ვის ინტერესშია პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა
26 ოქტომბერს, გამთენიისას, აფეთქებები იყო ირანის რამდენიმე რაიონში - ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ირანის ტერიტორიაზე. ეს შეტევა მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე ირანის სამხედრო ობიექტები იყო, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები და სამხედრო ქარხნები. ირანის თქმით, ზიანი მცირეა. ამ ფაქტს წინ უძღვოდა სკანდალი - სოცქსელში გამოჩნდა 15-16 ოქტომბრით დათარიღებული პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები. ამჯერად ეს ეხება ისრაელს და გავრცელებულ მასალაში ჩანს ის საიდუმლო მზადება, რაც ისრაელში ამჟამად მიმდინარეობს. პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ადრეც დაფიქსირდა მსგავსი ფაქტები, მაგალითად, უკრაინის ომთან დაკავშირებითაც. ასევე გავრცელდა ფაქტები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს შეეხებოდა. თუმცა აშშ-ში ასეთ ფაქტებს იძიებენ და დამნაშავეები ისჯებიან კიდეც. სავარაუდოდ, ამ ფაქტზეც დაიწყება გამოძიება და უკვე ვრცელდება სხვადასხვა ვერსია, თუ ვინ იდგა ამის უკან. როგორც ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამ ინფორმაციის გაჟონვაში ირანული წარმოშობის პენტაგონის მაღალჩინოსნის ხელი ურევია. ვის ინტერესში შედიოდა ამ მასალის გავრცელება, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექსპერტი, რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება.
- ინტერნეტსივრცეში გავრცელდა პენტაგონის გრიფით "სრულიად საიდუმლო" დოკუმენტები, რომლებიც ასახავს ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე მასირებული საჰაერო თავდასხმისთვის ისრაელის ფარულ მზადებას. რა გზებით შეიძლებოდა ამ ინფორმაციას გაეჟონა?
- უპირველესად დასადგენია, რამდენად არის ეს დედანი. თუმცა ელექტრონულ სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჰაკერულ დაჯგუფებებს შეუძლიათ მოიპოვონ საიდუმლო დოკუმენტები და შემდეგ ამას ერთი სახელმწიფო მეორის წინააღმდეგ იყენებს. ამ შემთხვევაში პრობლემა რეგიონში დაძაბული სიტუაციაა, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. განსაკუთრებით გააქტიურდა შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელში ტერორისტული აქტის შედეგად, რის შემდეგაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზის სექტორში, რასაც გაგრძელება მოჰყვა "ჰამასის" ლიდერის ლიკვიდაციით 31 ივნისს ირანის დედაქალაქ თეირანში. ამის შემდეგ იყო "ჰეზბოლას" ხელმძღვანელობის განადგურება და ეს გრძელდება ახლაც... როგორც ცნობილია, ისრაელსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკება გრძელდება და არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება. მხოლოდ ვიწრო წრემ იცის, როდის რა იქნება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, სადამდეც სულ რამდენიმე დღე დარჩა.
- მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ 26 ოქტომბერს ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ირანზე, ამას გაგრძელება მოჰყვება?
- საპასუხო შეტევას ირანზე ყველა ელოდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო შეტევა ბირთვულ პროგრამაზე, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე, ეს იყო უფრო მოზომილი და შედარებით მცირე ზომის შეტევა ირანზე. გასაგები მიზეზების გამო, ამერიკაში წინასაარჩევნოდ არავის აწყობს მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასის გაზრდა. შეიძლება ამას გაგრძელება ჰქონდეს, მაგრამ ეს არჩევნების შემდეგ იქნება... 5 ნოემბრამდე ჯერ კიდევ დროა და ისრაელს მანამდე უნდა გაეცა ირანისთვის პასუხი, შესაძლოა უფრო სერიოზული ოპერაციები განახორციელოს ისრაელმა ამერიკის არჩევნების შემდეგ, თუმცა მას აშშ-ის ჩართულობის გარეშე ამ ნაბიჯების გადადგმა გაუჭირდება. ჯერჯერობით უცნობია რა ნაბიჯებს გადადგამს ირანი...
აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ არჩევნების წინ დიდი რამ არ მოხდეს, მით უმეტეს ირანს აქვს გაცხადებული, რომ მან შეიძლება დაბომბოს მეზობელი ქვეყნების ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები და ინფრასტრუქტურა. საუბარია საუდის არაბეთზე, ქუვეითზე, აზერბაიჯანზე და ა.შ. ამერიკის მოსახლეობისთვის კი სულერთი არ არის ბენზინის ფასი. თუ Uახლო აღმოსავლეთში დიდი კონფლიქტი დაიწყება, მოსალოდნელია საწვავის ფასის ზრდა.
ამერიკის ადმინისტრაციას ამჟამად არ აწყობს დიდი კონფლიქტი. არადა, ისრაელი არავის აპატიებდა ასეთ თავდასხმებს. ის ძალას ყოველთვის ძალით უპირისპირდება. თუ ირანის თავდასხმას არ უპასუხებდა, აღმოსავლეთში ეს აღქმული იქნებოდა როგორც მისი სისუსტე.
- ისრაელის პრემიერ-მინისტრი არ მალავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად სურს ტრამპი, რომელიც მხარს უჭერს ისრაელს. რას შეცვლის ტრამპი ამ ვითარებაში?
- ტრამპს პროისრაელური პოზიცია უკავია, ის ემხრობა ირანის დაბომბვას. ტრამპის მოსვლის შემთხვევაში აშშ უფრო მკაცრი იქნება ირანის მიმართ. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი სამხედრო ჩარევაც. საუბარი არ არის სახმელეთო ოპერაციაზე. ძნელი წარმოსადგენია ტანკებით შეტევა, სამაგიეროდ, სარაკეტო შეტევა სავსებით შესაძლებელია. ისიც ვიცით, რომ ტრამპის პერიოდში იქნა ლიკვიდირებული გენერალი სულეიმანი. ტრამპმა აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და საელჩო გადაიტანა იერუსალიმში.
ირანის ქმედებები დამოკიდებულია ისრაელის შეტევის მასშტაბზე. ახლა ისრაელის ამ მცირე შეტევით ირანმა შეიძლება არც არაფერი გააკეთოს და ამით ინციდენტი ამოწუროს, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ შემდგომში შეტევა მასშტაბური იყოს - ირანმა შეიძლება რაკეტები გაუშვას არა მხოლოდ ისრაელისკენ, არამედ მეზობელი ქვეყნებისკენაც, რათა გაუნადგუროს ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები და ინფრასტრუქტურა. ვგულისხმობ საუდის არაბეთს, ქუვეითს, აზერბაიჯანს და ა.შ.
- სარაკეტო შეტევის დროს უპირატესობა ვის მხარეს არის?
- ვიცით, ისრაელს როგორი დაცული აქვს საჰაერო სივრცე, მაგრამ თუ ერთდროულად ათასობით რაკეტა წავიდა მისკენ, მაშინ საჰაერო სივრცე შეიძლება გადაიტვირთოს. მაგრამ ისიც დავინახეთ, როგორი სიზუსტე აქვს ისრაელის შეტევას, ეს დავინახეთ "ჰეზბოლას" ლიდერ ნასრალას ლიკვიდაციის დროს.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები მუდმივად იყო, მაგრამ ახლა დუღილის ტემპერატურამ ძალიან აიწია. სამწუხაროდ, ამას ყოველთვის მსხვერპლი მოჰყვება, იზრდება ლტოლვილების რაოდენობა. ეს მოხდა სირიის ომის დროსაც, ახლა ლიბანშიც, რადგან იქ "ჰეზბოლას" აქვს მოკიდებული ფეხი და ლიბანის მოსახლეობა იძულებულია წავიდეს ქვეყნიდან.
- ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე?
- ამ ხელისუფლებამ შეძლო და ისრაელი გაანაწყენა იმით, რომ ესწრებოდა ირანში გამართულ შეხვედრას, სადაც "ჰამასის" ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა. ამ ამბის შემდეგ, როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას სურდა გამოეკეთებინა ისრაელთან ურთიერთობა, მაგრამ ისრაელი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც იოლად ივიწყებს წყენას. რაც შეეხება რეგიონში არსებულ სიტუაციას, პირდაპირი საფრთხე აქ ჯერ არ არსებობს, მაგრამ თუ დიდი ომი იქნება და მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილებად დაიძვრება, შეგვექმნება პრობლემა. არავინ იცის, საით წავა ის ხალხი.
- ისევ იმ სკანდალურ დოკუმენტს დავუბრუნდეთ. არაბულ მედიაში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებისა და თანამგზავრული ფოტოების გამავრცელებელი შეიძლება იყოს პენტაგონის შეფის, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის თანაშემწის კანცელარიის უფროსი ტაბატაი - ირანული წარმოშობის ქალი.
- ამ ფაქტს უთუოდ გამოიძიებენ და თუ გამოიკვეთა მისი ბრალეულობა, ბრალს წაუყენებენ. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, ისრაელის უშიშროებაში ისეთი სიტუაცია იყოს, იქიდან ადვილად იყოს შესაძლებელი ინფორმაციის გაჟონვა.