"დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი - რადიკალური ძალები, მარცხისთვის არიან განწირულები" - კვირის პალიტრა

"დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი - რადიკალური ძალები, მარცხისთვის არიან განწირულები"

დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. მინდა მოვუწოდო ყველას, გააფერადეთ 41! - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, რასაც მოაქვს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ვისაც მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგას ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ, ეს არის ძალები, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველანაირი ბოროტება, სიბინძურე ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. დღეს შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად არიან წარმოდგენილები, იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ნახეთ თითოეული მათგანის წარსული, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენდნენ და შესაბამისად საზოგადოებას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, გააფერადეთ 41, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

დღეს მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უბნებზე გამოგონილი თემებით დაძაბონ სიტუაცია. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ძალიან ბევრი დამკვირვებელია და არავის მივცემთ შესაძლებლობას მოხდეს უბნების არევა. ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ესენი არიან რადიკალური ძალები, რომლებიც მარცხისთვის არიან განწირულები. იციან, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ და ამ პატარა წვრილმანი ხულიგნობით ეცდებიან, რომ რაღაც სურათი შექმნან. წინა დღეების განმავლობაში, პირადობებზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული და გამოიკვეთა, რომ იყო ტყუილი, სიცრუე და ჩვეულებრივი სპეკულაციები და ამ ტიპის ქმედებებით ეცდებიან დღის ბოლომდე გაიტანონ თავი“, - განაცხადა კახა კალაძემ.