„ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდება, მაგრამ ომი არ დამთავრდება“
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე დაიწყო საუბარი. მისი თქმით, ყველას სურს ამ კონფლიქტის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა იმასაც ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი შედეგი რუსეთისთვის სასარგებლო უნდა იყოს. "არ ვაპირებთ დათმობაზე წასვლას. უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი შედეგი რუსეთისთვის სასარგებლო უნდა იყოს და დაფუძნებული ბრძოლის ველზე არსებულ რეალობაზე", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. მისი მტკიცებით, "კიევის ხელისუფლება ირაციონალურად იქცევა და ამის საფუძველზე რაიმე გეგმის შედგენა შეუძლებელია და შეთანხმების შესაძლებლობის ხსენებაც კი ნაადრევია". ის საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ რუსული არმია ფრონტზე ყველა მიმართულებით წინ მიიწევს და კურსკის ოლქში დაახლოებით 2 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა ალყაში...
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევის შესახებ და ამბობს, რომ უკრაინული ჯარები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს კურსკის მიმართულებით და მესამე თვეა ანადგურებენ მოწინააღმდეგის საბრძოლო პოტენციალს. სირსკის ინფორმაციით, ამ მიმართულებაზე მტრის უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, ოკუპანტები პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან. კერძოდ, მისი მონაცემებით, 8 აგვისტოდან დღემდე ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის ჯარებმა დაკარგეს პირადი შემადგენლობის 17 819 კაცი, ტყვედ ჩავარდა 711 ჯარისკაცი, ასევე დაკარგეს 45 ტანკი, 256 ერთეული ჯავშანტექნიკა, 565 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 99 საარტილერიო სისტემა, 5 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა.
უფრო ვრცლად რუსეთ-უკრაინის ომის სურათისა და პროცესების მოსალოდნელი განვითარების შესახებ გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება.
- რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა, რომ სპეციალურ ოპერაციას ატარებდა და სამ დღეში აიღებდა კიევს, 2024 წლის მიწურულს ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ხომ ყველამ ვნახეთ, როგორ გაიქცნენ ჯერ კიევიდან, მერე ხარკოვიდან? ახლა კი დონბასამდეც ვერ მისულან! რაც შეეხება კურსკის ფრონტს, მართლაც ურთიერთგამომრიცხავი ცნობები მოდის...
კურსკში არ არის ფიქსირებული პოზიციები, იქ იყენებენ მობილური თავდაცვის ელემენტებს - ანუ უკრაინელები დასახლებულ პუნქტებში, სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობების გამოყენებით უწევენ ორგანიზებას თავდაცვას. მობილური თავდაცვის დროს აქცენტი ტერიტორიების შენარჩუნებაზე კი არა, მოწინააღმდეგისთვის ზარალის მიყენებაზეა. უკრაინელები კი რუსებს ნამდვილად მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ. არის ტერიტორიები, რომლებსაც უკრაინელები კარგავენ და შემდეგ ისევ იბრუნებენ. რუსეთს, რა თქმა უნდა, ზოგჯერ აქვს წინსვლა, მაგრამ ეს ტაქტიკურ დონეს არ აღემატება. რუკას რომ დავხედოთ, კარგად გამოჩნდება, რაოდენ მცირე ტერიტორიები აქვთ რუსებს დაკავებული დონბასის მიმართულებით. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რუსებს წინსვლა აქვთ კურსკის მიმართულებაზე. გასათვალისწინებელია, რომ მალე ფრონტის ხაზზე სტაგნაცია დაიწყება, შეტევითი ღონისძიებები მნიშვნელოვნად გართულდება კლიმატური პირობების გამო. ამ პერიოდს ორივე მხარე მაქსიმალურად გამოიყენებს გაზაფხულის კამპანიისთვის მოსამზადებლად. დღეს კურახოვოს მიმართულებით უტევენ რუსები, იქიდან ხარკოვამდე კი ასი კილომეტრია. კიდეც რომ აიღონ ის ტერიტორია, იმ ტემპით, როგორითაც წინ მიიწევენ, ათი წელი მოუნდებიან ხარკოვამდე მისვლას. სამხრეთისკენ თუ შეატრიალებენ შეტევის ვექტორს, დონბასის საზღვრამდე გასასვლელად უკრაინელების კარგად გამაგრებული კრამატორსკი და სლავიანი დახვდებათ. ასე გაჭიანურებული მიწოლითი შეტევა უკრაინელებს დროის მოგების საშუალებას აძლევს, თავდაცვითი ზღუდების აგებას ახერხებენ. რუსებს წელიწადზე მეტი დასჭირდათ, რომ პატარა დასახლება, უგლედარი აეღოთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინელებს არასდროს უთქვამთ, კურსკის ოკუპაციას ვაპირებთო. თავიდანვე განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლით უნდა შეესრულებინათ რიგი ამოცანები, რაც ბოლომდე ვერა, მაგრამ ნაწილობრივ ნამდვილად შეასრულეს.
- 8 აგვისტოს, როდესაც უკრაინელები კურსკში შეიჭრნენ, სამხედრო ანალიტიკოსებმა თქვეს, რომ თუ უკრაინელები ერთ თვეს მაინც შეძლებდნენ კურსკის შენარჩუნებას, ამით რუსეთს ძალიან დიდი ზიანი მიადგებოდა. უკვე მესამე თვეა, რაც უკრაინელები კურსკში არიან. რა ამოცანები შეასრულეს უკრაინელებმა, რა ვერ შეასრულეს და რა ზარალი მიადგა ამასობაში რუსეთს?
- პუტინმა ამით მიიღო ძალიან დიდი პოლიტიკური დარტყმა, მისი ძლევამოსილი მხედართმთავრის იმიჯი განადგურდა. ტერმინმა "რუსეთის სპეციალური ოპერაცია" აზრი დაკარგა. დღეს ყველამ, მათ შორის რუსებმაც იციან, რომ ეს ფართომასშტაბიანი ომია. ამასობაში უკრაინამ დასავლეთს აჩვენა, რომ ბრძოლისუნარიანია და მისი ფინანსური დახმარება და მიწოდებული სამხედრო ტექნიკა წყალში არ გადაყრილა.
რაც შეეხება სამხედრო შემადგენელს, რუსები იძულებულნი გახდნენ დანაყოფები მოეხსნათ სამხრეთის მიმართულებიდან და კურსკისკენ გადაესროლათ. შესაბამისად, აბსოლუტურად დასტაბილურდა ვითარება ზაპოროჟიე-ხერსონის მიმართულებით. ამას გარდა, რუსეთი იძულებული გახდა საკუთარი ტერიტორია დაებომბა. სხვათა შორის, ამას პუტინი სინდისის ქენჯნის გარეშე აკეთებს. ამ ყველაფერმა უკრაინელების მორალური უპირატესობა გაზარდა და საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა.
ახლა რაც შეეხება შეუსრულებელ ამოცანებს. უკრაინელებმა ვერ შეძლეს სრულად მოეხსნათ წნეხი დონბასის მიმართულებაზე, რადგან ვერ გათვალეს, რომ რუსეთი საკუთარი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად ყველა დანაყოფს არ მოხსნიდა დონბასისა და დონეცკის მიმართულებიდან და კურსკის გათავისუფლებაზე არ გააკეთებდა აქცენტს.
- ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინაში 12 000 სპეცრაზმელის გაგზავნა გადაწყვიტა და როგორც იუწყებიან, 1 500 უკვე შორეულ აღმოსავლეთშია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსებს კურსკის ოლქში დაეხმარებიან. რა გამოწვევაა ეს უკრაინელებისთვის და რამდენად შეუძლიათ ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს ომის სურათის შეცვლა?
- სხვათა შორის, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებისთვის შვებაა რუსეთ-უკრაინის ომში წასვლა. ისინი, ფაქტობრივად, საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრობენ და მათთვის იქ ყოფნას ყველაფერი სჯობს. რა თქმა უნდა, რუსებისთვის შეღავათია კორეულ საბრძოლო სისტემებზე კორეელი ინსტრუქტორების მიმაგრება, მაგრამ ვფიქრობ, ენის ბარიერისა და მართვის სისტემებში განსხვავებების გამო კორეელებისგან ცალკე დანაყოფებს შექმნიან ცალკეული ამოცანების შესასრულებლად. მათ ლოჯისტიკური და საინჟინრო ამოცანებისთვის ფაქტობრივად მუშახელად გამოიყენებენ. რუსებს ეს დანაყოფების შავი სამუშაოსგან გამოთავისუფლების საშუალებას მისცემს.
თავის მხრივ, სამხრეთკორეელებმა უკრაინელებს ჩრდილოკორეელების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზეს. ე.ი. გარდა იმისა, რომ სამხრეთკორეელები უკრაინელებს ენობრივი საკითხების მოგვარებასა და სადაზვერვო საქმიანობაში დაეხმარებიან, ასევე გაუზიარებენ გამოცდილებას კორეული საბრძოლო მოქმედებების თავისებურებების შესახებ. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი ამბავია, იმიტომ, რომ ყოველივე ეს რუსებს ომის გაჭიანურების შესაძლებლობას აძლევს. როდესაც საქმე გამოფიტვაზეა, ადამიანური რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, რუსებისთვის კორეელების დახმარება მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არა გადამწყვეტი.
- როგორც მახსოვს, გასულ წელს რუსებმა აფრიკიდანაც ჩამოიყვანეს ჯარისკაცები.
- კი, აფრიკიდანაც და კუბიდანაც, თუმცა მათი რაოდენობა და ხარისხი იმდენად დაბალი იყო, რომ ამას მხოლოდ პიარული დატვირთვა ჰქონდა.
- პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივისთვის. როგორც აღნიშნა, ის დათანხმდა, მოლაპარაკების დაწყების საიდუმლო წინადადებას, რომელიც თურქი დიპლომატების მეშვეობით მიიღო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ჩაშალა ზელენსკის გამარჯვების გეგმამ. თქვენი აზრით, რა შინაარსის ან კიდევ რომელი ქვეყნების მხარდაჭერილი შეიძლება ყოფილიყო თურქი დიპლომატების საიდუმლო წინადადება?
- ზელენსკის გამარჯვების გეგმა კი არა, კონცეფცია უფრო ჰქონდა. მე მას გამარჯვების სტრატეგიას უფრო დავარქმევდი, ვინაიდან იქ არც კონკრეტული მოქმედებების გეგმებია გაწერილია და არც ვადებია დასახელებული. არის გამოკვეთილი მხოლოდ სასურველი შედეგი და მიღწევის საშუალებები.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ზელენსკის გათვალისწინებული ჰქონდა დასავლეთის პოზიცია და სასურველი შედეგი უფრო შემცირებული იყო. ომის დასაწყისში ზელენსკის დაგეგმილი ჰქონდა რუსების სრულად განდევნა უკრაინის ტერიტორიიდან, ახლა კი ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი.
ვფიქრობ, ზელენსკის "გამარჯვების" გეგმის პირველი პუნქტი - ნატოში გაწევრება სავსებით შესაძლებელია. დანარჩენ პუნქტებზე ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება დასკვნების გამოტანა. არ გამოვრიცხავ, თუ პუტინი გაჯიუტდა, დასავლეთმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიყენების უფლება მისცეს. მოლაპარაკებას, რა თქმა უნდა, პუტინიც და ზელენსკიც თავიანთი მოთხოვნების წამოყენებით დაიწყებენ, შემდეგ ორივეს მოუწევთ დათმობაზე წასვლა. ამაში უდიდეს როლს ითამაშებენ როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის შუამავალი ქვეყნების დიპლომატიური სამსახურები. ამიტომაც არის, რომ ორივე მხარე ცდილობს მოლაპარაკების დაწყებამდე (ის აუცილებლად დაიწყება) მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები დაიკავონ. პუტინისა და ზელენსკის წინასწარი განცხადებები ბევრს არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ მოლაპარაკებისას ორივეს მოუწევს რიტორიკის შეცვლა.
- მთელი ზაფხული იყო მოლოდინი, რომ მოლაპარაკება შემოდგომაზე გაიმართებოდა.
- ჩემი აზრით, მოლაპარაკება წლის ბოლოდან დაიწყება, ხოლო 2025 წლის გაზაფხულიდან კონფლიქტის განვითარების თუ მოგვარების კონტურებიც უფრო გამოიკვეთება.
ხათუნა ბახტურიძე