"მთავარი, რაც ეუთო/ოდირის მხრიდან ითქვა ისაა, რომ არჩევნები შედგა - ამ არჩევნებში დამარცხდა არა მხოლოდ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, არამედ მათი უცხოელი მფარველებიც"
მთავარი, რაც ეუთო/ოდირის მხრიდან ითქვა ისაა, რომ არჩევნები შედგა - ესაა ერთადერთი რელევანტური დასკვნა, სხვა დანარჩენი პოლიტიკური განცხადებებია - განსაკუთრებით უცხოელი აქტორების საყურადღებოდ: ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი, ეს არის დემოკრატია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არჩევნებზე ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო შეფასებებს.
მისი თქმით, ვიღაც შეიძლება გაწბილებულია იმით, რომ მათი ფავორიტი ჯგუფები არ აირჩიეს, მაგრამ „დემოკრატია ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი უნდა მიიღონ“.
„ევროპარლამენტის მისიაც იყო დამკვირვებელი, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტი თავად ჩაერია არჩევნებში, როდესაც არჩევნებამდე ცოტათი ადრე რეზოლუცია მიიღო და, ფაქტობრივად, ქართველ ხალხს ამით მოუწოდა და მიანიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭიროს მხარი. ეს იყო ჩარევა არჩევნებში. გარდა ამისა, მოგვიწოდა, რომ სააკაშვილი გასათავისუფლებელია და რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ. შემდეგ ეს ხალხი იმედგაცრუებული დარჩა იმ შედეგით, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერითაა ხელისუფლებაში. ევროპარლამენტარები იმედგაცრუებულები რომ არიან, გასაკვირი არ არის.
ამ არჩევნებში დამარცხდა არა მხოლოდ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, არამედ მათი უცხოელი მფარველებიც. ის მფარველები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ დაგვამარცხებდნენ, მოვიდოდა „ნაცმოძრაობის“ კლანი და გაათავისუფლებდნენ სააკაშვილს. დამარცხდნენ ეს უცხოელები და რა თქმა უნდა, ამაზე გაბრაზებულები არიან. ის უცხოელები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა გვეუბნებოდნენ და მოითხოვდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ბოლოს ეს ყველაფერი საჯაროდაც თქვეს. დამარცხდნენ და გაბრაზებულები არიან და განცხადებებს აკეთებენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ უნდათ და არ უნდათ ის, რომ ქართველმა ხალხმა თავისით გადაწყვიტოს საკუთარი ბედი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
IPN