ამომავალი მზის ქვეყნიდან საქართველოში 7 წლის წინ ჩამოვიდა. 23 წლის ბიჭი კიოტოდან ქართველ საზოგადოებაში იოლად ინტეგრირდა და საკუთარ ბლოგში ჩვენი ქვეყნისა და ენის პოპულარიზაციას ეწევა. რიოსეი სუგინაკა უნივერსიტეტის სტუდენტებს იაპონურ ენას ასწავლის, პარალელურად, "იუთუბზე" ორ კულტურას აკავშირებს ერთმანეთთან - ატარებს გაკვეთილებს - ონლაინრეჟიმში იაპონურს ასწავლის ქართველებს, იაპონელებს კი - ქართულ ენას. რიოსეი, შესანიშნავად საუბრობს ქართულად, დღემდე იღრმავებს ცოდნას და ამბობს, რომ მისი ინტერესი ქართული ენის სირთულემ და ლამაზმა ანბანმა განაპირობა. - ამჟამად იაპონურ ენას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ვასწავლი, არის ასეთი მიმართულება - იაპონისტიკა. პარალელურად, "იუთუბზე" ქართველებს იაპონურ ენას ვასწავლი, იაპონელებს - ქართულს. ქართული რთული ენაა და უნიკალურია, როგორც მთელი საქართველო. წელს დავამთავრე მაგისტრატურა თეორიულ და გამოყენებით ენათმეცნიერებაში. მართალია, ენათმეცნიერება რთული საგანია, მის შესასწავლად 3,5 წელიწადი დამჭირდა (აკადემიურის აღებამაც მომიწია), მაგრამ ჩემი პროფესორ-მასწავლებლები და მეგობრები ძალიან მეხმარებოდნენ. როგორც იქნა, მარტში ჩავაბარე ნაშრომი. ახლა ვფიქრობ, დოქტორანტურაში ჩავაბარო თუ არა... - გზა კიოტოდან თბილისამდე ძალიან შორია... ასე ადექით და ჩამოხვედით უცხო ქვეყანაში? ჩანს, სირთულეებს არ უშინდებით... - ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ. კიოტოს უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი (პარალელურად ესპანურ ენას ვსწავლობდი). მესამე კურსზე ბიბლიოთეკაში შემთხვევით გადავაწყდი ქართული ენის გრამატიკის წიგნს იაპონურ ენაზე, რომლის ავტორიც სენსეი იასუჰირო კოჯიმაა - ქართველოლოგი, ენათმეცნიერი და მთარგმნელი (საქა­რთველოში ცხოვრობს). ქართული ანბანი ძალიან მომეწონა, ასევე, დავინტერესდი ამ უნიკალური ქვეყნით და ჩამოსვლა გადავწყვიტე. მანამდე ამ ქვეყანაზე წარმოდგენა არ მქონდა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ სადღაც შორს იყო. მაშინ იაპონიაში უმრავლესობამ საქართველოზე არაფერი იცოდა, ახლა უკვე ამაღლდა ცნობადობა. საქართველოში ჩამოსულს არაფერი გამჭირვებია, მიუხედავად იმისა, 23 წლის არც ვიყავი. აქ ბევრი მეგობარი შევიძინე, ვიდრე ენას ვისწავლიდი, მათთან კომუნიკაციას ინგლისურად ვახერხებდი. თავდაპირველად, 2 წლის განმავლობაში იაპონური კულტურის ცენტრში ვასწავლიდი იაპონურ ენას, მერე 3 წლის განმავლობაში პანდემიისას, დისტანციურად ვმუშაობდი პატარა კომპანიაში, რომლის ოფისიც იაპონიაშია. 2022-2024 წლამდე საქართველოში იაპონიის საელჩოში ვიმუშავე კულტურის განყოფილებაში. დასრულდა კონტრაქტი და დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა. - თქვენი აზრით, რაშია საქართველოს უნიკალურობა? - 7 წელია თბილისში ვცხოვრობ და აქ მეტი მეგობარი მყავს, ვიდრე იაპონიაში. ჩემი სამეგობრო წრე მრავალეროვანია, მათ შორის იაპონელებიც არიან. ქართული ენა უნიკალურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა მცირერიცხოვანია, მას აქვს თავისი ანბანი, დამწერლობა, გრამატიკა, ასევე საინტერესოა საქართველოს ისტორია. ამ ქვეყანამ ბევრი ომი გამოიარა და მაინც შეინარჩუნა ენა და ტრადიციები. მე ახლაც ქართული ენის შესწავლის პროცესში ვარ. პირველ წელს გამიჭირდა მეტყველება, მეორე წელს იაპონურს ვასწავლიდი ქართველებს, ოღონდ, იაპონურად. მესამე წელს უკვე ქართულად დავიწყე სტუდენტებისთვის იაპონურის სწავლება, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ჩემი ქართულის ცოდნის დონე გაუმჯობესდა. - ოჯახი იოლად დათანხმდა თქვენს გადმოხვეწას და უცხო კულტურაში ინტეგრაციას? - ჩემი მშობლები იოლად დათანხმდნენ ჩემს "ჯორჯიაში" გამომგზავრებას (მართალია, თავიდან აშშ-ის შტატი ეგონათ). ჩემი უმცროსი ძმა აქ ნამყოფია. ჩემს მშობლებსაც ძალიან უნდათ საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმიანობის გამო ვერ ახერხებენ. იაპონელებს და ქართველებს რაც საერთო გვაქვს, სტუმარმასპინძლობის ტრადიციაა. იაპონურშიც გვაქვს ასეთი სიტყვა - ომოკენაში, რასაც მსგავსი დატვირთვა აქვს. სტუმრის სიყვარული და პატივისცემა, სტუმრის დახვედრის დახვეწილი მანერები, მნიშვნელოვანი ტრადიციაა და მიხარია, რომ იაპონიასა და საქართველოს შორის რაღაც მსგავსება ვიპოვე. ერთხელ ვიხუმრე, როცა იაპონიაში ჩავალ, ხალხს ვეუცხოები, აღარ მიმიღებენ-მეთქი. ჩემი სახელი ქართულად ნათელ ვარსკვლავს (რიო - ნათელი, სეი - ვარსკვლავი) ნიშნავს. - დღეს ბევრმა იცის საქართველოზე იაპო­ნიაში? თვალს გადევნებთ და თავადაც ეწევით მის პოპულარიზაციას... - ტოკიოში არსებული საქართველოს საელჩო საქართველოს კულტურის სერიოზულ პიარს ეწევა. დღეს ბევრმა იაპონელმა იცის, სად არის და როგორია საქართველო. საქართველოს პოპულარიზაციას იაპონიაში ხელი შეუწყვეს ქართველმა სუმოისტებმაც - ბატონმა კოკაიმ და ტოჩინოშინმა. - შაურმის სიყვარულზე სოცქსელებში ხშირად ლაპარაკობთ. ქართული კერძებიდან რომელია თქვენი ფავორიტი? ასევე, იაპონურ სამზარეულოზე რას იტყვით, რომელია თქვენი­ საუკეთესო კერძი? - შაურმა არ არის ქართული კერძი, მაგრამ ძალიან მიყვარს... ძალიან მომწონს ხინკალი, მწვადი, ჩაქაფული, იმერული ხაჭაპური, აჯაფსანდალი... აქ პურიც ძალიან გემრიელია. მოკლედ, ხაშის გარდა, ყველა ქართული კერძი მიყვარს. იაპონურს რაც შეეხება, განსაკუთრებულად მიყვარს ნიკუჯაგა, რომელსაც, სამწუხაროდ, თბილისში, იაპონურ რესტორნებში არ ამზადებენ, ის უფრო საოჯახო კერძია და ხორცით, კარტოფილითა და სოუსებით მზადდება. იაპონური კერძებიდან მიყვარს რამენი - წვნიანი ატრია, ასევე კარი - ის ინდური კერძია, მაგრამ როცა ეს კულტურა იაპონიაში შეიტანეს, იაპონელებმა თავისი ვერსია შექმნეს. - როგორც ვიცი, მეგრული და სვანური ენის სწავლითაც იყავით დაინტერესებული... - პანდემიამდე ვიყიდე მეგრულის წიგნი, ვცადე, მაგრამ რთულია. როგორც ამბობენ, სვანური უარესი ყოფილა. ვნახოთ, იქნებ დავძლიო კიდეც. - ქართველებს ხშირად სტუმრისთვის სმა-ჭამის დაძალება სჩვევიათ და სუფრაზე ხშირად ქცეულხართ "ძალადობის მსხვერპლი"? - მეგობრებთან ერთად ვსვამ, მაგრამ ბევრს ვერა. სადღეგრძელოებსაც ნელ-ნელა­ ვსწავლობ. ჩვენთან, იაპონიაში, თამადის კულტურა არ არსებობს და სადღეგრძელოებიც სხვანაირია. ერთხელ კახურად მაგრად დავლიე. მეგობრებმა დედოფლისწყაროში დამპატიჟეს. დაიწყო სადღეგრძელოები - ჯერ საქართველოსა და იაპონიის მეგობრობაზე - მეც ვთქვი­ ჩემი სიტყვა, გაუმარჯოს-მეთქი, და დავლიე. ამას მოჰყვა დედოფლისწყაროსა და იაპონიის მეგობრობის სადღეგრძელო და ისიც დავლიე, მომდევნო - იაპონელების და ქართველების მეგობრობაზეც დავლიეთ და ამის მერე აღარაფერი მახსოვს... - საქართველოში არის ისეთი რამ, რაც გაკვირვებთ ან გაღიზიანებთ? - მხოლოდ საცობები. საცობები იაპო­ნიაშიცაა, მაგრამ აქ რომ არის, ასეთი არაფერი მინახავს. ხანდახან საცობში ქართულად წამომცდება ხოლმე სიტყვები, ვაიმე, ჯანდაბა და ასეთები. - იაპონიაში ახლობლებს რას უყვებით საქართველოზე? - საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც შენარჩუნებულია ისტორიული ენა, ტრადიციები, ხალხი ძალიან მეგობრულია .ერთი სიტყვით, კარგი ქვეყანაა, ხალხიც საუკეთესო, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ რა გამაჩერებდა? იაპონიისგან განსხვავებით, საქართველოში სხვა ენების შესწავლის შესაძლებლობაც მაქვს. ახლა აკადემიური მუშაობა მიწევს, 2 წელი კიდევ მინდა დავრჩე საქართველოში და კულტურისა და განათლების სფეროში განვაგრძო კარიერა. - როგორც ვიცი, მსმენელსა და მაყურებელს უყვარხართ, ეს როგორ მოახერხეთ? - საბედნიეროდ, "ტიკ-ტოკზე", "ინსტაგრამსა" და "იუთუბზე" ჩემი მაყურებლები ძალიან პოზიტიურ მესიჯებს მწერენ. როცა არ ვჩანდი, სულ მკითხულობდნენ, ძალიან გვაკლიხარო. მათ მესიჯებს როცა ვკითხულობ, უზომოდ მიხარია. ეს მაძლევს მოტივაციას მეტი ვიდეო დავდო და მათ მიმართ კეთილგანწყობა ასე გამოვხატო, ვცდილობ ადამიანებს მეც მეტი პოზიტივი ვაჩუქო.