უსაფლავოდ დაკარგული დიდი ქართველი - კვირის პალიტრა

უსაფლავოდ დაკარგული დიდი ქართველი

1893 წელს მსოფლიოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა - ახალ ზელანდიაში ქალებს პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. ეს იყო ქვეყნის ქალთა საარჩევნო უფლებების მოძრაობის ლიდერის და აქტივისტის, წარმოშობით შოტლანდიელი კეიტ შეპარდის გამარჯვება. მეტიც, იმდროინდელ სამყაროში რევოლუცია, რომელმაც საფუძველი დაუდო ევოლუციას და კეიტის გამარჯვება მალევე მოედო ევროპის და სხვა ქვეყნებს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კეიტი­ 1885 წელს ქრისტიან ქალთა ზომიერების კავშირის (WCTU) წევრი გახდა და მალევე "ქალთა ხმის" უფლების მთავარი ადვოკატის როლი იკისრა. შექმნა მასშტაბური პეტიციები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ქალთა ხმის უფლების მოპოვებაში. ის იყო The White Ribbon-ის რედაქტორი, რომელიც ქალთა უფლებებს ეძღვნებოდა. შეპარდი ახალი ზელანდიის ეროვნულ გმირად ითვლება და მისი პორტრეტი გამოსახულია ქვეყნის 10-დოლარიან ბანკნოტზე.

ჩვენც გვყავდა საკუთარი კეიტ შეპარდი, კატო მიქელაძე, რომელსაც საქართველოსთვის უფრო მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ გაუკეთებია, ვიდრე კეიტმა ახალი ზელანდიისთვის. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ცენზურისა და ქართული დაუდევრობის, გნებავთ, გულგრილობის გამოც, კატოს ისტორიას დიდი ხნის განმავლობაში მიწა მიაყარეს. დღემდე უცნობია მისი საფლავიც.

ქალებს ხმის უფლება

1919 წელს საქართველოს პირველ დემოკრატიულ არჩევნებში ქალებს მამაკაცების თანაბრად მიეცათ ხმისა და საკუთარი თავის საარჩევნო კანდიდატად წარდგენის უფლება, რაც დიდი გამარჯვება იყო მაშინდელ პატრიარქალურ ქართველ საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ იდეის ავტორებად სოციალ-დემოკრატები სახელდებიან და ეს საკითხი ნოე ჟორდანიას აქტიური ჩართულობით გადაწყდა, გამარჯვების რეალური ავტორი ქალთა უფლებებისთვის დაუცხრომელი მებრძოლი კატო მიქელაძე იყო. სწორედ მისი ძალისხმევით მოექცა საქართველო მოწინავე ქვეყნების სიაში, რომლებმაც ქალს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც, შუა საუკუნეებში, მეფედ ქალი გვყავდა და რუსთაველის "ლეკვი ლომისა სწორიას" მეოცე საუკუნის დამდეგსაც პათოსით იმეორებდნენ, ქალის როლი ფრიად დამცრობილი იყო. მეტიც, მნიშვნელოვან გამარჯვებამდე ორიოდე წლით ადრე, 1917 წლის 20 ნოემბერს, ეროვნულ ყრილობაზე აკაკი ჩხენკელმა კატო მიქელაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა. მაშინდელი საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ქალების ადგილს ვერ ხედავდნენ, მათი უფლებები და პოლიტიკაში ჩართულობა ჯერ კიდევ საკამათო იყო. ფემინისტური მოძრაობის აქტიურად განვითარების მიუხედავად, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ქალთა თანასწორობის იდეა ჯერ კიდევ მიუღებელი იყო. ამიტომაც შესაძლოა ჩხენკელიც, როგორც პოლიტიკური ფიგურა, მიიჩნევდა, რომ ქალთა საკითხი პრიორიტეტული არ იყო. კატომ ჩხენკელისგან დახშობილი ხმა მაინც მიაწვდინა ქვეყანას მის მიერვე დაარსებული გაზეთიდან.

ქართველი ფემინისტი

კატო მიქელაძე 1878 წელს, ქუთაისში­ დაიბადა. იყო ჟურნალისტი, მწერალი, ფემინისტი და ქალთა უფლებების აქტიური დამცველი. 1900 წელს დაამთავრა საბებიო ინსტიტუტი და ცხინვალში სამუშაოდ წავიდა, სადაც დააარსა ბიბლიოთეკა, სცენის მოყვარულთა წრე, დადგა უფასო წარმოდგენები. ცხინვალში ყოფნის დროს დაუახლოვდა მესამედასელებს, დაიწყო არალეგალურ წრეში მუშაობა. გაზეთ "ბრძოლას" უგზავნიდა რევოლუციურ ლექსებს და X -ს ფსევდონიმით აქვეყნებდა. "ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების" რეკომენდაციით მოსკოვში გაგზავნეს სასწავლებლად, ახალგახსნილ პედაგოგიურ კურსებზე, მაგრამ მალე ევროპას მიაშურა და დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1916 წელს, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, რეგიონული ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს "ხმა ქართველი ქალისა". ერთხანს გუდაუთაში, მერე კი სიღნაღშიც მუშაობდა პედაგოგად. 1921 წლიდან თბილისში დასახლდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროიდან ისიც საბჭოთა წნეხში მოექცა და ფიზიკური გადარჩენის მიზნით რამდენიმე ლექსიც კი მიუძღვნა ბელადს. მოგვიანებით მუშაობდა ცენტრალურ არქივსა და რევოლუციის მუზეუმში. გაწევრდა მწერალთა კავშირში, სიცოცხლის ბოლო წლებში კი ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. მან, ვინც ახალზელანდიელ კეიტ შეპარდს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა, გაჭირვებაში გალია ცხოვრება, რადგან მის ქვეყანას, ახალი ზელანდიისგან განსხვავებით, რუსეთი ესაზღვრებოდა, რომელმაც უზარმაზარი რკინის ფარდა ჩამოუშვა ცივილიზებულ სამყაროსა და „დიად საბჭოეთს“ შორის. კატოსაც შეეძლო 1921 წელს ევროპაში გაქცევა, ევროპული კავშირების გამოყენება, მაგრამ დარჩა, რადგან ფიქრობდა, რომ ასე ჯობდა ქართველი ხალხისთვის. მაშინ კატოსაც და ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ საბჭოეთში ყოფნა მომაკვდინებელი გახდებოდა და ბოლშევიზმი იმაზე დიდხანს გასტანდა ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ოპტიმისტებს ეგონათ. ის გამუდმებით ცდილობდა საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლას და იმედი ჰქონდა, რომ მომავალი თაობები გააგრძელებენ მის ბრძოლას.

29101330-1631015676963985-2386406912969265681-n-1730041148.jpg

გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა"

„ხმა ქართველი ქალისა“ იყო პირველი ფემინისტური ჟურნალი, სადაც აშუქებდნენ ქალთა უფლებებს, განათლებას, ჯანმრთელობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ მონაწილეობას. ხშირად წერდნენ, თუ როგორ შეუწყობდა ხელს ქალთა განათლება ოჯახების კეთილდღეობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამხელდნენ იმ მძიმე პირობებს, რომელშიც მაშინ ქალებს უწევდათ მუშაობა ფაბრიკებსა და ქარხნებში, წერდნენ ოჯახური ძალადობის შესახებ. ეს გაზეთი იყო პლატფორმა, სადაც ქართველ ქალებს შეეძლოთ თავიანთი ხმა მიეწვდინათ საზოგადოებისთვის. გაზეთს ყურადღების მიღმა არ რჩებოდა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებსაც ოპერატიულად აწვდიდა მკითხველს. პუბლიცისტთა განსჯის არეალში ექცეოდა როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და ევროპაში მიმდინარე ამბები. გაზეთი დიდი სიხარულით მიესალმა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა. გამოცემა აკრიტიკებდა მენშევიკებს იმის გამო, რომ ქალთა ორგანიზაციებს არ ჰყავდათ სეიმში თავიანთი წარმომადგენლები.

ქალთა ლიგა

კატო მიქელაძემ ქალთა ლიგა 1917 წელს დააარსა, რევოლუციის შემდეგ, როდე­საც საქართველოში პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების დიდი იმედი­ გაჩნდა. ლიგაში გაერთიანდნენ სხვადასხვა სოციალური ფენის, პროფესიისა და პოლიტიკური შეხედულების ქალები: მასწავლებლები, ექიმები, მწერლები, მუშები. გამორჩეული ქალები, პირველი ქართველი ფემინისტები - ელისაბედ ორბელიანი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი, ელენე ყიფშიძე. მათი ძალისხმევით იხსნებოდა ახალი სკოლები გოგონებისთვის და უმჯობესდებოდა განათლების ხარისხი. ლიგა აქტიურად ლობირებდა ქალთა საარჩევნო უფლებას. თანამშრომლობდნენ პროგრესულ პოლიტიკურ ძალებთან და ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ კანონმდებლობაზე, რაც წარმატებით შეძლეს.

ქალთა ლიგა იყო პირველი მასშტაბური ფემინისტური ორგანიზაცია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლიგამ არსებობა შეწყვიტა, მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართველი საზოგადოების განვითარებაში. ის გახდა საფუძველი შემდგომი თაობების ფემინისტური მოძრაობებისთვის.

ის ქალები ნამდვილი პიონერები იყვნენ, მათ გაკვალეს გზა მომავალი თაობებისთვის. მათი მემკვიდრეობა დღემდე მნიშვნელოვანია ქართული ფემინისტური მოძრაობისთვის.

პ.ს. კატო მიქელაძეზე სტატიის მომზადების წინ მცირე მოკვლევა ჩავატარე სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებში და 10 გამოკითხულიდან 1 პასუხობდა, რომ კატო მიქელაძე ცნობილი პირია, მაგრამ კითხვაზე­, რა გაუკეთებია, ყველა მპასუხობდა, არ ვიციო. არადა, კატოს, ქართველ კეიტ შეპა­რდს, უნდა იცნობდეს მომავალი თაობა­, რომელსაც კრიტიკული აზროვნება და დიდი იდეებისათვის იმ პატარა გოგოსავით ბრძოლა უნდა შეეძლოს, თითქმის ერთი საუკუნის წინ საბჭოთა მანქანამ რომ უსაფლავოდ დაასამარა.