„წაგება ოთხმცველიანი ტაქტიკის ბრალი არ ყოფილა“
კვიპროსის ნაკრებიდან მხოლოდ ერთი კვირის წამოსული ვარ და ახალი სამსახური უკვე ვიპოვეო, საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდების მატჩის წინ იხუმრა თემურ ქეცბაიამ. კაკას, რივალდოს, კაფუს, ზეედორფისა და "როსო-ნერის" სხვა ვეტერანების წინააღმდეგ გამართულ "ლეგენდების მატჩში" საქართველოს ნაკრები სწორედ ქეცბაიამ გაიყვანა სათამაშოდ. კვიპროსის ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ, თემურს ვრცელი ინტერვიუ არავისთვის მიუცია. ჰოდა, ველაპარაკეთ - ევროპის ჩემპიონატზეც, "ლეგენდების მატჩებზეც" და საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრებზეც:
- თემურ, ბოლო ამბით დავიწყოთ: სექტემბერ-ოქტომბერში ვეტერან ქართველ ფეხბურთელებს ჯერ "მილანის" ლეგენდების, შემდეგ კი ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრებში უთავკაცეთ.
- ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ასეთი მატჩები ძალიან კარგია - გულშემატკივარს ეძლევა შესაძლებლობა, "ახლოდან" ნახოს ის ქართველი თუ უცხოელი ვარსკვლავები, წლების განმავლობაში რომ ქომაგობდა. დღეს საქართველოში ფეხბურთის ბუმია, ასეთი მატჩები კი კიდევ უფრო ეხმარება ამ აჟიოტაჟისა და სიყვარულის გაღვივებას. შედეგად, კიდევ უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება ფეხბურთით, მთელი ქვეყანა ჩაებმება ამ პროცესში, მით უმეტეს, მსგავსი მატჩები ვნახეთ არა მარტო თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. იქნება სხვა ქალაქებშიც.
- მარტში "ინტერის" ლეგენდების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თქვენც ითამაშეთ, შემოდგომის მატჩებში კი მწვრთნელის როლს დასჯერდით - თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელის კარიერა "ოფიციალურად" დაასრულა?
- "ინტერთან" ბათუმში გამართულმა მატჩმა დამანახა, რომ მოედანზე მეტი დროის გასატარებლად ჯანმრთელობა აღარ მიწყობს ხელს. უკვე 56 წლის ვარ და აჯობებს, მხოლოდ მწვრთნელის რანგში გავაგრძელო საქმიანობა...
- ჰოდა, დავუბრუნდეთ თქვენს ძირითად საქმიანობას: როდის გააცნობიერეთ, რომ კვიპროსის ნაკრებში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა?
- მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი მატჩი მოვიგეთ, მეორე - წავაგეთ. თუმცა ვხედავდი, რომ ნაკრებში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, სამწუხაროდ, ამ გუნდს არ ჰქონდა წარმატებისთვის ბრძოლის რესურსი.
- ეს იმითაც დადასტურდა, რომ კვიპროსის ნაკრებმა თქვენი შემცვლელის ხელმძღვანელობითაც ორივე შეხვედრა 0:3 დათმო...
- კვიპროსის ნაკრებში უამრავი პრობლემაა, უპირველესად მოთამაშეების ძალიან მწირი არჩევანი. როცა ფეხბურთელს კვიპროსის ჩემპიონატშიც კი არ ეძლევა თამაშის შესაძლებლობა, ეროვნული ნაკრების დონეზე რაღას შეძლებს?! რამდენიმე ლეგიონერი კი არის, მაგრამ ძლიერ კლუბებში თითქმის არც ერთი... კვიპროსში ორი წელიწადი ვიმუშავე და მივხვდი, რომ ეს საკმარისი დროა იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ შემადგენლობას არა აქვს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის პოტენციალი. მენტალურადაც ძალიან რთულია, როცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც ეთამაშები, შენზე ძლიერია. ვამჯობინე, წავსულიყავი და ახლა სხვისთვის მიმეცა ნაკრებთან მუშაობის შესაძლებლობა. თუმცა ბოლო ორ მატჩშიც გამოჩნდა, რომ დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ვინ იმუშავებს კვიპროსის ამ ფორმაციის ნაკრებთან.
- დიახ, ეს ბოლო მატჩშიც გამოჩნდა.
- ნაკრებსა და კლუბში მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია: კლუბში ყოველდღე ხედავ ფეხბურთელს, გრძნობ, როგორ ფორმაშია ფიზიკურად თუ მენტალურად, ნაკრების მოთამაშეებთან კი მხოლოდ რამდენიმე დღე მუშაობ - ორშაბათს შეკრება იწყება, ხუთშაბათს კი უკვე თამაშია! ხშირად სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარების შესაძლებლობაც კი არ გეძლევა. ნაკრებში მუშაობა მაშინ არის ადვილი, როცა მოთამაშეების დიდი არჩევანი გაქვს, თორემ, როცა ფეხბურთელებს საუკეთესო კონდიციის გამო კი არა, მხოლოდ იმის გამო იძახებ, სხვებთან შედარებით მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რას უნდა მიაღწიო? ყველაზე ცუდი ის არის, რომ კვიპროსში სანაკრებო ფეხბურთი თითქმის არავის აინტერესებს - რუმინეთის ნაკრები ჩამოვიდა ლარნაკაში და სტადიონზე მოსული 6000 ათასი მაყურებლიდან 5000 რუმინელი იყო! როცა ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომაა ეროვნული გუნდის მიმართ, რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი? საკლუბო დონეზე კვიპროსულ ფეხბურთში ისევ არის ბუმი, მაგრამ ეროვნული ნაკრები არავის აინტერესებს.
- სამაგიეროდ, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ნაკრები და ახლა მასზე ვილაპარაკოთ: "ევრო-2024"-ზე საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს დაესწარით - ყველაზე ემოციურად რომელი გახსენდებათ?
- წლებია, კვიპროსში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველო ჩემი სამშობლოა, ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება და რაც მას უკავშირდება, ფეხბურთია ეს თუ სხვა რამ, ყოველთვის ემოციურია ჩემთვის. გერმანიაში ყველა დღე ემოციური იყო. როგორც იქნა, აგვისრულდა ყველა თაობის, მათ შორის ჩემი თაობის ოცნება. არა მხოლოდ ვითამაშეთ, ღირსეულად ვიასპარეზეთ და შთამბეჭდავი კვალიც დავტოვეთ ჩვენთვის სადებიუტო ჩემპიონატზე. მერვედფინალში გასვლაც ორმაგად სასიამოვნოა. საოცარი გრძნობა იყო გერმანიის ქუჩებში ამდენი ბედნიერი და ამაყი ქართველის ნახვა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. უეფას ერთა ლიგის მატჩებმაც გვიჩვენა, რომ "ევრო-2024"-მა დიდი ბიძგი მისცა მთელ გუნდს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ბოლო წლებია, საშინაო არენების მთლიანად გავსება აღარ გვიკვირს და საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი გასვლით შეხვედრებზეც დაჰყვება გუნდს.
- გულშემატკივრის ფაქტორის გარდა, თქვენი აზრით, რა იყო ჩვენი ნაკრების წარმატებული თამაშის მიზეზი - მოულოდნელობის ეფექტი, კონკრეტული მოთამაშეები, სწორი სტრატეგია თუ კიდევ სხვა რამ?
- ნაკრების თითქმის ყველა წევრს აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, მეტიც, გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან. ნახევარდაცვისა და თავდასხმის ისეთი ხაზი, საქართველოს რომ ჰყავს, ევროპის ბევრ ნაკრებს შეშურდება! უმაღლესი დონის ფეხბურთელები ყველა თაობაში გვყავდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ბევრია თავშეყრილი. იმედია, კიდევ გამოჩნდებიან და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლანდელი მოთამაშეების უმეტესობა ახალგაზრდაა, თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ამ ბიჭებს შეუძლიათ მინიმუმ 7-8 წელიწადი კიდევ ითამაშონ ერთად. მჯერა, უკეთესი წლები წინ გვაქვს. უკრაინასა და ალბანეთთან წავაგეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არც ერთი მატჩი არ იყო წასაგები. ევროპის ჩემპიონატმა დიდი გამოცდილება და თავდაჯერება შესძინა გუნდს. ჩვენი ნაკრები გაიზარდა, მხოლოდ დაცვაზე აღარ არის ორიენტირებული - სასიამოვნო სანახავია, რომ "პირველ ნომრად" თამაშს ვცდილობთ.
- თუ გახსოვთ, როცა თურქეთთან პირველი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვილაპარაკეთ, მოხიბლული ვიყავით დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკის" საოცარი აკუსტიკით... ის თამაში ერთადერთი იყო, რომელშიც მეტოქის ქომაგებმა რაოდენობით გვაჯობეს, თანაც, ევროპირველობაზე ჩვენთვის სადებიუტო მატჩის საწყის წუთებზე ჩვენს გუნდს აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა.
- გეთანხმებით, მაგრამ მთლიანობაში ის მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების ისტორიაში. ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც თურქეთის ამჟამინდელი ნაკრებია, ძალიან ბევრი საგოლე ეპიზოდი შევქმენით და მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით. საწყის წუთებში მართლაც გაგვიჭირდა, მაგრამ მერე გუნდი დალაგდა, ანგარიშიც გაათანაბრა, უამრავი საგოლე მომენტიც შექმნა და მარცხის მიუხედავად, თამაშის ხარისხითა და სიმწვავით ყველას დაამახსოვრა თავი. გაცილებით მეტად გაგვიჭირდა ჩეხების წინააღმდეგ, მამარდაშვილმა ძალიან ბევრჯერ გადაგვარჩინა, მაგრამ ბოლო წამებზე გამარჯვებაც შეგვეძლო.
- პორტუგალიასთან მატჩზე რას იტყვით?
- კი ბატონო, მოისაკლისეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, შესაძლოა ცოტათი მოტივაციაც აკლდათ, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელსაც უამრავი უმაღლესი კლასის მოთამაშე ჰყავს და ვერავინ იტყვის, რომ ე.წ. მეორე გუნდი დიდად ჩამოუვარდება იმ მოთამაშეებს, ძირითად შემადგენლობად რომ მიიჩნევიან. საბედნიეროდ, გოლი მალევე გავიტანეთ და დარჩენილ დროში სწორი ტაქტიკითაც ვითამაშეთ. ჩვენი კარის დარაჯი კი იმ შეხვედრაშიც მოწოდების სიმაღლეზე იყო - მიმაჩნია, რომ გიორგი მამარდაშვილი "ევრო-2024"-ის საუკეთესო მეკარე იყო!
- წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრები ჩვენს ჯგუფში იყო და კვიპროსს ორი მატჩის ჯამში 9 ბურთი გაუტანა, საქართველოს - 10. თუმცა მერვედფინალის პირველი ნახევრის მიწურულს ის გოლი რომ არ გაგვეშვა, ვინ იცის...
- პირველი ტაიმი 1:0 რომ დასრულებულიყო, არავინ იცის, რა მოხდებოდა შემდეგ. თუმცა იმაზე მარჩიელობას, რა შეიძლება მომხდარიყო, აზრი არა აქვს. რეალობა ის არის, რომ ესპანეთის ნაკრები არა მხოლოდ ჩვენზე ძლიერი, ევროპაში საუკეთესო გუნდია და ეს დაამტკიცა კიდეც "ევრო-2024"-ზე, სადაც დამსახურებულად გახდა ჩემპიონი!
- ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას თქვით, რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს ნაკრები უკვე არის წლევანდელი ტურნირის აღმოჩენაო. თქვენთვის ვინ ან რა იყო აღმოჩენა ჩვენი გუნდიდან? შესაძლოა რომელიმე მოთამაშე ან ტაქტიკური სქემა...
- ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა! ამ დონის ტურნირზე ასეთ მეტოქეებთან სწორედ ასეთი სტრატეგია იყო გამართლებული. ბევრჯერ დამტკიცდა, რომ ხუთი მცველით უკეთ გამოგვდის თამაში. ასეთი განლაგებისას წინ ერთი მოთამაშით ნაკლები რჩება, მაგრამ არაერთხელ დადასტურდა, რომ ხუთმცველიანი ტაქტიკის დროს გაცილებით ეფექტიანად ვიცავთ თავს და კონტრშეტევაზე სწრაფად გადასვლასაც ვახერხებთ. ალბანეთთან თბილისში წაგებულ მატჩში ოთხი მცველითაც არ გვითამაშია ცუდად, წავაგეთ, მაგრამ უპირატესობა გვქონდა, არაერთი საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ამის მიუხედავად, გამოჩნდა, რომ მეტ-ნაკლებად ჩვენი ძალის მეტოქეებთან შეგვიძლია ასეთი განლაგებით თამაში, ესპანეთის დონის გუნდებთან კი ხუთი მცველი გვჭირდება.
- სავარაუდო იყო, რომ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული აჟიოტაჟისა და ეიფორიის შემდეგ ბიჭებს გაუჭირდებოდათ ერთა ლიგის ახალ საკვალიფიკაციო ეტაპზე. საბედნიეროდ, ამის საპირისპირო სურათი ვნახეთ და სანიოლის გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა ჩეხეთისა და ალბანეთის წინააღმდეგ.
- მით უმეტეს, ერთი დივიზიონით დავწინაურდით და წინა შესარჩევთან შედარებით უფრო ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ბიჭებმა საწყის მატჩებში მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს. სამწუხაროდ, მომდევნო თამაშები წავაგეთ, მაგრამ ვიმეორებ - წასაგები არც ერთი არ იყო. იმედია, დარჩენილ შეხვედრებში უკეთესი შედეგი გვექნება.
- უკრაინასთან წაგებულ შეხვედრაზე რას იტყვით? ბევრი მიიჩნევს, რომ პოზნანის სტადიონის საშინელმა საფარმა საქართველოს ნაკრებს უფრო მეტად შეუშალა ხელი, ვიდრე უკრაინელებს.
- მეტოქეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა და შესაძლოა ამაზე ფიქრმა დათვური სამსახურიც გაუწია ჩვენს გუნდს, მოედანი კი მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო... უპირატესობა გვქონდა ალბანეთთანაც, ის მატჩიც წავაგეთ, მაგრამ თუ გადავხედავთ, რა დონის კლუბებში თამაშობენ ალბანელი ფეხბურთელები, მათი კარგი თამაში აღარ უნდა გაგვიკვირდეს. ასეა თუ ისე, მგონი, მიმდინარე ქვეჯგუფი უკეთესია, ვიდრე დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გვექნება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, პირველი ადგილი დავიკავოთ.
- ბოლოს, როცა ვილი სანიოლმა ოთხმცველიანი ტაქტიკა აირჩია, თბილისში 1:7 წავაგეთ ესპანეთთან. გასაგებია, რომ ალბანეთის ნაკრები პირენელთა დონის არაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სასტარტო შემადგენლობაში ყველა შემტევის ერთად დაყენებამ არ გაამართლა...
- ვფიქრობ, ალბანეთთან წაგების მიზეზი ოთხმცველიანი ტაქტიკა არ ყოფილა - ნახევარდაცვაში ძალიან დაგვაკლდა გიორგი ქოჩორაშვილი... არც მათ ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ ამდენი შემტევის დაყენებას ჯობდა სანიოლს ნახევარდაცვაში დაემატებინა ფეხბურთელი, რომელიც დაცვას დაეხმარებოდა. ალბანეთს რომ დავეჩაგრეთ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ვაჯობეთ, კარგად ვითამაშეთ, მომენტებიც გვქონდა, უბრალოდ, არ გაგვიმართლა!
- გასაგებია, რომ მოსაგებად ვთამაშობდით, მაგრამ მე შეცდომა მგონია ყველა შემტევის მოედანზე ერთდროულად გაყვანა - სანიოლმა სათადარიგოთა შორის "ვეღარ იპოვა" მოთამაშე, რომელიც შეტევას გააძლიერებდა!
- ამიტომ გვჭირდება თანაბარი დონის ბევრი ფეხბურთელი, აუცილებელია, ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერება, რომ მწვრთნელს საქართველოს პირველობიდანაც მეტი მოთამაშის არჩევა შეეძლოს.
- გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის "დინამოდან" "ნიუკასლში" ვახტანგ სალიას გადასვლის ამბავი უკვე გადაწყვეტილია. ინგლისურ კლუბში სამი წელიწადი ითამაშეთ - სალიასთან დაკავშირებით თქვენც გკითხეს აზრი?
- კონკრეტულად ამ თემაზე არავინ დამკავშირებია. თუმცა დღეს უკვე აღარ არის პრობლემა ამა თუ იმ ფეხბურთელზე ინფორმაციისა თუ ვიდეომასალის მოპოვება. ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა ქართველი ფეხბურთელების წარმატებულმა თამაშმა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გამოსვლამ ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი გააორმაგა და იმედია, სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებსაც მალე ვნახავთ ევროპის წამყვან კლუბებში.
- ახლა დასვენების რეჟიმში ხართ, მაგრამ გაქვთ შემოთავაზებები? ისევ ფიქრობთ რომელიმე ნაკრებთან მუშაობაზე თუ საკლუბო ფეხბურთი უფრო გიზიდავთ?
- ჯერ მხოლოდ თვე-ნახევარია, რაც კვიპროსის ნაკრებიდან წამოვედი და არსად მეჩქარება. რომელი მირჩევნია? მინიმუმ კიდევ რამდენიმე წელიწადი თავისუფლად შევძლებ საკლუბო დატვირთვის ატანას. ნაკრებში მუშაობა სამწვრთნელო კარიერის ბოლო წლებში უფრო უპრიანად მიმაჩნია. ასე რომ, თუ საინტერესო შემოთავაზება, ამბიციური კლუბის ვარიანტი იქნება, სიამოვნებით დავთანხმდები.