"მათი იურისდიქცია არ არის საქართველოში არჩევნების გამოძიება, თუმცა პირდაპირი იურისდიქციაა Edison Research-ის მიერ საქართველოში ეგზიტპოლების გაყალბების გამოძიება"
საშინაო გამოძიებას, რას ერჩიან? საშინაო რომ იყოს, რა პრობლემაა? - მათი იურისდიქცია არ არის საქართველოში არჩევნების გამოძიება, თუმცა მათი პირდაპირი იურისდიქცია არის Edison Research-ის მიერ საქართველოში ეგზიტპოლების გაყალბების გამოძიება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რომ ქართული ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები ითხოვენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველაფერთან დაკავშირებით „ძალიან კარგი საშინაო გამოძიება აქვს“.
„საშინაო გამოძიებას, რას ერჩიან? საშინაო რომ იყოს, რა პრობლემაა? [საშინაო გამოძიებას] რატომ არ ენდობიან? ასე არ ენდობოდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასამართლოს, ასე არ ენდობოდნენ გვარამიას, მელიას, სააკაშვილის საქმეებზე. ხომ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები სასამართლოს მიმართ, ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მის მიმართ ბრალმდებლები იყვნენ მტყუანი. ანუ ჩვენ ძალიან კარგი საშინაო გამოძიებები გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, თუკი რაიმე საჭირო არის და უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება საჩივრების განხილვა ცესკო-ში. ამას ყველა ნახავს და დააკვირდნენ და ნახონ, კმაყოფილები იქნებიან თუ არა ამ განხილვებით.
რასაც საერთაშორისო გამოძიება სჭირდება, რაც ნამდვილად არის მათი იურისდიქციაში და შეუძლიათ - პირველი, გამოიძიონ ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ეგზიტპოლის გაყალბება. ხომ დადასტურდა, რომ ეს გაყალბებულია, თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ გაყალბებულია? ახლა გამოიძიონ, რატომ გაყალბდა, ამის უკან იდგა პოლიტიკური კორუფცია და გავლენები, ფულით კორუფცია და ქრთამი, თუ რა იდგა. ფაქტია,რომ ეს იყო გაყალბებული ეგზიტპოლი და Edison Research-მა შეასრულა ის როლი, რაც ISFED-ს 2020 წელს, როდესაც ციფრების აცდენით არეულობა უნდა შემოეტანათ საზოგადოებაში. პირველი, შეუძლიათ Edison Research-ის გამოძიება, მათ იურისდიქციაშია და კი ბატონო, გვაჩვენონ, ობიექტური გამოძიება, რა არის. რამდენი ხანია, ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ვალად ადევს ამერიკის ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს 2020 წელს, პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით სინამდვილეში, რა ხდებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა და როგორც აღნიშნა, დადასტურებულად იციან, „ისფედმა“ რიცხვები, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში ავრცელებდა, იყო ცრუ და მაინც ავრცელებდა, რითაც შედეგებს აყალბებდა.
„აი, ამის გამოძიება კი ნამდვილად შეუძლია სენატსაც, კონგრესსაც, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ გამოძიებისკენ. მათი იურისდიქცია არ არის საქართველოში არჩევნების გამოძიება, თუმცა მათი პირდაპირი იურისდიქცია არის Edison Research-ის მიერ საქართველოში ეგზიტპოლების გაყალბების გამოძიება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და „ყველა დარღვევის სრული გამოძიების“ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს“, - განაცხადა მილერმა.
IPN