რა ხდება მოლდოვაში და რატომ არის ძლიერი პრორუსული განწყობები?!
მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება. არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობამ 51.4% შეადგინა, რაც საკმარისი იყო რეფერენდუმის შედეგების აღიარებისთვის. პირველი ტურის შედეგებით, მაია სანდუმ მოიპოვა ხმების 41.84%, ხოლო მისი მთავარი კონკურენტი, პრორუსი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო 26.35%-ით მეორე ადგილზე გავიდა. ამ ეტაპზე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რაც მოითხოვს მეორე ტურის ჩატარებას, რეფერენდუმი კი მცირე უპირატესობით პროდასავლურმა ბანაკმა მოიგო 50.6%-ით, ხოლო საწინააღმდეგო ხმებმა 49.4% შეადგინა. ეს შედეგი ასახავს საზოგადოების გახლეჩილობას ევროპული და რუსული გავლენების მხარდაჭერაში.
დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრებას. სანდუს პარტიამ და პროევროპულმა ბანაკმა კიშინაუ და მიმდებარე ტერიტორიები თავის სასარგებლოდ გამოიყენა, რაც შეიძლება აიხსნას უკეთეს ეკონომიკურ პერსპექტივებზე ორიენტირებული მოლოდინით და დასავლური ღირებულებების მხარდაჭერით. შესაბამისად, გადამწყვეტი სწორედ მეორე ტური იქნება, სადაც სანდუს მხარდაჭერა რეალურად პროდასავლური არჩევანის განმტკიცება იქნება.
როგორც მოსალოდნელი იყო, გაგაუზიის რეგიონი და ტრანსნისტრია (დნესტრისპირეთი) რეფერენდუმის საწინააღმდეგოდ წავიდნენ. ამ რეგიონებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს პრორუსულ პოლიტიკას, რაც მათი კულტურული კავშირებითა და რუსეთის გავლენით არის განპირობებული. ჩრდილოეთ მოლდოვაში ასევე გამოვლინდა პრორუსული განწყობები, რაც ეკონომიკურ დამოკიდებულებას და რუსეთთან მჭიდრო ვაჭრობის ინტერესებს უკავშირდება.
არჩევნების და რეფერენდუმის შედეგები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, თუმცა არა იდენტური. მაია სანდუმ, რომელიც პროევროპულ ბანაკს წარმოადგენს, მიიღო დიდი მხარდაჭერა იმავე რეგიონებში, სადაც რეფერენდუმმაც გაიმარჯვა. თუმცა გარკვეულ რეგიონებში რეფერენდუმზე მოსახლეობის მონაწილეობა უფრო დაბალი იყო, რაც მიანიშნებს, რომ ზოგიერთისთვის ევროკავშირის წევრობა არ იყო ის საკითხი, რომელიც გადამწყვეტად განსაზღვრავდა მათ პოლიტიკურ არჩევანს.
ფაქტია, მოლდოვის გეოპოლიტიკური არჩევანი კვლავინდებურად შიდა დაპირისპირებისა და გარე ზეწოლის საგანია. რუსეთის დეზინფორმაცია და გარე ჩარევა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის შიდა პროცესების ფორმირებაში, ეს კი ცხადყოფს, რომ მოლდოვაში რეფერენდუმი და არჩევნები არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური პროცესებია, არამედ მოიცავს გარე ზეწოლასა და საერთაშორისო ძალთა კონკურენციას.
მოლდოვის ეროვნული იდენტობის კრიზისი დაიწყო რუსეთის იმპერიისა და მოგვიანებით საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს, როდესაც მიზნად დაისახეს ადგილობრივი კულტურისა და ენის გაქრობა, რათა ქვეყანა რუსულ სივრცეში ჩაერთოთ. მართალია, მსგავსი ცდები იყო საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მოლდოვაში ეს კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ გამოიხატა ენობრივ და კულტურულ ასიმილაციაში. საბჭოთა მმართველობისას მოლდოვური ენა კირილიცაზე გადაიყვანეს, რათა მისი ახლო კავშირი რუმინულ ენასთან დაემალათ და მოლდოვას ერთგვარი "გამოცალკევებული" იდენტობა შეექმნათ. საბჭოთა მმართველობის იდეოლოგიის მიხედვით, მოლდოველები უნდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც განსხვავდებიან რუმინელებისგან. ეს იდენტობა შეიქმნა იმ მიზნით, რომ მოლდოვა ჩამოშორებოდა დასავლურ გავლენებს და ინტეგრირებულიყო საბჭოთა სამყაროში.
ამ პოლიტიკამ კულტურული და პოლიტიკური პოლარიზაცია გაამძაფრა, რაც შემდეგში 1992 წლის ტრანსნისტრიის კონფლიქტში გადაიზარდა. რუსეთის მხარდაჭერილმა ტრანსნისტრიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რითაც შეიქმნა სეპარატისტული კონფლიქტი, რომელიც დღემდე მოსკოვის გავლენის ბერკეტია.
საბჭოთა კავშირის დროს საქართველოშიც და უკრაინაშიც იყო ეროვნულ იდენტობაზე დიდი ზეწოლა. საქართველოში საბჭოთა რეჟიმმა შეავიწროვა ქართული ენა და კულტურა, მაგრამ განსხვავებით მოლდოვისგან, ქართული ენა გადარჩა და ეროვნულ მოძრაობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. უკრაინაში საბჭოთა მმართველობის დროს განხორციელდა ენისა და კულტურის რუსიფიკაცია. განსაკუთრებით ტრაგიკული იყო გოლოდომორი - ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი, რომელმაც 1932-33 წლებში მილიონობით უკრაინელი იმსხვერპლა. ეს იყო არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური კატასტროფა, არამედ ნაწილი იმპერიული პოლიტიკისა, რომელიც ცდილობდა უკრაინული იდენტობის განადგურებას.
მოლდოვის ეროვნული იდენტობის კრიზისი დღემდე აქტუალური პრობლემაა, რაც გავლენას ახდენს მის გეოპოლიტიკურ არჩევანზე. ქვეყნის პროევროპული კურსი, რომელსაც მაია სანდუს ხელისუფლება უჭერს მხარს, არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული და იდენტობის აღდგენის ნაბიჯიც. თუმცა ტრანსნისტრიის კონფლიქტი და პრორუსული ძალების გავლენა სერიოზულად აფერხებს ამ პროცესს. ამასთან, რუსეთის ჰიბრიდული ზეწოლის ტაქტიკა მოლდოვაში მრავალმხრივია და მოიცავს ენერგეტიკულ ბერკეტებს, სამხედრო ყოფნასა და დეზინფორმაციულ კამპანიებს. ამგვარი სტრატეგია მკაფიოდ ემთხვევა რუსეთის მიდგომებს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც მოსკოვმა მსგავსი ბერკეტები გამოიყენა პოლიტიკური ზეწოლისა და გეოპოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად.
რუსეთი ენერგეტიკას იყენებს როგორც ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს მოლდოვაზე ზეწოლისთვის. მოლდოვა დიდწილად დამოკიდებულია გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტზე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტრანსნისტრიის რეგიონიდან, სადაც მდებარეობს ცუცირგანის (კუჩურგანის) ელექტროსადგური. ამ ინფრასტრუქტურაზე კონტროლი რუსეთს აძლევს საშუალებას მოლდოვას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ზემოქმედება მოახდინოს. ეს პრაქტიკა კი ძალიან ჰგავს საქართველოსა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას. მაგალითად, 2006 წელს საქართველოს კრემლმა გაზის მოწოდება შეუწყვიტა, რითაც მოსკოვი შეეცადა თბილისზე პოლიტიკურ ზეწოლას. 2014 წლის შემდეგ რუსეთმა უკრაინაშიც არაერთხელ შეწყვიტა ენერგომომარაგება, რათა ჩაეშალა ქვეყნის ეკონომიკა და ხელი შეეშალა დასავლეთთან თანამშრომლობისთვის.
2022 წლიდან მაია სანდუს მთავრობამ დაიწყო ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაცია, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ნაწილია. ევროპული ენერგეტიკული ქსელის მიერთება მიზნად ისახავს მოლდოვის ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას, თუმცა რუსული გავლენა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.
რუსეთის სამხედრო გავლენა ტრანსნისტრიის რეგიონში ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ტრანსნისტრიის დე ფაქტო ხელისუფლებამ კრემლს რუსული ჯარებისა და საბრძოლო მასალების საწყობების განთავსებაზე თანხმობა მისცა, ეს კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოლდოვის შიდა უსაფრთხოებისთვის. ეს სტრატეგია პირდაპირი ანალოგიაა იმასთან, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოსა და უკრაინაში. საქართველოში, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განთავსებული რუსული ძალები მუდმივად ქმნიან დაძაბულობას, რითაც ხელს უშლიან საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პროცესს.
უკრაინაში ომმა და ყირიმის ანექსიამ ცხადყო, რომ რუსეთი მზად არის ძალის გამოყენებისთვის, რათა შეინარჩუნოს გეოპოლიტიკური გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც უფრო ართულებს მოლდოვის პერსპექტივას. ტრანსნისტრიის სეპარატისტულმა ლიდერებმა უარი თქვეს მოლდოვის კონსტიტუციური წესრიგის აღიარებაზე და რუსეთი ამ რეგიონს იყენებს როგორც სამხედრო ბაზასა და გავლენის იარაღს. ეს კონფლიქტები ხელს უშლის მოლდოვის ერთიანობას და ამცირებს მის დასავლეთთან ინტეგრაციის შანსს.
ბოლო წლებში ერთ-ერთ მძლავრ იარაღად კრემლის ხელში დეზინფორმაცია იქცა, რაც აქტიურად გამოიყენა მოლდოვის ამ არჩევნებშიც. რუსეთის ჰიბრიდული ომი მოიცავს აქტიურ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვის მოსახლეობაში შიშებისა და სკეპტიციზმის გაღვივებას. იყენებენ პროპაგანდას, რათა გაამძაფრონ ტრადიციული ღირებულებების დაკარგვისა და სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის შიში, რაც ძალიან ჰგავს საქართველოში ამჟამად მიმდინარე პროცესს. რუსული მედია და "ქართული ოცნება" საქართველოში მუდმივად ავრცელებენ ნარატივს, თითქოს ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოება გამოიწვევს ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას. უკრაინაშიც რუსული დეზინფორმაციული კამპანიები დასავლეთს ადანაშაულებენ ომის პროვოცირებაში. შესაბამისად, რუსეთის ჰიბრიდული გავლენა მოლდოვაში ქმნის სერიოზულ გამოწვევებს ქვეყნისთვის. ენერგეტიკული ბერკეტები, რუსი სამხედროების ყოფნა და დეზინფორმაცია ერთობლივი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება. მოლდოვის წინააღმდეგობის პერსპექტივა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს ქვეყანა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევას და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. "ჩვენი ბრძოლა არის არა მხოლოდ სუვერენიტეტის, არამედ ევროპული ღირებულებების დაცვა", - აცხადებს სანდუ.
ეს კი, ცხადია, დამოკიდებული იქნება არჩევნების მეორე ტურის შედეგზე, რომელიც, ფაქტობრივად, რეფერენდუმის გაგრძელებაა. ევროკავშირში გაწევრებაზე მცირე უპირატესობით თანხმობის შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული ხდება იმაზე, თუ ვის აირჩევენ პრეზიდენტად. მაია სანდუ აქტიურად ადვოკატირებს ევროპულ კურსს, რაც მისი მმართველობის ძირითადი პრიორიტეტია. "ჩვენი მომავალი ევროპაშია, სადაც უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატია ჩვენს საერთო მიზნებს ემთხვევა", - აცხადებს სანდუ. თუმცა მოლდოვის პრორუსული ოპოზიცია, რომელსაც მეთაურობენ ილან შორი და გაგაუზიის რეგიონი, ეწინააღმდეგება ამ კურსს და პროპაგანდირებს, რომ ევროპული ინტეგრაცია გამოიწვევს ტრადიციული ღირებულებების დაკარგვას და ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას. "ჩვენ არ შეგვიძლია ევროპასთან დაქორწინება საკუთარი იდენტობისა და უსაფრთხოების ხარჯზე", - განაცხადა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა.
მოლდოვის მაგალითი შეიძლება გახდეს მოდელი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, რომლებიც იბრძვიან რუსული ზეწოლისგან გათავისუფლებისა და დასავლური კურსის განმტკიცებისთვის. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეორე ტურს, რაც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, არამედ რეგიონის გეოპოლიტიკურ დინამიკაზეც. თუ პროდასავლური ძალები გაიმარჯვებენ, მოლდოვა შეძლებს ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციას, რაც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის გავლენის შესუსტებისთვის. მეორე მხრივ, პრორუსული ბანაკის გამარჯვება ხელს შეუწყობს რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიციების განმტკიცებას და გაართულებს მოლდოვის დემოკრატიულ ტრანზიციას.
რუსა მაჩაიძე