"ჩვენ ბევრი წელი დავკარგეთ, თუმცა დღეს ძალიან საინტერესოა ჩვენი თანაცხოვრება“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ ბევრი წელი დავკარგეთ, თუმცა დღეს ძალიან საინტერესოა ჩვენი თანაცხოვრება“

"თუკი რამეზე დაგწყვიტეთ გული, თუ ეს გართობა არ იყო სრული და გაგიცრუეთ იმედი მწარედ, მაშინ ეს თხოვნა მიიღეთ ბარემ. ჩამოგეძინათ სკამებზე თითქოს, და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყო", - ამ ლამაზი მონოლოგით დაასრულა 60 წლის იუბილეზე თავისი საღამო მსახიობმა გია როინიშვილმა,­ რომელიც მრავალ­წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაუბრუნდა მშობლიურ თუმანიშვილის თეატრს.

ჩვენ მოგვეცა საშუალება გავსაუბრებოდით ბატონ გიას და პირადად მიგველოცა ეს თარიღი.

- 60 წლის იუბილეზე კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ მარტო არა ვარ. ერთხელ ჩემს ახლობელ პარაფსიქოლოგს ვკითხე, რომელია ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი დღე-მეთქი? მიპასუხა, დაბადება და გარდაცვალებაო. მეორეს ჯერჯერობით არ მოვსწრებივარ. რაც არ უნდა ბევრი ადამიანი გყავდეს გარშემო, როგორი თბილი მეუღლე და ტკბილი შვილებიც არ უნდა გყავდეს, ბოლოს მაინც მარტო ვრჩებით ჩვენს თავთან. შემოქმედება იქნება თუ მეცნიერება, მარტო ქმნის ადამიანი. საერთოდ, ადამიანი მარტოა. ამიტომ არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიც არის მეგობარი, ოჯახი, მშობელი და ასე შემდეგ. ამიტომაა ჩვენ გარშემო ყველა ის ადამიანი, რომ მარტოობა გადავიტანოთ, მით უმეტეს, ამ დღეს არ გინდა მარტო დარჩენა. ყოველთვის ვღელავ. ამ დღეს ადამიანს გამხნევება სჭირდება, რადგან მისი მდგომარეობა არცთუ ისე სტაბილურია. ახალგაზრდობაში ამას ვერ ვაფიქსირებდი. ეს არის მოლოცვების დღე, ქეიფის, შენი ახლობლების გარემოცვაში ყოფნის დღე და ბუნებრივად მიგაჩნია, რომ ისინი შენ გვერდით არიან, მერე კი, გვიან, ხვდები, რომ ეს საკმაოდ რთული დღეა. ახლაც მაყურებელს მადლობა გადავუხადე, რომ ამ დღეს ისინი ჩემ გვერდით იყვნენ. ფინალი ცოტა სევდიანი იყო, მაგრამ ეს სევდა სასიამოვნო იყო. ჩვენი პროფესიაც რა არის? მსახიობები, მით უმეტეს, თეატრში, პეპლებივით ვართ. იმ დღეს გაითამაშებ და მორჩა. იგივე სპექტაკლი რომ ითამაშო ხვალ, ან ზეგ, ისეთი არ იქნება, როგორიც დღეს იყო. ეს ერთჯერადია ყოველთვის, იქვე იბადება და ქრება. ამიტომ, როგორც არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს ცხოვრებაში, ისეა თეატრი. იცით, პაკის ქუდი მეჭირა ხელში, ის ამოიღეს სკივრიდან 32 წლის შემდეგ, თავზე რომ დავიხურე, მაშინ გაცოცხლდა. 1992 წელი იყო, როცა "ზაფხულის ღამის სიზმარი" დაიდგა. მე სულ სხვა როლზე ვიყავი და ბატონმა მიშა თუმანიშვილმა პაკზე გადამიყვანა. ის ქუდი ბატონმა გოგი მესხიშვილმა შექმნა და ახლა გაცოცხლდა ერთი წამით, მერე კი ისევ ძილს მიეცა.

- ბატონმა მიშა თუმანიშვილმა, ბევრი თქვენი კოლეგის ბედი განსაზღვრა, მათ შორის თქვენიც...

- კი, ასეა. ერთ ისტორიას გავიხსენებ - ახალგაზრდა ვარ და ერთმა ასევე ახალგაზრდა რეჟისორმა ამიყვანა მთავარ როლზე. სულ 4 მსახიობი ვთამაშობდით. ეს იყო იაპონური ზღაპარი "წეროს ფრთე­ბი". დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ სცენაზე გავიტანდით თუ არა, ბატონი მიშა წყვეტდა. კარგა ხანს ვიმუშავეთ. პირველად მაქვს ამხელა როლი და თავს არ ვზოგავ. მოვიდა ბატონი მიშა და ვაჩვენეთ უწყვეტი რეპეტიცია. ზის ბატონი მიშა და გვიყურებს. უცებ მეუბნება, გია, შენ ახლა ითამაშე ჰამლეტი, ოიდიპოსი, რომეო და ლირი, მაგრამ გაიგე, ეს იაპონური ზღაპარიაო. ეს იმხელა გაკვეთილი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა ბატონმა მიშამ ჩაასწორა. საერთოდ, ასე აკეთებდა, შემოვიდოდა რეპეტიციაზე, ბოლო ორ შტრიხს გაუკეთებდა სპექტაკლს და წერტილს სვამდა. დიდი შემოქმედი იყო. ის არასოდეს არ ტკბებოდა იმით, რაც ჰქონდა გაკეთებული, დროს ისე მიჰყვებოდა, რომ ცოტა მეტი ნაბიჯით მომავალშიც გახედებდა. ახლაც, ამ ასაკშიც, სულ ვაბარებ ბატონ მიშასა და ქალბატონ ლილი იოსელიანს გამოცდას. სულ ვფიქრობ, რას მეტყოდნენ ისინი. მთელი ცხოვრება ასე ვარ. ხელოვანის მოვალეობა რა არის? მაყურებელს დაანახოს ის, რაც მას ამ ფორმით არ დაუნახავს. უნდა მიაწოდო ის, რაც მას სჭირდება. ხელოვანი იმისთვის არსებობს, რომ მას თუნდაც ორი საათით დაავიწყოს ყოველდღიურობა, რუტინა და დააფიქროს უფრო ღრმაზე, სულიერზე.

463790322-8487628297972880-5930873299632353923-n-1730048759.jpg

- თქვენი განსახიერებული პერსონაჟებიდან, თქვენს ხასიათთან, პიროვნებასთან, რომელი უფრო ახლოს იყო?

- ყველა პერსონაჟში ჩემი სულის რაღაც ნაწილი ჩავდე. მაყურებელს შენი სათქმელი გულწრფელად უნდა უთხრა. ყველაზე მართალი მე სცენაზე ვარ.

- აქ დაბრუნება როგორი იყო წლების მერე? დიდი პაუზა გქონდათ და რთული იქნებოდა თქვენთვის.

- მაგ თემაზე არ მიყვარს საუბარი, იმიტომ, რომ ის პერიოდი ძალიან მტკივნეული იყო. რაც შეეხება დაბრუნებას, თეატრში რომ ბრუნდები, რაღაც ახალი უნდა გააკეთო. აი, აქაც გამოცდაა ჩასაბარებელი. ჩემმა შვილმა კოკომ შემომთავაზა ვუდი ალენის "კუგელმასის" დადგმა. ესეც სიმბოლურია, დაბრუნების მერე დადგმული სპექტაკლია. ამ ახალი ნამუშევრით დავხვდი გუშინ მაყურებელს. მინდოდა და მინდა ამ თეატრის სახელი ყოველთვის იმ დონეზე იდგეს, როგორც მიშა თუმანიშვილს შეეფერება.

- თქვენ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი გაიარეთ, რომელს გამოარჩევთ?

- ორი რამ არის ცხოვრებაში, რომელსაც თავად არ ირჩევ, მშობლებსა და შვილებს. მნიშვნელოვანია შენი წარსული, მშობლები და მომავალი. ამათ შორის ხარ. ჩემი მშობლები აღარ არიან ცოცხლები. მათთან ძალიან ხშირად ვარ ფიქრით, მადლობას ვეუბნები ხოლმე. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში განვიცადე. მათი დამსახურებაა. და მეორე - შვილები. ღმერთმა გადმომხედა, ასეთები რომ არიან. მათ უკვე თავ-თავიანთი ოჯახები ჰყავთ. გავა დრო და ყველას დაავიწყდები. შვილი სანამ არის, შენც ხარ და ვიცი, რომ 100 წლის მერე, მაინც მოვლენ და ჩამომძახებენ, მომიკითხავენ...

საუბრისას ოთახში ქალბატონი თამრიკო­ ჭოხონელიძე შემოვიდა...

449920571-2850717595103687-1663302862809557269-n-1730048759.jpg

- ალბათ, თქვენთვისაც განსაკუთრებულია ბატონი გიას სცენაზე დაბრუნება...

- მახსოვს, პირველი შეგრძნება ყველაზე მძაფრი იყო. ჩემმა შვილმა კოკომ სამი წლის წინ, ამდენი წლის შემდეგ, მისთვის დადგა ეს სპექტაკლი. ეს დაუვიწყარი იყო. მე გიას ერთ-ერთი ის მაყურებელი ვარ, რომელიც ყოველთვის ელოდება გიასგან სიახლეს. ყველაზე მეტად, ალბათ, მე განვიცდიდი იმ დიდ პაუზას, რომელიც გიამ გააკეთა სცენაზე. ახლა გია როინიშვილის ცხოვრება თავიდან დაიწყო სცენაზე.

- როგორი მამაა ბატონი გია?

- კი უყურადღებობა იყო, მაგრამ გიას ვხედავდი თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულს და ამით ვამართლებდი. კი, შვილებთან მე უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული. იყო მომენტები, როცა ძალიან მიჭირდა. მაგალითად, ორი პატარა ბავშვით ბაზარშიც წავსულვარ, ერთი ეტლში იჯდა, მეორე კი ხელში მეჭირა. გია ამ დროს თეატრში იყო და ზუსტად ამიტომაც არ ვბრაზდებოდი, თან ძალიან თბილია და ამის გამოხატვა საოცრად შეუძლია.

- როგორი მეუღლეა?

- საკმაოდ რთულ პერიოდში დავოჯახდით, 1988 წელს. საქართველოში დიდი არეულობა იყო. მაშინ გია ძალიან პოპულარული იყო. იმხანად მე და გია ერთ გადაცემაში ვიყავით. ერთმა ძალიან ახლობელმა ბავშვმა მთხოვა, გამაცანი გია როინიშვილიო, და მახსოვს, გიას რომ ვუთხარი, ერთ ბავშვთან დაბადების დღეზე უნდა წაგიყვანო-მეთქი, ძალიან უშურველად მითხრა, კი ბატონოო. რომ წავედით ნიკუშასთან, ზუსტად იქ აღმოვაჩინეთ ერთმანეთი მე და გიამ. უკანა გზაზე უცბად გია უცნაურ შეკითხვას მისვამს, ქალბატონო თამარ, როდის შეიძლება თქვენი ნახვაო. არადა, გადაცემაზე ვნახულობდით ერთმანეთს. მიხვდი, რომ ეს სხვა ინტონაციით ნათქვამი, სულ სხვა რაღაცა იყო. ჩემშიც უცნაური რამ მოხდა, არ მცალია-მეთქი, და ისე შემომხედა, არ დამავიწყდება. სახლში მიმაცილა, ტაქსიდან გადმოვედი, დავემშვიდობე, კარი მივხურე, უცებ შემოვტრიალდი და გაოცებულ გიას ვეუბნები, სხვათა შორის, ვისაც ჩემი ნახვა უნდა, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს კონსერვატორიაში ვარ-მეთქი. იმ დღიდან ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს. მე მინდა ახალგაზრდებს მივმართო: ძალიან მალე გადის დრო. თვალის დახამხამებაში მოდის სერიოზული ასაკი. ამიტომ, ის რაც მოუცია განგებას, არც ერთი წუთით არ შეიძლება დაიკარგოს. მე და გიამ ბევრი წელი დავკარგეთ, თუმცა დღეს ძალიან საინტერესოა ჩვენი თანაცხოვრება. იყო პერიოდი, როცა არ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ჩემთვის და არც გიასთვის არაფერი გაწყვეტილა. მე ბევრი რამ გადავიტანე, შვილებისათვის ჩემი განცდები რომ არ მეჩვენებინა. ყველაფერი გავაკეთე, რომ ლაღებად გამეზარდა. გია ჩემი ცხოვრების ნაწილია, როგორც სხეულის ნაწილს ვერ მოიშორებ, ისე ვერ განვაგდე გია ჩემი ცხოვრებიდან. საინტერესო ყოფილა ცხოვრება.

საუბარში ისევ ბატონი გია ჩაგვერთო:

- ვერ მოვუარე ბევრ რამეს. თუნდაც აი, ამათ. რაღაცები არ გამოგვდის ისე, როგორც გვინდა. შენს ყველაზე ახლობელ ადამიანს გულს ტკენ, აი, ამას ვნანობ. კარგად ვიცნობ ცხოვრებას, დამიჯერეთ. ყველას სიყვარულით უნდა გადაუხადო. თუ ამის ძალა გაქვს, გამარჯვებული ხარ.

- აი, ამ პაუზებმა, პირად ურთიერთობაში და ასევე პროფესიაში რა მოგცათ?

- პაუზა... უხმო, უსიტყვო, უმოძრაო ქმედებაა, მაგრამ ქმედება-ფიქრის, დარდის, გაბრაზების, გარშემო მყოფთაგან ვერ გაგების, საკუთარი შეცდომების აღმოჩენის, და ამ ყველაფრიდან ახალი ეტაპის დაწყების...

- რას ინატრებდით ყველაზე მეტად?

- რაც პრობლემები მაქვს, იმის მოგვარებას და ჩემი სამშობლოს სწორ გზაზე დადგომას, იმ გზაზე, რომელზეც ეს ქვეყანა აყვავდება. ქართველი ერი ამის ღირსია. ევროკავშირში, ალბათ, გავწევრდებით, თუმცა ჩვენ ისედაც ევროპელები ვართ. ეს ბუნებრივი სვლაა და დარწმუნებული ვარ, წინ ვერავინ აღუდგება.

რუსუდან შაიშმელაშვილი