"კარგი ბაღი“ - მოცვის პლანტაცია სამეგრელოდან - კვირის პალიტრა

"კარგი ბაღი“ - მოცვის პლანტაცია სამეგრელოდან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ლურჯი მოცვი 2020 წლიდან მოჰყავთ. პლანტაციების ფართობი 30 ჰექტარამდეა, აქვთ ბიომეურნეობა. რატომ მოჰყავთ სამეგრელოში მაინცდამაინც ლურჯი მოცვი მაშინ, როცა ეს კუთხე განთქმულია ციტრუსით, ჩაით, თხილით? როგორ გაამართლა ამ კულტურამ ახალსოფელში? - ამის შესახებ ფერმერი და კომპანიის დირექტორი გიორგი ჯღარკავა მოგვითხრობს.

giorgi-jrarkava-1730138930.jpg

გიორგი ჯღარკავა:

- ამ საქმის დაწყება სოფლის მეურნეობის პროექტების წამოწევამ განაპირობა, წამოვიდა დაფინანსება, შეიქმნა სახელმწიფო პროგრამები და ეს რომ გავიგეთ, დავიწყეთ ფიქრი, ჩვენ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. სოფელი, სადაც ახლა ეს პლანტაციაა, ჩემი დედულეთია. მიწები, რომლებიც იქ შევიძინეთ, ჩვენი ძველისძველი მიწებია, და დავიწყეთ ლურჯი მოცვის გაშენება, რომელიც შხამქიმიკატებისა და ზედმეტი დანამატების გარეშე მოგვყავს. თავიდან 4 ჰექტარი გავაშენეთ, მერე თანდათან მივუმატეთ და ასე გავზარდეთ პლანტაცია.

ახალსოფლის მიწას მჟავიანობა აქვს, რაც ამ კულტურისთვის ზედგამოჭრილია. ანალიზის შედეგადაც შეესაბამებოდა ნიადაგის მონაცემები იმ მოთხოვნებს, რაც მოცვის მოყვანას სჭირდება. ამ კენკრამ ძალიან კარგად იხარა.

- როდისაა მისი დარგვა აუცილებელი და მისი მოვლის პროცესიც რას მოითხოვს?

- გვყავს აგრონომი-კონსულტანტები, უკრაინელი ანა ლუცკო და დავით ყურუა, მათი რეკომენდაციებით ვმუშაობთ. ისინი მოცვის ზრდა-განვითარებაში ძალიან გვეხმარებიან. დაყენებული გვაქვს ავტომატიზებული სარწყავი სისტემა. მოცვს საკვებად ბიოპროდუქტებს ვაწვდით, იმ ბიოსასუქებს, რომლებიც ევროსტანდარტებით არის დაშვებული.

ეს კულტურა მაის-ივნისში ირგვება. ისე, თუ სარწყავი სისტემა მოწესრიგებულია, ნებისმიერ დროს შეიძლება დაირგოს. გვქონდა ასეთი შემთხვევაც - შუა ზაფხულშიც დაგვირგავს, პაპანაქება მზეში ვმუშაობდით, მაგრამ ამის გამო კულტურას პრობლემა არ შეჰქმნია. ჩვენ კარგი სარწყავი სისტემა გვაქვს, მორწყვა მცენარეს ყოველდღიურად სჭირდება.

- 30 ჰექტარი მთლიანად ავტომატიზებულად ირწყვება?

- წყალი მდინარიდან ამოგვაქვს სპეციალური წყალსაქაჩით. ადგილზეა დიდი აუზი, 3 000 კუბურ მეტრზე, და სარწყავ სისტემას იქიდან მიეწოდება წყალი. წყალთან ერთად მოცვს ყოველდღიურად ვაწვდით საკვებსა და მინერალებს, მიწის მჟავიანობა იზომება და თუ დაბლაა დაწეული, ნიადაგი ხელოვნურად მჟავიანდება. შესაბამისად, იმ გარემოს ვუქმნით, რაც მცენარისთვისაა საჭირო.

ef701302-f278-4c07-b56c-06402b792789-1730138930.jpg

- ყვავილობას როდის იწყებს?

- მარტიდან იწყებს და მოსავალს მაისის ბოლოდან ვიღებთ. ამ პერიოდში, ფაქტობრივად, არც ერთ ქვეყანას არა აქვს მოცვის მოსავალი, ეს "ერთთვიანი ფანჯარაა", როდესაც შესაძლებელია ჩვენი პროდუქტის მსოფლიო ბაზრისთვის მიწოდება.

კრეფა ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ჯერჯერობით მაინც სატესტო მოსავალი გვაქვს - დაახლოებით 30 ტონამდე ვიღებთ. ნაკვეთი სრულად რომ დაიტვირთება, 300 ტონას ვვარაუდობთ.

g387-qvp-1730188597.jpg

- სად ყიდით?

- ევროპაზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ ევროპაში ჯერ არ გაგვიშვია, ამისთვის სათანადო რაოდენობაა საჭირო. ამჟამად მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაგვაქვს, კერძოდ, თბილისში. კონტრაქტები გვაქვს და ჩვენი პროდუქცია პირდაპირ ბაღიდან მიეწოდება.

- მოცვს, როგორც ყველა კენკრას, სათუთად მოკრეფა სჭირდება, რომ არ დაზიანდეს... ხელით კრეფთ?

- კი, თუმცა არსებობს სხვა გზებიც, მაგალითად, ტექნიკით, მაგრამ უმეტესად მაშინ გამოიყენება, როცა მოსავალი გადასამუშავებლად არის გამიზნული - მურაბებისთვის, კომპოტებისთვის.

- სამაცივრე სისტემა თუ გაქვთ?

- სამაცივრე კომპლექსს ახლა ვაშენებთ, რომელიც 200 ტონაზეა გათვლილი. მომავალი წლისთვის ჩადგება მწყობრში. ამავე კომპლექსში დავაფასოებთ პროდუქტს და შევინახავთ კიდეც. ამჟამად მხოლოდ იკრიფება, მაშინვე ნედლად იტვირთება და დანიშნულების ადგილზე იგზავნება.

- სამუშაო ადგილებიც შექმენით...

- 15 კაცია დასაქმებული, მაგრამ კრეფის პერიოდში წლეულს 100 ქალი დავასაქმეთ. სრული მოსავლიანობის შემთხვევაში 600-700 კაცი ყოველდღიურად იმუშავებს ჩვენს პლანტაციაში.

h-xm7yvk-1730188597.jpg

- მოსავლის დაკრეფის შემდეგ ბაღში რა პროცესი იწყება?

- იწყება გაწმენდა, გასხვლა და მცენარის მიძინების ეტაპამდე მიყვანა. გასხვლის დროს ჩვენი უკრაინელი აგრონომი ჩამოდის და იმ ყველაფერს უძღვება, რათა პროცესი სწორად წარიმართოს.

თავიდან, კულტურას კარგად რომ გავცნობოდით, დრო დაგვჭირდა. მთელ პროცესს საფუძვლიანად ვსწავლობდით, ვესწრებოდით სემინარებს. შეხვედრები გვქონდა გამოცდილ აგრონომებთან, მათგან კონსულტაციებს ვიღებდით. საქმის უკეთ შესასწავლად, გამოცდილების და მეტი ცოდნის მისაღებად უკრაინასა და პოლონეთშიც წავედით. დიდ მასალას გავეცანით და ბევრი რამ ვნახეთ, შევიძინეთ.

- იაფი აგროკრედიტით თუ ისარგებლეთ?

- ვისარგებლეთ, საკუთარი სახსრებიც გვქონდა და ბაღის გაშენება ასე შევძელით. მთავარია, საქმე დაიძრა, ხალხია დასაქმებული, კარგი ბაღია და კარგ საქმეს ვაკეთებთ - სასარგებლო პროდუქტი მოგვყავს.

ფაქტობრივად, ავითვისეთ გაჩერებული მიწები, რომლებიც წლების განმავლობაში არაფერს გვაძლევდა. მართლა კარგი პროდუქტი შემოგვთავაზა სოფლის მეურნეობის სააგენტომ, მთავრობამ და მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. თუკი ადამიანს ცოტა საშუალება მაინც აქვს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოცვი მოიყვანოს. ფაქტობრივად, შანსი გეძლევა, კარგი საქმე გააკეთო ქვეყნისთვის.

202aa415-4319-4dbe-8b9d-855673129af5-1730138930.jpg

- მუშაობისას მთავარი სირთულე რა იყო?

- თავიდან ის, რომ ქვეყანაში ამ კულტურის მასობრივად წარმოების გამოცდილება არ იყო, რათა ყველაფერი სწორად დაგვეგეგმა. ამიტომაც წავედით საზღვარგარეთ.

საერთოდ, მოცვი სამეგრელოში ადრე არც იყო, უმეტესად ციტრუსი, ჩაი, თხილი მოდის. მოცვის ნერგები 2011 წლიდან შემოვიდა და ზუსტად ის ნიადაგი, რაც სამეგრელოში გვაქვს, ამ კულტურისთვის შესაბამისი აღმოჩნდა, კარგად გაიხარა.

- მოცვის ჩაის წარმოებას ხომ არ აპირებთ?

- ჯერ რაც წამოწყებულია, ბოლომდეა განსავითარებელი, მერე კი მოცვის ჩაისთვის პატარა საწარმოს აშენებასა და პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე გატანაზეც ვიფიქრებთ.