"გუშინდელი აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო - უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ, მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს" - კვირის პალიტრა

"გუშინდელი აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო - უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ, მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს"

ვიხილეთ გუშინდელი აქცია, რომელიც რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვანი არ იყო - უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს, - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს მუხტი შეინარჩუნოს, რომელიც მათ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის სჭირდებათ.

“პოლიტიკაში თუ სპორტულ შეჯიბრში წაგებულმა წაგება უნდა აღიაროს. დეზინფორმაციაა ის, რომ მანდატებზე უარის თქმით და სიების ჩახსნით პარლამენტს უფლებამოსილება არ ექნება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს - სიმბოლურ პრეზიდენტს აქვს რაიმე უფლება და შეიძლება პარლამენტის პირველი სხდომა ვერ ჩაინიშნოს. ეს დეზინფორმაცია, ერთი მხრივ, ჟურნალისტებისა და ვაი პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის ბრალია, ხოლო მეორე მხრივ, იმ მავნებელი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ ამ ყველაფრისგან ხეირს ვერ ნახავენ, მაგრამ ამას მაინც ამბობენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

"ვერ ვიტყოდი, რომ მეთიუ მილერის განცხადება განსაკუთრებული კრიტიკის მატარებელი იყო - ვფიქრობ, დამატებით გამოძიებასთან დაკავშირებით მათი მოსაზრება მათივე წინააღმდეგ იქნება", - ნინო წილოსანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სურთ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება იხილონ.

მისივე თქმით, „მათივე მოფიქრებული დამატებითი გამოძიება იმის საწინააღმდეგო იქნება, ვიდრე მათ სურთ, რომ აღმოჩნდეს და გამოჩნდეს“.

„ვერ ვიტყოდი, რომ მეთიუ მილერის განცხადება განსაკუთრებული კრიტიკის მატარებელი იყო. იმ პირობებში, რაც ოკეანის მიღმა წარმომადგენლებისგან „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ვისმინეთ, ეს მასთან შედარებით აღარაფერი აღარ არის. ვხედავთ, რომ წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯები დაანონსდა. დამატებით გამოძიებასთან დაკავშირებით მათი მოსაზრება, ფიქრობ, მათივე წინააღმდეგ იქნება, იმიტომ, რომ დამატებითი გამოძიება იყო თუნდაც სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაშიც კი ამბობენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, ამომრჩეველს კენჭისყრაში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება ჰქონდა, აღიარებენ ცესკო-ს გამართულ მუშაობას. საერთაშორისო აუდიტი ადასტურებს სიების შესაბამისობას არჩევნების დღეს მისული ამომრჩევლის რაოდენობასთან დაკავშირებით და ა.შ. ამიტომ მათ შორის, მათივე მოფიქრებული დამატებითი გამოძიება იმის საწინააღმდეგო იქნება, ვიდრე მათ სურთ, რომ აღმოჩნდეს და გამოჩნდეს, იმიტომ, რომ ფაქტები ადასტურებს „ქართული ოცნების“ დიდ უპირატესობას, ხოლო აღქმებით რისი შექმნაც უნდათ, რა თქმა უნდა, ეს განცხადებებიც ემსახურება. ამ არჩევნების სამართლიანად და უტყუარად ჩატარების საუკეთესო დადასტურება „ისფედის“ „პივიტი“ იქნება, რომელიც არ ქვეყნდება. არ ქვეყნდება, რადგან „პივიტი“ ადასტურებს, რომ ცესკო-ს შედეგები ზუსტია,“ - განაცხადა წილოსანმა.

IPN