ამაღლება - კვირის პალიტრა

ამაღლება

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვარმა კიდევ ორმოცი დღე დაჰყო დედამიწაზე-იგი ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, რომელთაც განეხვნათ გონება წმიდა წერილის გულისხმისსაყოფად. ეცხადებოდა და მათ, წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, "სასუფევლის საიდუმლოებებს" განუცხადებდა და ასწავებდა. თვით დღეთა რიცხვი (ორმოცი) გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია: ორმოცი წელი გაატარა ებრაელმა ერმა უდაბნოში, სანამ, ეგვიპტის მონებიდან გამოსული, აღთქმულ მიწაზე დაიმკვიდრებდა; ეს კი ცოდვის მონებიდან დახსნისა და აღთქმულ სასუფეველში დაბრუნების წინასახე გახლდათ; შობიდან მეორმოცე დღეს მიიყვანეს უფალი იერუსალიმის ტაძარში და, როგორც წმინდა პირმშო, მოსეს სჯულისამებრ, უფალს მიუძღვნეს. აღდგომა, გარკვეულწილად, მისი მეორედ შობაა. და აი, აღდგომიდან მეორმოცე დღეს იგი თავის ზეციურ ტაძარში ავიდა და ზეციურ მამას მკვდრეთით აღმდგარი პირველი სუფთა და განწმენდილი ადამიანური ბუნება უძღვნა.

ორმოცი დღის განმავლობაში "ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათვის ღმრთისა და თანა-ექცეოდა მათ" (საქმე მოციქულთა, 1, 3), მეორმოცე დღეს კი ბეთლემიდან ელეონის მთაზე აიყვანა, რომელიც გამოითარგმანება, ვითარცა ადგილი ზეთისხილისა. ზეთისხილი მშვიდობის სიმბოლოა და ქვეყნიერების მეუფემ თავისი განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით ჭეშმარიტი მშვიდობა მოუტანა სამყაროს. ელეონის მთიდან ამაღლდა და საუკუნო მშვიდობა უანდერძა თავის მოწაფეებს: "ამცნებდა: იერუსალემით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან" (საქმე მოციქულთა, 1, 4). უბრძანა, მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ ქვეყნიერებისათვის, შემდეგ ანუგეშა დამწუხრებულნი, აკურთხა და ამაღლდა ზეცად და "ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა" (საქმე მოციქულთა, 1, 9).

დამწუხრებული მოციქულები თვალს ვეღარ წყვეტდნენ ზეცასა და ღრუბელს, რომელმაც შეიწყნარა ქრისტე. ამ ღრუბლის სახით ისინი იმ დაფარულ საიდუმლოს ჭვრეტდნენ, რომელმაც "სულთმოფენობის დღეებში სულიწმიდად იწვიმა იერუსალიმში... ეს იდუმალი ღრუბელი ჩრდილი იყო ერთარსი სულისა, რომელმაც ღვთაებრივი მზე მიწიერი ცხოვრებიდან ხილულად აღიყვანა ზეცად-მის სამყოფელში, რათა იქიდან ღვთაებრივი დიდების დაუღამებელი ნათლით გონებრივად განენათლებინა ყოველივე ზეციური და მიწიერი" (ეპისკოპოსი ილია მინიატისი).

მოციქულები თვალს ვერ აშორებდნენ ზეცასა და ღრუბელს, როდესაც მათ გამოეცხადათ ორი კაცი, შემოსილი სპეტაკი სამოსლით, და "ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" (საქმე მოციქულთა, 1, 10-11). ეს სიტყვები არა მხოლოდ მოციქულთათვის ითქვა, არამედ ქრისტიანთა ყველა თაობისათვის, რათა არავინ შეძლოს მათი მოტყუება-ქრისტე პირველად მოვიდა დედამიწაზე ხორციელად, როდესაც იშვა გამოქვაბულში. ემსახურებოდა ყველას და თვისი ცხოვრებით ასწავებდა სიყვარულს, მოთმინებასა და უბრალოებას, და არა ჰქონდა ადგილი, სადაც თავს მიიდრეკდა. ხოლო მეორედ იგი უკვე მოვა ზეცით, მოვა ჭეშმარიტი მეუფე ყოველივე ქმნილისა, მოვა მთელი თავისი დიდებითა და ბრწყინვალებით.

მაცხოვრის ამაღლება განხორციელების განგების დასასრული გახლდათ: აკი ამიტომაც განკაცდა, რომ თავისი ქმნილი განეღმრთო; მოკვდა, რათა ჩვენთვის უკვდავება ებოძებინა; მკვდრეთით აღდგა, რათა მიწაზე დაცემული კვლავ ზეცად აღემართა... "დაცემული დღეს სერაფიმებზე ამაღლდება და ხრწნილი ბუნება უმაღლესი პატივის ღირსი ორმაგად გახდება: როგორც ღვთის სიტყვის განხორციელებით ზიარი გახდა ღვთაებრივი ბუნებისა, ასევე მისი ამაღლების მეშვეობით ის ღვთაებრივი დიდების ზიარი ხდება" (ეპისკოპოსი ილია მინიატისი).

იმისათვის, რომ ეს მისია შეესრულებინა და ყოფილიყო შუამავალი მიწასა და ზეცას შორის, ქრისტე იმ ხორცით უნდა ამაღლებულიყო, რომლითაც იშვა, ევნო, დაეფლა და აღდგა. ესაიას წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ ამ დიდებული ამაღლებისა თავად ანგელოზებსაც კი არ ესმით და, ხედავენ რა იარებით დაფარულ სხეულს, რომელსაც შუბით განგმირული ფერდიდან სისხლი სდის, კითხულობენ: "ეს ვინ არის, ედომიდან რომ მოდის? რატომ არის შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით" (ესაია, 63, 1-2)? ეს სწორედ ის სხეულია, რომელიც ქრისტემ სუფთა და უმწიკვლო ძღვნად შესწირა ზეციურ მამას ჩვენი ცოდვების მოტევებისათვის - ეს იყო უდიდესი მხვერპლშეწირვა დედამიწაზე, რომლის ძალითაც მოხდა ჩვენი დახსნა სიკვდილისა და ცოდვების საკრველთაგან და ჩვენი ამაღლება ზეცად.

ამაღლდა და "დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა" (მრწამსი). ამ სიმბოლოში ადამიანთათვის გასაგებ ენაზე გადმოცემულია ის საიდუმლო, რომლის დატევაც ადამიანურ ბუნებასა და გონებას არ ძალუძს: ძველ სამყაროში იმპერატორის მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებაზე მიანიშნებდა. ანუ, ქრისტე-ძე ღმრთისას- ძალაუფლება არაფრით ჩამოუვარდება მამა ღმერთის ღირსებასა და ძალაუფლებას. მაგრამ ეს ხომ ასე იყო განკაცებამდეც. მაშ, რაღა საჭირო იყო ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა? საქმე ის გახლავთ, რომ მრწამსის ამ მუხლში გადმოცემულია მთავარი მიზანი ამ საოცარი საიდუმლოსი-ქრისტე ადამიანური ბუნებით ამაღლდა და, მაშასადამე, ადამიანური ბუნება აღამაღლა ზეცად. იგი ადამიანთათვის გზად იქცა, რომლის გავლის შემთხვევაშიც თითოეული ჩვენგანი უფალში დაუსრულებელი ზრდისა და ნეტარების ღირსი გახდება.

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)