„რადგან ბოროტება არსებობს, არსებობს ის ხალხიც, რომელთაც სურთ მას ემორჩილებოდნენ“ - კვირის პალიტრა

„რადგან ბოროტება არსებობს, არსებობს ის ხალხიც, რომელთაც სურთ მას ემორჩილებოდნენ“

საზოგადოებაში ე.წ. ჯადოების შესახებ საუბარი არათუ ნელდება, არამედ პერიოდულად აქტიურდება. დროდადრო თავზარდამცემ ნიმუშად სასაფლაოებზე ჩამარხული ე.წ. ჯადოები გვევლინება, ფოტოებზე გამოსახული ცოცხალი ადამიანებით. ფოტოებს, როგორც წესი, ჭირისუფლები პოულობენ. ქობულეთში, სოფელ ნაკაიძეებში მომხდარი რეზონანსული შემთხვევა უნდა გავიხსენოთ, როცა 23 წლის ახალგაზრდის საფლავზე დამარხული რამდენიმე ათეული ფოტო ბებიამისმა იპოვა: ოჯახისთვის, რომელსაც ისედაც დიდი ტრაგედია აქვს თავს დატეხილი, ეს ამბავი შოკური აღმოჩნდა.

ვის ზიანს ისახავენ მიზნად მსგავსის ჩამდენი ადამიანები, გამოცნობა ძნელია. ცხადია, ამის ჩამდენს სიძულვილი ამოძრავებს, მაგრამ, ის კი არ იცის, რომ თავად სიმშვიდეს ვერასოდეს პოვებს. ჩვენ დავუკავშირდით გარდაცვლილი ახალგაზრდის ბებიას, სულიკო სურმანიძეს.

"იქ, სადაც ფოტოები იყო ჩამარხული, ჩვენი ოჯახის წევრი, უცოდველი ბიჭი წევს. სასაფლაოზე ხშირად დავდივართ, ვუვლით, ვესაუბრებით, ვლოცულობთ. ამ დროს ამაში ვიღაც სიძულვილით სავსე ადამიანი ჩაგვერია და მთელი ოჯახი გაგვანადგურა. საფლავში 100-ზე მეტი ფოტო იყო დამარხული, რაც იმით ამოვიცანით, რომ მიწა უსწორმასწოროდ იყო დატკეპნილი. უცნაური ის არის, ფოტოებზე არც ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ ასახული და არც უბნიდან ვინმე. ზოგიერთი ჩემი შვილიშვილის ამხანაგებმა დაადგინეს და დაურეკეს. ამ ამბის გაუხმაურებლობა არ იქნებოდა, პოლიციასაც კი შევატყობინეთ. მიწაში ბავშვების ფოტოებიც იყო დამარხული და ამან შეგვზარა. ამ სიავის გამკეთებელმა არა მგონია, კარგი რამ მიიღოს სამყაროსაგან. როგორც ვიცი, ფოტოები ინტერნეტიდან არის ამოღებული. ისედაც რამდენი დარდი და პრობლემა გვაქვს და ასეთი სტრესები რატომ უნდა გვემატებოდეს!"“

ლუკა სუპატაშვილი, დეკანოზი: "ჯადო არსებობს, ეს რეალობაა. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ბოროტი ძალის ყველაზე დიდი გამოვლინებაც სწორედ ის არის, რომ მან კაცობრიობა დაარწმუნა თავის არარსებობაში, რომ ეს ბებიებისა და ზღაპრების მოგონილია. თუ ბოროტი ძალა არ არსებობს, აბა, ქრისტე ვის დასამარცხებლად განხორციელდა ამქვეყნად?! არსებობს კი არა, სწორედ ის გეგმავს ყველაზე ცუდს ჩვენს წინააღმდეგ. თავად ქრისტესთან, როდესაც ის უდაბნოში გამოიცდებოდა, ბოროტი ძალა მივიდა და უთხრა, ოღონდ დამემორჩილე და დამიჩოქე, ყველაფერს მოგცემო! რადგან ბოროტება არსებობს, არსებობს ის ხალხიც, რომელთაც სურთ მას ემორჩილებოდნენ, და მოიხმობენ ბოროტს, რათა ვინმეზე ზემოქმედება მოახდინონ. როგორც იესო ქრისტე უსმენს ღვთის ერთგულ მლოცველს, ბოროტი ძალაც ასევე უსმენს მის მორჩილებს და ეხმარება მსგავსი ზემოქმედების მოხდენაში. ასეთი ხალხი ყველა ეპოქაში იყო და არის. ადამიანები, რომლებიც შექმნილი ვართ ღვთის ხატად, ასევე ვართ სამყაროს ორი - სულიერი და ფიზიკური ნაწილის კვეთაზე, ამ ნაწილების შემაერთებელნი ჩვენი ხორცითა და სულით. ჩვენმა სულმა უნდა შეძლოს კეთილისა და ბოროტის გარჩევა, რადგან ჩვენ ღვთისგან ვართ შექმნილი. უნდა მივხვდეთ, რა არის დემონის გამოვლინება და რა ღვთის, თორემ როგორც ობობა ახვევს საცეცებში საგულდაგულოდ მსხვერპლს, ჩვენც ასევე გავეხვევით ბოროტის გამოვლინებაში. საშველი რა არის? ეკლესია! ადამიანი სწორედ მაშინ არის დაცული, როდესაც უფალთან არის. ჩვენი საქმე მხოლოდ ლოცვა და ღვთის გვერდით ყოფნაა. როცა ადამიანი ასე ცხოვრობს, მაშინ ბოროტ ძალას არ რჩება ადგილი, რომ მასში შევიდეს ან რაიმეთი მოერიოს. ასე რომ, ვიყოთ უფალთან და დაცული ვიქნებით ყოველგვარი ბოროტებისაგან.