"საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, ქვეყანაში მერყევი და მყიფე სიტუაციაა" - რას წერს The New York Times 26 ოქტომბრის არჩევნებზე - კვირის პალიტრა

"საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, ქვეყანაში მერყევი და მყიფე სიტუაციაა" - რას წერს The New York Times 26 ოქტომბრის არჩევნებზე

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „საქართველოში ჩატარებული არჩევნების სადავო შედეგების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება“ (ავტორი - ივან ნეჩეპურენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოში, კავკასიის ცენტრში სტრატეგიული მდებარეობის მქონე რესპუბლიკაში, კვირას პოლიტიკური კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ გადამწყვეტ არჩევნებში გამარჯვება იდღესასწაულა, ხოლო პროდასავლურმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად შეაფასა და ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

ქვეყანაში მერყევი, მყიფე სიტუაციაა შექმნილი. გამძაფრებულია პოლიტიკური ბრძოლა, ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“ (რომელიც ხელისუფლებაში უკვე 12 წელი იმყოფება) და მეორე მხრივ, ოთხ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფს შორის, რომლებსაც ქვეყნის პროდასავლური გზით სვლა სურთ. კრიზისი, ალბათ, სულ უფრო მეტად დააშორებს ერთმანეთს საქართველოსა და დასავლეთს, რამდენადაც ევროპელმა დამკვირვებლებმა არჩევნების მიმდინარეობა გააკრიტიკეს.

ზლატკო ვუიოვიჩმა, არჩევნებზე დამკვირვებელი ევროპული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა, ჩატარებული არჩევნები დაახასიათა, როგორც „არადამაკმაყოფილებელი“. „არჩევნები სათანადო სახით არ ჩატარდა - ისე, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას შეეფერებოდა“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, სერიოზული დარღვევები მოხდა ოპოზიციის წარმომადგენლებისადმი ძალადობის სახით, ამომრჩევლების დაშინებით, დამკვირვებლების ცილისწამებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების სახით.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ - ორგანომ, რომელიც ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მიმართ ზედამხედველობას აწარმოებს, კვირას განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ხმების 54% მოაგროვა, ხოლო ოთხმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, ერთად აღებულმა, 37,5%. ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 89 ადგილი მიიღო, ხოლო დანარჩენი 61 ადგილი - ოპოზიციამ.

ამასთან, ყველა ოთხივე ოპოზიციურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებენ, რადგან მნიშვნელოვანი დარღვევები მოხდა. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, მათგან ორმა განაცხადა, რომ პარლამენტში არ შევლენ, რაც გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის დაწყების წინამძღვრებს ქმნის. აღსანიშნავია, რომ მათ თავიანთი ნათქვამის დამამტკიცებელი ფაქტები არ წარმოუდგენიათ.

„ბიძინამ, „კაგებეს“ მსგავსად, სპეცოპერაცია განახორციელა“, - დაწერა მამუკა ხაზარაძემ, ერთ-ერთი ოპოზიციური ჯგუფის - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, თავისი "ფეისბუქის" პოსტში, რომელსაც მხედველობაში ჰყავდა ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების“ არაფორმალური ლიდერი, - „არჩევნები სრულიად ფალსიფიცირებული იყო, მოსახლეობის ხმები ფაქტობრივად მოპარულია და ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისათვის ჩასაბარებლად ამზადებს“.

ელენე ხოშტარიამ, ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, საარჩევნო პროცესში რუსეთი არის ჩარეული, თანაც - ძალიან მაღალი ფსონებით. „ჩვენი არჩევნები რეფერენდუმსაც ნიშნავს, გეოპოლიტიკური შედეგებით“, - თქვა მან, - "ეს იყო არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის“.

წინა საპარლამენტო არჩევნები თითქმის ანალოგიური სცენარით დასრულდა, როცა ოპოზიციამ უარი თქვა ოფიციალური შედეგების აღიარებაზე და პარლამენტში შესვლაზე. კრიზისი ხუთ თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა - მანამ, სანამ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ შეთანხმებას არ მიაღწიეს, ევროკავშირის ოფიციალური პირების ჩარევით.

მაგრამ ამჯერად მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, განზრახული აქვს, შეასრულოს ამომრჩევლთა უმრავლესობის (ანუ მისი მხარდამჭერების) ნება და, დიდი ალბათობით, არ მოისურვებს ევროპელი შუამავლების ჩარევას.

კვირას, ბრიფინგზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნები უნაკლოდ ჩატარდა: „ჩვენი გამარჯვება შთამბეჭდავი და ნათელია - ნებისმიერი მცდელობა და ლაპარაკი მანიპულაციების შესახებ იმ დროს, როცა ელექტრონული ხმის მიცემა წარმოებს, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ პარლამენტი მუშაობას ყველა შემთხვევაში დაიწყებს, შევლენ თუ არ შევლენ [სხდომთა დარბაზში] ოპოზიციონერი წევრები.

სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მეზობლების - სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცეს. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები რუსმა კანონმდებლებმა და ოფიციალურმა პირებმაც მაღალ დონეზე შეაფასეს.

წყარო