"მოდელობასთან ერთად, პოლიტიკაში ბავშვობიდანვე ძალიან ჩართული ვარ. ბევრი სტუდენტური დაჯგუფება და ორგანიზაციაა, რომლებშიც მეც ვაქტიურობ" - კვირის პალიტრა

"მოდელობასთან ერთად, პოლიტიკაში ბავშვობიდანვე ძალიან ჩართული ვარ. ბევრი სტუდენტური დაჯგუფება და ორგანიზაციაა, რომლებშიც მეც ვაქტიურობ"

"ასეთი შემოთავაზებები მხოლოდ ფოტოგრაფებისგან "მოდის", რაც მათი ბენეფიტია და არა - ჩემი" - მოდელის გზა სტანდარტების წინააღმდეგ

ერთმა პატარა გოგონამ გადაწყვიტა, რომ სხვების მიერ წარმოდგენილი "სილამაზე" მნიშვნელოვანი არ იყო,

საკუთარ უნიკალურობას აფასებდა და ცდილობდა, ამაში სამოდელო სფეროს წარმომადგენლებიც დაერწმუნებინა. საბოლოოდ, მოდელობის მოსურნე 19 წლის ლილე რომანაძემ მოდის სფეროში გზა გაიკვალა თუ არა, ამას უკვე თავად მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ლილე, მოდელის პროფესიის არჩევისკენ რამ გიბიძგა?

- ეს პროფესია ადრეული ბავშვობიდან მომწონდა. პირველი გადაღება 5 წლისას მქონდა: სომალელ ბავშვებთან დაკავშირებით რაღაც ფესტივალი იყო. ამირჩიეს - ძალიან სევდიანი თვალები აქვსო. ფესტივალზე ჩემმა ფოტომ გაიმარჯვა... მოკლედ, დედამ "ჩამაწვეთა", რომ მოდელი გავმხდარიყავი - სულ ფოტოებს მიღებდა... ცოტათი რომ წამოვიზარდე, ბათუმში, სამოდელო სააგენტოში მივედი... შემდეგ კიდევ რამდენიმე სააგენტოში ვიყავი, მაგრამ ყველგან მეუბნებოდნენ, რომ სიმაღლის გამო, ჩემგან მოდელი ვერ დადგებოდა - მოდელობისთვის დაბალი ხარ (165 სმ ვარ სიმაღლეში). მაქსიმუმ, ფოტომოდელობას შეძლებო. ჩემი პირველი იმედგაცრუება ეს იყო. გარკვეული პერიოდი გული ავიცრუე - ეს პროფესია არ გამომადგება, საჩემო არ არის-მეთქი... შემდეგ, რაკი მოდელობა ძალიან მინდოდა, მაგრამ ჩემს ოცნებას ყველა სკეპტიკურად უყურებდა, გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავისთვის პიარი გამეკეთებინა: 15 წლისამ პირველი პორტფოლიო გავაკეთე. თავად ვუკავშირდებოდი სტარტაპებს, ფოტოგრაფებს... მერე, რამდენიმე ფოტოგრაფმა, ბრენდის წარმომადგენელმა ჩემში პოტენციალი დაინახა. შემოთავაზებებიც დაიწყო, გადაღებები გახშირდა... გარკვეული დროის შემდეგ, უკვე ისეთი ვიღაცებიც დამიკავშირდნენ, ვინც მანამდე მეუბნებოდა, რომ ჩემგან მოდელი არ გამოვიდოდა.

- თავის დროზე, ფოტომოდელად ხომ ისინიც არ გიწუნებდნენ, არა?

- ასეა, მაგრამ ძირითადად, გადაღებებზე მაინც მაღალი მოდელები ურჩევნიათ - მიაჩნიათ, რომ ტანსაცმელი მათ უფრო მეტად უხდებათ... წელს, "ფეშენ ვიკში" პირველად ვმონაწილეობდი.

- ანუ პოდიუმზეც გაიარე. გვიამბე, ეს როგორ მოხდა.

- თავდაპირველად, "ფეშენ ვიკის" (რომელიც ქართველი დიზაინერების და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ბრენდების წარმოჩენას ემსახურებოდა) ორგანიზატორმა - გიგა უჩუვატოვმა ფოტოები გადამიღო. მოვეწონე და სიმაღლის და სტანდარტების მიუხედავად, შანსი მომცა. თავდაპირველად, ძალიან ვნერვიულობდი. მეგონა, ვერ გავივლიდი, რადგან გონებაში ჩარჩენილი მქონდა, როგორ მეუბნებოდნენ: "არა", "შენგან მოდელი არ გამოვა", "უფრო მაღალი უნდა იყო"... მეშინოდა, რომ საკუთარ თავს უფრო დიდ იმედგაცრუებას მოვუტანდი, მაგრამ კონკრეტულად პოდიუმზე გავლის დროს თავდაჯერებული ვიყავი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მაინც გავაკეთე ის, რაზეც ვოცნებობდი - გამომივიდა... უკრაინელი დიზაინერის სამოსი წარვადგინე. სეზონური "ფეშენ ვიკი" იყო და მაკიაჟიც იმ სტილში გვქონდა გაკეთებული, რომ წელიწადის სეზონები წარმოგვეჩინა...

- ამჟამად, როგორც მოდელს, რამდენად დატვირთული სამუშაო რეჟიმი გაქვს?

- ვმონაწილეობ ფოტოსესიებში. წინასწარ მიკავშირდებიან, რომ გადაღების თარიღი შეარჩიონ. გადაღების დღეებში ყოველთვის ბედნიერი ვარ, რადგან კამერის წინ მუშაობა ჩემთვის ყველაზე კომფორტულია.

- გადაღებამდე რამე რიტუალი ხომ არ გაქვს, რომ კამერასთან მუშაობისას სათანადოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდე?

- თავდაპირველად, როცა ეს საქმე დავიწყე და ვდარდობდი, ბავშვობის დროინდელ იმ ფოტოს ხშირად ვუყურებდი, რომელმაც ფესტივალზე გაიმარჯვა. თან მეცინებოდა, თან - მიხაროდა, რადგან თითქოს იმ ლილეს ოცნებას ვასრულებდი, რომელიც ფოტოდან მართლა სევდიანი თვალებით იყურებოდა... ახლა ჩემი რიტუალი ის არის, რომ გადაღებამდე ვლოგს ვიღებ. შემდეგ მისი ყურება ძალიან მსიამოვნებს.

- სოციალური მედია კიდევ რაში გეხმარება?

- საერთოდ, სოციალური მედია ძალიან დამეხმარა, რადგან რამდენიმე შემოთავაზება გარკვეული პროდუქტის პიართან დაკავშირებით მივიღე. "ტიკტოკის" ვიდეოს გამოც დამიკავშირდნენ... ასე რომ, ჩვენს დროში სოციალური მედია საკუთარი თავის რეალიზებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა.

- თუ გყავს მოდელი, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს სცემ, მისი სტილი სამაგალითოა და ვინც შენთვის ინსპირაციის წყაროა?

- ბავშვობიდან ჩემთვის დიდი ინსპირაცია კეიტ მოსი იყო. ყოველთვის მომწონდა, ვუყურებდი... თან, ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ როგორც მოდელი, კეიტ მოსიც არ არის მაღალი, მაგრამ ამ სფეროში ერთ-ერთი ძალიან წარმატებულია.

- როგორ ფიქრობ, რატომ მოსწონხარ ფოტოგრაფებს, სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლებს? შენს უნიკალურობას რა განსაზღვრავს?

- არ ვიცი. შეიძლება ის, რომ გადაღების დროსაც ზედმეტად ბუნებრივი ვარ. ვგულისხმობ გარეგნობასაც და ხასიათის თვისებებსაც. საერთოდ, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებულობა სიმარტივეშია - უბრალო გარეგნობა, ხასიათი ფოტოგრაფებისთვის უფრო მიმზიდველია.

- ყოველთვის ამ აზრზე იყავი თუ ბუნებრივისგან რადიკალურად განსხვავებული მაგალითად, ვარცხნილობა, თმის ფერიც გქონია?

- გარდატეხის ასაკში საკუთარი თავის პოვნას ვცდილობდი. თითქმის ყველანაირ ფერის თმა მქონია, თავი გადამიპარსავს კიდეც... ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე. პირსინგებიც მქონდა. საბოლოოდ, იმ აზრამდე მივედი, რომ ყველაზე მეტად ჩემი ბუნებრივი ფერის თმა მიხდება.

- ლილე, მოდელის შემოსავალთან დაკავშირებით, როგორი მოლოდინი გქონდა და რეალურად, რა დაგხვდა?

- სიმართლე გითხრათ, უფრო მეტი წარმომედგინა. თავდაპირველად, როცა შემოთავაზებები დაიწყო, არც ერთ გადაღებაზე უარს არ ვამბობდი, მიუხედავად იმისა, ჩემთვის ამას სარგებელი ჰქონდა თუ არა, რადგან უპირველეს ყოვლისა, კამერასთან მუშაობა მსიამოვნებდა. როცა შემოთავაზებების რიცხვი გაიზარდა, უკვე ყველაფერს აღარ ვთანხმდებოდი. თავდაპირველად, ანაზღაურების, ბარტერის გარეშეც მიმუშავია. მაშინ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რაც უფრო დიდ გამოცდილებას შევიძენდი, ამ სფეროში მუშაობა მით მარტივი იქნებოდა. ასე რომ, უკან არაფერზე დამიხევია.

- გახსოვს პირველი გადაღება, რომელშიც ჰონორარი აიღე?

- კი. ეს ერთ-ერთი ქართული ბრენდისთვის იყო, რომელიც ჰუდებს, მაისურებს, ჩანთებს აწარმოებს. 1-საათიან გადაღებაში 500 ლარი გადამიხადეს. სხვათა შორის, სასიამოვნო განცდა დამეუფლა, რადგან საყვარელი პროფესიით მუშაობისთვის პირველად გადამიხადეს.

- ის თუ გახსოვს, ჰონორარი რაში გამოიყენე?

- თმისა და სახის კანის მოვლის საშუალებები მჭირდებოდა და შევიძინე.

- დღესდღეობით, შენს, როგორც მოდელის ფასს როგორ განსაზღვრავ? რა კრიტერიუმები გაქვს, როცა შემოთავაზებას იღებ?

- ზოგადად, გადაღების ტიპსაც გააჩნია, რა სტილის ფოტოები უნდათ, რამდენად დატვირთული იქნება გადაღების პროცესი და რამდენად გამომადგება. ყოველთვის ვცდილობ, დამკვეთსაც ხელი შევუწყო და როცა გარკვეულ თანხას მთავაზობს, უარი არ ვუთხრა.

- როგორ გადაღებას არ დათანხმდები არასდროს?

- ვფიქრობ, ამ ეტაპზე ე.წ. ნუდისტურ ფოტოსესიაზე არასდროს დავთანხმდები. რაღაცნაირად, თითქოს ჩემს სტილს არ შეესაბამება. ამ ტიპის გადაღებასთან დაკავშირებული 2 შემოთავაზება მქონდა, ორივეზე უარი ვთქვი. ძირითადად, ასეთი შემოთავაზებები მხოლოდ ფოტოგრაფებისგან "მოდის", რაც მათი ბენეფიტია და არა - ჩემი.

- შენი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, დამწყებ მოდელებს დამკვეთები როგორ ექცევიან?

- ძირითადად, უფასოდ ამუშავებენ. მქონია შემთხვევა, როცა მთელი დღის განმავლობაში გადაღებაზე ვყოფილვარ და მოდელებს ვერაფერი გვიჭამია, რადგან გარშემო კვების არანაირი ობიექტი ან მაღაზია არ ყოფილა. გადაღებაში ანაზღაურებაც არ აგვიღია და საკვების გარეშე ვმუშაობდით. თავიდანვე ვიცოდით, რომ გადაღებაზე ანაზღაურების გარეშე მივდიოდით. უბრალოდ, მთლად თუ გვაშიმშილებდნენ და წყურვილით დაგვახრჩობდნენ, რატომღაც, ვერ წარმოგვედგინა (იცინის). "სნექები" თავად რომ არ წაგვეღო, ალბათ, მართლა დავიხოცებოდით. შეიძლება, გადაღების ორგანიზატორების მოვალეობაში მოდელების კვება არც შედის. უბრალოდ, როცა მოდელი უფასოდ აგყავს, შეგიძლია, რამე აჭამო მაინც (იღიმის)...

- ისეთ ცნობილ ბრენდთან ან სააგენტოსთან თუ გითანამშრომლია, რომელსაც არასათანადო პირობებით, მოპყრობით გაუოცებიხარ?

- მსგავსი შემთხვევა ერთ კომპანიასთან მქონდა. სააგენტოში კასტინგზე დამიბარეს. როცა მივედი, განმიცხადეს, - ახლა ვერ მიგიღებთო... შემდეგ ისევ იმავე სააგენტოსგან მივიღე შემოთავაზება - რაღაც კოლაბორაცია სურდათ ფოტოსესიაზე, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან უკვე განცდილი იმედგაცრუების საფუძველზე, მსგავსი შემთხვევის განმეორება არ მსურდა.

- როგორ ფიქრობ, კარიერის დასაწყისში მოდელისთვის ფინანსური მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია?

- ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ მოდელს მართლა შეიძლება, დიდი მომავალი ჰქონდეს, მაგრამ ამ პროფესიაზე გულს იცრუებს, რადგან არასათანადოდ ეპყრობიან. ხშირად ირონიულ, ქედმაღლურ დამოკიდებულებას აწყდებიან, რადგან დაბალ ანაზღაურებასა და უფასოდ მუშაობაზეც თანხმდებიან. ეს ხელის შემშლელი ფაქტორია, თვითშეფასებაზეც მოქმედებს. ამიტომ მოდელს პროფესიულ საქმიანობაში თუ გადაუხდი და აჩვენებ, რომ მნიშვნელოვანია, თავისი საქმე უფრო მოეწონება და მუშაობაც მეტად მოუნდება. ზოგადად, ეს ყველა სფეროში ასეა...

- შენ რა გაძლევდა მოტივაციას, რომ არჩეული პროფესიული გზისთვის არ გადაგეხვია?

- რადგან მოდელობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მართლა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იმ პატარა ლილეს გავახარებდი, ვისაც ამ სფეროში მუშაობა ძალიან უნდოდა. ჩემთვის მოტივაცია ისევ საკუთარი თავი იყო - მინდოდა დამემტკიცებინა, რომ რის შესახებაც მეუბნებოდნენ, არ გამოგივაო, გამომივიდოდა.

- მოდელობის მიღმა, კიდევ რამე ინტერესი, საქმე, ჰობი თუ გაქვს?

- პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ (სხვათა შორის, 100%-იანი გრანტით ვსწავლობ). მოდელობასთან ერთად, პოლიტიკაში ბავშვობიდანვე ძალიან ჩართული ვარ - მსოფლიოს სიახლეებს თვალს ვადევნებ. არის ბევრი სტუდენტური დაჯგუფება, ორგანიზაციები, რომლებშიც მეც ვაქტიურობ. ხალხს ვეხმარებით, რომ პოლიტიკა უკეთ გაიცნონ, ჩვენს თანატოლებს უფრო მეტი წარმოდგენა ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც, ხმას ვის მისცემენ ან რომელ რეალობაში გაიღვიძებენ და ა.შ. ჩემი ჰობია წერა. ერთხელ კონკურსში - "ახალგაზრდა მწერალი" გავიმარჯვე, რომელიც 2020 წელს ჩატარდა. სიყვარულის თემაზე ჩანახატი მქონდა წარდგენილი. შემდეგ ერთ თანამედროვე ქართველ მწერალსაც დავუკავშირდი, ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე. ძალიან მოეწონა და მითხრა, რომ დამეხმარებოდა, თუკი რამეს დავწერდი (რედაქციაში მიტანა, ტექსტის შესწორება და ა. შ.), მაგრამ ეს საქმე აღარ გამიგრძელებია. ისე, ახლო მომავალში მინდა, ამ სფეროშიც რამე გავაკეთო... ხატვაც მიყვარს, მაგრამ 2 წელია აღარ დამიხატავს...

- ამჟამად, მოდელობა შენი შემოსავლის ერთადერთი წყაროა?

- პარალელურად, ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში ვმუშაობ - პიარის მიმართულებით ვეხმარები, კონტენტს ვქმნი...

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მყავს შეყვარებული, რომელიც პროფესიაში ხელს ძალიან მიწყობს, სულ გადაღებებზე დამყვება, ყველანაირად მეხმარება. ამ პროფესიაში, ჩემი მარჯვენა ხელია. თავად, ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობს.

- ოჯახის წევრებზეც მოგვიყევი...

- დედა ჩემი პირველი მხარდამჭერი და მრჩეველია. მისი დამსახურებაა, რომ მოდელის პროფესია შემიყვარდა... ასევე, ბებოსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს საქმიანობაში. მან გამზარდა. მყავს უმცროსი და-ძმა. სხვათა შორის, ჩემი გავლენით, დასაც მოდელობა უნდა (იღიმის).

- ლილე, თუ არის ისეთი რამ, რაც სამოდელო სფეროში მუშაობის დასაწყისშივე რომ გცოდნოდა, ნაკლები ბარიერის გადალახვა მოგიხდებოდა და მოდელობის მოსურნეებს გაანდობ?

- არ აქვს მნიშვნელობა, რას გეტყვიან. ყოველთვის დაიჯერეთ საკუთარი თავის, შესაძლებლობის. გარკვეულ ეტაპზე მჯეროდა, რომ ჩემს მცდელობას აზრი არ ჰქონდა და ტყუილად ვწვალობდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაც გიყვარს, იმის კეთება დროის ფუჭად ხარჯვა არასდროსაა... დამკვეთებს, ფოტოგრაფებს, სააგენტოების წარმომადგენლებს ვურჩევ, არასტანდარტული გარეგნობის მქონე მოდელებს, ვინც პარამეტრებს არ შეესაბამება, ბავშვობაში იმედებს ნუ დაუმსხვრევენ და ნუ ეტყვიან, რომ მოდელობა არ გამოუვათ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"