თუ ვიდეოთვალის დამონტაჟებით ჩვენი უფლებები ირღვევა...
ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.
მაქვს სესხი, მაგრამ შემექმნა სამსახურებრივი პრობლემები და ვეღარ ვიხდი. ჩემს სახელზე არ არის არანაირი ქონება, ამ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს?
- შესაძლოა სესხის გამცემმა ანუ კრედიტორმა მიმართოს სასამართლოს და დაგეკისროთ აღნიშნული ვალდებულების გადახდა სასამართლოს გზით. თუ ნებაყოფლობით არ გადაიხდით, კრედიტორი უფლებამოსილია იძულებითი აღსრულებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ამ საფუძვლით შეიძლება დაგიყადაღონ ანგარიშები ან/და თქვენს სახელზე იმ დროისათვის არსებული ქონება. სააღსრულებო ფურცელს აქვს 10-წლიანი ვადა, ამ პერიოდში თქვენს სახელზე არსებული ან შეძენილი ნივთები დაექვემდებარება დაყადაღებას და შემდგომ რეალიზაციას.
ვაპირებ ბინის ყიდვას კერძო პირისგან, რადგან არა მაქვს სრული თანხა, ის თანახმაა ნაწილ-ნაწილ გადავიხადო 6 თვის განმავლობაში და მერე გამიფორმოს ბინა. მითხრა, რომ ნოტარიუსთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას. რაიმე რისკს ხომ არ შეიცავს ასეთი გარიგება? თანხას ჩავურიცხავ ბანკის მეშვეობით და ამ გზით ხომ დავამტკიცებ, რომ თანხა გადახდილი მაქვს?
- იმისათვის, რომ თავი აარიდოთ შემდგომში საფრთხეს, უმჯობესი იქნება, თუ გააფორმებთ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას და ხელშეკრულებაშივე მიუთითებთ გადახდის გრაფიკს, ასევე თანხის გადარიცხვისასაც მიუთითეთ დანიშნულებაში გადარიცხვის მიზნობრიობა. რეესტრში აისახებით, როგორც მომავალი მესაკუთრე, ხოლო გადახდის დასრულების შემდგომ კი ბინის მესაკუთრე გახდებით.
ვყიდი ბინას, კლიენტი იხდის თანხის ნაწილს და დანარჩენ თანხას გადაიხდის 3 თვის შემდეგ, თუმცა ახლა ითხოვს გავუფორმო ბინა საჯარო რეესტრში. როგორ დავიცვა თავი, რომ დანარჩენი თანხის ამოღება შევძლო?
- თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადება და მყიდველი დარეგისტრირდება მომავალ მესაკუთრედ, ხოლო თანხის სრულად დაფარვის შემდგომ უძრავი ქონება გადავა მის სახელზე.
ბანკში მქონდა სესხი, ვერ ვიხდიდი და ძალიან გაიზარდა პროცენტები და გადასახდელი თანხის ოდენობა. ახლა ვიგებ, რომ ჩემ გარეშე ჩატარებულა სასამართლო. მეუბნებიან, თუ არ გადაიხდი, აღსრულებაში გადავა საქმე და ქონებას დაგიყადაღებთო. ჰქონდათ თუ არა უფლება პროცესი ჩემ გარეშე ჩაეტარებინათ? ადვოკატი მეუბნება, რომ გასაჩივრების ვადაც გასულია, როგორ მოვიქცე?
- თქვენ მიმართ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო თუ აღნიშნულის გასაჩივრების ვადა გასულია, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული და მას ვეღარ გაასაჩივრებთ. შესაძლოა თქვენს მისამართზე ვერ ჩაგაბარეს, ასევე ვერც პოლიცია და სასამართლო დაგიკავშირდათ და შესაბამისად, როდესაც ყველანაირი ბერკეტი ამოეწურა სასამართლოს, საჯაროდ გამოაქვეყნა სარჩელი, შემდეგ იმავე პროცედურებით გამოაქვეყნა გადაწყვეტილებაც. თუ ნებაყოფლობით არ შეასრულებთ გადაწყვეტილებას, მხარეს სრული უფლება აქვს, იძულებით აღსრულებისათვის მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ამიტომ აჯობებს, რომ თქვენი ნებით გადაიხადოთ, ან თანხის გადახდის განაწილება მოითხოვოთ აღსრულებაში.
ვცხოვრობ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, რომელიც ექსპლუატაციაში 2 წლის შესულია. მაღალ სართულებზე წყალი ცუდად ამოდის, ასევე შეიქმნა პრობლემა სახურავზე და ბოლო სართულის ორ მეზობელს წყალი ჩაუვიდა სახურავიდან. სამშენებლო კომპანიას ვთხოვთ ეს პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ ამბობს, რომ მას სახლი ჩაბარებული აქვს და ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. როგორც მითხრეს, ახალჩაბარებულ სახლებს მერიაც არ ეხმარება. მოვიყვანეთ ხელოსანი და ის ამბობს, რომ სახურავი, ფაქტობრივად, თავიდან არის გასაკეთებელი. რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები და პასუხი აგოს სამშენებლო კომპანიამ ამ უხარისხო მშენებლობისთვის?
- უნდა მიმართოთ სასამართლოს თქვენი უფლებების აღსადგენად, რადგან სამშენებლო კომპანიამ მშენებლობა შესაძლოა განახორციელა უხარისხო მასალით ან არასწორი მშენებლობით. აღნიშნულზე უნდა ჩაატაროთ ექსპერტიზაც, თუ რა სახის ზიანი გადგებათ.
ვაჩუქე შვილიშვილს კერძო სახლი სოფელში, სადაც მეც ვცხოვრობ, ქონება უკვე გადაცემულია ჩუქებით მასზე. მას შემდეგ, რაც ქონება გადავიდა მათ სახელზე, მისი ცოლი სულ ცდილობს ჩემთან კონფლიქტს და მეუბნება, რომ გადავიდე საცხოვრებლად ჩემს ქალიშვილთან. მინდა უკან წავართვა ეს ქონება. ჩუქებიდან 4 წელია გასული, შემიძლია ქონება უკან დავიბრუნო?
- ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. აღნიშნული საფუძვლით უნდა მიმართოთ სასამართლოს და დაადასტუროთ, რომ მხარე იჩენს უმადურობას თქვენ მიმართ და მოითხოვოთ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
ხშირად, როცა ვრეკავთ რომელიმე კომპანიაში, ავტომოპასუხე ამბობს, რომ იწერს ჩვენს საუბარს. არის თუ არა ეს ჩვენი უფლებების დარღვევა?
- არა, ვინაიდან კომპანია წინასწარ გატყობინებთ აღნიშნულის შესახებ. თუ თქვენ არა გაქვთ სურვილი, რომ თქვენი საუბარი ჩაიწეროს, უნდა მიმართოთ ინფორმაციის მიწოდების სხვა ალტერნატიულ საშუალებებს, მაგალითად, თავად კომპანიის ოფისში მიბრძანდეთ და იქ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია.
ამ ზაფხულს ჩვენს სოფელში ჩატარდა მიწის უფასო აზომვები, დამპირდნენ, რომ ჩემთანაც მოვიდოდნენ, მაგრამ არავინ მოსულა. სოფლის წარმომადგენელმა მითხრა, წავიდნენ, მაგრამ დაბრუნდებიანო, თუმცა არავინ მოსულა. არაერთხელ დავრეკე იუსტიციის ცხელ ხაზზე და მოვითხოვე მოსვლა, მაგრამ უშედეგოდ. იუსტიციის სახლში ვითხოვე მათი ტელეფონის ნომერიც. მეუბნებიან, რომ არა აქვთ ნომერი და არც ის იციან, როდის დაბრუნდებიან. სხვაგვარად იუსტიცია ამ მიწის გაფორმებაში 400 ლარის გადახდას ითხოვს და მეუბნებიან, თუ გადავიხდი, სამ თვეში გადამიფორმებენ მიწას. მე ამის საშუალება არა მაქვს, ველოდებოდი უფასო რეგისტრაციას? ვინ შეიძლება ამაზე გამცეს პასუხი?
- სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი არ გაგაჩნიათ, ან თქვენი სახსრებით უნდა დაირეგისტრიროთ მიწა, ან უნდა დაელოდოთ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში როდის მოგიწევთ თქვენი რიგი.
ბანკის ვალის გადაუხდელობის გამო ბანკმა მიჩივლა სასამართლოში. ბანკიდან გამოტანილი თანხით მქონდა ნაყიდი ბინა, რომელიც ბანკშია ჩადებული. ერთი წელი ვერ გადავიხადე თანხა. ახლა საქმე გადაეცა სასამართლოს. ადვოკატი მეუბნება, რომ მინიმუმ სამი წელი გაიწელება პროცესი. შემიძლია თუ არა ეს ქონება გავყიდო და ამით დავფარო ბანკის ვალი? ჯარიმებით იმხელა თანხაა გადასახდელი, რომ შეიძლება არც ეყოს ეს ბინა. რას მირჩევთ?
- შეგიძლიათ მორიგების გზით დაუკავშირდეთ ბანკს. თუ დაგთანხმდებათ რეალიზაციასა და ამ გზით ვალდებულების დაფარვაზე, მაშინ შეძლებთ გაყიდვას. დიდი ალბათობით, თქვენს ბინას ადევს ყადაღა და სხვა გზით ვერ გაყიდით.
ვცხოვრობ სოფელში, მეზობელმა თავის სახლთან დაამონტაჟა კამერა, მაქვს ეჭვი, რომ იმ კამერაში ჩანს ჩემი სახლი და ეზოც. შემიძლია თუ არა მოვითხოვო კამერის დათვალიერება?
- შეგიძლიათ მოითხოვოთ და თუ მეზობელი ნებაყოფლობით არ გაჩვენებთ კამერების გადაღების არეალს ან/და არ უცვლის მის ხილვადობას არეალს ან მანძილს, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, რომ მეზობელი იღებს თქვენს ეზოს ფარულად და ის განახორციელებს სამართლებრივ ბერკეტებს თქვენი მეზობლის მიმართ.
საცხოვრებელ კორპუსში ვიდეოთვალის დამონტაჟებით თუ ვხვდებით, რომ დაირღვა ჩვენი უფლებები, ვის უნდა მივმართოთ და მტკიცებულებების მოპოვება ვის ფუნქციაში შედის? ასევე მაინტერესებს, როცა დაირღვევა კანონი, რა სახის პასუხისმგებლობა დგება?
- უნდა მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, თუ ის მიიჩნევს, რომ ირღვევა თქვენი უფლებები, დააჯარიმებს ვიდეოთვალის დამმონტაჟებელს და ასევე მის დემონტაჟსაც მოითხოვს, თუ კანონის ნორმებს არ აკმაყოფილებს მისი განთავსების წესი.