გია ხუხაშვილის მძიმე "წინასწარმეტყველება" - "დაიწყება სასანქციო პოლიტიკა, შეიძლება შეჩერდეს უვიზო რეჟიმი და სისტემა დაიწყებს რყევას"
როგორ განვითარდება საქართველოში პოლიტიკური პროცესები, რა შედეგს მოიტანს ოპოზიციის პროტესტი, რა როლი უკავია ამ ყველაფერში სალომე ზურაბიშვილს და რა რეაქცია ექნება დასავლეთს საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე? - ამ თემებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
- ბატონო გია, ოპოზიციამ გუშინ გამართა საპროტესტო აქცია და აცხადებს, რომ არ ცნობს ამ არჩევნების შედეგებს, რადგან მიაჩნია, რომ გაყალბებულია, რა შედეგს მოიტანს მსგავსი აქციები?
- შედეგზე საუბარი წინასწარ ძნელია. თუმცა ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო მძაფრდება სიტუაცია. ის, რომ ეს არჩევნები იქნა გაყალბებული, ამის უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება. ასე რომ, ჩვენ ახლა ვართ კრიზისში და ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამწვავდება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ახლა ყველაზე მთავარია, ჩვენს პარტნიორებს დავანახოთ გაყალბების მასშტაბი, რომ ეს ატარებდა სისტემურ ხასიათს, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა არჩევების შედეგები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი უბრალოდ კრიტიკული შეფასებებიდან გადავლენ ქმედებებზე, გაქარწყლდება ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუკი იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაალაგებს ურთიერთობას ევროპასთან და ზოგადად - დასავლეთთან.
მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი პარტნიორებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ დაიბრუნებს ძალაუფლებას. იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულებები საკმარისი იქნება იმის სამტკიცებლად, რომ ხელისუფლებამ მოახდინა ძალაუფლების მიტაცება, ეს ნიშნავს - ხელისუფლებამ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და ხალხი აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს. მათ ჩამოართმევს ხელისუფლებას და დროებით დაიბრუნებს ძალაუფლებას. ეს არის აბსოლუტურად კონსტიტუციური პროცესი და ამის შემდეგ ან რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ან რამე სხვა იქნება. თუმცა იმისთვის, რომ ამ წერტილამდე მივიდეთ, რაღაც გზა იქნება გასავლელი. არჩევნების გაყალბების დოკუმენტურად დადასტურება დასავლეთისთვის არის უმნიშვნელოვანესი. დასავლეთი ხომ არ არის რუსეთი, რომ უაპელაციოდ რაღაცას აკეთებდეს. დასავლეთი დიდი პასუხისმგებლობით უდგება ამ ყველაფერს. ის ითხოვს მტკიცებულებებს. ამ მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი შეგროვებულია და კიდევ გროვდება. დასავლეთის პოზიცია ამის შემდეგ თუ იქნება ცალსახა, ამას მოჰყვება უკვე ხელისუფლების გაფრთხილება და სასანქციო პოლიტიკა. დროებით შეიძლება შეჩერდეს უვიზო რეჟიმი და, ასევე, სხვა მკაცრი ნაბიჯები იქნას გადადგმული, რასაც უკვე მოჰყვება ის, რომ სისტემა დაიწყებს რყევას. ბიძინა დგას სისტემაზე, სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც დაინახავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფრის გამკეთებელი არ არის და ისინი გადადგამენ ნაბიჯს. ამ სისტემაში მყოფ ადმიანებს ჰყავთ შვილები, მათაც უნდათ ევროპაში და სისტემაში რყევები რომ დაიწყება, ყველაფერი დამთავრებული იქნება. ბიძინას გამოეცლება საფუძველი და რა უნდა ქნას? - ერთადერთი გზა რჩება, რომ - დანებდეს.
- მმართველი პარტია არ აპირებს დანებებას, ის ზეიმობს გამარჯვებას. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ საქმე აქამდე მივიდეს?
- აქამდე რომ მივიდეს ოპოზიცია, ამისთვის ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს საკმარისზე მეტი, რომ მთელ მსოფლიოს დავანახოთ გაყალბების მასშტაბები. ოპოზიციამ ხალხში უნდა მოიპოვოს ნდობა - თავს ნუ მოვიტყუებთ, ხალხს მხოლოდ ხელისუფლებასთან კი არა, პრეტენზიები აქვს ოპოზიციასთანაც. ამომრჩეველს ოპოზიცია ჰპირდებოდა, რომ მათ ხმებს დაიცავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ დაიცვეს. შესაბამისად, მას სჭირდება, რომ ეს ნდობა, ეს ხიდი აღადგინოს ხალხთან და ხალხში დააბრუნოს რწმენა იმის, რომ ოპოზიცია არის ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც სამართლიანობის აღდგენა შესაძლებელია. ასე რომ, ოპოზიციას ძალიან დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. მე ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნოდ იზარმაცეს და სრულფასოვნად არ გააკეთეს ის, რაც გასაკეთებელი ჰქონდათ. ახლა, ამ კრიტიკულ ვითარებაში მაინც შეძლონ და რაღაცნაირად მოახდინონ თვითრეაბილიტაცია და ქვეყანა გამოიყვანონ ამ სახიფათო სპირალიდან.
- თქვენ ამბობთ, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტები, შეძლებს ოპოზიცია, ამ კუთხით დაალაგოს ისეთი მტკიცებულებები, რომ გაყალბებაში ყველა დარწმუნდეს?
- დოკუმენტების მოპოვება რთული იქნება, მაგრამ როგორც ვიცი, ბევრი მტკიცებულება უკვე არსებობს. არ არის აუცილებელი, ყველა დარღვევა იყოს აღრიცხული. თუნდაც ვერიფიკაციის პრობლემებთან დაკავშირებით, კარუსელთან დაკავშირებით და, ასე შემდეგ, ისეთი მტკიცებულებები უნდა დაიდოს, საიდანაც შეიძლება ცალსახა დასკვნის გამოტანა, რომ ესა და თუ ის დარღვევა ატარებდა სისტემურ ხასიათს. ამას სჭირდება მტკიცებულებების რაღაც რაოდენობა. მაგალითად, 100 ვიდეო საკმარისია იმისთვის, რომ დაამტკიცო სისტემური დარღვევები. ეს აბსოლუტურად რეალურია.
- დასავლეთის მხრიდან გაკეთებული შეფასებები გაძლევთ იმის საფუძველს, თქვათ, რომ შეიძლება, ბრიუსელი და ვაშინგტონი რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდნენ?
- ჯერჯერობით დასავლეთი თავშეკავებულია ზუსტად იმ მიზეზით, რაც მე ახლა გითხარით. მათ სჭირდებათ საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ცალსახა დიაგნოზი დასვან. როდესაც ისინი დარწმუნდებიამ იმაში, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, დაიწყებენ აქტიურ მოქმედებებს.
- ოპოზიცია აცხადებს, რომ არ ცნობს ამ არჩევნების შედეგებს და არ შევა პარლამენტში...
- ეს არის ტაქტიკის თემა, ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობით, შევა ოპოზიცია პარლამენტში თუ არა, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათი უფლებამოსილება მაინც იქნება ცნობილი. თუ დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის რომ ეს პარლამენტი საერთოდ არ შედგეს, იქ შესვლაზე ლაპარაკი ახლა უსაგნოა. პარლამენტი თუ არ შედგა, სად უნდა შეხვიდე?! ჩვენ ხომ ჯერ ამ ეტაპზე ვართ. აქედან გამომდინარე, ეს რიტორიკა, ამაზე აქცენტების გადატანა და ფეხების ბაკუნი, დღის წესრიგიდან უბრალოდ უნდა მოიხსნას. ჯერ ამაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია...
- მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი დაიწყებენ საპარლამენტო საქმიანობას და არ აპირებენ ოპოზიციას მოუსმინონ. ამტკიცებენ, რომ დამაჯერებლად მოიპოვეს გამარჯვება....
- ხელისუფლებას უნდა ეს პროცესები გადააგოროს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. გააჩნია, რა ფორმებს შეიძენს ეს ყველაფერი და რამდენად ყრუ იქნება ხელისუფლება. კიდევ ვამბობ, ბევრი რამ ჯერ წინ არის, ტემპერატურა აიწევს და შეიძლება რადიკალიზაციის ხარისხი გაიზარდოს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ ამ ეტაპზე.
- გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ოპოზიცია სიტუაციის ისე წარმართვას შეძლებს, რომ ვერ შედგეს ეს პარლამენტი?
- ასეთი პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. ეს არ არის ცალსახა პროცესი, საიდანაც რაიმე დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. უბრალოდ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, მარტო პარტიებზე არ არის აქ ლაპარაკი, აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარების ვექტორზე. ჩვენ ახლა ვირჩევთ ჩვენი შვილების მომავალს. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის ფასი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი პარტია ან ნებისმიერი ხელისუფლება.
- "დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების. დრო არის იმის, რომ ჩვენ ძალიან წყნარად, ძალიან შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა", - ასე მიმართა გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ქართული ქარტია" და საქართველოს ევროპული გზა არის ერთადერთი გამოსავალი და ალტერნატივა. რა როლი უნდა შეასრულოს ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილმა?
- პრეზიდენტს ყოველთვის ცენტრალური როლი ეკავა. სამწუხაროდ, მას არ ჰქონდა აღიარება ოპოზიციური პარტიების მხრიდან და ამას მეც მუდმივად ვითხოვდი, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო მთელი ამ პროცესის ლიდერი. თითქოს ყველაფერზე ხელს უწერდნენ, მაგრამ პოლიტიკურად მათგან პრეზიდენტს არ ჰქონდა აღიარება. ეს იყო დიდი შეცდომა. მისი როლი უმნიშვნელოვანესია დღეს. ის დგას ამ პროცესის ცენტრში ცალსახად და უნდა გააგრძელოს მოქმედება.
- რას ურჩევთ ოპოზიციას?
- იმუშაონ... მეტი პასუხისმგებლობით და ცივი გონებით მიუდგნენ ამ ყველაფერს. წარმოადგინონ მოქმედების კონკრეტული გეგმა. მარტო ადამიანების ემოციებზე არ უნდა ითამაშონ. ხალხი იმ განწყობით მივიდა არჩევნებზე, რომ ეს ხელისუფლება წავიდოდა, ხალხს შეჰპირდენ, რომ მათ ხმებს დაიცავდნენ, მაგრამ ვერ დაიცვეს. ერთი იმედგაცრუება უკვე შედგა. ერთი შეცდომა ხალხმა შეიძლება გაპატიოს, მაგრამ -სულ არ გაპატიებს.
(სპეციალურად საიტისთვის)