გოგრის „რთველი“ გურიაში - კვირის პალიტრა

გოგრის „რთველი“ გურიაში

გოგრის დროა. ფერმერები და საოჯახო მეურნეობები ამ დღეებშიც იღებენ გოგრას, რომელიც 3-4 თვის განმავლობაში ძვირფასი კულინარიული მარაგია. არსებობს გოგრის საუკეთესო ქართული ჯიშები, რომლებიც დღემდე ჩაუნაცვლებელია და ქვეყნის ყველა რეგიონში მოჰყავთ, თუმცა ასევე შემოვიდა გოგრის ჰიბრიდული ჯიშებიც, რომლებიც მოსავლიანობითა და დაავადებისადმი მეტი მდგრადობით გამოირჩევა. ფერმერების არჩევანიც, ბუნებრივია, ახალი ჯიშებისკენ იხრება, რომელთაც გემოვანი თვისებები ქართული ჯიშებისგან ოდნავ განსხვავებული, თუმცა სასიამოვნო აქვთ. მიუხედავად იმისა, გოგრის უნიკალური თვისებების შესახებ ყველამ იცის, სამწუხაროდ, რომ გოგრის ნათესები სხვადასხვა მიზეზით იკლებს, რაც მომხმარებლისთვისაც პრობლემაა და ფერმერისთვისაც. გოგრის კულტურის შესახებ ჩოხატაურელი ფერმერი ელიზბარ კუბლაშვილი გვესაუბრება.

- გოგრას, სხვა დადებით მახასიათებლებთან ერთად, კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს, - ის ითესება სხვა კულტურებთან, მაგალითად, სიმინდთან ერთად. ამით მეორე კულტურასაც ამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით და სამეურნეო ტერიტორიაც ეკონომიურად გამოიყენება.

ელიზბარ კუბლაშვილი:

- ჩვენშიც, ვისაც კი გოგრა აქვს და პარალელურად სიმინდის ყანაც, გოგრა სწორედ მასთან აქვს შეთესილი და ცალკე ტერიტორიას არ აცდენს. ასე მიწასაც რაციონალურად იყენებს და პლუს სიმინდის კულტურა და გოგრა ნიადაგს სასარგებლო ნივთიერებებით კვებავენ, თანაც გოგრა არა მხოლოდ სიმინდთან, ლობიოსა და სოიასთან ერთადაც ითესება. მსგავს "ერთობას" იმერეთში ახლაც შეხვდებით საოჯახო ნაკვეთებში, გოგრის ხვიარები ხელს არ უშლის ლობიოსა და სიმინდის განვითარებას და არც სიმინდი ეღობება გოგრას დავარგებაში. მართალია, გოგრა სითბოს მოყვარული მცენარეა, მაგრამ მზე სიმინდის ყანაშიც მშვენივრად აღწევს. შემოდგომით ლობიოს, სიმინდსა და გოგრას თითქმის ერთდროულად იღებენ. საადრეო გოგრები აგვისტოს ბოლოსაც მოდის. ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმწიფებელი საგვიანო ჯიშის გოგრები კი სიმინდის აღების შემდეგ შესაძლოა ნაკვეთში რამდენიმე ხანს დატოვოთ. თუ თბილი შემოდგომა იქნება, გოგრა დამწიფებას ბოლომდე დაასრულებს. ქართული გოგრის ჯიშები უნიკალურია. ზოგი მათგანი ისეა ადგილობრივ პირობებს მორგებული, რომ სასარგებლო თვისებებს მოვლის გარეშეც ავლენს. ისეთი ჯიშებიც არსებობს, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ ადგილებში გალაღდება, მხოლოდ იქ აქვს ისეთი დამახასიათებელი გემოები, რომელთაც სხვაგან ვერ შეხვდებით. მაგალითად, გურიაში, სოფელ სურებში ერთ-ერთი ასეთი ქართული ჯიშია, რომელსაც თეთრულა გოგრას ეძახიან. ამის შესახებ მოსახლეობამ იცის და ჯიშებსაც ინარჩუნებს. ეს კარგია, თუმცა არ ნიშნავს, რომ ახალი ჯიშები არ უნდა მივიღოთ. ასე რომ იყოს, ვერაფერი განვითარდებოდა. ბოლო ეტაპზე ჩვენში შემოსული ჰიბრიდული ჯიშებიც კარგია, ადვილად უძლებს ნაცრის დაავადებას და მოსავალიც კარგი აქვს. მე, მაგალითად, ამ ჯიშებიდან "მატილდას" ვთესავ. ნარინჯისფერი, ასე ვთქვათ, "წელში გამოყვანილი" ჯიში, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი მოდის საქართველოში.

- დიახ, ძირითადად, ეს ჯიშია სუპერმარკეტებში გამოტანილი და გაზაფხულამდე იყიდება. ამასთან, იაფიც ღირს ყველა ბაღჩეულ კულტურასთან შედარებით.

- გოგრა სხვა ბაღჩეულ კულტურებთან შედარებით ყოველთვის ნაკლებფასიანი იყო, მით უფრო, რომ მასობრივი მომხმარებელი არ არის მიჩვეული გოგრის შეძენას, რაც ფერმერებისთვის მთლად კარგი არ არის.

- გეთანხმებით, გოგრა მასობრივად არ და ვერ გაიყიდება, თუმცა მისი ფასი ვინც იცის, მასზე არჩევანს აუცილებლად შეაჩერებს.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, სოფლის მეურნეობას ზოგადად და ზოგიერთ კულტურას აუცილებლად სჭირდება რეკლამირება, მათ შორის, გოგრასაც, რომელიც ასე სასარგებლოა. რატომ? ქართველები ეგზოტიკის მოყვარული ხალხი ვართ და ხშირად სასარგებლოს შეძენას გვირჩევნია შევიძინოთ პოპულარული და ამით საკუთარი თავიც მოვიწონოთ. კარგი იქნება, თუ ფერმერებიც ვიფიქრებთ ამაზე, თორემ, რაკი გოგრის რეალიზაცია ჭირს, შესაძლოა ბევრმა უარი თქვას მის მოყვანაზე, მით უფრო, რომ ერთი "ნაკლიც" აქვს. გოგრა ნოყიერი საკვებია, - მართალია, დიდი მასა საზამთროსაც აქვს და ისიც სასარგებლოა, მაგრამ საზამთრო მსუბუქი საკვებია, მას ცილები არ გააჩნია, გოგრა კი ცილოვანი და ცხიმოვანი კულტურაა და ერთ ჯერზე ბევრს ვერ შეჭამთ. ამის გამო, ჩემი აზრით, გოგრის "ნაკლი", ასე ვთქვათ, მისი მოცულობაა. დიასახლისი სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად რომ გამოვა, გოგრას რომ ხედავს ფიქრობს, როგორ წაიღოს და მერე ნაწილი როგორ შეინახოს, განსხვავებით საზამთროსგან.

625afff6-5080-44ea-bc25-9375faaa6e6e-1730138929.jpg

- და მაინც, გოგრა აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ. თქვენ ხომ მოგყავთ?

- დიახ, მომყავს, მაგრამ რეალიზება მეც მიჭირს. აი, ახლა, გოგრის სეზონზე, დარჩეული გოგრა კილოგრამი 20 თეთრად გავყიდე, სხვა დანარჩენი მასა კი 15 თეთრად. დამეთანხმებით, იმ შრომისთვის ძალიან ცოტაა, რომელსაც ამ საქმეში ვხარჯავთ.

ჩემთვის შეღავათი სწორედ ჩვენი წინაპრების წესია, რომელთაც გოგრა სხვა კულტურებთან ერთად მოჰყავდათ და ამით შრომასაც იადვილებდნენ და მიწასაც გონივრულად იყენებდნენ. მე პირადად გოგრას ხურმის ბაღში ვთესავ, ხურმასთან ერთად ვუვლი და ვრწყავ. ასე როგორღაც შრომისა და საკუთარი თავის დაზოგვაც გამომდის. იცით, კიდევ რა იქნებოდა გარანტია, რომ ჩვენთან ყველა კულტურა გონივრულად და ქვეყნისთვის საკმარისად მოვიდეს და ჭარბი მოსავლის გაფუჭებამ არ მოგვიწიოს? რა და, წინასწარი დაგეგმვა, როდის რამდენი კულტურა უნდა დაითესოს, რამდენია საჭირო ბაზრისთვის. შესაბამისად, მოსავალიც სრულად რეალიზდებოდა და ფერმერიც თავისი შრომის წილს მიიღებდა. რატომ არ შეიძლება წინასწარ ეს ჩვენთანაც გაკეთდეს, ისევე როგორც ევროპაში? რა თქმა უნდა, შეიძლება, ჩვენ კი, ჯერჯერობით, ამას ვერ ვაკეთებთ და ეს ცუდია.

სოფლად მშრომელი ადამიანი ყველაფერს ზოგჯერ უკონტროლოდაც რომ თესავს ხოლმე, დამეთანხმებით, ვერ გაამტყუნებთ. ჩვენ მიწის მოსავლით ვირჩენთ თავს და ვცდილობთ, ყველაფერში მოსავალი მივიღოთ, რათა შემოსავალი გვქონდეს.

- გეთანხმებით. ჩვეულებრივ პირობებში შენახული გოგრა იანვრის შემდეგ უკვე ლპება. მაცივარს არ იყენებთ გოგრის შესანახად?

- მაცივრის გამოყენება შეიძლება, რატომაც არა, ინახავს კიდეც საუკეთესოდ. თუმცა ამისთვისაც ხარჯი უნდა დაითვალო, იაფი არ ჯდება. ასე გოგრას როცა გაყიდი, თითქმის იმავე შემოსავალს იღებ, რასაც შემოდგომით, მოსავლის აღებისას. ასე რომ, ეს უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. თუმცა კი მეურნის შრომა, სიმძიმეებთან ერთად, იმედიანიც იმიტომ არის, რომ რომელიმე კულტურაში დაყოვნებას შესაძლოა მომდევნო სეზონზე პირიქით, ფასების აწევა მოჰყვეს. გოგრაზე თუ ერთ სეზონზე დავყოვნდებით და რაიმე მიზეზით არ დავთესავთ, მომავალში იქნებ ისეთი სეზონი მოვიდეს, რომ გოგრის მოყვანა შემოსავლიანი გახდეს. რაც შეეხება შემოსავალს, როგორც მოგახსენეთ, ვთესავ "მატილდას", რომელიც ჰექტარზე 50 ტონამდე მოდის. 1 კილოგრამის მოვლა-მოყვანისთვის დაახლოებით 15 თეთრი იხარჯება. თუ გავითვალისწინებთ, რომ გოგრას ხურმის ბაღში ვთესავ და მასთან ერთად ვუვლი, ჩავთვალოთ, რომ ასეთი ფასის "დაჯდომაშიც" მას ხურმაც ეხმარება. ზოგადად, მუშახელის ხარჯებთან ერთად, გოგრის მოყვანა ბევრს უფრო ძვირიც უჯდება. რეალიზაციის ფასებს თუ გავითვალისწინებთ, ჯერჯერობით, შემოსავალიც მცირეა. თუმცა, კიდევ ვამბობ, შეიძლება მოვიდეს სეზონი, როდესაც გოგრა შემოსავლიანი აღმოჩნდება. ამისთვის სამეურნეო გათვლებიც არის საჭირო.

- ასეა, თუმცა შესაძლოა ჯიშების გამოცვლაც აუცილებელია. ჩემთვის გასაოცარი აღმოჩნდა ის, რომ როდესაც თბილისში ერთ ცალ გოგრას 3 ლარადაც კი ვყიდულობ, იმერეთის ბაზრებზე იმავე ზომის გოგრა 6-7 ლარადაც კი ვერ შევიძინე, მეტი ღირს.

- გასათვალისწინებელი ინფორმაციაა. ამიტომაც მოწოდებაც კი არ არის საჭირო, რომ საქართველოში საოჯახო მეურნეობებში გოგრა ყველამ მოიყვანოს. ეს ისედაც იცის ჩვენმა მოსახლეობამ, მით უმეტეს, როგორც ვთქვი, სეზონსაც გააჩნია, ხოლო კულტურა რამდენად სასარგებლოა, ყველამ ვიცით, ჩვილობაშიც კი აჭმევენ ბავშვს გოგრას, რათა ჯანმრთელი გაიზარდოს.

ეთერ ერაძე