"აქ მეწყრული კომპლექსებია და ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება, რათა მერე, გამოუსწორებელ ზიანზე არ ვილაპარაკოთ" - "გამქრალი" მთა და აოხრებული "მწვანე მთა" - კვირის პალიტრა

"აქ მეწყრული კომპლექსებია და ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება, რათა მერე, გამოუსწორებელ ზიანზე არ ვილაპარაკოთ" - "გამქრალი" მთა და აოხრებული "მწვანე მთა"

როგორი რეაქცია გექნებოდათ, თუ ერთ დღეს აღმოაჩენდით, რომ თქვენს სახლ-კარს ვიღაცამ ძირი გამოუთხარა. სწორედ ასეთი რეაქცია ჰქონდა ხულოელ ჯემალ საგინაძეს, როდესაც მწვანე ტბის ფერდობზე მისულმა აღმოაჩინა, რომ მთა "გამქრალიყო". შრომის უსაფრთხოების ყოფილი სპეციალისტი ნანახმა შეძრა, - ულამაზესი მწვანე ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრსა და მეტ სიმაღლეზე მდებარეობს და ნალექითა და მიმდებარე წყაროებით იკვებება, ფერდობები ტექნიკას უკვე გადათხრილი ჰქონდა. იმ დღიდან ბატონმა ჯემალმა მოსვენება დაკარგა, სამუშაოების შესაჩერებლად და ნებართვის გამცემის გასარკვევად, ყველა შესაბამის ინსტანციას მიმართა, თუმცა ამაოდ - ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ინერტული მასალა დღეში 80-100-მდე სატვირთო ავტომანქანით გაჰქონდათ.

- ეს ვანდალიზმი რომ ვნახე, იმ დღესვე ადგილობრივ ხელისუფლებას შევატყობინე, საიდანაც სრული დუმილი იყო. მერე გადავინაცვლეთ ქვეყნის სხვადასხვა ინსტანციაში და ისევ არაფერი.

ჩვენი სპეციალისტები ამ ბარბაროსობას­ გელათის ამბავს ადარებენ. როგორც გელათის შესახებ იცოდნენ, როგორ მეთოდურად ზიანდებოდა ამხელა სიმდიდრე და არაფერი იღონეს, სავარაუდოდ, აქაც ასე იყო. ვიღაცის ნება-სურვილით გადათხრილი გარემო, სავარაუდოდ, ცუდ ამბებს მოიტანს, აუცილებლად მეწყერს. ახლა მთავარი ის არის, ტბის სასიცოცხლო მკვებავი არტერიები არ იყოს გადაჭრილი. მწვანე ტბა მხოლოდ ხულოელების ცხოვრების ნაწილი კი არა, საქართველოს სიმდიდრეა.

ამ ამბის შემსწრე შემთხვევით გავხდი. ხელისუფლებამ გოდერძის უღელტეხილის განვითარების გენერალური გეგმა შეიმუშავა, რაც კარგია, თუმცა ყველაფერი სწრაფად და ბუნდოვნად გაკეთდა, რაც დაუშვებელია. აქ უნიკალური, მაგრამ მეწყრული კომპლექსებია და ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება, რათა მერე როგორც გვჩვევია, გამოუსწორებელ ზიანზე არ ვილაპარაკოთ. აი, ამის შესასწავლად შევქმენით სპეციალისტების ჯგუფი და მწვანე ტბის მიდამოებშიც მოვხვდით. სწორედ ამ დროს ვნახე ფერდობს შესეული ტექნიკა და ტრეილერები, რომელთაც ვულკანური წარმოშობის ქვები გაჰქონდათ. ეს მძიმე სანახავი იყო ყველასთვის, ვისაც გააზრებული აქვს, რა შეიძლება მოჰყვეს მთელი ფერდობის მოხსნას. მწვანე ტბა და მისი მიმდებარე ადგილები უნიკალური გეოლოგიური კომპლექსია თავისი მცენარეული საფარით, თუნდაც აქაური ალპური წიფელი მსოფლიოში იშვიათი მცენარეა. თუ ტბა დაშრება, მცენარეული საფარი და ყველაფერი ირგვლივ განადგურდება. მწვანე ტბის ქვემოთ, არის მეორე, ასევე ულამაზესი შავი ტბა. ეს წყლები ერთმანეთს ასაზრდოებენ. ამიტომაც მთელ ამ კომპლექსს ემუქრება საფრთხე. ეს როგორ უნდა გაანადგურო, როგორ უნდა წაგივიდეს ხელი, რომ მეწყერი გამოიწვიო?

მწვანე ტბის ფერდობებიდან მასალა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე გადიოდა. გზის გაყვანა რომ აუცილებელია, მაგას რა თქმა უნდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, პროექტში სრულიად სხვა ადგილიდან იყო გათვალისწინებული ინერტული მასალის გამოტანა.N აჭარაში, ნებისმიერმა გონიერმა კაცმა იცის, რომ მაღალმთიანი ადგილების უკონტროლოდ შეხება არ შეიძლება, თუმცა, როგორც ჩანს, სამშენებლო კომპანიამ გადაწყვიტა მშენებლობისთვის უფრო "ეკონომიური" გზა გამოენახა და მწვანე ტბას მიადგა ასაოხრებლად.

- თქვენ ამბობთ, რომ ეს პროცესი ვერ შეაჩერეთ.

- ჩემთან ერთად არაერთი ადამიანი იყო, ვინც ამაოდ იბრძოდა. მათ შორის მედიაც. მხოლოდ ორი თვის შემდეგ, როდესაც ამბავი ძალიან გახმაურდა, შეაჩერეს მუშაობა. წარმოიდგინეთ, ამ ხნის განმავლობაში რა ზიანი მიადგა იმ მიდამოებს, რამხელა მთას მოთხარეს.

- ვერც ერთი სამშენებლო კომპანია ასეთ საქმეს სპეციალური მითითების გარეშე ვერ წამოიწყებს სასამართლოს თუ მიმართეთ?

- შემიძლია ჩამოვთვალო, ვის მივმართე: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, თუმცა ყველა ეს ინსტანცია დუმს.

პ.ს. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, კანონის წინაშე პასუხისგებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს, მწვანე ტბის მიდამოების გავერანებას ვერ უშველის, მომავალში მსგავსის თავიდან აცილების გარანტია მაინც იქნება.

„სიტყვები არ მყოფნის ამ ბარბაროსობაზე სალაპარაკოდ“

გიორგი ბერიძე, გეოლოგი: "უზარმაზარი მთაა მონგრეული. ტბის თავზე ლოდოვანი მასა ტბას თოვლის შვავებისგან იფარავდა. ეს წინაღობები აიღეს და მის ადგილზე გამჭოლი სივრცე გააკეთეს. ამ ზიანს ვერაფრით ვერ გამოასწორებ.

სამწუხაროა, რომ ასეთ უნიკალურ კომპლექსს საყრდენი აქვს გამოცლილი. შედეგს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დიდთოვლობისა და წვიმების შემდეგ ვნახავთ. როდესაც დიდთოვლობის მასა დააწვება ამ მიდამოებს, ტბის ფერდობები აუცილებლად დაიწყებს მოძრაობას და დამეწყვრას. შეიძლება იმხელა არ იყოს, რომ ტბას დაეცეს და გადაფაროს, თუმცა ვერც იმას გეტყვით, სინამდვილეში რა იქნება, ამას ვერავინ გათვლის. ჯერ არც იმის გათვლა შეიძლება, დაიკარგა თუ არა ტბის მკვებავი არტერიები. ტბაში წყლის დონე ისედაც დაწეული იყო. მკვებავი რომ მოაკლდება, უფრო დაიწევს. უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის ამ ბარბაროსობაზე სალაპარაკოდ".