"მათი ზოგიერთი დასავლელი მხარდამჭერის პოზიციაც კომიკურად გამოიყურება, არჩევნები დასრულებული არ იყო და... გაყალბებულიაო" - როგორ აფასებს მამუკა არეშიძე "ქართული ოცნების" მეოთხედ გამარჯვებას? - კვირის პალიტრა

"მათი ზოგიერთი დასავლელი მხარდამჭერის პოზიციაც კომიკურად გამოიყურება, არჩევნები დასრულებული არ იყო და... გაყალბებულიაო" - როგორ აფასებს მამუკა არეშიძე "ქართული ოცნების" მეოთხედ გამარჯვებას?

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს.

შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.161% (210 787 ხმა) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.814 % (182 839 ხმა) აქვს;

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.771% (161 215 ხმა).

რაც შეეხება დარჩენილ ორ უბანს, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია, ხოლო დუშეთის ერთი უბნიდან ოქმი არაა მიღებული.

ოპოზიცია ამ მონაცემებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. შედეგები გააპროტესტა ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა. მმართველი გუნდი კი შედეგებს ზეიმობს.

რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროტესტს, აღიარებს თუ არა დასავლეთი ამ არჩევნებს, ეს ალბათ მოგვიანებით გამოჩნდება.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ამ შედეგს ელოდებოდა:

- ვვარაუდობდი, რომ "ქართული ოცნება" 50-პროცენტიან მაჩვენებელს გადალახავდა. ორივე მხარემ, ოპოზიციამ და "ოცნებამ" ისეთი სააგიტაციო კამპანია აირჩია, რომელსაც აუცილებლად ეყოლებოდა თავისი აქტიური მხარდამჭერი. ახალგაზრდების და ემიგრაციის დიდ ნაწილში ოპოზიციის იდეამ გაიმარჯვა, დასავლეთისკენ სვლას ვგულისხმობ. აქ მყოფთა შორის, უფროსი თაობისთვის უფრო მისაღები იყო ის ნარატივი, რასაც "ქართული ოცნება" ავითარებდა - მშვიდობა და ა.შ. უფროსი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ ის პერიოდი, როცა ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იყო ჩართული, 1990-იან წლებში და შემდეგ, 2000-იან წლებში. ძალიან კარგად იცოდნენ კიდეც ის წინაპირობა, რის გამოც ხდებოდა საომარი მოქმედებები და ქვეყნის ნგრევა.

ამ ემოციურმა ფაქტორმა, რომელიც ამ ადამიანებში ქვეცნობიერების დონეზე იყო, ამან გადაადგმევინა ის ნაბიჯები, რაც გადადგეს. ოპოზიციას კი ძალიან შეუშალა ხელი იმ ფასეულობების მხარდაჭერამ, რომელიც მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ვგულისხმობ "ლგბტ" თემას და ა.შ. ეს საკითხი არ არის მისაღები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ბევრი ფაქტორი იყო, რომელმაც გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. საბოლოო ჯამში, ეს შედეგი მივიღეთ.

- ბევრს საუბრობენ ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ჩარევაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ამბობენ, რომ ამ გზით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ".

- როდის არ ყოფილა საქართველოში ასეთი რამ? ამ ოპოზიციის ზეობის პირობებში იყო გაყალბებები თუ იყო. ადმინისტრაციულ რესურსსაც ყოველთვის იყენებდა სამთავრობო გუნდი, გაყალბებასაც, მიწერებსაც, ყალბი უბნების შექმნაც სულ იყო და რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეს ყოველთვის იყო საქართველოში და ახლაც შეიძლება ყოფილიყო, ამას ვერ გამოვრიცხავ.

ამერიკაში არჩევნების დროს ულაპარაკიათ ამაზე ექსპერტებს, რომ 8-10 პროცენტს გაყალბებას გულისხმობენ ელექტრონული არჩევნების შემთხვევაშიც კი და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ტრამპის არჩევნების დროს, ბოლო არჩევნებს ვგულისხმობ. ეს იყო აქტიური თემა ამერიკულ მედიაში მაშინ. თუ თვლიან, რომ ამ ელექტრონული ტექნოლოგიების პერიოდშიც არის გაყალბებული არჩევნები, მაშინ წინასწარ უნდა ეზრუნათ ამაზე, წინასწარ უნდა გადაედგათ ნაბიჯები, ახლა მუშტების ქნევას აზრი აღარ აქვს.

- როგორ ფიქრობთ, გამოცხადებულ შედეგს ოპოზიცია შეეგუება?

- რასაც ახლა ვხედავ, არ აპირებენ ისინი ამ შედეგებთან შეგუებას. აქციების დაწყებას აპირებენ და მათი ზოგიერთი დასავლელი მხარდამჭერის პოზიციაც კომიკურად გამოიყურება. ახალი დამთავრებული იყო არჩევნები, ჯერ კიდევ ემიგრანტებს არც კი ჰქონდათ დამთავრებული ხმის მიცემა და ამ დროს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა და თქვა, არჩევნები გაყალბებულიაო. ამით უკვე გასაგებია სამზადისი იყო პროტესტისთვის.

- ბევრს აწუხებს, როგორი იქნება ქართული ოცნების საგარეო კურსი.

- დარწმუნებული ვარ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. სულ მცირე, უფროსი და უმცროსი პარტნიორის ურთიერთობა უნდა იყოს შენარჩუნებული. არ შეიძლება იყო ყურმოჭრილი მონა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სულ ცდილობდნენ, ამ რეგიონში მყოფ სამივე ქვეყანას სხვადასხვა ორიენტაცია ჰქონოდა, რომ ისინი ერთმანეთში ვერასოდეს მოლაპარაკებულიყვნენ. ამას აკეთებდნენ მსხვილი მოთამაშეები, არამარტო რუსები, რეგიონის მსხვილი მოთამაშეები, მაგალითად, თურქეთი და დასავლეთიც.

ახლა, ამ ვითარებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ბევრია დამოკიდებული საქართველოს დიპლომატიურ კორპუსზე და ზოგადად პოლიტიკურ ელიტაზე. არამხოლოდ მმართველ პარტიას ვგულისხმობ, არამედ ოპოზიციასაც, რამდენად დაალაგებენ დასავლეთთან ურთიერთობას და როგორი ტიპის ურთიერთობას დაალაგებენ, ამის პროგნოზირება რთულია. დასავლეთში ამ მიმართულებით ერთი პირი არ აქვთ. დასავლეთში არის სხვადასხვა ძალის ცენტრები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ საჭიროა ყველასთან საერთო ენის გამონახვა და მათთან მუშაობა. მარტო დასავლეთის გინება, ან ქება, შედეგს არ მოიტანს.

- თუ ამ არჩევნების არ აღიარებს ოპოზიცია, მაშინ რა მოხდება?

- მაშინ ქვეყანა სტაგნაციაში ჩავარდება. დაიწყება გაუთავებელი აქციები და იმის ნგრევა, რაც გვაქვს ქვეყანაში, ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობას კი შეუდგება წყალი. ჩვენ ხომ ეს პირველად არ გვინახავს, ამას ვუყურებთ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული. არ ვიცი, შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში, ამბობენ, რომ არ აღიარებენ ამ არჩევნებს, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა შევიდნენ. საკმაოდ სერიოზული ძალა ექნებათ პარლამენტში.

- ზოგი თვლის, რომ ხელისუფლებაში ერთი და იმავე გუნდის 16 წლით ყოფნა ქვეყნისთვის ცუდია, ასევე საუბრობენ კორუფციაზე, მათი ძალაუფლების მეტად გაზრდაზე...

- გააჩნია, როგორ მართავ ქვეყანას, თორემ რამდენი წელი იქნები, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? როგორ მართავ, ამაზე შეგვიძლია გვქონდეს პრეტენზია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ოპოზიციის შიგნითაც არიან ადამიანები, რომლებიც გადასარევად გრძნობენ თავს კორუფციულ გარემოში, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ ბერკეტები, ამას მაინც ახერხებენ. ქვეყანაში კორუფცია არ არის-მეთქი, ამას როგორ ვიტყვი. ბრმა უნდა ვიყო. ძალიან ცუდია, ეს არ უნდა იყოს ამ ხარისხით და ამ რაოდენობით.

- და ბოლოს, "ქართულმა ოცნებამ" თბილისის არაერთ რაიონში წააგო არჩევნები, ამაზე რას იტყვით?

- ეს არ მიკვირს, ამერიკელ კონსერვატორებთან რომ მქონდა შეხვედრა, ისინიც ამბობდნენ, ცენტრალურ ქალაქებში ყველგან წავაგეთ არჩევნები და მხოლოდ ამერიკის სიღრმეში ვიგებთ, პატარა ქალაქებსა და სოფლებშიო. ის იდეოლოგია, რომელსაც ავრცელებდა ოპოზიცია - "შინ ევროპისკენ", განსაკუთრებით ახალგაზრდებში აიტაცეს და ამას თავისი შედეგი მოჰყვა. მე ვერ გეტყვით, რომ თბილისში "ოცნებას" მოუგო ოპოზიციამ, კრებსითმა ოპოზიციამ მოიგო.

მე მაინც მგონია, გარკვეული პარიტეტული ვითარებაა, თაობების დამოკიდებულება უფრო ჩანს რეგიონებში. იქ უფრო სხვანაირი საზოგადოებაა. რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობებს, ეს ყველა არჩევნების დროს ყოველთვის ასე იყო, ყველა მთავრობის დროს, ისინი მხარს უჭერენ მთავრობას, მთავრობის მხარდაჭერა არის მათი ტრადიცია.

(სპეციალურად საიტისთვის)