უახლოესი გაკვეთილები, რომლებსაც ვერ ვსწავლობთ?!
2025 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წელი შეუსრულდება. ამ 33 წლის განმავლობაში ქვეყანამ გადაიტანა სამოქალაქო ომი, ოთხი ომი რუსეთთან და სხვა კატაკლიზმები. სამწუხაროდ, თანამედროვე გეოპოლიტიკური გარემოს გამო, ვერ ვიტყვით, რომ მშვიდად შეგვიძლია სუნთქვა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობას საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა მთავარია, საგარეო საფრთხეებს საშინაოც არ დავუმატოთ. სხვათა შორის, როდესაც გასულ წლებზე ვსაუბრობთ ან ხელისუფლებების ქმედებებს განვიხილავთ, მუდმივად რაღაც ნეგატიურზე ვაკეთებთ აქცენტს - გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენი უახლოესი წარსული სავსეა ტრაგედიებით, ომებით, გაჭირვებით და ა.შ. თუმცა პოზიტივიც იყო, მაგრამ პოზიტივთან ერთად, საჭიროა შეცდომების გაანალიზებაც, რათა უფრო ნათლად დავინახოთ, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობა.
სწორედ შეცდომების გამო კარგავდა ქვეყანა განვითარების ოქროს წლებსა და პერსპექტივას, რომ გვეცხოვრა ისე, როგორც, ბოლოს და ბოლოს, ვიმსახურებთ.
დიდი ტრაგედიით დასრულებული ზეიმი
ალტერნატიული ისტორიის ნახვა რომ შეიძლებოდეს, თქვენი მონა-მორჩილი უპირველესად იმას ნახავდა, როგორი იქნებოდა ქვეყნის მომავალი, 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისის ომი რომ არ დაწყებულიყო. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - 1991 წელს რუსთაველზე გავარდნილი ტყვია ჯერ აფხაზეთში მოგვხვდა, შემდეგ ცხინვალში და დიდი ეჭვი გვაქვს, ის ტყვია კიდევ მოძრაობს და სამიზნეს ირჩევს.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, თუნდაც 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენით შევიდოდა საქართველოს ისტორიაში. თუმცა მხოლოდ ეს არ უნდა ჩავუთვალოთ აქტივში დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ხელისუფლებას. შესაძლოა დღეს ბევრს საქართველოში არც ახსოვდეს ან არც იცოდეს, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალიან ოპერატიულად აღმოფხვრა რაჭის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები.
თუმცა საბედისწერო შეცდომებმა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. 9 აპრილის სიხარული ორიოდ თვესაც კი არ გაგრძელდა. ხელისუფლებაში მოხდა განხეთქილება, დაპირისპირება ეროვნულ გვარდიაში და ერთმანეთს მომიტინგეები კი არა, უკვე შეიარაღებული ხალხი დაერია. ამ დროს ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება - ქვეყანაში სტაბილურობის დამყარება. დიალოგის კარი დაიხშო, არადა, მაშინ თუნდაც რიგგარეშე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებს შეიძლებოდა სიტუაცია უკეთესობისკენ რადიკალურად შეეცვალა.
გასაგებია, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი რუსეთის ინსპირირებული იყო. თუმცა რუსები არ ესროდნენ ერთმანეთს რუსთაველის პროსპექტზე და არ დარბოდნენ ავტომატებით. ამას ჩვენ, ქართველები ვაკეთებდით. ორივე მხარე დიდ პატრიოტობაზე დებდა თავს და ერთმანეთს კრემლის აგენტებს უწოდებდნენ.
თბილისის ომზე ბევრიც ითქვა და ბევრიც დაიწერა. არსებობს ასეულობით ინტერვიუ ორივე მხარის წარმომადგენლებთან და იკვეთება მთავარი რამ - ბოლო მომენტამდე და პირველ მსხვერპლამდე დიალოგის შესაძლებლობა არ იყო ამოწურული. უბრალოდ, ამას რაღაც ბიძგი სჭირდებოდა, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.
საბოლოოდ 1991 წლის 9 აპრილის სიხარული დიდი ტრაგედიით დასრულდა. ჩვენდა სამარცხვინოდ, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სულ რამდენიმე კაცის ამარა გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
აფხაზეთის ომიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანამდე
შევარდნაძის ხელისუფლება შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად - 1995 წლამდე და 1995 წლის შემდეგ ანუ პრორუსულობიდან პროდასავლურობამდე. ასევე, არაერთხელ დავწერეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - განსაკუთრებით იმათ გასაგონად, ვინც ვერ ხვდება, თუ რასთან გვაქვს საქმე რუსეთის იმპერიული ამბიციების სახით. შევარდნაძე 1993-1994 წლებში რუსეთს უთმობდა ყველაფერს - სამხედრო ბაზებს აძლევდა 25 წლით (ხელშკრულებაც იყო ხელმოწერილი, თუმცა შემდეგ პარლამენტზე ის განსახილველად არ გასულა) და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს კრემლის მითითებებით ნიშნავდა.
შევარდნაძე ითხოვდა ერთადერთ რამეს - აფხაზეთის საკითხის მოგვარებას. თუმცა რუსებმა მოატყუეს საქართველოს პრეზიდენტი და მთლიანი აფხაზეთი კი არა, გალის რაიონის ერთი სოფელიც არ დაუბრუნებიათ თბილისის იურისდიქციაში. მეტიც, 1995 წელს ასე აშკარად პრორუსი შევარდნაძე ააფეთქეს კიდეც იგორ გიორგაძის ხელით, რათა უფრო მეტად ლოიალური (შევარდნაძეს ბოლომდე არ ენდობოდნენ) ფიგურა დაესვათ თბილისში.
რაც შეეხება საბედისწერო შეცდომას - ეს იყო აფხაზეთის ომი. გასაგებია, რომ რუსებმა ყველაფერი გააკეთეს თბილისის აფხაზურ ხაფანგში შესატყუებლად, მაგრამ მაშინდელ ხელისუფლებას ცოტა მეტი მოთმინება და ანალიზის უნარი რომ გამოეჩინა, შესაძლოა სულ სხვაგვარად ყოფილიყო განვითარებული მოვლენები. თვითონ ომის დროსაც იყო შეცდომების კასკადი. მაგალითად, სოხუმიდან ქართული მძიმე ტექნიკის გამოყვანა და ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულების ბრმად აღსრულება, რასაც საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ტრაგედია მოჰყვა.
კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო კორუფციასთან ბრძოლაზე უარის თქმა. უფრო ზუსტად, შევარდნაძემ რატომღაც ჩათვალა, რომ სწორედ კორუფცია იყო მისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ხელისუფლების შენარჩუნებაში. თუმცა შევარდნაძის ხელისუფლებამ იმით, რომ სწორედ საქართველოზე გაიარა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენმა, ქვეყანას საშვილიშვილო საქმე გაუკეთა. ასევე, წლების შემდეგ ცნობილი გახდა, თუ როგორ იმუქრებოდა რუსეთი, თუ ნავთობსადენი მის ტერიტორიაზე არ გაივლიდა. შევარდნაძემ ზეწოლას გაუძლო და ეს სამუდამოდ დარჩება ისტორიას.
გარდა ამისა, სწორედ შევარდნაძის დროს აიღო ქვეყანამ დასავლური კურსი და ამაში საქართველოს მეორე პრეზიდენტს ლომის წილი მიუძღვის. არადა, რა თქმა უნდა, იყო ვარიანტები, რომ გავმხდარიყავით ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მსგავსი სახელმწიფო, რომლის „მეფესაც“ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ხოლო ნელთბილი - დასავლეთთან.
გარდა ამისა, ხაზგასასმელია - სწორედ მაშინ დამკვიდრდა საქართველოში სიტყვის თავისუფლება. წარმოიდგინეთ, ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ტელევიზიაში გადიოდა სერიალი "დარდუბალა", რომლის მთავარი პერსონაჟი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი იყო.
აღარ შევჩერდებით იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა 90-იანი წლების შუაში შეიარაღებული ფორმირებების ალაგმვას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მაინც მოხდებოდა, ძალიან ცდება.
რეფორმებიდან ამაზრზენ სისასტიკემდე
სააკაშვილის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის ამბავი რომ არ უნდა დავუკარგოთ, საკამათო არ არის. შეგახსენებთ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს კორუფცია ისე იყო გამჯდარი, თითქოს ჩვენი ცხოვრების წესად იქცა. ვერავის წარმოედგინა, რომ მაგალითად, მართვის მოწმობის ყიდვა არ შეიძლებოდა, ან პოლიციელი ფულს არ გამოგძალავდა, ან პასპორტის აღებაში და ა.შ. უფრო მსხვილ კორუფციულ სქემებზე, როდესაც ქვეყანა ერთ დიდ შავ ბაზრად იყო გადაქცეული და ბიუჯეტში კაპიკები შედიოდა, აღარ შევჩერდებით.
ამის დამარცხება მართლაც დიდი გარღვევა იყო. ისე, როგორც იუსტიციის სახლები, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება, ინფრასტრუქტურის მეტ-ნაკლებად მოწესრიგება და ა.შ.
თუმცა შემდეგ რეფორმატორობიდან სასტიკ რეჟიმად გადაქცევამ ამ ყველაფერს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის ხაზი გადაუსვა. წამება ციხეებში, სადისტების დაწინაურება, ბიზნესრეკეტი და ა.შ. - დღესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ამასთან ასოცირდება სააკაშვილი. არადა, მესამე პრეზიდენტისთვის ძალაუფლებას თავბრუ რომ არ დაეხვია, დაუსჯელობის სინდრომი არ გასჩენოდა და არ ჩაეთვალა, რომ ეს ქვეყანა მისი საკუთრება იყო, შესაძლოა ოქროს ასოებით შესულიყო ისტორიაში. აი, სწორედ სააკაშვილის დროს ყველაზე ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობას, რომელიც მზად არის ხელისუფლების ალტერნატივა გახდეს. როდესაც ზურგს უკან ძლიერი ოპონენტის სუნთქვას გრძნობ, ათჯერ დაფიქრდები, სანამ ქვეყანას, როგორც საკუთარ დუქანს, ისე მოექცევი.
რაც შეეხება აგვისტოს ომს - ეს იმხელა და ისეთი თემაა, რომ ცალკე განხილვის საგანია.
უვიზო რეჟიმიდან დასავლეთთან დაპირისპირებამდე
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, სახელმწიფო უწყებებში სადისტური მიდგომების აღმოფხვრა, ჯანდაცვის პროექტების განხორციელება (თუნდაც C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამა) - ეს, რა თქმა უნდა, „"ოცნების"“აქტივია. თუმცა როგორც თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელება იყო ეპოქალური მოვლენა, ისეთივეა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიღება.
თუმცა 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თბილისი-ბრიუსელი-ვაშინგტონის ურთიერთობა ჯერ გაცივდა, შემდეგ კი გაფუჭდა. ეს საზოგადოების დიდ ნაწილში კითხვებს აჩენს და რაც მთავარია, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. არადა, მეორე მხრივ, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივით შევიდა კონსტიტუციაში შესწორება, რომლის მიხედვით, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი განისაზღვრა.
თუმცა თბილისისა და დასავლეთის ურთიერთობის სასწრაფოდ გადატვირთა რომ საჭიროა, საკამათო არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას არცთუ ნათელი პერსპექტივა ელოდება.
გიორგი კვიტაშვილი