თუ ოდესმე საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება... - კვირის პალიტრა

თუ ოდესმე საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება...

რამდენიმე თვეა თავდაცვის სამინისტრომ გენერალთა კლუბსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად საქართველოს მოსახლეობის ტოტალური თავდაცვისთვის მზადება დაიწყო. როგორც პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი ამბობს, სამხედროებს ინიციატივა ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ მათ არავინ უსმენდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კი ამ საკითხისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ტოპოგრაფიული რუკის წაკითხვა,­ თავის გადარჩენა, ნაღმების ამოცნობა, დრონების მართვა, იარაღის დაშლა-აწყობა და მიზანში სროლა - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რისი შესწავლაც მოხალისეებს­ შეუძლიათ პროექტში "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის". სწავლება ინსტრუქტორების მეთვალყურეობით გომბორის სამხედრო ბაზაში მიმდინარეობს. მართალია, მოხალისეებს 5 დღის განმავლობაში­ ყაზარმული ტიპის კოტეჯებში უწევთ ცხოვრება და დილის შვიდის ნახევრიდან მოწყობა, პროგრამა სახალისო ელემენტებსაც მოიცავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტი გათვლილია ყველა პროფესიის, ასაკისა და მრწამსის ადამიანზე. რიგით მე-10 მოხალისეთა შეკრებაში, რომელსაც "კვირის პალიტრა" დაესწრო, 100-მდე სტუდენტი, შშმ პირი და ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები: გურამ თუშიშვილი, ილია სულამანიძე, ტატო გრიგალაშვილი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი ესწრებოდნენ. უფრო მეტს პროექტის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი გვიამბობს.

- ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში ვცხოვრობთ, არაფერია გამორიცხული, სტიქიური უბედურებებიც გახშირდა. შესაბამისად, საჭიროდ მივიჩნიეთ, მინიმალური განათლება მიგვეცა მაქსიმალურად ბევრი მოქალაქისთვის. ჩვენ განსაკუთრებულად საზოგადოების იმ სეგმენტის ათვისება გვინდა, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით არ უმსახურიათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ჯარისკაცების გადამზადებას, სულ მცირე, 6 კვირა მაინც სჭირდება. დროის ამ მონაკვეთში მომზადებულ ჯარისკაცს მხოლოდ სამხედრო ნაწილში შეუძლია იმსახუროს. ერთი წელი მაინც არის საჭირო სრულყოფილი მომზადებისთვის. ჩვენ მოხალისეებს საბაზისო ცოდნას ვაძლევთ, რომ თუ ოდესმე საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება, 6-კვირიანი გადამზადება საკმარისი იყოს მათი ბრძოლის ველზე გასაყვანად.

462359006-2248954132121147-6671209604180717218-n-1730044886.jpg
მარცხნიდან: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი, ტიტულოვანი ძიუდოისტი ილია სულამანიძე და ედუარდ ჯიშკარიანი

- კონკრეტულად რას ასწავლით?

- მოხალისეები გადიან საინჟინრო და სამედიცინო მომზადებას, ვასწავლით ტოპოგრაფიას, დრონების მართვას, იარა­ღის დაშლა-აწყობას. იმისათვის, რომ მოხალისის დიპლომი მიიღონ, 25-დღიანი სწავლება უნდა გაიარონ სულ ხუთ შეკრებაში­ და ეს შეიძლება ერთი ან ორი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. პირველი ეტაპი 5-დღიანია, შემდეგ ორდღიან სწავლებებს გაივლის. წელს უკვე 900 კაცს გავატარეთ პირველი ეტაპი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორეზეც ამდენივე გადავა,­ ზოგს შეიძლება აღარ მოუნდეს გაგრძელება. 900 კაციდან შეიძლება მეხუთე ეტაპზე 40-50 კაცი გადავიდეს. თუმცა მაინც არაფერს ვკარგავთ - მას, ვინც პირველი და მეორე ეტაპი გაიარა, მინიმალური ცოდნა მაინც ექნება. შეიძლება ითქვას, ამ პროექტით საზოგადოებასაც ვსწავლობთ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რა რესურსი აქვს, ვის რა შეუძლია. მე, როგორც პროფესიონალი სამხედრო, ჩემი ამოცანის შესრულებას მოწინააღმდეგის და ასევე ჩემი შესაძლებლობების შეფასებით ვიწყებ. საკმარისია, ჯეროვნად ვერ შეაფასო მოწინააღმდეგე ან მისი შესაძლებლობები გადაჭარბებულად წარმოიდგინო, ჩათვალე, რომ მარცხიც იქვეა.

მომდევნო წლის გაზაფხულისთვის მშობლებისა და შვილებისთვის პროექტი უნდა განვახორციელოთ. დღეს სოციალურმა ქსელებმა სამყარო შეცვალა, ოჯახის წევრები ერთმანეთს აღარც ელაპარაკებიან. პროექტი აქ მოსულ მშობლებს და შვილებს დროის ერთად გატარების საშუალებას აძლევს. წარმოიდგინეთ, ნავიგაციაზე, ტაქტიკურ თამაშებზე ან ტოპოგრაფიაზე რომ გავუშვებთ, ან თვითგადარჩენის სწავლებისას ტყეში დავტოვებთ, ეს მათთვის ნამდვილი თავგადასავალი იქნება. გვექნება ტაქტიკური თამაშებიც, რომლებშიც ერთი ოჯახი მეორის წინააღმდეგ ითამაშებს. ღმერთმა­ დაგვიფაროს, მაგრამ რამე უბედურება რომ დაგვემართოს, ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახებმა ორგანიზებულად მოახერხონ თავის გადარჩენაც და სხვების დახმარებაც.

სხვათა შორის, მხოლოდ საომარ მოქმედებებზე არ არის საუბარი, ჩვენ ვასწავლით, მაგალითად, დაშავებულის მდინარეზე გადაყვანას და კლდიდან ჩამოყვანას. სხვა რომ გადაარჩინო, შენ უნდა იცოდე, როგორ გადახვიდე მდინარეზე ან ახვიდე და ჩამოხვიდე კლდიდან. აქედან წასული ადამიანი სულ სხვანაირად იქნება მომზადებული სირთულეების გადასალახავად.

- როგორ ატყობთ, დაინტერესდა ქართველი საზოგადოება ამით?

- ქართველებს ბუნებით დაჰყვებათ სამხედრო საქმის სიყვარული, განსაკუთრებით ახალგაზრდობაა დაინტერესებული. იცით, კიდევ რა მოულოდნელობის წინაშე აღმოვჩნდით? პირველი ეტაპი­ რომ გაიარეს და მეორეზე დაბრუნდნენ, უკვე თავისით ჰქონდათ მოძიებული და მოპოვებული ზღვა მასალა ინტერნეტში. ისეთ კითხვებს სვამდნენ, ვერც წარმოვიდგენდით. სხვათა შორის, მომავალ შეკრებაზე აფხაზი და ოსი სტუდენტებიც მოდიან. მოვიდნენ და ინტეგრირდნენ ჩვენს ახალგაზრდებთან. ჩვენ აქ არავის ვეკითხებით, რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელ ეკლესიაში ლოცულობს ან რომელ პარტიას უჭერს მხარს, მთავარია, საქართველოს მოქალაქე იყოს.

- შშმ პირებს როგორ რთავთ ამ აქტივობებში?

- შშმ პირებს ისეთ აქტივობებში ვერ ვრთავთ, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებს, მაგრამ მათ შეუძლიათ სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება, მაგალითად, დრონების მართვა. ქვეყნისთვის თითოეული მოქალაქის რესურსი მნიშვნელოვანია.

ხათუნა ბახტურიძე