რა სცენარი "დაქოქა" 26-მა ოქტომბერმა ანუ მძიმე ნოემბერ-დეკემბრის მოლოდინში - "მოსახლეობის დიდ ნაწილს სიახლე სჭირდება, ის არ ენდობა ამ პარტიებს და..." - კვირის პალიტრა

რა სცენარი "დაქოქა" 26-მა ოქტომბერმა ანუ მძიმე ნოემბერ-დეკემბრის მოლოდინში - "მოსახლეობის დიდ ნაწილს სიახლე სჭირდება, ის არ ენდობა ამ პარტიებს და..."

პოლიტოლოგი დათო ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებზე გვესაუბრება.

- დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ის მანიპულაციებისა და ზემოქმედების შედეგად არის მიღებული. მაგრამ რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამის დასაბუთებას? მხოლოდ ლაპარაკი, გაყალბდაო, ფუჭია, ამას დამტკიცება და დოკუმენტურად გამყარება სჭირდება, რაც ძნელია...

- თქვენი ეს ეჭვები რას ეყრდნობა?

- ოპოზიციამ თბილისი და რუსთავი­ არც ისე დიდი უპირატესობით მოიგო,­ მაგრამ მაინც. დიდი უპირატესობით მოიგო­ დიასპორა, მცირედით დამარცხდა ქუთაისში,­ ბათუმსა და წალენჯიხაში და დიდი უპირატესობით წააგო მთელ დანარჩენ საქართველოში. შეუძლებელია განწყობებს შორის ასეთი კატასტროფული სხვაობა იყოს და თბილისში სხვა ქართველები ცხოვრობდნენ,­ რეგიონებში სხვა და საზღვარგარეთ - სულ სხვა. ცხადია, მანიპულაცია და გაყალბება იყო, თუმცა ეს არ არის არჩევნების დღეს კარუსელების ტრიალი, ჩაყრები ან თუნდაც პირადობის მანიპულაციები. ეს ყველაფერი შეიძლება იყო, მაგრამ არა მასობრივად. მასობრივი რომ ყოფილიყო, წინასწარ ატყდებოდა ხმაური, ან თუნდაც ხმის მიცემის მიმდინარეობისას. ერთადერთი, შეიძლება ეფექტიანი იყოს ბიულეტენების გაუქმება, თუმცა დასათვლელია, რამდენად არსებითი­ ზეგავლენა მოახდინა პროცესზე გაუქმებულმა ბიულეტენებმა. არჩევნების ბედი წყდება არჩევნებამდე ბევრად ადრე. ეს მეთოდები არ მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესი მიშვებულიa, როგორც იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ან მაშინ, როცა ხალხი მასობრივად­ ირწმუნებს ცვლილების შესაძლებლობას და ელემენტარულად მოატყუებს და "გადააგდებს" ხელისუფლებას, როგორც იყო 2012 წელს.

ეს მეთოდი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული გამოიყენება - ანუ რეალურად ხდება ამომრჩევლის სათითაოდ აღნუსხვა მათი პრეფერენციებით, ვინ ვისი მომხრეა, ვინ ვისი მოწინააღმდეგე და ა.შ. (უბნის ინსპექტორებისა და კოორდინატორების დონეზე), მერე მიდის მუშაობა ამომრჩეველთან, მომხრეების მაქსიმალური მობილიზაცია, მოყოყმანეების თავის მხარეს გადმოქაჩვა, დაშინება, პირდაპირი მოსყიდვა და ა.შ. ეს ახლაც მაქსიმალური მობილიზაციის ხარისხით გაკეთდა. ამასთან ოპოზიციის პროპაგანდამ, რომ ეს არის არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, რეგიონებში არ იმუშავა. თბილისსა და რუსთავში, ასე თუ ისე, ოპოზიციამ გაიმარჯვა, დანარჩენებში უფრო იმუშავა "ოცნების" "ომი თუ მშვიდობამ". ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა რეგიონებში არ დაიჯერა, რომ ხელისუფლება იცვლება. თავისი როლი ითამაშა აგრესიულმა პროპაგანდამ და ომით მიყენებულ ტრავმებზე სპეკულირებამ, რაზედაც ოპოზიციას არ ჰქონდა დამაჯერებელი პასუხი. ოპოზიციამ ვერ შეძლო მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოეჩინა სურათი, რომ ეს არის არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის და არა ომსა და მშვიდობას შორის. როგორც ჩანს, ჩვენი საშუალო და უფროსი თაობა დიდწილად მაინც პოსტსაბჭოური საზოგადოებაა. ამ ხალხისთვის "ოცნების" მმართველობა თავისი ბელადით, პატრონ-კლიენტისტური ურთიერთობითა და კორუფციით გაცილებით ბუნებრივია და მნიშვნელოვანი, ვიდრე პოლიტიკური პლურალიზმი და მრავალფეროვნება. გარდა ამისა, წლებია ოპოზიციისგან იძერწება მტრის ხატი, უფროს და საშუალო თაობაში არსებობს შიში, ვაითუ "ნაცები" მობრუნდნენ, მერე არ დაიწყოს რეპრესიები, არ დაიწყოს ომი. ერთ-ერთი­ ფაქტორი მგონია ისიც, რომ ამ ოთხ წელში მოხდა დიდი მიგრაცია და აქედან დიდი ნაწილი ოპოზიციის ამომრჩეველი რომ იქნებოდა, ცხადია. ეს ხალხი სხვებზეც ხომ მოახდენდა გავლენას - ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე... ემიგრანტების უმრავლესობას არც მიეცა ხმის მიცემის საშუალება. მათ რომ არჩევანის პირობებს არ შეუქმნიდნენ, ეს ხომ უნდა გვცოდნოდა?

- როცა "ოცნების" 2012 წლის არჩევნების შედეგებს ადარებენ დღევანდელს, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს პროცენტი მაშინდელს აღემატება. რა გამოდის, ვითომ ე.წ. რუსული კანონის ინიციატორი "ოცნების" რეიტინგი გაიზარდა?

- ეს პროცესი არ გულისხმობს იმას, რომ ეს ხალხი მაინცდამაინც "ოცნების" მხარდამჭერია. შეიძლება იმის გამო მოგცეს ხმა, რომ მოქრთამვაზე წავიდეს, დაშინდეს, სოციალური დახმარების წართმევის შეეშინდეს. ამ სქემამ ორჯერ არ იმუშავა - 2012-ში, როცა ხალხმა დაიჯერა, რომ ხელისუფლება იცვლება, ანუ ბიძინა მოდის და იმჟამინდელ ხელისუფლებას კი უთხრა, შენ მოგცემ ხმასო, მაგრამ მასობრივად "გადააგდო". ახლა ეტყობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ დაიჯერა (განსაკუთრებით რეგიონებში), რომ ეს ხელისუფლება იცვლება... აქ კიდევ იგული­სხმებოდა ხელისუფლების მუქარა, ყველას დავიჭერ, ყველას გავასამართლებო და როგორც ჩანს, ხალხი ცოტა დაშინდა. ამ სქემამ მეორედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არ იმუშავა, როცა სალომე ზურაბიშვილმა წააგო, რადგან "ოცნებამ" არ იმუშავა სათანადოდ. მაშინ ხელისუფლებამ მიუშვა პროცესი, მაინც მოვიგებთო, და მოდუნებულ "ოცნებაზე" დაჯდა ასეთი შედეგი. სალომეს მეორე ტურში დაახლოებით იგივე შედეგი ჰქონდა, რაც ახლა დაჯდა, ანუ ეს მილიონ ასი ათასი ამომრჩეველი მაქსიმალური რესურსია, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა, ოპოზიციამ ვერ შეძლო ამ რესურსის თავისკენ გადმოქაჩვა. ჩემი აზრით, ხაზარაძე-გახარიას ალიანსი თუ მოხერხდებოდა, ის გამოკვეთილად მეორე ძალა იქნებოდა. სხვათა შორის, დღევანდელი შედეგებითაც მეორე ძალა გამოვიდოდა, ენმ-სგან განსხვავებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა და პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლიდა. ოპოზიცია თავიდანვე გვარწმუნებდა, ვიგებთო, მერე ეგზიტპოლებით იზეიმეს გამარჯვება. ეს ეგზიტპოლები და სოციოლოგია რომ ძალიან არასანდო გახდა, ყველასთვის ცნობილია, ყველა თავის სასარგებლო პროცენტებს­ იწერს. ისიც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ოპოზიცია თავიდანვე ერთ ლიდერზე შეთანხმებულიყო, მაგრამ არა ჰყავს ეს ლიდერი, ჩვენი საზოგადოება კი სულ ლიდერს ელოდება.

- ახლა ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დასჭირდება... როგორ მოიქცევა დასავლეთი, საზოგადოება და ოპოზიცია?

- ოპოზიცია დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაზე, რამდენად აღიარებენ ხელისუფლებას - ცნობენ თუ არა მას ლეგიტიმურად. ცნობის შემთხვევაში, ოპოზიცია რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება - ერთი მხრივ, მან ან უნდა აღიაროს შედეგები, ან იმოქმედოს იმის მიხედვით, რა სიტუაცია დადგება. საყოველთაო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი არა მგონია ეფექტური იყოს, ეს თუ არ იქნა ხალხის დიდი მასის მიერ მხარდაჭერილი. მეორე ვარიანტია, დასავლეთმა ლეგიტიმურად თუ არ აღიარა, ოპოზიციისთვის ესეც მძიმე სიტუაციაა იმიტომ, რომ ხელისუფლება სრული ავტორიტარიზმისკენ წავა. ბიძინაზე სანქციები თუ დაწესდა, ვიზალიბერალიზაცია თუ ჩამოგვართვეს, ეკონომიკური დახმარება თუ შეგვიწყვიტეს, ეს მძიმედ აისახება მოსახლეობაზე, ხელისუფლება რუსეთთან მეტად დაახლოების გზით მეტი ავტორიტარიზმისკენ წავა და შესაძლოა აქ საერთოდ აზრი დაკარგოს არჩევნებმა და სხვა ეპოქაში გადავიდეთ, მაგალითად, როცა დისიდენტობა იყო, სახალხო ფრონტები და ა.შ.

- თქვენ რა გამოსავალს ხედავთ?

- ამ სიტუაციაში მთლიანად დამოკიდებული ვართ, როგორ წავა სიტუაცია - თუ დიქტატურაა და იზოლაციაში ვართ, გითხარით, რაც იქნება, მაშინ ქუჩაში გამოვა ოპოზიცია და რევოლუციურ სცენარზე უნდა იფიქრო, ან დისიდენტი გახდე და სულ სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. დასავლეთთან რაღაცნაირად მაინც თუ შენარჩუნდება "ოცნების" ურთიერთობები, მაშინ ოპოზიციის მდგომარეობა დამძიმდება, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის რაღაც საშუალებები მაინც იქნება.

მოსახლეობის დიდ ნაწილს სიახლე სჭირდება, ის არ ენდობა ამ პარტიებს და პოლიტიკური სპექტრის გადატვირთვა, გადახალისება სჭირდება. "ნაცმოძრაობას" პლუს მათგან გამოყოფილ გვარამია-მელიას, ამ არჩევ­ნებში ჯამში აქვთ 400 000-ზე ცოტა მეტი ხმა. ეს ციფრი, როგორც მინიმუმ, ყველა არჩევნებში ფიგურირებს, რაც კი აქამდე ჩატარებულა. რაც შეეხება დანარჩენ ამომრჩეველს, მათ ალტერნატიულ დღის წესრიგზე უნდა იფიქრონ (ეს იმ შემთხვევაში, თუ ჰიბრიდული რეჟიმის ფარგლებში დავრჩებით და, ასე თუ ისე, დასავლეთს აქ რაღაც ბერკეტები ექნება). ჩვენ თუ სრულ იზოლაციაში აღმოვჩნდით, მაშინ ყველა გავნაცდებით, ან გავქოცდებით, ალბათ.

თუ ხელისუფლება მაგალითად, გააუქმებს ან გაიწვევს რუსულ კანონს, დასავლეთისთვის მისაღები რამდენიმე ასეთი ნაბიჯი თუ გადადგა, არ გამოვრიცხავ, ლეგიტიმაცია არ დადგეს ეჭვქვეშ. თუ ძველებურ კურსს გააგრძელებს, დიდი ალბათობით, ოდირი არ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. ეუთო/ოდირს არც ევალება მეორე დღესვე კატეგორიული დასკვნა დადოს, მაგრამ ეს პოლიტიკაა და დასავლეთი ყოველთვის მიდის კომპრომისზე იქით, სადაც რეალურ ძალას ხედავს.

ბევრი რამაა დამოკიდებული მომდევნო დღეებზე, იმაზე, რას იზამენ ხელისუფლება, ოპოზიცია, დასავლეთი... ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას არ ვურჩევდი მსგავს ისტერიკებს, როგორიც 2020-ში გამართეს - დასავლეთს ვინ ჰკითხავსო და მსგავსი რამ. გვახსოვს, რა გამოვიდა აქედან. ოპოზიციისთვის დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანი მგონია, დასავლეთთან სინქრონულად იმოქმედოს და არ დარჩეს მარტო გამარჯვებით გულმოცემული ხელისუფლების პირისპირ. ასევე, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია დაამტკიცოს არჩევნების გაყალბება, რაც, ვფიქრობ, დასავლეთის პოზიციასაც გარკვეულ­წილად განსაზღვრავს. თუ ბოიკოტია, სერიოზულად დაიწყონ ბრძოლა, თუ არადა, იფიქრონ იმაზე, რომ თუ იზოლაციაში ვექცევით, მაშინ ყველაფერი და არჩევნებიც აზრს კარგავს და სხვანაირი ტიპის მოქმედებაზე ვართ გადასასვლელი.