"იყავით ისეთი, როგორიც ხართ. მინდა ყველა კაცმა დააფასოს ქალი, რომელიც მოვლილია და გააცნობიერონ, რომ ძალისხმევის და დროის გარდა, ამაში დიდი ფინანსური რესურსიც იხარჯება"
ერთი შეხედვით სუსტმა, საყვარელმა, სულელმა "გოგოშკამ", რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა,
ტრანსფორმაცია განიცადა: ცხოვრებისეულ სირთულეებთან დაპირისპირებით, ნელ-ნელა ძლიერ, დამოუკიდებელ ქალად ყალიბდება. სწორედ ასეთ პერსონაჟს განასახიერებს სალომე კოკუაშვილი სერიალში „მარჯვენა სანაპირო". პერსონაჟის ასეთ რადიკალურ ცვლილებას თავად მსახიობიც არ ელოდა...
- სერიალის ახალ სეზონზე მუშაობა დიდი შემართებით დავიწყეთ, რადგან ბევრი ადამიანი ელოდებოდა. მსახიობები სრული შემადგენლობით ვართ. ასევე, არაჩვეულებრივი ახალი პერსონაჟები დაგვემატნენ, რომლებიც ვფიქრობ, მაყურებელს ძალიან მოეწონება. უბრალოდ, სცენარის მიხედვით, ერთი უწყინარი, კომედიური სერიალი დრამა-მელოდრამად გადაგვექცა, რაც პირადად მე, ძალიან მომწონს.
- შენი პერსონაჟის - სოფიას რომელი ასპექტია ყველაზე რთული?
- უპირველეს ყოვლისა, ძალიან მიხარია, რომ ხასიათის თვალსაზრისით, ჩემი პერსონაჟი აბსოლუტურად შეიცვალა, რადგან ცხოვრება გაურთულდა - ნებისმიერი ადამიანი, როგორი "მჩატეც" უნდა იყოს, როცა ისეთი რაღაცები დაატყდება თავს, როგორიც ქმრის დაჭერა და სრულიად უსახსროდ დარჩენაა (იმის ფონზე, რომ მანამდე ყოველთვის უზრუნველად ცხოვრობდა), საკმაოდ იცვლება, იზრდება, ძლიერდება და სხვანაირი ადამიანი ხდება, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. როცა სერიალში თამაში დავიწყე, სოფია ძალიან საყვარელი, სულელი "გოგოშკა" იყო. მესამე სეზონში ნელ-ნელა ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ხდება.
- ამ ხნის განმავლობაში შენთვის, როგორც მსახიობისთვის, ყველაზე რთულად შესასრულებელი რა იყო?
- ჩემთვის ყველაზე რთული იყო, როცა საჩხუბრად იმ ბიჭთან "მივდივარ", ვინც სკოლაში "ჩემს" შვილს სცემა. ყველაზე დაძაბული სცენა ეს იყო. ძალიან გამიჭირდა გამეგო, ზუსტად როგორ მოიქცეოდა დედა, რომელიც მარტოხელაა (ქმარი ციხეში ჰყავს) და თან, მისი შვილი თინეიჯერია. თინეიჯერი შვილის მჩაგვრელთან დედა რომ მიდის, ბავშვებში ეს კიდევ ცალკე პრობლემას ქმნის, მით უმეტეს - ბიჭებში. ამიტომ ეს ჩემთვის, ცოტა არ იყოს, რთულად "დასალაგებელი" აღმოჩნდა...
- ახალი მსახიობები ახსენე...
- ერთ-ერთი გახლავთ ჩემთვის უსაყვარლესი მსახიობი - ლაშა გურგენიძე, რომელიც სერიალში სასწაულ, სასაცილო პერსონაჟს ქმნის. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა. ასევე, სხვა ბევრი ადამიანია, რომელსაც მაყურებელი ნახავს...
- გადასაღებ მოედანზე ისეთივე მეგობრული გარემოა, როგორიც უწინ იყო?
- ჯერჯერობით, მსახიობების ახალ შემადგენლობასთან დიდი "გადაკვეთები" არ გვიწევს, რადგან მაინც ძველი შემადგენლობის ისტორია ცოტა ცალკეა "ჩაშლილი", მაგრამ - გადაღებები კი ძალიან სახალისოა. უკვე ნიკა ხაჩიძეც ოფიციალურად შემოგვიერთდა - ჩემი სცენები უკვე მასთან ასოცირდება. გადაღებებზე ძალიან ვერთობით. ყოველთვის კარგი, სახალისო, სიყვარულით სავსე გარემო გვაქვს.
- წინა სეზონი ისე დასრულდა, რომ შენს პერსონაჟთან დაკავშირებით, სასიყვარულო სამკუთხედის შექმნის ნიშნები შეინიშნებოდა. როგორ ფიქრობ, ზოგადად, ადამიანებს შორის სასიყვარულო სამკუთხედების შექმნას რა იწვევს?
- ამ კონკრეტული სერიალიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, რაკი სოფიას ოჯახი დაენგრა და სხვა კაცისგან სითბო და ყურადღება იგრძნო, რა თქმა უნდა, მის მიმართ გულგრილი არ დარჩებოდა. რაც შეეხება კაცებს, ამას ალბათ, თავად უფრო გვეტყვიან, მაგრამ მგონი, მათ ყველა ლამაზი ქალი მოსწონთ (იცინის)... ეს სასიყვარულო სამკუთხედი უცნაური იყო - მართლა არ ველოდი, რომ სოფიას სცენარისტები მსგავს რამეს დაუწერდნენ. ჯერჯერობით, რეალურად, მეც არ ვიცი, რა ხდება...
- აღნიშნე, როგორც კი მამაკაცისგან სითბო იგრძნო, გულგრილი არ დარჩებოდაო, თუმცა მისი ქმარი სამართალდამცველების მიერ არც ისე დიდი ხნის დაკავებული იყო. შეიძლება, მივიჩნიოთ, რომ შენს პერსონაჟს ამართლებ?
- სოფიას მეუღლე დაახლოებით, 6 თვის დაკავებული იყო... შეიძლება ადამიანს "მსუბუქად" ვიღაც მოგეწონოს, მაგრამ ამ გოგოს არაფერი გაუკეთებია: არც ფლირტი გაუჩაღებია, არც ინიციატივა გამოუჩენია და საერთოდ, არაფერი მომხდარა. ის ფაქტი, რომ შეიძლება ადამიანს სხვა მოეწონოს, როცა რეალურად მარტოა დარჩენილი, ჩემი აზრით, განსასჯელი არ არის (იღიმის). საკუთარ თავსაც კი არ გამოუტყდა, რომ ვიღაც მოეწონა. ამის შესახებ არც თავის უახლოეს დაქალებს ეუბნება. შესაბამისად, არ განვსაჯოთ ჩემი სოფია...
- სასიყვარულო სამკუთხედთან დაკავშირებით, პირადი გამოცდილება თუ გქონია?
- ზოგადად, ძალიან ერთგული ვარ. არ არსებობს "სხვისკენ" გავიხედო ან ისეთს შევხედო, ვინც დაკავებულია... კი, ასეთი ამბავი ნამდვილად შემემთხვა, რომელიც ძალიან სახალისოა, თუმცა ერთი შეხედვით, ალბათ - არც ისე სახალისო, რადგან მომეწონა ბიჭი, რომელსაც ასევე მოვეწონე - ინიციატივა მისგან მოდიოდა. უბრალოდ, აღმოჩნდა, რომ დანიშნული იყო (იცინის).
- როდის გაირკვა?
- რამდენიმე პაემნის მერე. უკვე მის მიმართ მეც გარკვეული გრძნობები მიჩნდებოდა. შემთხვევით გავიგე, რომ თურმე, დანიშნული გახლდათ, რაც, რა თქმა უნდა, შოკის მომგვრელი იყო.
- როგორ გაიგე?
- რაღაც ზღაპრებს მიყვებოდა თავის ყოფილზე, რომელიც ყოფილი არ იყო... საუბრისას უაზროდ წამოსცდა.
- რთული იყო ამის მიღება, გადალახვა? შეიძლება, ჯერ არ გიყვარდა, მაგრამ ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს...
- მართლა ვერ წარმომიდგენია, ქალზე დანიშნული იყო და სხვა გოგოსთან ერთად, კაფე-კაფე დადიოდე ყავის დასალევად. შოკი მქონდა!.. იცი, ყველაზე მეტად უცნაური რა იყო? რომ მკითხო, ძალიან ჭკვიანი ვარ. ეს როგორ დამემართა?! ხომ შეიძლება, ადამიანმა "ფეისბუკი" "ასქროლო", რამე ინფორმაცია მოძებნო, "ლაიქებს", კომენტარებს გადახედო? მაგრამ არა! რასაც ადამიანი მეუბნება, იმის მჯერა, რადგან თავად იმას ვეუბნები, რაც არის. ამიტომ გული დამწყდა - როგორ "დავგოიმდი", ეს ამბავი მე როგორ შემემთხვა-მეთქი?! პლუს, ამ პატარა თბილისში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, როგორ შეიძლებოდა, ასეთი ფაქტი დამალულიყო? მართლა ძალიან სახალისოდ მახსენდება. უბრალოდ, ცოტათი ნერვები მეშლება, რომ მე "დამაგოიმეს" (იცინის).
- არ გაგჩენია სურვილი, ქალური სოლიდარობა გამოგეჩინა და ის გოგონა საქმის კურსში ჩაგეყენებინა, ვისზეც ბიჭი იყო დანიშნული?
- რა თქმა უნდა, ქალური სოლიდარობა გამიჩნდა და ზუსტად ეს იყო მიზეზი, რის გამოც იმ ტიპის მიმართ დიდი აგრესია დამეუფლა. მგონი, სამყაროში ერთადერთი ადამიანია, ვინც "დავბლოკე"... გულწრფელად ვამბობ - ის გოგო ძალიან შემეცოდა. დღემდე მეცოდება, მაგრამ ჩემი საქმე არ არის...
- რეალურად, იქნებ გოგონა იმიტომ არ ჩააყენე საქმის კურსში, რომ ხშირად ქალები მოღალატე კაცებზე კი არა, ისევ ქალებზე ბრაზდებიან, როცა სასიყვარულო სამკუთხედს ეხება საქმე?
- სავარაუდოდ - კი. გოგოს ეს რომ ჩემგან გაეგო, მის თვალში ისევ მე ვიქნებოდი, ასე ვთქვათ, ცუდი ქალი (იცინის). ალბათ, რაღაც სკანდალები მოჰყვებოდა. სკანდალები არ მიყვარს. ჩემი სწორი ცხოვრებით ვცხოვრობ და ეს მომწონს. ვერავის მივცემ უფლებას, რომ რაღაც სისულელეები დამაბრალოს და ილაპარაკოს. თავისთვის რაც უნდათ, ის ილაპარაკონ და დამაბრალონ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის მიზეზს არ მივცემ.
- ამ ეტაპზე, შენს პირად ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რაც შენი საქმიანობის მიღმა გახარებს?
- ურთიერთობას თუ გულისხმობ, არ მაქვს, თუმცა ისევ და ისევ, მამაკაცში ჩემთვის პრიორიტეტულია კარგი ადამიანობა, ერთგულება, ყურადღება, გულთბილი დამოკიდებულება და ა. შ. ზოგადად, ჩემი საქმე, ცხოვრება, მეგობრები, ოჯახი მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად - მოგზაურობა!..
- ბოლოს სად იმოგზაურე?
- აგვისტოში კვიპროსზე, აია-ნაპაზე, 2 დაქალთან ერთად ვიყავი. დაქალებთან ერთად მოგზაურობა ძალიან კარგია. უბრალოდ, ჩასვლის დღესვე გავცივდი და მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, საკმაოდ ცუდად ვიყავი. ბევრი ვერაფერი ვნახე. ძირითადად, პლაჟზე ვიწექი... გავერთე, ოღონდ - ცოტათი უცნაურად, თან, მობილური ტელეფონიc დავკარგე. საერთოდ, მოგზაურობის დროს მობილურს ვიყენებ მხოლოდ ფოტოების გადასაღებად, ტაქსის გამოსაძახებლად... სასტუმროს მოპირდაპირედ მდებარე პლაჟზე ვიყავით - დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე. ისე ცხელოდა, რომ ვთქვი, - 500 მეტრს ფეხით ვერ გავივლი, ტაქსი გავაჩეროთ-მეთქი. გავაჩერეთ. მძღოლმა მგზავრობის საფასურად 20 ევრო დაგვისახელა. არადა, სასტუმრომდე მისასვლელად ნახევარი წუთიც კი არ იყო საჭირო. ძალიან გავბრაზდი. მძღოლს პატარა ისტერიკა მოვუწყვე, მაგრამ გული წამივიდოდა, ტაქსიში რომ არ ჩავმჯდარიყავი. მთელი გზა ვლანძღე... ავტომობილიდან რომ გადმოვედი, ფული კი არ მივეცი, ვესროლე - ძალიან უხეშად მოვექეცი... სასტუმროში მისულებმა, ბევრი ძებნის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩემი ტელეფონი სავარაუდოდ, ტაქსიში დაგვრჩა. დავრეკეთ. არავინ პასუხობდა. შემდეგ პოლიციაში დარეკვა და ტაქსის ნომრის "ამოღება" ვიფიქრეთ, მერე მოცდა ვამჯობინეთ... ამასობაში 2 საათი გავიდა. უცებ ჩემი ტელეფონიდან დარეკეს: ტაქსის მძღოლი იყო - გამარჯობა. ტაქსიში ტელეფონი ვიპოვეო... მობილური სასტუმროში მოგვიტანა. ძალიან გამიხარდა. ყველაზე მეტად მოგზაურობის ამსახველი ფოტოების დაკარგვაზე მწყდებოდა გული... მძღოლი რომ მოვიდა, დიდი ბოდიში მოვუხადე - საერთოდ, ასეთი ცუდები არ ვართ ხოლმე, თავს ცუდად ვგრძნობდით, გვშიოდა და აგრესიულები ვიყავით-მეთქი (იცინის). გვითხრა, - ძალიან იღბლიანები ხართ, რადგან როგორც წესი, ნაპოვნ ტელეფონს უკან არავინ აბრუნებსო... ნამდვილად იღბლიანი ვარ. საერთოდ, მიმაჩნია - თუ არ იფიქრებ, რომ იღბლიანი ხარ, შენთან იღბალი არასდროს არ მოვა. ამიტომ ჩემს ტვინში პოზიტიური აზროვნება გამუდმებით "ჩართულია". მაგალითად, ჩემს პირველ კასტინგს გავიხსენებ, როცა წლების წინ, სერიალში - "მესამე თაობა" ამიყვანეს, სადაც "არაფრისგან" მოვხვდი. მაშინ ვიგრძენი, რა იღბლიანი ვარ!..
- სალომე, გარეგნობაზე როგორ ზრუნავ? ამას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?
- ამაზე ბევრ დროს არ ვხარჯავ, რადგან ძალიან ზარმაცი ვარ. თმაზე კერატინის გაკეთება, სახის კანის გაწმენდა, მანიკური ჰიგიენასთან ასოცირდება, ასევე - ცოტას ვვარჯიშობ კიდეც, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი პროცედურა ძალიან ძვირი ღირს. შესაბამისად, თავის მოვლა იაფი არ ჯდება. მინდა ყველა კაცმა დააფასოს ქალი, რომელიც მოვლილია და გააცნობიერონ, რომ იმ ძალისხმევის და დროის გარდა, რაც ქალმა თავის მოვლაში დახარჯა, დიდი ფინანსური რესურსიც იხარჯება.
- ქალებს რას ურჩევ, ვისაც შესაძლოა, ასაკობრივი ცვლილებების გამო, გარეგნობის კომპლექსი აქვთ და მაგალითად, ფინანსური უსახსრობის მიზეზით, თავს სათანადოდ ვერ უვლიან?
- იყავით ისეთი, როგორიც ხართ. არ გაიკეთოთ ბოტოქსის და ფილერის ინიექციები, რადგან ეგ ადამიანებს დიდად არ ალამაზებთ. თუ მაინც ფიქრობთ, რომ გაგაბედნიერებთ, კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ, თუ გინდათ, კარგად გამოიყურებოდეთ, თქვენი სახე რადიკალურად არ შეცვალოთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ სახის მასაჟი - უფასოა. ამასთან დაკავშირებით, "იუთუბზე" ბევრი ვიდეო არსებობს. ძალიან კარგი შედეგი აქვს. 100%-იან რეკომენდაციას ვუწევ, რადგან სახის მასაჟს თავადაც ხშირად მივმართავ და როგორც ამბობენ, საერთოდ არ მეტყობა, რომ 33 წლის ვარ - ყველას 25-ის ვგონივარ. ალბათ, ეს ცოტათი გენეტიკის და ცოტათი მასაჟების დამსახურებაცაა...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"