სოხუმში „აფხაზეთის გმირების“ სკანდალი გრძელდება
სოხუმის მუზეუმში "აფხაზეთის გმირების" პორტრეტებზე ნადირობა გრძელდება. შამილ ბასაევის ფოტოს შემდეგ მუზეუმის სტენდიდან სანაგვეში მოისროლეს კიდევ ერთი ჩრდილოკავკასიელი მეთაურის, "აფხაზეთის გმირის" ტიტულის მქონე იბრაჰიმ იაგანოვის ფოტოც. აფხაზები იაგანოვზე განაწყენებული არიან. ის რადიკალ აფხაზ ნაციონალისტებში "საქართველოს აგენტად" იმის გამო მიიჩნევა, რომ 14 წლის წინ თბილისში ჩამოვიდა და საქართველოსთან დაიწყო მეგობრობა, თან წლებია აკრიტიკებს აფხაზეთში რუსეთის სრულ დომინირებას და აფხაზებს მოუწოდებს, რომ მათთვის ჯობს, ისევ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. იაგანოვი 2021 წლიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო რუსეთმა ტერორისტად და უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა. მუზეუმში თავად დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი, გენერალი ვლადიმერ ანუა მიიჭრა და მოითხოვა ფოტოს ჩამოხსნა. "მინისტრის" ამ ქცევას სოხუმში უკმაყოფილება მოჰყვა და დე ფაქტო ხელისუფლება დაადანაშაულეს "აფხაზეთის ისტორიის" გადაწერის ცდასა და "გმირების" უპატივცემულობაში.
ანტიგმირად ქცეული "აფხაზი გმირები"
სოხუმში "აფხაზეთის გმირების" პორტრეტების სკანდალი სექტემბრის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმმა გახსნა გამოფენა "აფხაზეთის გმირების" შესახებ და რუსმა ბლოგერმა აღმოაჩინა, რომ "გმირების" სტენდზე ტერორისტად გამოცხადებული და ბესლანის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული შამილ ბასაევის პორტრეტიც ეკიდა, რასაც ტელეგრამარხებზე რუსების საერთო აღშფოთება მოჰყვა. შემდეგ სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მოსკოვიდან დირექტივაც მიიღო, რომ ფოტო ჩამოეხსნათ. აფხაზების წინააღმდეგობის მიუხედავად, ფოტო სტენდიდან გააქრეს, თუმცა ამ ამბის განხილვები ისევ გაგრძელდა და თანაც აღმოჩნდა, რომ სტენდზე გამოფენილ პორტრეტებს შორის მიუღებელია კიდევ ერთი "აფხაზეთის გმირი" - იბრაჰიმ იაგანოვი.
როგორც აფხაზური მედია წერს, საზოგადოება აღაშფოთა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ვლადიმერ ანუას ქმედებამ. გენერალი ანუა "სამინისტროს" თანამშრომლებთან ერთად მივიდა მუზეუმში და მისი მუშაკები აღშფოთებული შეძახილებით არქივში გაგზავნა. ასე რომ, "აფხაზეთის გმირების" ერთი სტენდი მუზეუმიდან გააქრეს. მასზე იბრაჰიმ იაგანოვისა და შამილ ბასაევის გარდა, წარმოდგენილი იყო სხვა მებრძოლების მუჰამედ კილბას, ჰამზათ ხანკაროვისა და ჯუმა ჩირიკბაიას ფოტოებიც, რომლებსაც არც რუსეთში ტერორისტობა ჰბრალდებათ და არც საქართველოსთან მეგობრობა, თუმცა ჩამოსახსნელ ფოტოებს შორის მაინც აღმოჩნდნენ.
აფხაზი ისტორიკოსები, მუზეუმის მკვლევრები და ომის ვეტერანები თვლიან, რომ აფხაზეთის ისტორიაში უნდა დარჩეს იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ქართულ-აფხაზური ომის დროს მოხალისეთა მოძრაობის სიმბოლოები იყვნენ, რადგან მათი შემდგომი ცოდვების მიუხედავად, სახელები უკვე ჩაიწერა ისტორიაში.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფხაზი საზოგადოება ვლადიმერ ანუას კიდევ ერთი ქმედების გამოა აღშფოთებული - "მინისტრმა" "გამარჯვების 31 წლის იუბილესადმი" მიძღვნილი ორდენი გადასცა "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას, რამაც აფხაზი ვეტერანები აღაშფოთა. აფხაზეთში ამბობენ, რომ ასლან ბჟანიას ოჯახის ნაწილი ქართულ-აფხაზური ომის დროს "საქართველოს ტერიტორიაზე" იმალებოდა, თავად ბჟანია კი რუსეთში შოულობდა ფულს და მისი ორდენით დაჯილდოება მიუღებელია. მაშინ ანუამ თავი იმით იმართლა, რომ ორდენი ბჟანიას გადაეცა არა როგორც ვეტერანს, არამედ როგორც "პრეზიდენტს". ახლა კი, როდესაც ანუა "აფხაზეთის გმირების" ფოტოებს გადაეკიდა, მას ეს ამბავიც გაუხსენეს და აღშფოთებული განცხადებებიც გაკეთდა, რომ "ხელისუფლება აფხაზეთის ისტორიაში მოხალისეთა მოძრაობის" გადაწერას გეგმავს. საზოგადოებას "თავდაცვის სამინისტროს" პრესსამსახური გამოეხმაურა და თქვა, რომ გამოფენა მას შემდეგ გაიხსნება, რაც ამოიღებენ შამილ ბასაევისა და იბრაჰიმ იაგანოვის ფოტოებს, "პირებისა, რომლებმაც თავიანთი ქმედებებითა და განცხადებებით "აფხაზეთის გმირის" მაღალი ტიტული შელახეს".
"იაგანოვი არ არის ერთადერთი, ვინც თვლის, რომ შეცდა"
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - იბრაჰიმ იაგანოვი აფხაზეთის ომში მოხალისეთა ბატალიონ "ყაბარდოს" მეთაური იყო, 2010 წელს კი თქვა, რომ აფხაზეთს სხვა პერსპექტივა არა აქვს, გარდა იმისა, რომ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. ამის შემდეგ, 2011 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი აღიარა და ამანაც ითამაშა დიდი როლი იაგანოვის კეთილგანწყობაზე, თუმცა მან აფხაზური პოლიტიკის კრიტიკა და განცხადებები, რომ აფხაზეთი რუსეთზეა დამოკიდებული, გენოციდის აღიარებამდე დაიწყო. საქართველოშიც არაერთხელ იყო ჩამოსული, სოხუმშიც ჩადიოდა და იქაც იმავეს ამბობდა.
იაგანოვი არ არის ერთადერთი ჩრდილოკავკასიელი, ვინც თვლის, რომ შეცდა. განსაკუთრებით ჩეჩნები ნანობენ, და ამბობენ, ჩვენი ბიჭები მოატყუეს, თითქოსდა აფხაზეთში მაჰმადიანებს ავიწროებდნენო. აფხაზეთის ომის დროს ეს აფხაზების მეთოდი იყო. ასე "ავერბოვკებდნენ" ჩრდილოკავკასიელებს, მათ ფულსაც უხდიდნენ და ისინიც ომობდნენ. რელიგიურ ფაქტორთან ერთად იყო პოლიტიკურიც. სანამ აფხაზეთის ომი დაიწყებოდა, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის დიდი მოძრაობა შეიქმნა და სოხუმი ამ კონფედერაციის დედაქალაქად გამოცხადდა. თითქოს გეგმა არსებობდა, რომ აფხაზეთს "გაათავისუფლებდნენ" და დამოუკიდებელი გახდებოდა, შემდეგ მთელ ჩრდილოეთ კავკასიას გაეხსნებოდა გზა ევროპისკენ - ცივილიზებული სამყაროსკენ. ამ იდეის გარშემო მიდიოდა ხალხის მობილიზაცია აფხაზეთში გასაგზავნად. იაგანოვიც ასე ფიქრობდა, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. ჩრდილოკავკასიელები დარწმუნდნენ, რომ აფხაზეთის "გათავისუფლებას" მათთვის სიკეთე არ მოუტანია, აფხაზეთი რუსეთის საყრდენი ბაზაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგაც.
- იაგანოვი 14 წელია აფხაზებს აკრიტიკებს და ახლა გაახსენდათ, რომ უღალატა აფხაზებს?
- ეს ყველაფერი ბასაევის ფოტოს სკანდალმა გამოიწვია. იმ სტენდზე ბასაევის პორტრეტი რომ არ ყოფილიყო, იაგანოვის ფოტოსაც არავინ მიაქცევდა ყურადღებას. რადგან ბასაევის ფოტოს ჩამოხსნა მოითხოვეს რუსებმა, ადგნენ და ყველა ფოტო ერთიანად მოხსნეს. შთაბეჭდილება შექმნეს, რომ დასრულდა გამოფენა. ამ ფოტოებს შორის იყო მუჰამედ კილბას ფოტოც, რომელიც რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობისას" ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და ისიც კი მოჰყვა ამ სკანდალში. მახსოვს, ძალიან ავადმყოფობდა, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდოდა სამკურნალოდ გადმოსვლა, მაგრამ ჩვენებმა არ მიიღეს, შემდეგ ის თურქეთში წაიყვანეს.
- აფხაზები სამკურნალოდ ხომ გადმოდიან არაოკუპირებულ საქართველოში და კილბას რატომ უთხრეს უარი?
- კილბა ტერორისტია, თან აფხაზეთის კანონიერი მოსახლე არ ყოფილა, ომის დროს არის ჩამოსახლებული თურქეთიდან, ამიტომ არ მივიღეთ. დანარჩენებს, თუნდაც ომის მონაწილეებს, ყველას ვიღებთ. შამბას თუ ბჟანიას ნათესავებიც ჩამოდიან სამკურნალოდ. რუსლან ქიშმარიაც, რომელიც გალის დე ფაქტო გამგებელი იყო, მკურნალობდა თბილისში. ისედაც ხშირად გადმოდიოდა აქეთ, გალის ე.წ. გამგებლად რომ მსახურობდა. ახლა ის გარდაცვლილია.
„იბრაჰიმ იაგანოვს დიდი წონა ჰქონდა არა მარტო ყაბარდო-ბალყარეთში, არამედ მთელ ჩერქეზულ რესპუბლიკებში“
ალექსანდრე კვახაძე, ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი: - ამ გამოფენაზე პრობლემატური ფიგურები შამილ ბასაევი და იბრაჰიმ იაგანოვი იყვნენ. ბასაევი - რუსებისთვის, იაგანოვი - უფრო აფხაზებისთვის. იბრაჰიმ იაგანოვი გავლენიანი საველე მეთაური იყო, ლეონის ორდენითაც დააჯილდოეს. ის გაგრის შტურმში მონაწილეობდა. დიდი წონა ჰქონდა არა მარტო ყაბარდო-ბალყარეთში, არამედ მთელ ჩერქეზულ რესპუბლიკებში, ჩერქეზ ნაციონალისტებში. მასა და აფხაზებს შორის განხეთქილება სოჭის ოლიმპიადის გამო დაიწყო. იაგანოვი ჩართული იყო ოლიმპიადის წინააღმდეგ გამოსვლებსა და ჩერქეზების გენოციდის აღიარების აქტივიზმში, ხოლო 2010 წელს გადაწყვიტა ეთანამშრომლა საქართველოსთან. მაშინ ჩამოვიდა პირველად თბილისში და ეს ყველასთვის შოკი იყო. მალე თბილისში გაიხსნა ჩერქეზული კულტურის ცენტრი, 2011 წელს საქართველომ აღიარა ჩერქეზების გენოციდიც. იაგანოვი საქართველოში ძალიან ხშირად ჩამოდიოდა. ამბობდა, შევცდით, გვეგონა, აფხაზეთის "გათავისუფლების" შედეგად გაიხსნებოდა გზა ევროპაში, ზღვაზე და ეს ჩერქეზეთის გათავისუფლებას შეუწყობდა ხელს, თუმცა პირიქით მოხდა, ამით რუსეთი გავაძლიერეთო. იაგანოვი "ქართული ოცნების" მმართველობის ადრეულ წლებშიც აქტიურად იყენებდა საკუთარ კავშირებს აფხაზეთში. მაგალითად, ხელს უწყობდა აფხაზი და ჩერქეზი ბავშვების ანაკლიისა და ბათუმის ბანაკებში ჩამოყვანას და ქართველ ბავშვებთან ერთად დროის გატარებას. აფხაზეთში მისი ქართულ მხარესთან კავშირი ბევრს არ მოსწონდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2014 წელს აშშ-ში ჯეიმზთაუნის კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული სელფი გავრცელდა, მაგრამ ომში შეტანილი ღვაწლის გამო აფხაზები მასთან მისასვლელ გზებს არ იჭრიდნენ და გმირის სტატუსიც არ გააუქმეს. აფხაზეთში რბილი ლოზუნგები იყო, რომ იაგანოვი ცდება აფხაზეთის შეფასებისას, იყო აგრესიული ლოზუნგებიც, რომ იაგანოვი საქართველოს სპეცსამსახურებმა გადაიბირეს და ის საქართველოს აგენტია. შემდეგ უკრაინაში ომის დაწყებისას იაგანოვსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთის ფედერაცია. ის ამჟამად პოლონეთშია. ის უკრაინაშიც ჩავიდა და სხვადასხვა კავკასიურ ბატალიონთან ურთიერთობების დამყარებაც დაიწყო. ამისთვის რუსებმა ტერორისტთა სიაში შეიყვანეს.
- იაგანოვის სახელთან თუ არის დაკავშირებული ქართველების მიმართ ჩადენილი სისასტიკე?
- უშუალოდ ჩერქეზებისგან ასეთი რამ არ ფიქსირდება. ისინი შედარებით რბილად ექცეოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. არის ერთი ჩერქეზი მოხალისის მემუარები, სადაც ის აღწერს, რატომ დახვრიტეს ჟიული შარტავა. როგორც ის წერს, სახელმწიფო საბჭოს შენობაზე შტურმი ჩერქეზებმა მივიტანეთ და ტყვეები, შარტავა, გაბისკირია და სხვები, ჩვენ ავიყვანეთო. ის მათ დახვრეტას ანქვაბს აბრალებს. წერს, არძინბასგან მივიღეთ ბრძანება, ტყვეები გუდაუთაში ჩაგვეყვანა, რათა მაღალი რანგის ტყვეებით საქართველოსთან ევაჭრა, მაგრამ გზაში ანქვაბის ხალხმა გაგვაჩერა და ყველანი დახვრიტესო. მისი თქმით, შარტავამ ბევრი რამ იცოდა ანქვაბის თბილისური წარსულის შესახებ და ამიტომ მოხდა ეს ამბავი. ქართველი მოსახლეობასთან განსაკუთრებული სისასტიკით უმეტესად აფხაზები გამოირჩეოდნენ, გარკვეულწილად ჩეჩნები და სომხები, თუნდაც ბაგრამიანის ბატალიონი. ოჩამჩირის, გულრიფშისა და გალის წმენდა, სახლების გადაწვა - ყველაფერი აფხაზების ნამოქმედარია. ამაში ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები ნაკლებად იყვნენ ჩართული იაგანოვის შესახებ სადისტური ისტორიები არ მსმენია.
ეკატერინე ბასილაია