„რა თქმა უნდა, ალბათ დაიწყებენ ქუჩის აქციებზე ლაპარაკს, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

„რა თქმა უნდა, ალბათ დაიწყებენ ქუჩის აქციებზე ლაპარაკს, მაგრამ...“

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნე­ბის თითქ­მის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე განაწილდა: "ქართული ოცნება"­ - 53,93%; "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"­ - 11,03%; "ერთიანობა - ნაციონალუ­რი მოძრაობა" - 10,161%; "ძლიერი­ საქართველო - "ლელო", ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 8,814%; "გახარია საქართველოსთვის"­ - 7,771%. ოპოზიციის აზრით, არჩევნები გაყალბდა და შედეგის აღიარებაზე უარს აცხადებს. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირველი განცხადებებიდან კი ჩანს, რომ ისინი ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები, ალბათ, მოგვიანებით იქნება მიღებული. არჩევნების შედეგებს ვაფასებთ ექსპერტ მირიან მირიანაშვილთან ერთად:

mirianashvili-1726419157.jpg

- თქვენი გაზეთის ფურცლებზე აქამდეც ვამბობდი, რომ ოპოზიცია არასათანადო მასშტაბისა და ნაკლებად მწვავე წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა, რაც მაფიქრებინებდა, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ასე განვითარებულიყო. გარდა ამისა, თუ ოპოზიციას გამარჯვება სურდა, ორ ბლოკად უნდა გაერთიანებულიყო: ერთი უნდა ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო, მეორე კი დანარჩენი, ე.წ. შუაშისტური ძალების. ეს იქნებოდა ერთგვარი გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ისინი იბრძოლებდნენ გამარჯვებისთვის, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონსოლიდაცია შედეგის მისაღებად. ბევრ რეგიონში ოპოზიცია თვალითაც არ უნახავთ, ისე ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ. კონსპიროლოგიაში გადავარდნილი საზოგადოების ნაწილის აზრით, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან არის გარიგებული. მე ფაქტები არა მაქვს, ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ოპოზიციის პასიურობის ახსნა მიჭირს. ფაქტია, "ქართული ოცნება" უფრო რადიკალურ კამპანიას ეწეოდა. აქვე ვიტყვი, რომ საზოგადოების განწყობა "ქართული ოცნების" მიმართ უფრო მძაფრად ნეგატიურია, ვიდრე ამ შედეგებში ჩანს.

- ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. აღსანიშნავია, რომ წელს არჩევნებზე მივიდა გაცილებით მეტი მოქალაქე. ვისთან წავიდა მათი ხმები და რატომ არის ასეთი აცდენა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების გაკეთებულ არჩევანსა და საქართველოში მიღებულ შედეგებს შორის და ელით, რომ პოლიტიკური პროცესი ისევ ქუჩაში გადაინაცვლებს?

- იმისთვის, რომ გაყალბებაზე ვილაპარაკოთ, სხვა არგუმენტი არა გვაქვს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციის წარმოდგენილი მტკიცებულებები ვნახოთ. გაყალბების დასაფიქსირებლად საარჩევნო ინსტრუმენტები ყველაზე მეტად სწორედ პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ. საარჩევნო პროცესში ოპოზიციას ჰყავდა თავისი წარმომადგენლები, შესაბამისად, ინფორმაცია უნდა შეეგროვებინათ გაყალბების ფაქტებზე. ჯერ მას არ წარმოუდგენია ტოტალური გაყალბების მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, იყო ფაქტები, არის ამის ამსახველი დოკუმენტაციაც, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის, რომ ამან შეცვალოს ცესკოს მონაცემები. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, რატომ არავინ იზრუნა ამ დოკუმენტების სრულყოფილად მოგროვებაზე, რათა წარედგინათ საზოგადოებისთვის ქვეყანაში თუ მის გარეთ...

მოკლედ, იმისთვის, რომ დავადანაშაულოთ "ოცნება" გაყალბებაში, სულ ცოტა, ოლქების 10-15%-ის გაყალბების მტკიცებულება უნდა წარმოვადგინოთ, როგორც ვენესუელის ოპოზიციამ გააკეთა. სად არის ეს დოკუმენტები?!

რა თქმა უნდა, ალბათ, დაიწყებენ ლაპარაკს ქუჩის აქციებზე, მაგრამ ჩვენს ოპოზიციას არც ქუჩის აქციების წარმატებით რეალიზების რესურსი აქვს. ესეც ქართველი ერის ენერგეტიკაზე გადაივლის. საბოლოოდ ისიც ჩაცხრება და გამოვა, რომ ქართველებმა ვერც არჩევნებზე აჩვენეს შედეგი და ვერც ქუჩაში. ჩემი აზრით, რუსეთის მზაკვრული გეგმა სწორედ ის იყო, რომ დასავლეთის თვალში უუნაროდ გამოეჩინათ ქართველი ერი, ჩვენს საზოგადოებაში კი ნიჰილიზმი გაეღვივებინათ. ამას, სამწუხაროდ, თავი ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კარგად გაართვეს.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ის ამ შედეგს დასავლეთს წარუდგენს, როგორც ქართველი საზოგადოების მხარდაჭერის მანდატს, გამოიყენებს ამას და ჩვენი ოპოზიციის უნიათობას იმისთვის, რომ დაარწმუნოს ყველა, თითქოს ეს ქართველების დამოკიდებულებაა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და რომ საზოგადოება მას იზიარებს. ეს, რასაკვირველია, მცდარი პოზიციაა, ქართველების უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, მაგრამ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები შეეცდებიან ამას რეფერენდუმის მასშტაბი შესძინონ.

- ანუ "ქართული ოცნებისთვის" ეს შედეგი იქნება ანტიდასავლური რიტორიკის მხარდაჭერის ნიშანი და ისევ ამგვარ პოლიტიკას გააგრძელებენ?

- მე ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ასე მარტივად არ ჩამოვაყალიბებდი. მას ამ არჩევნებში ჰქონდა შემდეგი ამოცანა, ეჩვენებინა დასავლეთისთვის, რომ მას ალტერნატივა ქვეყანაში არა ჰყავს, თან ეს არჩევნები იმგვარად ჩაეტარებინა, რომ დასავლეთისთვის მისი გაყალბების თაობაზე ხელშესახები დოკუმენტები არ მიეცა. ახლა მისი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთთან ურთიერთობა გამოაკეთოს. არა მგონია, ანტიდასავლური რიტორიკის ის სიმწვავე, რომელსაც ის აგრძელებდა აღმავალ ტრენდად არჩევნებამდე, ისევ გაგრძელდეს. უახლოესი 10 დღის განმავლობაში აშშ-ის პოლიტელიტას საქართველოსთვის არ ეცლება, იქაც არჩევნებია, მაგრამ როდესაც ჩამოყალიბდება ახალი ადმინისტრაცია, ის მისწრაფება, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან ამოძირკვონ ყოველგვარი რუსული გავლენა, არსად გაქრება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ამ მოცემულობებთან თავისი პოლიტიკური ვექტორის ჰარმონიზება. ჯერ ერთი,

ივანიშვილს ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - მან უნდა მიიღოს ლეგიტიმაცია დასავლეთისგან. ამ ამოცანიდან გამომდინარე ის, ჩემი აზრით, არ გააგრძელებს ურთიერთობის ესკალაციას.

- ვნახეთ, როგორ უხარიათ რუსეთში "ქართული ოცნების" საარჩევნო შედეგი, როგორ ეპატიჟებიან ჩვენს ხელისუფლებას ბრიკსში... ბევრი ამაში ხედავს საფრთხეს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი იცვლება და თვითიზოლაციის გზას დავადექით.

- არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი ვერ აცნობიერებდეს, რომ საქართველო თავისი ეკონომიკით, ფინანსებით, პოლიტიკურად თუ მენტალურად, დასავლურ სამყაროში რა ღრმად არის ინტეგრირებული. საქართველოს სახელმწიფო დღეს არსებობს დასავლეთთან ინტეგრაციის ხარჯზე. ეს იმდენად თვალში საცემია, ამის უარყოფა შეუძლებელია. ქართველების არსებობის შენარჩუნების პირველ­წყარო სწორედ დასავლეთია. ამ ღრმა კავშირის გაწყვეტა ხელაღებით არანაირ არჩევნებს არ ძალუძს. ამიტომ ამ არჩევნების ნეგატიური ეფექტი ცოტა გადაჭარბებული მგონია, საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთთან ეს წინ ვერ აღუდგება. ჩვენ წინ გველის ტურბულენტობის პერიოდი, რაც გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთის პრობლემა არ მოგვარდება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, ეს დაახლოებით ერთი წლის საქმეა.

გარდა ამისა, გამოვრიცხავ, რომ საქართველო ჩინეთ-რუსეთის ალიანსს შეუერთდეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობას ამის სურვილს ვერ ვატყობ. სხვა შემთხვევაში ისინი კავკასიაში სხვანაირად იაქტიურებდნენ. როგორც ჩანს, ჩინეთ-ამერიკის გარიგებიდან გამომდინარე, ჩინეთი საქართველოს გამო ამერიკას არ დაუპირისპირდება. შესაბამისად, ამ პოლიტიკური გეზის რეალიზებისთვის წინა პირობებს ვერ ვხედავ.

- ისევ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს დავუბრუნდეთ - როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- ახლა ევროპელი ლიდერები შეეცდებიან გააკეთონ განცხადებები, რომ სწავლობენ ვითარებას გადაწყვეტილების მისაღებად, რომ არჩევნები, სავარაუდოდ, გაყალბდა და ა.შ., მაგრამ

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპაც შტატებში არჩევნების შემდეგ მიიღებს. როგორც წესი, აჰყვება მას, რადგან კავკასიასთან დაკავშირებით მას დამოუკიდებელი პოლიტიკა დიდწილად არა აქვს. რაღა დაგიმალოთ და, არ ველი ევროპისა და ამერიკისგან კატეგორიულ და მწვავე ნაბიჯებს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებამდე, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხელშია ახლა ბევრი რამ.

ვიმეორებ - არ მჯერა ოპოზიციის რადიკალურობის, ეს საარჩევნო კამპანია არაფრით ტოვებდა რადიკალურობის შთაბეჭდილებას. 34 წელიწადია პოლიტიკაში ვტრიალებ და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდი ბევრი არ მახსოვს. ახლა ბიძინა ივანიშვილს პრობლემა აქვს არა ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ ოპოზიციურ ელექტორატთან. ის, რომ მან ოპოზიციას აჯობა არჩევნებში, ეს ამ პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს. ამასთანავე,

მე არ ვიზიარებ ქართველების შიშს, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დასავლეთი ხელს ჩაიქნევს საქართველოზე. ეს ამ პროცესების ძალიან მიამიტური ხედვაა.

- არჩევნებამდე არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება მოვისმინეთ ჩვენი ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისგან, იყო სანქციებზე ლაპარაკი, ასევე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეზე... ვიცით, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღების გამო არაერთი ფინანსური დახმარება შეჩერდა, არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ წყვეტდა საკუთარ საგრანტო პროგრამებს საქართველოში. თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ატარებდა, რა პროცესების მომსწრე შეიძლება გავხდეთ?

- დასავლეთის სტრატეგია სამხრეთ კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს საკითხში, ვფიქრობ, არ შეიცვლება. დასავლეთი ისე მნიშვნელოვნად დაიხარჯა უკვე აქედან რუსული გავლენების გასაძევებლად, რომ ამ ერთი არჩევნების გამო თავის სტრატეგიულ გეგმებზე ხელს ვერ აიღებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო კოლოსალური გავლენებისა და მნიშვნელოვანი რეგიონების კარიბჭეა, მათ შორის არის შუა აზია, რომელიც ახლა დასავლეთის განსაკუთრებული ინტერესის სამიზნეა. დასავლეთმა არაფრით არ უნდა დაუშვას ჩინეთის დამკვიდრება შუა აზიაში, თორემ მისი რესურსები იმდენად გაიზრდება, რომ ის რეალურად დიდი პრობლემა გახდება. ამ ყველაფრის გასაღები კი საქართველოა.

რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ შესაძლო ნაბიჯებს, ამ განცხადებებიდან ბევრი რამ შეიძლება იყოს რეალიზებული, გამომდინარე იქიდან, როგორ მოიქცევა "ქართული ოცნება" - მოკლევადიან პერიოდში, ალბათ, იქნება მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც იქნეს განხილული, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ არა საქართველოზე ხელის აღების პოლიტიკად, არამედ როგორც ხელისუფლებასთან დაპირისპირების ტაქტიკად.

- როგორც ცნობილია, "ქართულმა ოცნებამ"" თბილისი და რუსთავი წააგო, გაუჭირდა თითქმის ყველა დიდ ქალაქში...

- ეს ცხადყოფს, რომ დიდ ქალაქებში მოქალაქეები გაცილებით უკეთ არიან ინფორმირებული, ვიდრე პერიფერიებში. თუმცა ამ შედეგებს მე ცოტა სხვაგვარადაც შევხედავდი. ეს უპირველესად ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის გრძელვადიანი პერსპექტივა არა აქვს.

მომავალ წელს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, იმ არჩევნებს იმაზე მეტი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე საპარლამენტოს - ფაქტობრივად, ვნახავთ, რომ თბილისს ოპოზიცია მოიგებს.

თბილისის წაგება იქნება "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი. დიახ, თუ მან ფუნდამენტურად არ შეცვალა პოლიტიკა დასავლეთთან ურთიერთობაში, მაშინ "ქართული ოცნება" მომავალ წელს არათუ წააგებს თბილისს, არამედ ისე ტოტალურად წააგებს, რომ შეიძლება რეალური რევოლუცია დაიქოქოს. თბილისის წაგება დღეს ნიშნავს სწორედ უარს "ოცნების" ანტიდასავლურ რიტორიკაზე. რასაკვირველია, ქართველი ერის ინტერესებს გამოხატავს მისი ყველაზე კარგად ინფორმირებული მოქალაქეთა ნაწილი. შესაბამისად, თბილისში "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პროპაგანდა დამარცხდა, სხვა სურათი ვნახეთ შედარებით არაინფორმირებულ პროვინციებში. ეს არის რეალობა. აქვე უნდა ვთქვა - ქართველმა ერმა უნდა მოძებნოს საკუთარ თავში საიმისო ძალა, რომ მომავალ არჩევნებამდე შექმნას ახალი პოლიტიკური კონსტრუქციები. ამისთვის დრო საკმარისად არის.

- ბევრი შიშობს, რომ "ქართული ოცნებაც" წავა რეპრესიების გზით, ისე, როგორც პუტინის რუსეთში მოხდა.

- რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთს საქართველოზე ზემოქმედებისთვის ასჯერ მეტი ბერკეტი აქვს. ეკონომიკის ნებისმიერ სფეროს გახედეთ... საქართველოს არც ნავთობი აქვს, არც სხვა რამ ეკონომიკური რესურსი, ის ვერ გახდება ჩრდილოეთ კორეა, ვერც ბელარუსი, ეს გეოპოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც შეუძლებელია. ქართველი საზოგადოება არ არის არც რუსული და არც ირანელი საზოგადოებების მსგავსი. საქართველოს ტრანსფერი რადიკალურ ანტიდასავლურობაში შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილმა რაც შეიძლება დღეს გააკეთოს, ის არის, რომ სასწრაფოდ გადატვირთოს ურთიერთობა დასავლეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ თბილისში არჩევნების წაგებას ვერანაირი რეგიონებით ვერ გადაფარავს. ვერც რეპრესიების ისეთ სისტემას ააწყობს, რომ თბილისის მოსახლეობის დაშინება შეძლოს. შესაბამისად, ერთი წელი აქვს ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე რევოლუციური კატაკლიზმების მსხვერპლად არ იქცეს. მე ამ არჩევნებს პრელუდიად მივიჩნევდი, უმნიშვნელოვანესი იქნება მომავალი თვითმმართველობის არჩევნები. თუ "ქართული ოცნება" თბილისში დამარცხდება, ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მომენტალურად ჩამოშლის.

- როგორც 27 ოქტომბრის საღამოს გახდა ცნობილი, პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა.

- მე ველოდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებას გააკეთებდა, მაგრამ ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ არჩევნების მეორე დღე ისე დაღამდა, "ოცნებისთვის" გამარჯვება უნგრეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გარდა, არავის მიულოცია, მათ შორის, არც თურქეთს და არ სხვა რომელიმე მსხვილ მოთამაშეს, რადგან ისინი ელოდებიან აშშ-ის პოლიტელიტის პოზიციას, ყველა ელის აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც ძალიან იგვიანებს... ფაქტობრივად, არ მახსოვს ერთი არჩევნებიც კი, რომელზეც ამერიკის საელჩოს მომენტალურად არ გაეკეთებინა განცხადება და შეფასებები. ახლა კი ხედავთ, რომ აშშ-მა აიღო ერთგვარი ოპერატიული პაუზა.­ შესაძლოა იმის გამოც, რომ აკვირდებიან, რა რეაქცია ექნება ქართველ ხალხს. პრეზიდენტის აქცენტებიც სწორედ იმაზე მიანიშნებდა, რომ აშშ-ისთვის გაეგზავნა მესიჯი, არჩევნები გაყალბდაო. თუ კიდევ ერთი დღე გადაგორდა და ამერიკელებისგან რეაქციამ დაიგვიანა, ეს ყველასთვის იქნება სიგნალი და სერიოზული­ გზავნილი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ აშშ ქართულ არჩევნებს, სულ ცოტა, საეჭვოდ მიიჩნევს. არ გამოვ­რიცხავ, ამის შემდეგ გაიმართოს კულუარული ვაჭრობა ბიძინა­ ივანიშვილთან. უმნიშვნელოვანესია აშშ-ისგან ლეგიტიმაციის მიღება. თუ უარი გვითხრეს, არა უშავს, რაღაც პერიოდის მერე დაგვთანხმდებიანო, ეს მოსაზრება არის აბსურდი. თუ მათ ეს არჩევნები საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით შეაფასეს უკანონოდ, მისი შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტიც არ იარსებებს... ყველა მიიჩნევს ჩვენს ხელისუფლებას, როგორც ძალაუფლების მიმტაცებელს, მოერიდება მასთან ურთიერთობას. საგარეო საფრთხეებიდან გამომდინარე, როგორ უნდა იარსებოს ამ რეჟიმში საქართველოს ხელისუფლებამ?! თუ პროცესები ასე დრამატულად წარიმართა, ჩვენ ძალიან მძიმე პროცესები გველის...