც მახსოვს...
მიყვარდა ლიტერატურა, ისტორია... რატომღაც ფრანგულ ენაზე ჩავაბარე... მე და მარინა რჩეულიშვილი - ჩემი უახლოესი მეგობარი, ერთად დავდიოდით ფრანგულზე. მათ თავზე ცხოვრობდა არაჩვეულებრივი ბებო თეკლე - ორბელიანებისა და ბაგრატიონების შთამომავალი. ძაძები ეცვა, შვილი ჰყავდა გარდაცვლილი... ძალიან თბილი ქალი იყო. ჯერ კანფეტებს გვაჭმევდა, მერე ვიწყებდით მეცადინეობას.
მახსოვს, პირველად რომ წაგვიყვანეს სკოლიდან ბავშვები კინოსტუდიაში სინჯებზე... მაშინ საკმაოდ პუტკუნა გოგო ვიყავი, მიყვარდა "პონჩიკების" ჭამა. სტუდიაში მითხრეს, ეკრანმა არ მიგიღოო. ბებო თეკლე აქტიურობდა, მეკითხებოდა, აბა, ლალიკო, რა ქენიო... მახსოვს, ძია ერეკლე აბაშიძეც იქ იყო. ვუთხარი: ეკრანმა არ მიმიღო-მეთქი. გაფუჭებულა ეგ ეკრანიო, - ძია ერეკლემ.
რჩეულიშვილებთან ხშირად დავდიოდი... გურამი ჩაგვკიდებდა ხელს მე და მარინეს და ხან სად მივყავდით, ხან - სად... გურამის ჩხუბი თუ მინახავს? არა... ხომ ასეთ ამბებს ჰყვებიან გურამზე, ხან ხევსურეთში იყო, ხან უბელო ცხენს დააჭენებდა... მე მინახავს, როგორ იდგა დეიდა მაროს გვერდით და როგორ ეხმარებოდა ფანჯრის გაწმენდაში.
მეცხრე კლასში ვიყავი, თეიმურაზმა რომ შემამჩნია (თეიმურაზ ბადურაშვილი). მას მერე აღარ მომეშვა. სკოლა დავამთავრე თუ არა, დავქორწინდით. თეიმურაზი ნიჭიერი ბიჭი იყო, ამიტომაც ჩართო ნიკო კეცხოველმა კომკავშირულ მუშაობაში. მერე კომკავშირის ცეკას მდივანი იყო, მასთან მუშაობდა თემო ნაცვლიშვილიც... კარგ საქმეებს კი აკეთებდნენ. მაშინ მოეწყო პირველად ოჩიაურების გამოფენა, მაშინ გამოიცა ჟურნალი "ცისკარი"... "თეთრ ქარავანს" არ სწყალობდნენ რატომღაც, მაშინ დართეს ნება ჩვენებისა... თემო ნაცვლიშვილის იდეით შეიქმნა ქურთული ანსამბლი...
საოცარი იყო ჩვენი ქორწილი. აკაკი ხორავა იყო თამადა. მიდიოდა ქართული ცეკვა-სიმღერა და ამ დროს ეზოში გამოჩნდა ქურთების ჯგუფი. გაუგიათ ჩვენი ქორწილი და მოგვილოცეს, ცეკვა-თამაში გაახურეს... იმ დღეს პირველად მეცვა მაღალ ქუსლზე. ფეხსაცმელმა მომიჭირა, ჩემმა დედამთილმა ატლასის ჩუსტები მომიტანა. ამ დროს აკაკი ხორავამ გამომიყვანა საცეკვაოდ. კვდებოდა სიცილით, პირველად ვცეკვავ ფლოსტებიან პატარძალთანო...
კინოში გადაღება არაერთხელ შემოუთავაზებიათ, მაგრამ თეიმურაზი სულ უარს ამბობდა... მაგაზე არ დამელაპარაკოთ, მსახიობი რომ მდომოდა, მსახიობს მოვიყვანდი ცოლადო... მაგრამ როცა "დიდოსტატის მარჯვენაზე" მიდგა საქმე, ვეღარაფერი თქვა. ვახტანგ ტაბლიაშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას. თანაც შორენას როლიც არ იყო უბრალო...
ერთ ბანკეტზე შევხვდით ვახტანგ ტაბლიაშვილს. ფილმის გადაღება არ იყო დაწყებული, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი იყო. ქალაქში ყველა ამაზე ლაპარაკობდა, ვინ იქნებოდა არსაკიძე, ვინ - გიორგი მეფე, ვინ შორენა. ტაბლიაშვილსაც ყველა ამას ეკითხებოდა.
მე საკმაოდ აქტიური ხასიათისა ვიყავი და კი არ ვაცლიდი ლაპარაკს ვახტანგს... ეს იყო ენციკლოპედიური განათლების, არაჩვეულებრივი ქართველი, დინჯი, სასიამოვნო... მღვდლის შვილი იყო და სხვანაირი ვერც იქნებოდა... კიდევ რომ დაუსვეს კითხვა, მძიმედ გაიცინა: მოდი, ლალის შევეკითხოთ, მე და ლალი მგონი ერთნაირად ვაზროვნებთო... გამკენწლა...
იქიდან რომ წამოვედით, მეუღლემ მითხრა, შეამჩნიე, ვახტანგი როგორი დაკვირვებით გიყურებდაო... შევამჩნიე. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ როლისთვის მაკვირდებოდა.
მას მერე, რაც ფილმზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, ტრადიციისამებრ, გაიშალა სუფრა. ასე იყო მიღებული კინოსტუდიაში, იქაც მიგვიწვიეს. იქ უკვე კონსტანტინე გამსახურდია და მისი მეუღლეც, მირანდა ფალავანდიშვილი დაგვხვდნენ.
კონსტანტინე ვახტანგს მოუბრუნდა: შენ შორენას ნუ ეძებ, შორენა აქ ზისო... იქ ორი ქალი ვიყავით, მე და ქალბატონი მირანდა... მოულოდნელობისაგან დავიბენი. ეტყობა, ანგარიში ვეღარ გავუწიე სიტყვებს და ისე, როგორც მესმოდა ხოლმე, ბატონო კოწია-მეთქი, მივმართე... შორენა ქერაა და ცისფერთვალება, მე რომ მისი საწინააღმდეგო გარეგნობა მაქვს-მეთქი... მახსოვს, როგორ გაუქრა სახიდან ღიმილი... კოწია არ ვარ მე, კონსტანტინე ვარო! მერე ვახტანგს უთხრა, ფილმი შავ-თეთრია, ეს არ გამოჩნდება, მაინც ლალი აიყვანე. ამაში არის ის, რაც მთავარია. იგი მთლიანად ბიბლიურიაო...
მოგვიანებით ვახტანგ ტაბლიაშვილს ვეკითხებოდი, რა ჰქონდა მხედველობაში ამ შემთხვევაში, ბიბლიური რომ მიწოდა-მეთქი... განზოგადებული, მასშტაბურიო...
ამის მერეც სინჯები გრძელდებოდა, ჩემთან არავის დაურეკავს. ერთ დღეს კი რეჟისორმა დარეკა. ძალიან მინდა ლალის გასინჯვა, ამდენ ხანს ვდუმდი, ჩემს თავში უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაზე მეტად მომწონს ლალიო... წავედი სინჯებზე. ლიალია ურუშაძე გამყვა. ჩემ წინ ლეილას სინჯავდნენ ვარდისახარზე. ღელავდა. რამდენჯერმე გაამეორებინეს სცენა. გადაიღეს. ლიალიას უფიქრია: ლეილას რომ ასე აწვალებენ, ლალი რას შეძლებს გადაღებასო...
ეტყობა, ფსიქოლოგიურად მოვემზადე... ამიტომ არ გამჭირვებია... რომ დასრულდა სინჯი, ფოტოგრაფმა ვასილ პალაიდიდმა, რომელიც კამერასთან მუშაობდა, შუბლზე მაკოცა. ვასილი ნატო ვაჩნაძის ფოტოგრაფი ყოფილა. მითხრა, - მერწმუნეთ, ისე თამაშობთ, თითქოს უკვე ათ ფილმში იყოთ გადაღებულიო.
სამხატვრო საბჭოზე ორი გავედით - მე და რუსუდან კიკნაძე. უთქვამთ, რუსუდანი უფრო ევროპული გარეგნობისაა, ლალი ავირჩიოთო.
გადაღებებზე არაჩვეულებრივი მოგონებები დამრჩა. ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, ვასო გოძიაშვილი, აკაკი ვასაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, ლიანა ასათიანი თამაშობდნენ ამ ფილმში. ყველა ცდილობდა დამხმარებოდა... მე ხომ ერთი ვიყავი არაპროფესიონალი. ოთარი მეუბნებოდა, შინ რომ მივდივარ, ვფიქრობ, რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა კიდევ ლალის და არ ვიციო... ზუსტად ბეწვის ხიდზე გადიხარ. მოუმატებ თამაშს, გადაამლაშებ, დაუკლებ, არასაკმარისი იქნებაო. ძალიან მიხაროდა...
"დიდოსტატის მარჯვენის" შემდეგ მქონდა შემოთავაზებები... ერთზე მეცინება, რომ მახსენდება. ელდარ შენგელაია თეიმურაზის მეგობარი იყო. ერთ დღეს უთხრა, "შერეკილებში" ლალი უნდა გადავიღოო. რა როლიაო... ცოტა "ისეთი" ქალიაო... ისეთი ქალის როლში ჩემი ცოლი რატომ უნდა გადაიღო, შენი ცოლი გადაიღეო... მართლაც არიადნა შენგელაია არ გადაიღო!..
რაღაცები ვითამაშე, მაგრამ ძალიან შეზღუდულად... "წიგნი ფიცისაში" ხვარამზე მიყვარს ძალიან...
მიხარია, რომ ჩვენი ოჯახის კარი ღია იყო ყველასთვის. აქ ვინ აღარ ყოფილა სტუმრად: გალაკტიონი, გოგლა ლეონიძე, ნოდარ დუმბაძე, ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე, სიმონ ჩიქოვანი... მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები...
მას მერე, რაც თეიმურაზი კახეთში გახდა რაიკომის მდივანი, ყველა კახეთში ჩამოდიოდა. არ დამავიწყდება, ერთხელ ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი გვეწვივნენ მთელი ანსამბლით. ვუმასპინძლეთ. მათ მსოფლიო აქვთ შემოვლილი და რომ მიდიოდნენ, გვითხრეს, მსგავსი დრო, რაც თელავში გავატარეთ, არსად გაგვიტარებიაო...
როგორც ამბობენ, ძალიან ძლიერი ვარ... შვილებიც ასე მეუბნებიან... ერთი ვაჟი მხატვარია, მეორე - რეჟისორი... მარტო მათ რამდენჯერ სჭირდებოდათ ძლიერი ხელი!
ნუ იქნები ძლიერი ასეთ მკაცრ რეალობაში. შეიძლება?
ბევრი სირთულის გადატანა მომიხდა... იყო უზრუნველი პერიოდიც... მაგრამ მერე ისეთი მძიმე წლებიც გავიარე, როგორსაც ვერაფრით წარმოვიდგენდი. წუთით წარმოიდგინეთ, რომ ისეთი მძიმე ლოდი დაგეცათ, ყელამდე მიწაში ჩაგიტანათ... უნდა ამოხვიდეთ, თავი გადაირჩინოთ და ოჯახიც ამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. ეს გადამიტანია და ამოვსულვარ...
სულ მარტო წავსულვარ შუა აზიაში ერეკლესთან. იქ ჯარის ნაწილი იყო და გადაიყვანეს, რომ მამამისზე ზეწოლა მოეხდინათ. თეიმურაზი ამ დროს ციხეში იყო. პოლიტიკური კლანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ხაბეიშვილის საწინააღმდეგოდ თეიმურაზის გამოყენება უნდოდათ. მან არ იკადრა მსგავსი რამ. ამიტომაც ოთხი წელიწადი გაატარა ციხეში. დასასჯელად ხომ ერეკლეს ავღანეთში გაგზავნა უნდოდათ - კიდევ კარგი, ორი დღით გაასწრო ეშელონმა და შუა აზიაში დარჩა, გიაც დაიჭირეს... მილიციელიც კი, მის ასაყვანად რომ მოვიდა, აღშფოთებას ვერ მალავდა, - ამ ნახატების ავტორი როგორ უნდა დავიჭიროთ, ამდენი ნაძირალა დადისო...
უცნაური იყო. მთელი ქალაქი იდგა ჩემ გვერდით. თანამიგრძნობდნენ.
არ დამავიწყდება, ევგენი ევტუშენკო რომ ჩამოვიდა და მკითხა, თეიმურაზი რა მანძილზეა თბილისიდანო. რუსთავშია-მეთქი. შეხვედრის შემდეგ წავიდეთო. ეს ფურორი იყო, რუსთავის კოლონიაში რომ ევტუშენკო გამოჩნდა...
ეს ურთიერთობები გაძლიერებს, მაგრამ შენს თავთან მაინც მარტო ხარ. მთავარი სიმძიმე მაინც თავად უნდა იტვირთო.
რომანტიზმი დღემდე შემომრჩა და ძალიან მიშლის ხელს ცხოვრებაში. ხან ვფიქრობ, იქნებ არც უნდა გაზარდო ასე ბავშვი... რომ კითხულობ რომანტიკულ ლიტერატურას, სულიერად გამდიდრებს, მაგრამ ღრუბლებში მიჰყავხარ, ცხოვრება კი ისეთი უხეშია... ის რომანტიზმი გიშლის ხელს. იქნებ შენც უხეში უნდა იყო, ადვილად არ გტკიოდეს. გინდა, სულ გმირი გყავდეს გვერდით. სად არის ეს გმირი? ბიჭები ხომ ყოველთვის ვერ უძლებენ მოთხოვნებს... შენ განიცდი... წიგნებში მეგობრობა სულ სხვაა... ცხოვრებაში - სხვა. მე კი გამიმართლა მეგობრებში, მაგრამ ხომ ვხედავ, ირგვლივ რა ხდება. თანამდებობას რომ იშოვიან და გაიფუყებიან, აღარ ახსოვთ არაფერი.
ახლა დავამთავრე გიორგი ფარაჯანოვის ფილმში გადაღებები. სერგო ფარაჯანოვის დედას ვთამაშობ. ვეჩხუბებოდი, ცოდო არ არის ბებიაშენი, ასეთი რომ გამოგყავს-მეთქი... ნუ მასწავლით, ქალბატონო ლალი, მე ვიცი, ბებიაჩემი როგორი იყოო. მეუბნებოდა, არტისტიზმი, რაც ჰქონდა ბიძაჩემს, ბებიასგან დაჰყვაო. იმდენად არტისტული ქალი ყოფილა, რობერტ სტურუასთან სალომე ყანჩელი რომ თამაშობდა ხანუმას, მასთან მიდიოდა და ბევრი ნიუანსი გადაჰქონდა თავის როლზე... გიგა ლორთქიფანიძეს ვკითხე, როგორი ქალი იყო-მეთქი. ტიპური ინტელიგენტი იყოო. წარმოგიდგენიათ, გიგასთან ინტელიგენტი იყო, სალომე ყანჩელთან - ყარაჩოხელი... ამიტომ ძალიან საინტერესო პერსონაჟია.
მყავს ერთი შვილიშვილი - ნინი ბადურაშვილი. როცა ბიჭები რამეს იტყვიან ხოლმე ჩემზე, აჩუმებს, - ლალი ძალიან მაგარიაო!..
P.S. არ დაუწუწუნია, ისე დავტოვე. არადა, გულმა მიგრძნო, სასაყვედურო ბევრი რამ უნდა ჰქონდეს... სწორედ ამ უსაყვედურობისა და უცრემლობისა შურდათ ყოველთვის - ყველაზე იშვიათი უცრემლობის!
ლელა ჯიყაშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”