"მამა გაბრიელს ვთხოვდი, შენი საუკეთესო ნაწილი გამომიგზავნე-მეთქი და ბიძინა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში" - თამთა კოსტავა დაქორწინდა - კვირის პალიტრა

"მამა გაბრიელს ვთხოვდი, შენი საუკეთესო ნაწილი გამომიგზავნე-მეთქი და ბიძინა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში" - თამთა კოსტავა დაქორწინდა

თამთა კოსტავას ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს, იგი ეროვნული მოძრაობის გმირის - მერაბ კოსტავას ქალიშვილია. თამთა პროფესიით მხატვარია, გრაფიკოსი და დაზგური ხელოვნების ოსტატი. ამჟამად, მამის მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუშაობს, სადაც ინახება მერაბ კოსტავას ხელნაწერები, რომლებიც წიგნებადაცაა გამოცემული. ცხოვრების გარკვეული პერიოდი - 18 წელი თამთამ აშშ-ში იცხოვრა, უმაღლესი განათლებაც იქ მიიღო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სამი პერსონალური გამოფენა გამართა. თამთას ნამუშევრები საინტერესო და არაორდინარულია, თუმცა ამჯერად მას სულ სხვა თემაზე სასაუბროდ ვესტუმრე - ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და თავისი ბედნიერება ჩვენც გაგვიზიარა. თამთა კოსტავას მეუღლე ბიძინა მესხია, რომელიც პროფესიით ექიმი გახლავთ, თუმცა ამჟამად ამ სპეციალობით აღარ მუშაობს.

462536563-445527291410584-517892561477619343-n-1730136743.jpg

- თამთა, გილოცავთ დაოჯახებას. გვიამბეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და ბიძინა მესხმა?

- მე და ბიძინა პირველად რამდენიმე წლის წინ შევხვდით, გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, სადაც რუსუდან შარაძემ მიგვიწვია, ოღონდ იქ კარგად არ გაგვიცნია ერთმანეთი. მერე, ძალიან ახლობელმა ადამიანმა ჩემთან გამოუშვა თავის საქმეზე და ბიძინა შინ მესტუმრა. ასე ახლოს პირველად მაშინ ვნახე. თავიდან ჩვეულებრივი ნაცნობების დონეზე ვიყავით, ტელეფონით ვსაუბრობდით და ვუთხარი, მოდი, ვიმეგობროთ-მეთქი, ამის შემდეგ კი ჩემთან ხშირად ამოდიოდა, ერთმანეთს საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვუზიარებდით. ერთხელაც, ბიძინამ აღნიშნა, მე ჩემი ცხოვრების მეგზურს, ცოლს ვეძებო, მე კი ბოიფრენდს-მეთქი. - მე ტრადიციული ქართველი კაცი ვარ და ასეთი ურთიერთობა არ მაინტერესებსო. მაშინ, დავთქვით, რომ ერთი წელი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებდით, თუ შევეთავსებოდით ერთმანეთს, თუ კარგად ავაწყობდით ურთიერთობას, თანაცხოვრებას, ერთი წლის თავზე ცოლად გავყვებოდი. ასეც მოვიქეცით - წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა და დავქორწინდით, სვეტიცხოვლობას - 14 ოქტომბერს, მცხეთაში, ანტიოქიის დედათა მონასტერში (სვეტიცხოვლის გვერდზეა). მამა სერაფიმემ ჯვარი დაგვწერა და იქვე სატრაპეზოში პატარა ქორწილიც გადაგვიხადა. ცხადია, მერე ჩემთან სახლშიც განვაგრძეთ აღნიშვნა და ვიდღესასწაულეთ.

სხვათა შორის, ოთახში, კედელზე, მამა გაბრიელის სურათი მიკიდია და მას ვთხოვდი ხოლმე: მინდა, რომ შენ იყო ჩემი პატრონი. დედამიწაზე უამრავი ნაწილი გყავს და ძალიან გთხოვ, შენი საუკეთესო ნაწილი გამომიგზავნე, რომ ჩემი ქმარი, ჩემი პატრონი იყოს-მეთქი და ბიძინა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

- ადრე ვისაუბრეთ, რომ რელიგიასთან, ქრისტიანობასთან დაკავშირებით თქვენებური მიდგომა და შეხედულებები გაქვთ, გარკვეულ დოგმებს, რიტუალებს არ ცნობთ. როგორია თქვენი დამოკიდებულება ჯვრისწერისადმი?

- როგორც აღნიშნეთ, მე დიდად არ მაინტერესებს ქრისტიანული ცერემონიები, მაგრამ რადგან ჩემს საქმროს უნდოდა და რელიგიური კავშირის გარეშე, ჩემთან ურთიერთობა ვერ ექნებოდა, მისი სურვილი გავითვალისწინე და დავთანხმდი. თორემ მე შევთავაზე, ჩვეულებრივად იცხოვრე ჩემთან, არც ხელის მოწერა მინდა და არც ჯვრის დაწერა-მეთქი.

- როგორი იყო ქალური სამზადისი ამ მნიშვნელოვანი დღისთვის?

- რა გითხრათ, განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივად, ჩემს საუკეთესო დაქალთან - მარისთან ერთად საყიდლებზე წავედი, საქორწინო სამოსი ვიყიდე და გავემზადე. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ბიძინას ცოლი გახლავართ.

462536648-2922780597886138-1279690513791387870-n-1730136789.jpg

- როგორც ფოტოებში ვნახე, მეჯვარე მაკა რაზმაძეა, თქვენი დიდი ხნის მეგობარი.

- დიახ, ჩემი მეჯვარე მაკა რაზმაძეა, ბიძინასი კი - ვაკო გელოვანი. მე და მაკა ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ის მამაჩემისა და ბებიაჩემის - ოლიკოს მხრიდანაა დაკავშირებული ჩვენს ოჯახთან, ყოველთვის ძალიან ახლობელი, სულ მამას სახლში იყო. მაკა მაშინ ძალიან ახალგაზრდა და მონდომებული გახლდათ, ეროვნულ მოძრაობაში ჩართული...

462542534-557282266659047-7843242128481830908-n-1730136839.jpg

- ბიძინა, თქვენი წარსულიც ეროვნულ მოძრაობას უკავშირდება, ხშირად დადიოდით მაშინდელ მიტინგებზე და ლიდერებს პირადადაც იცნობდით. რა შეგრძნებაა, რომ ახლა მერაბ კოსტავას სიძე გახდით?

ბიძინა მესხი:

- უაღრესად დადებითი ემოცია მაქვს. ასეთი კაცის სიძეობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ტვირთი, ღირსება და ამავდროულად, უმაღლესი დონის მოტივაცია. მერაბ კოსტავა, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ჩემთვის იყო, არის და იქნება თანამედროვეობის გმირი, რომელმაც უკვდავებაში შეაბიჯა; ორივე მათგანი ასეა, მერაბს და ზვიადს არასდროს დავაცალკევებ.

- თამთას დედასთან, ქალბატონ ლალისთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- სამწუხაროდ, ქალბატონ ლალის მხოლოდ ხუთი თვის განმავლობაში ვიცნობდი, მერე გარდაიცვალა. მან ასევე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. სხვათა შორის, ჩემი დანახვისას თქვა, - თამთას პატრონი გამოუჩნდაო. ჩვენ ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, ვზრუნავთ. თამთას ვეუბნები ხოლმე, დედაშენი და მამაშენი იმ ქვეყნად რომ შემხვდებიან, მადლობა უნდა მითხრან და არა საყვედური-მეთქი. სხვათა შორის, დედაჩემი და თამთას დედიკო ერთმანეთს იცნობდნენ, კოლეგები იყვნენ, ბევრი საერთო ნაცნობი და ახლობელი აღმოგვაჩნდა.

20017-10205666700879727-3274203768757046102-n-1730136869.jpg
თამთა დედასთან ერთად, აშშ-ში

- როგორც ვიცი, ახლოს გაცნობამდე, თამთა ერთ-ერთ მიტინგზე, რუსთაველზე ნახეთ, ბატონ მერაბთან ერთად რომ მოდიოდა.

- დიახ, როგორც მერაბ კოსტავას ქალიშვილს, თამთას 1989 წლიდან ვიცნობ, მიტინგებიდან, პრესიდან, მედიიდან - შუქდებოდა ხოლმე. პირადად მე, ბატონი მერაბი გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ვნახე ახლოს და იმ მიტინგზე იყო თამთაც, ეს გახლდათ 1989 წლის 30 სექტემბერი, როდესაც მომიტინგეები კინოს სახლიდან მთავრობის სახლამდე ჩავედით, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობასთან გავჩერდით. მახსოვს, თამთასთან ძალიან ახლოს ვიდექი და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ძალიან მომეწონა. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ თამთას დავუკავშირებდი ცხოვრებას... რამდენიმე წლის წინ, 9 აპრილს, ერთობლივი ფოტოც კი გვაქვს გადაღებული. გარდა იმისა, რომ თამთას დიდ პატივს ვცემ, ჩემთვის ასევე საამაყოა მასთან ურთიერთობა, როგორც მერაბ კოსტავას ქალიშვილთან.

tamta-1730136913.jpg

თამთა უზომოდ თბილი და კაცთმოყვარეა, ძალიან საინტერესოა მასთან ურთიერთობა. მხატვრობაში ვერკვევი და მისი ნახატები პირველად რომ დავინახე, მივხვდი, აქ საქმე ჩვეულებრივ ქალთან არ მაქვს. როგორც გიამბoთ, გურამ შარაძის ხსოვნის საღამოზე შევხვდით და დავინახე თუ არა, მაშინვე ვიცანი - მამიკოს ხომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, მაშინვე მიხვდები, ვისი შვილია. რუსუდან შარაძემ ერთმანეთი რომ გაგვაცნო - ეს მერაბ კოსტავას ქალიშვილიაო, მე ვუთხარი, ვიცი-მეთქი. ეს იყო და ეს. მერე, თამთამ რომ მითხრა, ბიძინა, მოდი, ვიმეგობროთო, ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, ოღონდ წმინდა მეგობრული ურთიერთობა და არა ის, რასაც დღეს ეძახიან მეგობრობას. დანარჩენზე კი უნდა გიამბოთ. მე 30 წელია ტაძრის მრევლი ვარ და ვუთხარი, ცოდვას ჩვენს ურთიერთობაში არ შემოვუშვებ, წინასწარ არაფერი მოხდება, ჯვარდაუწერელი კავშირი ცოდვაა-მეთქი. თავიდან მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ჩემგან სხვა არაფერი გამოდნებოდა, თუ არა ეს... ერთხელ, ერთ ფაქტს შევესწარი, ტელეფონზე ლაპარაკობდა და ჩემზე ასეთი რამ თქვა: ბიძინა ძალიან წესიერი კაცია, იგი ორთოდოქსია, თავის ღმერთს ემსახურება, მე კი ნერვებს მიშლის, მაგრამ სწორად იქცევა, მიყვარსო. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ უკვე ურთიერთგაგება გვქონდა.

462544643-1587586591847902-2129779898684552109-n-1730136947.jpg

- როგორ ემზადებოდით ჯვრისწერის დღისთვის?

- ნელ-ნელა, თანდათან მივედით აქამდე და ზუსტად წელიწად-ნახევარში დავიწერეთ ჯვარი. როდესაც თამთამ მითხრა, მოდი, ოჯახი შეvქმნათ, ოღონდ ერთი წელი მჭირდებაო, ჩვეულებრივად მივყვებოდით ცხოვრებისეულ დინებას. თამთას რომ დედიკო გარდაეცვალა, მას შემდეგ საერთოდ აღარ მოვშორებივარ გვერდიდან. სულ თავიდან, პატარ-პატარა გაუგებრობებიც იყო, ვიღაც-ვიღაცები ენას ატარტაlებდნენ... ასეთებიც გავიარეთ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი გადავლახეთ და დღეს ბედნიერი ვარ, რომ მყავს ცოლად სიყვარულის დედოფალი, თამთა კოსტავა.

- როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?

- თამთა არის ამ სამყაროს ორიგინალური ვერსია, რომელსაც მთელი მსოფლიო უყვარს. შემოქმედი ქალია, თავისი შეხედულებები და ამ ხედვის თავისი ორიგინალური ვერსია აქვს. მას უნდა გაუგო და ორ შემთხვევაში გაუგებ - როცა იცი, ვინ არის და როცა გიყვარს. თამთა სტანდარტული პიროვნება არ არის, მე და სხვებს არ გვგავს. ეს არის ქალი, რომელსაც შეუძლია 48 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ხატოს და ასევე ორი დღე-ღამის განმავლობაში საერთოდ არაფერი გააკეთოს. მუზიდან მუზამდე ცხოვრობს. როდის რას გააკეთებს, თვითონ არ იცის წინასწარ, ამიტომ, ჩემთვის ის ძალიან საინტერესო ქალია.

- როგორი დიასახლისია?

- ძალიან „გემრიელი ხელი“ აქვს. როცა მუზა მოუვა, ყველაფერს აკეთებს, როცა არ მოუვა - არაფერს. რამეზე რომ მეტყვის, არ გავაკეთებო, გავა დრო და აკეთებს. მე თუ ვაკეთებ რამეს, მოვა და ჩემზე უკეთესად გააკეთებს. ნიჭიერი ქალია და ყველაფერი გამოსდის, რასაც მოინდომებს. ვეგეტარიანული კერძები უყვარს, მარხვის პერიოდში ეს ძალიან კარგია, სხვა დროს ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ. თამთა ისეთია, ვერაფერზე გავაკრიტიკებ, ჩემდა საბედნიეროდ, კარგად ვიცი, ვინ მყავს ცოლად. ამას წინათ, ვუთხარი კიდეც, შენ იჯექი და ხატე, დანარჩენს ყველაფერს მე გავაკეთებ-მეთქი. ხელს ვუწყობ, ეს ნებისმიერ შემოქმედს სჭირდება, რათა თავისი ნიჭი გადმოაფრქვიოს და გაიფურჩქნოს.

tam-1730136968.jpg

- როცა ოჯახს ზრდასრულ, დაღვინებულ ასაკში ქმნი, როგორია თანაცხოვრება? როცა უკვე ყველაფერს სხვა თვალით უყურებ და ბევრ წვრილმანზე ისე მწვავედ აღარ რეაგირებ, როგორც მაგალითად, 20-25 წლის ასაკში?

- ცხოვრებისეული გამოცდილება თავისას აკეთებს. მე 53 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, მანამდე შეყვარებულებიც მყავდა და საცოლეც, მოწონება-დაწუნების რეჟიმში ვიყავი, ზოგისთვის "წარსულის გადმონაშთი" ვიყავი და ზოგისთვის - "ბულკი", მაგრამ "ბულკი" რომ არ აღმოვჩნდებოდი, თავს მანებებდნენ, მე კი ქალის ჩემი იდეალი მყავდა და ზუსტად ისეთი მინდოდა, მაგრამ რომ არ აღმოჩნდებოდა, თავს ვანებებდი. მოვედით აქამდე. საერთოდ, რაც უფრო იზრდება ადამიანი, უფრო ღვინდება და 40 წლის რომ გავხდი, მივხვდი, რომ ჩემში ქარიშხალი ჩადგა, ისე აღარ ვბობოქრობდი, როგორც ცოტა ხნის წინ და 50 წლის რომ გავხდი, მით უმეტეს. ყოველთვის ვთვლიდი, რომ კაცი, რომელიც ცოლის მოყვანას გადაიფიქრებს, ის კაცი არ არის. ოჯახის შექმნა ყოველთვის მინდოდა. ორი მიზანი მქონდა - ოჯახი შემექმნა და მეორე - ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ჩემი სამშობლოსთვის არაფერი გავაკეთო, თუნდაც, უმნიშვნელო. დანარჩენი, ცხოვრება წინ არის, მოტივაცია დიდია და როგორც აღვნიშნე, ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეუღლე სიყვარულის დედოფალი, თამთა კოსტავა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ამ ასაკში, გული და გონება ურთიერთკავშირშია და ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ. სამსახურში რომ ვარ, დღეში რამდენიმეჯერ მირეკავს და ჩვენი საუბრის ტექსტები ასეთია - „ძალიან მენატრები“, „ძალიან მიყვარხარ“...

- დიდ ბედნიერებას გისურვებთ ორივეს.

- დიდი მადლობა.

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გზა"