"კონკურსანტებს ვასწავლე ქართული ცეკვა, ქართული სიტყვები... რამდენიმე მათგანი მალე საქართველოშიც ჩამოვა" - ქართველი მოდელის წარმატება, ცხოვრების სტილი და მიზნები - კვირის პალიტრა

"კონკურსანტებს ვასწავლე ქართული ცეკვა, ქართული სიტყვები... რამდენიმე მათგანი მალე საქართველოშიც ჩამოვა" - ქართველი მოდელის წარმატება, ცხოვრების სტილი და მიზნები

19 წლის მოდელი - ლანა ჯაფარიძე ახლახან საერთაშორისო კონკურსიდან - Top model of universe დაბრუნდა.

თურქეთში გამართულ კონკურსზე გოგონამ მოახერხა, რომ საერთაშორისო ჟიურისგან უმაღლესი შეფასება მიეღო და საქართველო ესახელებინა...

- გამარჯვება საოცარი განცდაა! გვირგვინი, რომელიც მინდოდა, ჩემი გახდა... კონკურსი - Top model of universe თურქეთში, სტამბoლში ჩატარდა, რომელშიც გავიმარჯვე და გავხდი Princess of Universe. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ორმოცამდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს - მხოლოდ სამი გვირგვინი გაიცა. ერთი გვირგვინი საქართველოში ჩამოვიტანეთ... პროექტის განმავლობაში საინტერესოდ დატვირთული დღეები გვქონდა: ფოტოსესიები, რეპეტიციები, სხვადასხვა დიზაინერთან გამოსვლები, ექსკურსია, ინტერვიუ ჟიურისთან... ამ ყველაფერს კონკურსის ეროვნულ დირექტორთან, ჩემს საყვარელ ეკა მგალობლიშვილთან და წინა წლის გამარჯვებულ მარიამ მირიანაშვილთან ერთად, ღირსეულად გავუმკლავდი. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართული ნაციონალური სამოსის დიზაინერს - ბატონ ნუგზარ კვარტალიანს და ბრენდ "ანასტასიას" - ღირსეულად წარვადგინე ნაციონალური სამოსი და საღამოს კაბა. გამარჯვებისთვის ბრძოლა ნამდვილად ერთობლივად მოგვიწია და გავიმარჯვეთ კიდეც. ეს ჩემთვის მეორე საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ვმონაწილეობდი. ვფიქრობ, ღირსეულ კონკურსანტთან ერთად, წარმატებისთვის ღირსეული ეროვნული დირექტორიც საჭიროა. მარტში პარიზში მივემგზავრები. მოდის კვირეულზე უამრავი მიწვევა მივიღე. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ პროექტში საქართველოს კიდევ ერთხელ ვასახელებ. ახლა საერთაშორისო სილამაზის და ტალანტის კონკურსისათვის - "მის და მისტერ პლანეტა" ვემზადებით. პროექტში აქტიურად ვარ ჩართული. უცხოელი და ქართველი დიზაინერებიც მონაწილეობენ. პირადად მე, როგორც "კატრინის" პროფესიონალი მოდელი, ისე მივიღებ მონაწილეობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დედა და მამა, რომლებიც სულ გვერდით მიდგანან, ჩემი მიზნებისა და ოცნებებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

- ლანა, კონკურსზე როგორ მოხვდი?

- ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ლიცენზიას და ექსკლუზივს ფლობს. Top Model of Universe-სთვის საქართველოში კასტინგი ჩატარდა. ქალბატონმა ეკამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით, კონკურსზე მე წარვმდგარიყავი.

- როგორ ფიქრობ, საქართველოს წარმომადგენლად სწორედ შენ რატომ შეგარჩია?

- მოგეხსენებათ, თითქმის ყველა საერთაშორისო კონკურსებიდან ქალბატონი ეკა გამარჯვებით ბრუნდება - ზუსტად იცის, რომელ კონკურსზე ვინ უნდა წაგვიყვანოს. არსებობს სამოდელო, ტალანტის, სილამაზის კონკურსები, რომლებზეც განსხვავებული პარამეტრებია საჭირო. ასე რომ, ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატი შემარჩია (იცინის), რადგან საქართველოში გამარჯვებული დავბრუნდი.

- როგორ ფიქრობ, საერთაშორისო ჟიურისგან უმაღლესი შეფასება რატომ გხვდა წილად, შენი მთავარი შარმი რა არის?

- საერთაშორისო ჟიური 25 ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენლისგან შედგებოდა. ქალბატონმა ეკამ მითხრა, რომ უმრავლესობის ფავორიტი ვიყავი. კარგად მომზადებული გახლდით. იქ მხოლოდ Catwalk-ს და სილამაზეს არ აქცევენ ყურადღებას: მნიშვნელოვანია თითოეული დღე - როგორ ვსადილობ, როგორი ურთიერთობა მაქვს სხვა კონკურსანტებთან... ყველას მიმართ მეგობრული დამოკიდებულება მქონდა. ყველა მონაწილე თავისი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი გახლდათ. მათ ვასწავლე ქართული ცეკვა, ქართული სიტყვები... რამდენიმე მათგანი მალე საქართველოშიც ჩამოვა სილამაზის და ტალანტის საერთაშორისო კონკურსზე - "მის და მისტერ პლანეტა"... მოკლედ, ალბათ, ჩემი შარმი ყველაფერი ერთად იყო და საერთაშორისო ჟიურისგან უმაღლესი შეფასება ამიტომ მივიღე.

- სამოდელო სფეროში კიდევ რა გამოცდილება გაქვს?

- როდესაც სამოდელო სააგენტო "კატრინში" მივედი, 6-თვიანი მეცადინეობის და მასტერკლასის შემდეგ, ჩემთვის პირველ კონკურსში - Future Fashion Face World მივიღე მონაწილეობა. ძალიან საინტერესო იყო. 3 ნომინაციაში გავიმარჯვე, მათ შორის - Catwalk-ში, რაც მოდელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია... საერთოდ, "კატრინის" პროფესიონალი მოდელები ძალიან დატვირთული ვართ, არა მარტო საქართველოში, არამედ - მის ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა მოდის კვირეულში, სარეკლამო რგოლებში ვმონაწილეობთ, გვაქვს ფოტოსესიები, გადაღებები...

- მოდელის პროფესიით როგორ, რატომ დაინტერესდი?

- მიმაჩნია, რომ ეს პროფესია ბევრ რამეს გვასწავლის: ადამიანებთან, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ურთიერთობას... არ გვეშინია კამერებiს, ტელევიზიის თუ პრესის წარმომადგენლების წინაშე გამოსვლის... ასე რომ, მოდელობა მხოლოდ პოდიუმზე გამოსვლa არ არის. ეს პროფესია ცხოვრების უკეთ გაანალიზებაშიც გამოგვადგება.

- შენი, როგორც მოდელის ძლიერ მხარედ რას მიიჩნევ?

- მონდომებას, შრომას და ჩემი საქმის მიმართ სიყვარულს.

- მოდელობა შენი კვების რეჟიმზე გავლენას ახდენს?

- ასე ვთქვათ, დატვირთულად არ ვიკვებები. ვცდილობ, ჩემი სხეულის ფორმები შევინარჩუნო. ასევე, ვვარჯიშობ.

- კონკურსისთვის მომზადებისას მენტალურ ჯანმრთელობაზეც ისევე ზრუნავ, როგორც სხეულის საუკეთესო ფორმაში ყოფნაზე?

- რა თქმა უნდა, სულიერი განწყობა და მენტალური მდგომარეობაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორიც - ვიზუალური. ყოველი კონკურსის წინ, საკუთარ თავს იმისთვის ვამზადებ, რომ ნებისმიერ შედეგს უნდა შევეგუო - კარგსაც და ცუდსაც.

- მოდელობის გარდა, კიდევ რამით ხომ არ ხარ დაკავებული?

- სამოდელო სფეროს მიღმაც, ჩემი ცხოვრება ძალიან აქტიურია: ვხატავ, ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, შევისწავლე ვიზაჟის ხელოვნება... ჩემი ცხოვრება ხატვასთან ასოცირდება. მინდა მომავალი დიზაინერი ვიყო და საკუთარი ხელით დახატული, შექმნილი კაბა სცენაზე წარვადგინო.

- ცოტა რამ ოჯახზეც გვიამბე...

- მშობლები და და-ძმა მყავს. დედას და მამას საერთო ბიზნესი აქვთ. და-ძმა ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან. ჩემს დას დიდი მიზნები აქვს... დედაჩემი ჩემი მოტივაციაა. ვფიქრობ, ყოველთვის მაქსიმალურს აკეთებს, რომ ბედნიერი ვიყო. ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ამაყი ვარ, რომ ჩემი მშობლების შვილი ვარ. ჩემს ოჯახს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. ოჯახის წევრების მხარში დგომის გარეშე არ ვიცი, რა იქნებოდა...

- შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- თავისუფალი დროის გატარებას ყოველთვის მეგობრებთან ერთად ვცდილობ. ერთმანეთს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ვუზიარებთ. ვიხსენებთ ჩვენს მოგონებებს, ყველაფერზე თავისუფლად ვსაუბრობთ, რაც იმის საშუალებას მაძლევს, რომ ვიყო ის, ვინც ვარ... ვუყურებთ ფილმს, მეტი განტვირთვისთვის გავდივართ ქალაქგარეთ, ვთამაშობთ სამაგიდო თამაშებს... ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სახალისო ვლოგებს ვიღებთ. საზღვარგარეთ მოგზაურობაც ხშირად გვიწევს... ჩემთვის ყველაზე ძვირფას მეგობართან ერთად ვცხოვრობ, რომელიც სტუდენტია და სამოდელო სფეროთია დაკავებული.

- შეიძლება, მისი ვინაობა ვიცოდეთ?

- მარიამ კეკუა. მაბედნიერებს მისი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. გარდა სილამაზისა, მას საოცარი ადამიანური თვისებები აქვს. ყოველთვის ჩემ გვერდით ყოფნას და გამხნევებას ცდილობს. მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- დიდი ხანია, მეგობრობთ? თქვენი თანაცხოვრების შესახებ მოგვიყევი, მაგალითად - სახლის საქმეებს როგორ ინაწილებთ?

- ჩემი და მარიამის მეგობრობა და თანაცხოვრება წლებს ითვლის. ჩვენი არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს - ყოველი დღე ახალი თავგადასავლებით არის სავსე. ერთმანეთს კარგად ვეწყობით. სახლის საქმეებს ორივენი ვაკეთებთ. კერძების მომზადება ორივეს გვეხერხება ასევე, მეც და მარიამიც ვართ მოწესრიგებულები - ჩვენი სახლი არეული თითქმის არასდროს არაა. გაგვზარდა დედამ, რომელმაც ბავშვობიდან წესრიგი გვასწავლა...

- მათგან ცალკე ცხოვრების შესახებ შენს გადაწყვეტილებას მშობლები როგორ შეხვდნენ?

- როდესაც ჩემს მშობლებს ვსტუმრობთ, მარიამს ისე ხვდებიან, როგორც მათ მეოთხე შვილს. მარიამთან ერთად ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონიათ - ამ ამბავს დადებითად შეხვდნენ, რადგან მათგან ცალკე ცხოვრება ჩემს მომავალს და პროფესიას ხელს შეუწყობდა. ჩემს გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს სცემენ ისევე, როგორც მე - მათსას.

- შენი მეგობრის პირადი ცხოვრების შესახებ მგონი, მთელმა საქართველომ იცის - ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის შეყვარებულია. შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- ჯერჯერობით, ამის გასაჯაროება არ მსურს: პირადი არის პირადი და ამის აფიშირება ჩემთვის მიზანშეწონილი არ არის...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"