"ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა" - რას აცხადებს დავით კოდუა ანი წითლიძეზე? - კვირის პალიტრა

"ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა" - რას აცხადებს დავით კოდუა ანი წითლიძეზე?

მოქმედმა, თუ ყოფილმა დეპუტატმა ანი წითლიძემ, ზუგდიდში სრულად დაკარგა ნდობა. თავის უბანშივე წააგო. ეს იყო ჩემთვის ყველაზე გასახარებელი. ისინი ცდილობდნენ მე წამეგო ჩემი სოფელი, დარჩელი და ჩვენ ღირსეულად მოვიგეთ დარჩელი. სახეზე მივიღეთ ის, რომ მან თავისი ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა თავისივე უბანში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” დელეგატმა, დავით კოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი იყო ის შედეგი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ხალხის საკეთილდღეოდ გააკეთა და ხალხმა ეს დააფასა.

„ჩვენი პარტია, ჩვენი გუნდი ქვეყანაში არის უალტერნატივო, რომელიც ქმნის საზოგადოებრივ სიკეთეს და მაქსიმალურად მთელი საქართველო და განსაკუთრებით ჩვენი ქალაქი გვერდში დაუდგა ჩვენს გუნდს. გუშინდელი დღე იყო იმის გამოხატულება, თუ რა სწორი შეფასებები და არჩევანი გააკეთა ხალხმა. მადლობას ვუხდი ჩემს ზუგდიდელებს იმისთვის, რომ სწორ მხარეს დადგნენ, დადგნენ განვითარების, მშვიდობის მხარეს და სწორი აქცენტები გააკეთეს“, - განაცხადა დავით კოდუამ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

"მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის "ნაციონალური მოძრაობა“, რას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებმაც დაირქვეს "ახლები“, ჩემთვის ყოველთვის დარჩებიან ძველებად. მახსოვს ჩემი სტუდენტობის პერიოდში თუნდაც თბილისში გარეთ გასვლის მეშინოდა, გვეშინოდა ახალგაზრდებს, რომ არასამართლიანად არ მოქცეულიყვნენ ჩვენ წინააღმდეგ. ყველას გვახსოვს ის "ქეისები“, რაც არსებობდა ნიკა გვარამიას პერიოდში. ნიკა გვარამია ჩემთვის ვერ იქნება შოუმენი, სატელევიზიო ჟურნალისტი, ის ყოველთვის დარჩება ოდიოზურ ფიგურად, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურას მართავდა და აზიანებდა საქართველოს, ჩვენი დების და ძმების ჯანმრთელობას. ამიტომ, რაც არ უნდა "ახლები“ დაირქვან, ისინი ჩემთვის ყოველთვის ძველებად დარჩებიან. ისინი არიან დესტრუქციული ძალა. 13%-ს ვერ ასცდა მათი რეიტინგი და მხარდამჭერთა რაოდენობა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში დაკარგეს ნდობა”,-განაცხადა დავით კოდუამ.

"ინტერპრესნიუსი"