"ეს იყო პაროლი, რომ ამომრჩეველი მათი კაცი იყო... კარუსელების ახალი სქემაც ჰქონდათ" - ვახტან ხმალაძის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

"ეს იყო პაროლი, რომ ამომრჩეველი მათი კაცი იყო... კარუსელების ახალი სქემაც ჰქონდათ" - ვახტან ხმალაძის სკანდალური განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა რუსული მეთოდებით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები ყველა დარღვევის სრულ გამოძიებას ითხოვენ. ამ პოზიციას არ იზიარებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. იქნება თუ არა ოპოზიციის გარეშე პარლამენტი ლეგიტიმური, შესაძლებელი იყო თუ არა, ახალი ტექნოლოგიების ფონზე, არჩევნების გაყალბება, როგორი იქნება ამ ყველაფერზე დასავლეთის რეაქცია? - ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვესაუბრება.

- ჯერ კიდევ საკითხავია, შედგა თუ არა არჩევნები. დღეს საჩივრების შეტანის ვადა მთავრდება, ხვალიდან განხილვა დაიწყება. არ მაქვს იმედი, რომ ზემდგომი საარჩევნო კომისიები - ცესკო და საოლქო ან საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები ამ სარჩელებს დააკმაყოფილებენ. შეიძლება, სურათის შექმნის მიზნით, თითო-ოროლა სარჩელი დააკმაყოფილონ - სულ ეს იქნება. მე რაც ვნახე და მოვისმინე, იმის მიხედვით, შემიძლია დავასკვნა, რომ არჩევნები სისტემურად, კარგად დაგეგმილი, სხვადასხვა მეთოდით გაყალბდა.

- როგორ გგონიათ, ოპოზიციონერი ლიდერები გულწრფელები იყვნენ, როდესაც ირწმუნებოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს ვერ გააყალბებდა? თუ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ?

- რაც დაზუსტებიც ვიცი, არის ის, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით, ამჯერადაც გამოიყენეს ტრადიციული მეთოდები - ადმინისტრაციული რესურსი და ზეწოლა განახორციელეს საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. იყო მოსყიდვის ფაქტები, როგორც არჩევნების წინ, ასევე - არჩევნების დღეს. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველს მარკირებას არ უკეთებდნენ. უფრო სწორად ეკითხებოდნენ, უნდოდათ თუ არა მარკირების გაკეთება. არადა, მარკირება სავალდებულოა. ეს კითხვა ერთგვარი პაროლივით იყო. მარკირებაზე უარის თქმა ნიშნავდა იმას, რომ ამომრჩეველი მათი კაცი იყო. ასეთი ფაქტების არა ერთი თვითმხილველი არსებობს.

- პირადად თუ ესაუბრეთ ასეთი ფაქტების თვითმხილველებს ან თავად თუ შეესწარით დარღვევების შემთხვევებს?

- დიახ, სხვადასხვა ადგილზე მყოფ დამკვირვებლებისგან მივიღე ასეთი ინფორმაცია. ამასთან, კითხვა მარკირების გაკეთებასთან დაკავშირებით, თბილისში, ვერაზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჩემს დას და სიძეს დაუსვეს. ჩემთვის ასეთი კითხვა არ დაუსვამთ. რა თქმა უნდა, ასეთ კითხვებს არ დაუსვამდნენ საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებს.

- ექსპერტთა ნაწილი გაყალბების ახალ სქემებზე საუბრობს...

- სხვათა შორის, კარუსელის დატრიალების ახალი სქემა ჰქონდათ, რაც ადრე არასდროს მინახავს. არჩევნების წინ არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანებს მასობრივად ართმევდნენ პირადობის მოწმობებს და, ასევე, სთხოვდნენ ახლობლების პირად მონაცემებს. ჩნდებოდა კითხვა, თუ რაში სჭირდებოდათ სხვა ადამიანების პირადი მონაცემები? როგორც ახლა გაირკვა, პირადობაჩამორთმეული ადამიანები თავად ვერ მონაწილეობდნენ არჩევნებში, სამაგიეროდ, მათი პირადობებით სხვა ადამიანები მიდიოდნენ, წინასწარ შეთანხმებულ საარჩევნო უბნებზე, რომლებსაც ადგილზე მმართველი გუნდის მიერ მოსყიდული რეგისტრატორები ხვდებოდნენ, თვალს ხუჭავდნენ სხვისი პირადობის მოწმობებით მისული ადამიანების დანაშაულზე.

იყო კიდევ ასეთი ფაქტები - ზოგიერთი ამომრჩეველი უბანზე მიდიოდა პასპორტით, რომელშიც პატარა ფურცელზე ჩამოწერილი სია ედო. ამ სიაში ემიგრანტებისა და იმ ადამიანების პირადი ნომრები ეწერათ, რომელთა შესახებაც დაზუსტებით იცოდნენ, რომ არჩევნებში არ მონაწილეობდნენ. საინტერესო ის იყო, რომ ასეთი მიზნებისთვის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის პირად მონაცემებს იყენებდნენ. ამით „ქართული ოცნება“ ორმაგ სარგებელს იღებდა, ერთი მხრივ, ოპოზიციას აკლებდა ხმას და მეორეს მხრივ, თავად იღებდა ხმას იმ ადამიანისგან, რომელიც მისი ამომრჩეველი არ იყო. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი იყო. ჩემი ინფორმაციით, საჩივრების რაოდენობამ ექვსასს გადააჭარბა.

- შესაძლოა, მოსყიდულ რეგისტრატორს მართლაც დაეშვა საარჩევნო უბანზე სხვისი პირადობის მოწმობის მქონე ამომრჩეველი, მაგრამ ამას დამკვირვებელი ხომ შენიშნავდა?

- სხვათა შორის, იყო კიდევ ერთი დარღვევა - სარეგისტრაციო მოწყობილობები იმგვარად იყო განლაგებული, რომ დამკვირვებელს ვერ დაენახა აპარატიდან გამოსული ფოტო და, შესაბამისად, ის ვერ ახერხებდა სხვისი პირადობის მოწმობებით მოსული ადამიანების იდენტიფიცირებას. ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი. ე.ი. გაყალბებისთვის ძალიან ბევრი სხვადახვა მეთოდი იყო გამოყენებული. კანონის მიხედვით, თუ ბათილად ცნობილი საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა რაოდენობა მთლიანად არჩევნების მონაწილეთა 10%-ს შეადგენს, ბათილად ცნობილ უბნებში განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ სასამართლოებმა ამდენი უბანი ცნონ ბათილად. თუმცა, დარღვევების ასეთი დიდი რაოდენობა უკვე თავად არჩევნების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვის ქვეშ.

- არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ არ აყენებს მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, ამ მონაცემებით კი „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი ერგება.

- რამდენი მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“, ამის ზუსტი თქმა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც საარჩევნო დავების განხილვა დასრულდება და სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს. დღეს არსებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, არ ველი იმას, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლობა აღმოჩნდეს ნახევარზე ნაკლები, ხოლო თუ ნახევარზე მეტი იქნება, ათი დღის ვადაში, მას შემდეგ, რაც ცესკო გამოაცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგებს, უნდა გაიმართოს პარლამენტის პირველი სხდომა. ამ სხდომის თარიღი პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

- უკვე ცხადია, რომ პრეზიდენტი სხდომას არ დანიშნავს.

- დიახ, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი მაინც შეიკრიბება და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საკმარისია სხდომათა დარბაზში იჯდეს 76 წევრი. ეს რაოდენობა „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, თუ რაიმე ისეთი არ მოხდა ამ დარჩენილი დღეების განმავლობაში, რაც არსებითად შეცვლის და თავდაყირა დააყენებს შედეგებს. ერთი კენჭისყრით ხდება პარლამენტის ყველა არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობა. კანონის მიხედვით, უფლებამოსილების ცნობამდე, პარტიას არ აქვს უფლება, გააუქმოს თავისი პარტიული სია და არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს აქვთ უფლება, მოხსნან თავიანთი კანდიდატურა. როგორც კი პარლამენტი ცნობს 150 წევრის უფლებამოსილებას, პარტიას აღუდგება პარტიული სიის გაუქმების უფლება, ხოლო პარლამენტის წევრებს, რომელთა უფლებამოსილებაც ოფიციალურად იქნება დადასტურებული, ექნებათ უფლება, გადადგნენ, მაგრამ ამ გადადგომის მოთხოვნასაც კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა. ჩემი შეფასებით, ეს არასამართლიანი ფორმაა. თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ჩვენ მაინც გვეყოლებიან ფორმალური პარლამენტარები.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე