შეძლებს თუ არა პუტინი ახალი გეოპოლიტიკური ალიანსის შექმნას?! - კვირის პალიტრა

შეძლებს თუ არა პუტინი ახალი გეოპოლიტიკური ალიანსის შექმნას?!

გასულ კვირას საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ყაზანში ჩატარებულმა ბრიკსის სამიტმა მიიპყრო და არა მარტო იმიტომ, რომ რუსეთის სანქციების მიუხედავად, გაეროს გენმდივანიც დაესწრო, რის გამოც მან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. მთავარი ინტრიგა, ალბათ, მაინც თურქეთის არმიღება გახდა, მით უმეტეს, ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთი ცდილობს ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნას - ნატოს წვერი ქვეყნის აქ გაერთიანებას პუტინისთვის შესაძლოა კარგი სალაპარაკო თემა გაეჩინა. მაგრამ, როგორც ჩანს, გადამწყვეტი მაინც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული პოზიციებია. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს ყირიმის დაბრუნებისკენ, რაც პუტინის ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ეს პოზიცია ართულებს თურქეთის ინტეგრაციას ჯგუფში, სადაც ზოგიერთი წევრი რუსეთის მხარდამჭერი პოზიციით გამოირჩევა. გარდა ამისა, თურქეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი კვლავ ევროკავშირია და მიუხედავად იმისა, მან გააფართოვა ვაჭრობა ჩინეთსა და ბრიკსის სხვა ქვეყნებთან, ეს ბალანსი მაინც რჩება დასავლეთზე ორიენტირებულად. ამიტომ ბრიკსის წევრობა მხოლოდ დიპლომატიური სიმბოლიკის ნაწილი იქნებოდა და არ შეცვლიდა თურქეთის ძირითად ეკონომიკურ სტრატეგიას. ამასთან, ის, რომ თურქეთი ნატოს წევრია, მისი ბრიკსში გაწევრება, სადაც წამყვანი ძალები ჩინეთი და რუსეთი არიან, შესაძლოა დასავლეთში აღქმული ყოფილიყო, როგორც გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს მისი ნატოს ერთგულებაზე, მით უმეტეს, თურქეთის განაცხადი განპირობებულია სურვილით, გააძლიეროს სტრატეგიული ავტონომია და არ იყოს მხოლოდ დასავლეთის პარტნიორი. თუმცა ანკარა ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი დასავლეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის, ამიტომ ბრიკსის წევრობა მისთვის ეკონომიკური და დიპლომატიური საშუალება იქნებოდა ახალი შესაძლებლობების გამოსაყენებლად. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სამიტზე, მოლოდინის მიუხედავად, არ განხილულა თურქეთის პარტნიორი აზერბაიჯანის გაწევრების საკითხი, რომელმაც განაცხადი ზაფხულში შეიტანა. ასე რომ, ამ ეტაპზე ბრიკსი კავკასიაში არ შემოვიდა. თუმცა სამიტზე ბლოკმა ოფიციალურად მიიღო 5 ახალი წევრი - საუდის არაბეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი და ეთიოპია. ეს გაფართოება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბრიკსისთვის, რომელიც ცდილობს დაამყაროს უფრო ძლიერი კავშირები გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან და შეამციროს დასავლური ეკონომიკური გავლენა. ეს ქვეყნები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეები არიან, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ფინანსების სფეროებში, რაც ძალიან კარგად ჯდება ბრიკსის ლიდერების გეგმებში. ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ შექმნან ალტერნატიული გადახდის სისტემები და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დააბალანსებენ დოლარსა და დასავლურ საფინანსო სისტემებზე დამოკიდებულებას. ეს გაფართოება კი ზრდის ბრიკსის გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე, რაც პასუხია დასავლეთის მონოპოლიის შემცირებაზე გლობალურ მმართველობასა და ფინანსურ სისტემებში. რაც მთავარია, ყაზანის სამიტმა ნათლად აჩვენა, რომ ბრიკსის ქვეყნებს სურთ არა მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, არამედ პოლიტიკური ალტერნატივების შემუშავება. ჩინეთი და რუსეთი თანამშრომლობენ, რათა გააძლიერონ წინააღმდეგობა დასავლური დომინანტური წესრიგის მიმართ და შექმნან საერთაშორისო სტაბილურობისთვის ახალი პარადიგმები.

რამდენად ახლოს არიან რუსეთი და ჩინეთი ამ მიზნებთან და რა პერსპექტივა აქვს ბრიკსის მიერ პუტინის დაანონსებული ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნას, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს, ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.

- ძალიან ზოგადად რომ შევაფასოთ, ერთი მხრივ, მეტ-ნაკლებად წარმატებული სამიტი იყო თავად ბრიკსის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი რუსეთისთვის. დასავლეთისგან იზოლაციის მცდელობის პირობებში რუსეთი მაინც ახერხებს ბრიკსის ფორმატში საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის, ასე ვთქვათ, მობილიზებას. 36 ქვეყანა იყო სამიტზე, დაესწრო გაეროს გენმდივანი ანტონიუ გუტერეშიც, რომელმაც ამის გამო მწვავე კრიტიკა დაიმსახურა და ბევრი მას გადადგომისკენაც მოუწოდებდა. მაგალითად, გერმანიაში ბევრი ასეთი განცხადება გაკეთდა. ის, რომ ბრიკსს ფორმალურად რამდენიმე ახალი წევრი დაემატა, ასევე მნიშვნელოვანია. თუმცა თურქეთის საკითხი დაიბლოკა. ერთ-ერთი ვერსიით, დაბლოკა ინდოეთმა თურქეთის პაკისტანთან ახლო ურთიერთობის გამო, მაგრამ ეს ინფორმაცია ზოგმა წყარომ უარყო. ასეა თუ ისე, ფაქტია, თურქეთის აპლიკაცია ამჯერად არ მიიღეს. საერთო ჯამში, შეიძლება მეტ-ნაკლებად წარმატებულ სამიტად ჩაითვალოს, თუმცა ისეთი გარდამტეხი რამ არ მომხდარა, რომ ვთქვათ, ბრიკსი დასავლეთის საპირწონედ ჩამოყალიბდა. ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკურადაც უყურებს ბრიკსის ფენომენს, როგორც დასავლეთის საპირწონე ძალად ჩამოყალიბებას. გასაგებია, ერთი მხრივ, არის რაღაც ალტერნატიული ცენტრი, მაგრამ, მეორე მხრივ, თავად ბრიკსის ქვეყნებს შორისაც დაპირისპირებაა, მათ შორის ახალ წევრებს შორის. ასევე, ბევრ წევრ ქვეყანას არც აწყობს დასავლეთთან დაშორება, მაგალითად, ინდოეთს, ბევრისთვის კი ბრიკსის წევრობა ერთგვარი სტრატეგიული­ ავტონომიის საშუალებაა. მათ ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურთ, როგორც ბრიკსის ქვეყნებთან, ასევე დასავლეთთან - ანუ ამ გაერთიანებას უყურებენ, როგორც გლობალური სტრატეგიის ნაწილს.

- გასაგებია, რომ თურქეთი ტექნიკური მიზეზით ვერ გაწევრდა, მაგრამ ამას პოლიტიკურად რა მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი ნატოს წევრია და რეალურად პირველი ქვეყანაა, რომელიც ბრიკსში გეგმავს გაერთიანებას?

- თურქეთს, ასე ვთქვათ, „ტროას ცხენად“ ვერ ჩავთვლით. ინდოეთის მსგავსად ისიც ლავირებდა და ყოველთვის ავტონომიური პოლიტიკა ჰქონდა, განსაკუთრებით ერდოღანს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოში და დასავლურ სტრუქტურებში მოიაზრება. ამიტომ მგონია, რომ თურქეთის გაწევრება უფრო იმიტომ გადაიდო, რომ რამდენიმე ქვეყანა წავიდა წინააღმდეგი. შესაძლოა ისიც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ნატოს წევრია. თუმცა არა მგონია, მთავარი მიზეზი ეს ყოფილიყო. პირიქით, შესაძლოა იმ ნარატივისთვის შეეწყო ხელი, აი, ნატოს წევრებიც კი ხდებიან ბრიკსის წევრები და დასავლური სამყაროც არ არის ერთიანიო. ვნახოთ, შემდეგ სამიტებზე რა მოხდება. დასკვნების გამოტანა მერე უფრო ადვილი იქნება.

- თავიდან ბრიკსი ეკონომიკური საკითხების გამო შეიქმნა, ახლა კი პუტინმა ხაზი გაუსვა ახალი საერთაშორისო დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. ეს გაერთიანება იძენს ისეთ პოლიტიკურ დატვირთვას, რომ გახდეს ახალი საყრდენი დასავლეთის საპირისპიროდ? რა საფრთხე შეიძლება შექმნას დასავლური ბლოკისთვის?

- ბრიკსის ცალკეული ქვეყნების მიზანია ჯერ კიდევ დასავლეთის დომინაციაში მყოფი გლობალური წესრიგი შევიწროება და რაღაც ალტერნატიული ინსტიტუტების გაჩენა. მაგალითად, დოლარზე, როგორც მთავარ ვალუტაზე უარის თქმა. ასევე, დასავლეთის მიერ დომინირებული ფინანსური ინსტიტუტების შევიწროება, მათზე უარის თქმა, საზოგადოდ, დასავლეთის გეოპოლიტიკური ძალის შევიწროება. მაინც ითვლება, რომ დღევანდელი მსოფლიო წესრიგი ამერიკამ შექმნა, დასავლეთის მიერ დომინირებულია და მისი ნორმებითა და წესებით იმართება. სწორედ ამის შეცვლა და შესუსტება უნდათ მულტიპოლარულ, მრავალპოლუსიან წესრიგად, სადაც ყველას თავისი გავლენის ზონა ექნება. ეს არის მიზანი, მაგრამ ბრიკსი არის თუ არა ამ მიზნის მიღწევის ეფექტური საშუალება, საკამათო საკითხია. ჯერ ერთი, ბევრი ქვეყანა, რომელიც ბრიკსში შედის ან თუნდაც ახლა გაწევრდა, ბევრ ასპექტში დამოკიდებული არიან აშშ-ზე, თუნდაც ამერიკულ დოლარში ვაჭრობაზე და ა.შ. ისინი არ არიან დაინტერესებული იმით, რომ ბრიკსი ბოლომდე ანტიდასავლურ ბლოკად გადაიქცეს. ასეთი ქვეყნებია ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ა.შ. ეს ერთი ასპექტია, ხოლო მეორეა ის, რომ თავად ბრიკსის ქვეყნებს შორის უთანხმოებაა, მათ შორის იმ ახალ ქვეყნებს შორის, რომელიც ბოლო დროს მიიღეს. მაგალითად, ეგვიპტესა და ეთიოპიას აქვთ კონფლიქტი, ირანს ბევრ ქვეყანასთან კონფლიქტი და ა.შ. და მესამე საკითხი - როგორც გითხარით, ბევრ ამ ქვეყანას სურს, ასე ვთქვათ, კალათაში ჰქონდეს ხელი ჩაყოფილი - დასავლეთთან ურთიერთობითაც იხეიროს და რუსეთ-ჩინეთთანაც. დაახლოებით რომ შევადაროთ, "ცივი ომის" დროს რომ იყო მიუმხრობელი ქვეყნები, მაგალითად, ინდოეთი არც ერთ ბლოკში რომ არ შედიოდა და სურდა ყველასგან ეხეირა. ბრიკსის ბევრ წევრს დღეს ასეთი დამოკიდებულება აქვს - სურს დასავლეთთანაც ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, ბრიკსის ფორმატშიც გაღრმავებული ეკონომიკური ურთიერთობა და ყველაფრისგან იხეიროს - ანუ ექსკლუზიურ ანტიდასავლურ ბლოკად გადაქცევას, სავარაუდოდ, თვითონ ბრიკსის ზოგიერთი წევრი შეეწინააღმდეგება.

- პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, თუნდაც ჩინეთს რუსეთის ეკონომიკური გაძლიერება რამდენად აწყობს?

- ჩინეთისთვის მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქე მაინც ამერიკაა. ამერიკასა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკური კონკურენციაა. ჯერჯერობით მათი მეტოქეობა სამხედრო დაპირისპირებაში არ გადასულა, მაგრამ არის ომი ფინანსურ სისტემებში, ტარიფების, ტექნოლოგიური ომი და ა.შ. და თუ ბრიკსს გამოიყენებს იმისთვის, რომ ამერიკის ძალაუფლება გლობალურად შესუსტდეს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნება. შევხედოთ, როგორ პოზიციონირებს რუსეთ-უკრაინის ომში, ფაქტია, რუსეთს მნიშვნელოვნად ეხმარება. აგერ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებიც გამოჩნდნენ უკრაინაში. ძნელად წარმოსადგენია, ფხენიანს ეს ჩინეთის თანხმობის გარეშე გაეკეთებინა, რადგან მაინც ჩინეთის კლიენტ სახელმწიფოდ ითვლება. ჩინეთი ამას საჯაროდ არ ამბობს, მაგრამ მაინც რუსეთის მხარე უჭირავს რუსეთ-უკრაინის ომში და რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში. თუკი ბრიკსსაც გამოიყენებს ერთ-ერთ ინსტრუმენტად იმისთვის, რომ ვთქვათ, აფრიკის ბევრ ქვეყანასთან დაამყაროს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, ამ ქვეყნების დასავლეთთან, ამერიკასთან ურთიერთობის ხარჯზე, რა თქმა უნდა, მისთვის მომგებიანი იქნება. რუსეთი რაღაც დოზით, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ჩინეთისთვის კონკურენტსა და საფრთხეს, მაგრამ ამწუთას ჩინეთი მაინც ამერიკაზეა ფოკუსირებული და რუსეთს არ განიხილავს ისეთ სერიოზულ საფრთხედ, მათ შორის ეკონომიკურად, ამერიკისგან განსხვავებით. ასე რომ, რაღაცებზე თვალს დახუჭავს.

- ფინანსური საერთაშორისო ორგანიზაციების ჩანაცვლება, სვიფტის, ასე ვთქვათ, ახალი სისტემის შექმნა, რამდენად პერსპექტიულია დღევანდელი გადასახედიდან?

- დიდი ხანია, ჩინეთს ამის გაკეთება უნდა. ვიდრე ბრიკსის საკითხი გააქტიურდებოდა, ამაზე მანამდეც იყო საუბარი. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში ყველგან დასავლეთს აქვს არაპროპორციული ძალაუფლება და ჩინეთს სურს მისი დომინაციის გატეხა. ამიტომაც თვითონაც ქმნიდა ალტერნატიულ ინსტიტუტებს, მაგალითად, "აზიის განვითარების ბანკს", რომელიც რამდენიმე წლის წინ დააფუძნა და პირდაპირ მსოფლიო ბანკის ალტერნატივა იყო. ახლა ბრიკსის საშუალებითაც ცდილობს ეს ალტერნატიული რეჟიმები უფრო გაამყაროს ან ახალი შექმნას, მაგრამ აქაც ისევ და ისევ თავს იჩენს სხვა ქვეყნების ინტერესები. მაგალითად, ინდოეთს უნდა თუ არა ასეთი რამ, საკითხავია. შეიძლება ის თავს გლობალური სამხრეთის ნაწილად მოიაზრებდეს, მაგრამ კონკურენციაშია იმავე ჩინეთთან. ახლა საერთო პატრულირების რაღაც შეთანხმებას კი მიაღწიეს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვა ბევრი გამოწვევაა ამ ორ ქვეყანას შორის, მათ შორის, კონკურენცია ინდოეთის ოკეანეში, სამხრეთ აზიაში და ა.შ. ამიტომაც, ჩემი აზრით, ჩინეთს გაუჭირდება და ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ მან ყველა სხვა სახელმწიფო დაითანხმოს, მთლიანად გადაეწყონ ამ ანტიამერიკულ პროგრამაზე.

რუსა მაჩაიძე