მარკეტოლოგი „რობინზონ  კრუზოს“ საოცარი თავგადასავალი ქიზიყში - კვირის პალიტრა

მარკეტოლოგი „რობინზონ  კრუზოს“ საოცარი თავგადასავალი ქიზიყში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ზურა ქადაგიშვილის მამულია. თბილისიდან წასულმა მარკეტოლოგმა 6 თვეში მამაპაპეულ მამულში საოცარი ამბები მარტომ დაატრიალა. ახლა საკუთარ თავს ხუმრობით რობინზონ კრუზოს უწოდებს, ეგ არის, რომ ზღვა არა მაქვს, აი, პამიდორი კი საკმარისადო. როგორ გადაიქცა ჩანაფიქრი რეალობად, ამის შესახებ ზურა ქადაგიშვილი მოგვითხრობს.

f525c90a-5aa1-4928-86a5-627ed314ffc3-1730139722.jpg

ზურა ქადაგიშვილი:

- საკუთარი თავის გამოცდა, რეალიზება, ბიზნესის შექმნა მინდოდა და ჩემი პროფესიით არა სხვისი საქმის, არამედ საკუთარის განვითარება. ყველაფერი მიმართული უნდა ყოფილიყო ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად, თან ქაოსური თბილისიდან დისტანცირება, ბუნებასთან სიახლოვე, სიმშვიდეც არ არის ურიგო.

- თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ხართ, პროფესიული გამოცდილებაც გაქვთ, მაგრამ მამა-პაპის მიწას დაუბრუნდით...

- მამა-პაპის მამულში დავბრუნდი და ეკოქიზიყს ჩავუყარე საფუძველი - ჩემს პროექტს ასე დავარქვი. ერთ ნაკვეთზე ადრე ბაღჩა იყო, რომელსაც ბებია და პაპა ამუშავებდნენ. ამ ნაკვეთის 20%-ზე ადრე დარგული ხეხილი დამხვდა. ბავშვობაში გარკვეულ დროს აქ ვატარებდი და ის დღეები გონებაში ტკბილად მქონდა ჩაბეჭდილი. მათი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გული სულ აქეთ მომიწევდა. ჩემი ჩანაფიქრის შესახებ მშობლებსა და მეუღლეს ვუთხარი. მერე სამი თვის განმავლობაში თითქმის ღამეები არ მეძინა - ვფიქრობდი, რა და როგორ დამეწყო. მეუღლის მხარდაჭერა მქონდა - მიხვდა ჩემს სულისკვეთებას, რა მამოძრავებდა. მაღაროში 2 აპრილს ჩამოვედი და შევუდექი საქმეს. ფაქტობრივად, ცარიელი ადგილი იყო, სადაც მხოლოდ ხეხილი იდგა. აქაურობა ჯუნგლებს ჰგავდა - არანაირი ცივილიზაცია და კომუნიკაცია. წინასწარ ვიზრუნე ელექტროენერგიასა და წყალზე, შემდგომ კი შიდა პერიმეტრზე თვითონ დავქსელე.

e527382a-5cf1-4db3-b9f8-2fb601676801-1730139722.jpg

- ამ დროს სად ცხოვრობდით?

- ჩემი ბიძაშვილი სახლობს აქ და 10 ღამე მას შევეფარე. ზუსტად მაგ დროს ავაშენე 9 კვმ-იანი საცხოვრებელი ფართობი, რომლის ღირებულება 600 ლარს არ აღემატება. თავიდან მიწაზე "პადდონები" (პალეტი, იგივე ქვეში. - რედ.) დავაწყვე, შემდეგ ხის კარკასი ავაშენე, მთლიანად ცელოფანი გავაკარი, ბოლოს კი ყველაფერი ჩიხით (ჩალა კახურ დიალექტზე. - რედ.) მოვაპირკეთე, რაც ბუნებაში მოვიპოვე, ხელმისაწვდომი იყო და გარემო არ დამიზიანებია. შიგნით, სივრცეში, პალეტებზე 9 კვმ კარავი ჩავაშენე, იატაკზე ლინოლეუმი დავაფინე, ზემოდან - ხალიჩა. პალეტებისგან საწოლები და კომპიუტერის მაგიდა შევქმენი. არ მაწუხებს ნესტი, მწერები, სითბო და სისუფთავეა. ამ საქმეში ჩემი ბიძაშვილი მეხმარებოდა. მერე სველი წერტილიც გავაკეთე... ამ 6 თვეში აქ თუკი რამე აშენდა და გაკეთდა, 20 დღე გამოდის, როცა სხვადასხვა საქმეში ხელი წამახმარეს, დანარჩენი მარტომ გავაკეთე.

- ფიზიკური შრომა, პამიდვრის მოყვანა, მენეჯმენტი, სოციალური სივრცის მართვა - ყველაფერს მარტო უძღვებოდით?

- კი და დღემდე ასეა. გაკვირვებული მიყურებდნენ, ვერ იგებდნენ, რატომ ვწვალობდი, რა მინდოდა. კახურად ამბობდნენ, ვერ გავიგეთ, ეს პატარა ბიჭი რითვინ გამაიქცა ქალაქიდან, რა კურდღლის გალია, რი ბოსტანი, რა წვეთოვანი სისტემა, რი პამიდორი მაინდომაო?!

18226a2d-c382-4f00-851c-52ea9d8995cc-1730139722.jpg

- პამიდორი რა ფართობზე გააშენეთ?

- 800 კვმ-ზე 1100 ძირია და მთელ ფართობზე წვეთოვანი სისტემაა. ვაშენებდი სამზარეულოსაც, რადგან ამის საჭიროებაც გაჩნდა. ხან წვიმა იყო, ხან ქარი, მაგიდა არ მქონდა და საშინელება იყო. ვაკეთებდი კურდღლის გალიებსაც, საცხოვრებელსაც ნიფნიფასა და ნუფნუფასთვის.

15 ბოცვერი, 30 ფრთა ქათამი და 2 გოჭი მოვიყვანე და გავზარდე. მყავს ორი ზრდასრული ცხენი და ერთი კვიცი. ჩემი მეგობრები არიან, დიდ მოტივაციას მაძლევენ...

მინდოდა პამიდორი ქართული ჯიშის ყოფილიყო და არა ჰიბრიდული. ამიტომ მაქვს საქობო-კარდენახულას ჯიში - წითელი და ვარდისფერი. მიზანი იყო ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა, ყველანაირი შხამქიმიკატის გარეშე. მერე სპონსორიც გამოჩნდა, ბიოლოგიური დაცვის ცენტრი, რომელმაც ბიოპრეპარატებით მომამარაგა. ამ ყველაფრის გამოცდილება არ მქონდა, ვსწავლობდი და ისე ვაკეთებდი.

- აჩვენეთ, რომ ერთ კაცს ამდენი საქმის ერთად კეთება შეუძლია.

- კი და ეს დავანახე კიდეც ვიდეოების საშუალებით... როდესაც პროდუქტის მომხმარებლისთვის შეთავაზების დრო მოვიდა, სოციალური პლატფორმები გამოვიყენე, მათ შორის საკუთარი იუთუბარხი. მანამდე ყველა ჩემი ნაბიჯი, 2 აპრილიდან დაწყებული, ასახული მქონდა ვიდეოებში. ამ საქმეში ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა. მომხმარებელს პროდუქტი მივაწოდე, შეკვეთას მაძლევდნენ და კვირაში 2-ჯერ თბილისში ჩავდიოდი, პროდუქტი სახლის კარამდე მიმქონდა, რათა მომხმარებელს პირადად ვენახე და შეკითხვებისთვისაც პასუხი გამეცა.

98bd35a2-8506-4600-8df7-a1962d330fc1-1730139722.jpg

- პამიდვრის მოყვანა როგორი აღმოჩნდა?

- ურთულესი. ამ დროს რამდენიმე პროცედურასთან გვაქვს საქმე - ბალახთან ბრძოლა, წვეთოვანი სისტემისთვის თვალყურის დევნება, მორწყვა, შეყელვა (აბმა). ამ პროცედურამ 1100 ძირზე 5-ჯერ მომიწია. ყოველ კვირა ბიოპრეპარატებით მავნებელს ვებრძოდი. ზარალი მაქსიმუმ 5% გამოვიდა...

ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ვართ, ამიტომ პამიდორი გვიან შემოდის და გვიან ილევა. ოქტომბერში დამწიფებას ვეღარ ასწრებს. ახლაც ტემპერატურა რომ დაეცა, პროდუქტი რომ არ დაშავებულიყო, მწვანე დავკრიფე და კახური ტრადიციული მეთოდებით დავამწნილე. ამასაც მალე შევთავაზებ მომხმარებელს. იყო შეცდომებიც, მათი 20%, ალბათ, ჩემი, 40-50% კი გარემო პირობების გამო მოხდა. მეტი მოსავალი უნდა მომეწია, მაგრამ ვეცდები შეცდომები გამოვასწორო.

d1bfc84d-fa92-4432-96f1-a0a285a52fe0-1730139722.jpg

- გოჭებს რა ბედი ეწიათ?

- თითოეული 15 კილოგრამს იწონიდა და 5 თვეს ნიფნიფასა და ნუფნუფას მხოლოდ დაღერღილ ქერსა და ხორბალზე ვზრდიდი. ეს მიმართულება თავიდან ოჯახისთვის მინდოდა, თუმცა მერე დავტესტე, ხორცით დაინტერესება თუ იქნებოდა. ერთი ღორის ცოცხალმა წონამ 100 კილოგრამამდე მიაღწია და ჩემმა მომხმარებლებმა შეიძინეს.

5d51341c-836c-4e36-8616-27dce1fe5b17-1730139721.jpg

- თქვენს საქმიანობას ტურისტული მიმართულება დაამატეთ?

- ზაფხულში აქ არ არის შემაწუხებელი სიცხე. საოცარ ბუნებაში ვართ, სასწაული გარემოა - ალაზნის ველის, კავკასიონის მთების ხედები და აქედან გამომდინარე შევქმენი კემპინგი. ამანაც გაამართლა - აქაურობას უკვე ექვსი ქვეყნის მოქალაქე სტუმრობდა. სიღნაღიდან ხუთ კილომეტრში ვართ, იქამდე საცხენოსნო გზით ვათვალიერებთ ღირსშესანიშნავ ადგილებს. იმავე მიმართულებით მაქვს ტური კვადროციკლით, მხოლოდ მათ ვქირაობ. შიდა ტურიზმსაც ვუმასპინძლე, ადგილობრივებს. ისეთი ტერიტორია შევქმენი, რომ სხვადასხვა ღონისძიებისთვის გამოვიყენო. თბილისიდან ბავშვების ორი ექსკურსია მივიღე, ორი დაბადების დღეც გადაიხადეს... ზაფხულში მეუღლე და ბავშვიც ჩამოვიდნენ და ვცხოვრობდით ასე, რობინზონ კრუზოს სასახლეში.

f525c90a-5aa1-4928-86a5-627ed314ffc3-1730139722.jpg

- მოკლედ, დაამტკიცეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

- ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, ნუ წავლენ ემიგრაციაში, აქ შეიძლება საქმის გაკეთება. ამ გზაზე ბევრი სირთულეა, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. თუკი ვინმეს ახალგაზრდებიდან არაპერსპექტიული სამსახური აქვს, ან ვინმეს სოფელი აქვს მიტოვებული, მიუბრუნდნენ მეურნეობას. ჩემს პროექტს ორი აიფონით დაწყებულ ბიზნესს ვუწოდებ. აქ დახარჯული თანხით ორი აიფონი მოვიდოდა (მშენებლობისთვის ძირითადად მეორეული მასალა გამოვიყენე). მარკეტინგულად რომ ვთქვა, ქურაზე დიდი ქვაბი დავდგი და ბევრი ინგრედიენტი ჩავყარე - საინტერესო ფორმულა გამოვიდა.

ერთსაც ვიტყვი - აქვე შშმ პირების სახლია, მათ ჩემი მოსავლითაც დავეხმარე და 2025 წლის გაზაფხულიდან ამ ბავშვებს სამთვიან უფასო აგროკურსს ვთავაზობ, შემდეგ კი დასაქმებასაც შევთავაზებ. მართალია, ხუთი კაცის საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ეს შესაძლებელია. მთავარია მონდომება, ნებისყოფა და მიზანდასახულობა.