ისრაელი-ირანის სარაკეტო დუელში ანგარიში გათანაბრდა - 2:2 - გაგრძელება იქნება?
26 ოქტომბრის დილას, როდესაც საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები იწყებოდა, ისრაელმა ირანზე მეორედ მიიტანა საჰაერო იერიში რაკეტებით... ამ დარტყმას 1-ლი ოქტომბრის შემდეგ თითქმის მთელი თვე დაძაბული ელოდებოდა მთელი მსოფლიო.
ისრაელ-ირანის სარაკეტო "პინგ-პონგი" კი ასე დაიწყო: 2024 წლის 13-14 აპრილის ღამეს პირველად მოხდა ის, რასაც ახლო აღმოსავლეთში ბოლო ათწლეული შიშით ელოდნენ - პირდაპირი საჰაერო დარტყმა ერთმანეთისგან ათასი კმ-ით დაშორებულ ირანსა და ისრაელს შორის.
მანამდე, 2024 წლის პირველ აპრილს, ისრაელმა სარაკეტო დარტყმით ააფეთქა ირანის საკონსულოს შენობა სირიის დედაქალაქ დამასკოში, რასაც 13 კაცი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ირანელი მაღალჩინოსანი გენერლის.
ამის საპასუხოდ ირანმა ორი კვირის თავზე ისრაელის ტერიტორიისკენ გაუშვა 120-მდე ბალისტიკური რაკეტა და 170-მდე კამიკაძე-დრონი, რომელთა უდიდესი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ამერიკელების, ბრიტანელების, ფრანგებისა და იორდანიელების დახმარებით შუა გზაშივე ჩამოაგდო და ისრაელის სამხედრო აეროდრომებამდე მხოლოდ ოთხმა ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ თუ მიაღწია.
ანგარიში გაიხსნა - 1:0 ირანის სასარგებლოდ და ყველა მოელოდა ისრაელის რეაგირებას, რადგან ეს ქვეყანა, როგორც წესი, "ვალში არავისთან რჩება"...
მართლაც, რამდენიმე დღეში, 2024 წლის 19 აპრილის დილას ისრაელმა საპასუხო სარაკეტო დარტყმა მიაყენა ირანის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე სამხედრო ობიექტს. თავისი მასშტაბით ისრაელის საპასუხო შეტევა, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივიდოდა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებულ 300-მდე რაკეტასა და კამიკაძე-დრონთან, თუმცა ისრაელიდან გაშვებულმა მაღალი სიზუსტის "ჰაერი-ხმელეთი" კლასის რამდენიმე მართვადმა რაკეტამ შეიძლება უფრო მეტი ზიანიც კი მიაყენა ირანის სამხედრო პოტენციალს. უბრალოდ, ოფიციალურმა თეირანმა გაასაიდუმლოა საბრძოლო დანაკარგი და არც ისრაელი იკლავდა თავს ამის გაპიარებით.
ისრაელ-ირანს შორის დაწყებული "სარაკეტო პინგ-პონგის" ანგარიში გათანაბრდა 1:1 და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისრაელსაც და ირანსაც დიდად აღარ სურდათ მისი გაგრძელება.
თუმცა გადის დრო და ისრაელის სპეცსამსახურები ლიბანში მოქმედ ირანის მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" მებრძოლებს ხელებში უფეთქებენ მანამდე საიდუმლოდ დანაღმულ ოთხი ათასზე მეტ პეიჯერსა და რაციას, რასაც თან მოჰყვება "ჰეზბოლასა" და "ჰამასის" ლიდერების წერტილოვანი ლიკვიდაცია, რისთვისაც ირანს ეტყობა აუცილებლად უნდა ეპასუხა, რათა მსოფლიოს თვალში ისრაელისგან დაჩოქებულად არ გამოჩენილიყო...
და 2024 წლის 1-ლ ოქტომბრის საღამოს ირანიდან სტარტს იღებს და ისრაელისკენ მიფრინავს 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ნაწილს ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვა აგდებს (მათ წაეხმარნენ ამერიკული საესკადრო ნაღმოსნებიდან გაშვებული "სტანდარდის" ანტირაკეტებიც), თუმცა ისრაელის უმთავრეს საჰაერო ბაზამდე, სადაც F-35I Adir-ის ტიპის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავების დაცული ანგარებია, არანაკლებ 32 ირანული ბალისტიკური რაკეტა აღწევს და ფეთქდება, რაც ხუთ ანგარს აზიანებს. გარდა ამისა, საჰაერო ბაზა ოვდაზე ფიქსირდება ოთხი ირანული რაკეტის აფეთქება, მათგან ერთ-ერთი მთლიანად ანგრევს ფრენების მართვის ცენტრის კოშკს.
ანგარიში "სარაკეტო პინგ-პონგში" 2:1 ხდება ირანის სასარგებლოდ და ეს მეორე გატანილი "გოლი" ირანელებს ბევრად "ლამაზი" გამოსდით, რადგან პირველთან შედარებით უფრო მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ისრაელის სამხედრო ინფრასტრუქტურას. და იწყება კვლავ მოლოდინი, თუ როდის შეეცდება ისრაელი ამ სამკვდრო-სასიცოცხლო "მატჩში" ანგარიშის გათანაბრებას.
ამჯერად ბევრად დიდხანს, თითქმის მთელი თვით ლოდინი შეიქნა საჭირო და 26 ოქტომბრის დილას ისრაელი ანგარიშს ისევ ათანაბრებს - 2:2.
ის, რომ ისრაელის მეორე საპასუხო სარაკეტო დარტყმა ირანზე არათუ დღით, არამედ საათებითაც კი დაემთხვა საქართველოსთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების დაწყებას, რა თქმა უნდა, შემთხვევითია, თუმცა ზუსტი დამთხვევა აღმოჩნდა დიდ პოლიტიკაში, სადაც შიშით უყურებენ, რომ ისრაელ-ირანის "სარაკეტო პინგ-პონგი" მესამე მსოფლიო ომის დაწყებაში არ გადაიზარდოს, ოღონდ საქართველოსთვის ნაკლებად ცხლად... თუმცა ისრაელის სარაკეტო პასუხი მაინც უკავშირდებოდა სხვა არჩევნებს, კერძოდ, აშშ-ში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 5 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
18 ოქტომბერს მსოფლიო დონის სკანდალი დაიწყო - ინტერნეტში გაჟონა პენტაგონის ზესაიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციამ. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა გრიფით "სრულიად საიდუმლო" მომზადებული პენტაგონის დოკუმენტები, რომლებიც 15-16 ოქტომბრით იყო დათარიღებული და ასახავდა ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე კომბინირებული მასირებული საჰაერო თავდასხმისთვის ისრაელის ფარულ მზადებას.
აშშ-ის ვიზუალური დაზვერვისა (NGA) და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების (NSA) მიერ თანამგზავრული დაზვერვის ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია კარგად აჩვენებდა იმ საიდუმლო მზადებას, რაც ისრაელის საჰაერო ბაზებში ბოლო ორი კვირა გამალებით მიმდინარეობდა.
შესაბამისად, ასეთი ზესაიდუმლო ინფორმაციის ინტერნეტში გაჟონვამ წყალში ჩაუყარა მზადება ისრაელს და ირანის წისქვილზე დაასხა წყალი.
Sky News-ის არაბულმა რედაქციამ 22 ოქტომბერს გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია, რომ პენტაგონიდან საიდუმლო ინფორმაციისა და თანამგზავრული ფოტოების გამავრცელებელი შეიძლება ყოფილიყო, არც მეტი, არც ნაკლები... თავად პენტაგონის შეფის, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის თანაშემწის კანცელარიის უფროსი არიან ტაბატაი - ირანული წარმოშობის ქალი, რომელიც პენტაგონში დიდი ხანია მუშაობს და დაშვება აქვს "სრულიად საიდუმლო" დოკუმენტებზე. პენტაგონს ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებია ბრალი საიდუმლოს გამჟღავნებაში მაღალჩინოსანი თანამშრომლისთვის, თუმცა არ არის გამორიცხული, პენტაგონის ამ თანამშრომელმა, როდესაც ზესაიდუმლო დოკუმენტებში ნახა, რას უპირებდა ისრაელი მის სამშობლოს, მასში პატრიოტულმა სულმა იფეთქა და...
თუმცა დაიბადა სხვა მოსაზრებაც - პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას არ აწყობდა, რომ 5 ნოემბრამდე, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე, ისრაელს სარაკეტო შეტევა მიეტანა ირანის სტრატეგიულ და მით უმეტეს, ბირთვულ ობიექტებზე, მაგრამ ამის საჯაროდ არ აცხადებდა, რადგან არ სურს ებრაული წარმოშობის ამერიკელი ამომრჩევლების ხმები დემოკრატების კანდიდატ კამალა ჰარისს დააკარგვინოს.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აღარც მალავს, რომ მას აშშ-ის ახალი პრეზიდენტის რანგში ექსპრეზიდენტ ტრამპის ხილვა სურს, რომელიც მხარს უჭერს ისრაელის ხელისუფლების სურვილს, ირანს რაც შეიძლება მძიმე დარტყმები მიაყენოს.
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია თითქოს დაინტერესებული გახლდათ, რომ ისრაელის ირანზე სარაკეტო დარტყმისთვის საიდუმლო მზადების დეტალებს ინტერნეტში გაეჟონა, რათა ისრაელს გადაედო უკვე დაგეგმილი ოპერაცია და მისი ხელახლა მომზადება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვეღარ მოესწრო. მაგრამ ასე არ მოხდა - 26 ოქტომბრის დილას ისრაელმა მაინც მიიტანა მეორე საპასუხო საჰაერო იერიში ირანზე - 100-ზე მეტმა თვითმფრინავმა, მათ შორის მეხუთე თაობის F-35I Adir-ებმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების ზონაში შეუსვლელად მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცეებიდან "ჰაერი-ხმელეთი" კლასის რაკეტები გაუშვეს ირანში 20-მდე მნიშვნელოვანი სამიზნის გასანადგურებლად. ისრაელის ყველა თვითმფრინავი 2 ათასზე მეტი კმ-ის ფრენის შემდეგ ბაზებში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ისრაელის ამ საჰაერო ოპერაციის შედეგები გარკვეული ხნის შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც კომერციული თანამგზავრებიდან გადაღებული დაზიანებული ირანული ობიექტების დეტალური ფოტოები გავრცელდება ინტერნეტში.
ეცდება თუ არა ირანი ისრაელთან "სარაკეტო პინგ-პონგში" წინ გაჭრას და ანგარიშის 3:2-მდე გაზრდას, ახლო მომავალი გვიჩვენებს.