"არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა "სომხური კარუსელი" - ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი. გაყალბებები გვინახავს, მაგრამ ასეთი მრავალგვარი უპრეცედენტოა"
ამ არჩევნებში ყველაფერი იქნა გამოყენებული, ყველა სახის გაყალბების მეთოდი და ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რა სამხილები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% ევროინტეგრაციას მხარს უჭერს.
„ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%, საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის მიხედვით, მხარს უჭერს ევროპულ გზას და ევროინტეგრაციას და უცებ ერთ არჩევნებზე ეს შემობრუნება მოხდა, მაშინ როცა ხალხი ამ ევროპულ მიზანს მხარს სტაბილურად უჭერს. ამ არჩევნებში ყველაფერი იქნა გამოყენებული, ყველა სახის გაყალბების მეთოდი და ინსტრუმენტი და განსაკუთრებით ახალი - ელექტრონული ხმის მიცემა, დადასტურდა, რომ მათ გამოიყენეს მოქალაქეებისგან ამოღებული პირადობის მოწმობები და გამოიყენეს 7-ჯერ, 10-ჯერ, 17-ჯერ. ყველა ეს მტკიცებულება შეგროვდა და გროვდება. რაც ახლა ხდება, მომხდარი დარღვევების სისტემურ ხასიათს ცხადყოფს. გაყალბებები გვინახავს, მაგრამ ამ მასშტაბისა და ასეთი მრავალგვარი გაყალბებები პირველი შემთხვევაა და უპრეცედენტოა საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, არჩევნების შედეგების საპროტესტო აქციებზე ძალადობის ხომ არ ეშინია, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა მშვიდობიანია.
„არა, იმიტომ, რომ ჩვენ თბილისში საპროტესტო აქციები გვინახავს. საპროტესტო აქციები წელსაც ვნახეთ და შარშანაც. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მშვიდობიანია, ისინი მშვიდობიანად იცავენ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს, რათა ხმები შეინარჩუნონ და ამ შემთხვევაში ეს მათ ხმებზე მეტია, რადგან საქმე მათ ევროპულ მომავალს ეხება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მმართველ პარტიას ვადანაშაულებ რუსული მეთოდების, რუსული ფორმების გამოყენებაში, ამ მართლაცდა სპეცოპერაციის რუსული სტილით დაგეგმვაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო არჩევნების კარგად ორგანიზებული, დახვეწილი სტილის გაყალბება.
„ეს მოიცავდა დარღვევებს, მათ შორის დაშინებას, ზეწოლას ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სამსახურზე არიან დამოკიდებული, ან სოციალურად დაუცველები არიან. ადამიანები, რომლებიც წარსულშიც, სხვადასხვა დროს გამოუყენებიათ, მაგრამ ამჯერად ეს მოხდა ტექნოლოგიასთან შერწყმით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რას გულისხმობდა ტექნოლოგიის გამოყენებაში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:
„სომხური კარუსელი“ - ჩვენ აქ ამას „სომხური კარუსელს“ ვეძახით, არ ვიცი, ისინი „ქართულ კარუსელს“ ეძახიან თუ არა - რაც ნიშნავს, რომ არჩევნებამდე გარკვეული დროის წინ, მათ დაიწყეს პირადობის მოწმობების ჩამორთმევა სოციალურად დაუცველი პირებისთვის, პატიმრების ოჯახებისთვის სხვადასხვა პრეტექსტით, ვერავინ იგებდა, რატომ აკეთებდნენ ამას. სინამდვილეში, ისინი გამოიყენებოდა ერთი და იმავე პირის მიერ ხმის მისაცემად. ერთი პირადობის მოწმობით და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობით, ეს დაახლოებით, 17-ჯერ იყო შესაძლებელი. მათ დიდი რაოდენობით პირადობის მოწმობები ან ნომრები ჰქონდათ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
IPN