მილიარდერ ჯეფ ბეზოსის სკანდალური სტატია - "მწარე სიმართლე: ამერიკელები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აღარ ენდობიან" - კვირის პალიტრა

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის სკანდალური სტატია - "მწარე სიმართლე: ამერიკელები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აღარ ენდობიან"

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „მწარე სიმართლე: ამერიკელები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აღარ ენდობიან“, რომლის ავტორია ბიზნესმენი ჯეფ ბეზოსი - რამდენიმე კომპანიის, მათ შორის „ამაზონისა“ და საგამომცემლო სახლ „ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელი. მისი აზრით, გაზეთებმა, ახალი ამბების საინფორმაციო გამოცემებმა და რესურსებმა თავიანთი ავტორიტეტი და მკითხველის ნდობა დაკარგეს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ყოველწლიური სოციალური გამოკითხვების მიხედვით, ჟურნალისტთა რეპუტაცია და მასმედიისადმი ნდობა ფსკერამდეა დაცემული. წინა წლებში უფრო დაბალი მხოლოდ კონგრესის ავტორიტეტი იყო ხოლმე, მაგრამ ამჯერად, „გელაპის“ გამოკითხვის თანახმად, ჩვენ, ამერიკული მასმედია, კონგრესზე უფრო დაბლა აღმოვჩნდით. დღეს ჩვენდამი ამერიკელი მკითხველის ნდობა მინიმალურია. აშკარად ჩანს, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ.

თქვენი ნებართვით, მცირე ანალოგიას მოვიხმობ. ხმის დამთვლელი ელექტრონული აპარატურა ორ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: პირველი - მან ზუსტად უნდა დაითვალოს ხმები, მეორე - ადამიანები დარწმუნებულები უნდა იყვნენ დათვლის სიზუსტეში. მეორე მოთხოვნა პირველისაგან კარდინალურად განსხვავდება, მაგრამ ისიც ძალზე მნიშვნელოვანია.

იგივე ხდება გაზეთების მიმართაც: მკითხველს ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, თავის მხრივ კი, მკითხველისათვის ჩვენი სიზუსტე სანდო უნდა იყოს. უსიამოვნო სიმართლე იმით გამოიხატება, რომ ჩვენ მეორე კრიტერიუმს არ შევესაბამებით. ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ანგაჟირებულები არიან ანუ რაღაც სამარცხვინო-უსიამოვნო ამბებში ჩათრეულნი ან საკუთარი ნებით გახვეულნი. ის გამოცემები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ, რეალობას უარყოფენ და, საბოლოო ჯამში, მარცხდებიან. რეალობა აბსოლუტური და დაუმარცხებელი ჩემპიონია. რასაკვირველია, უფრო იოლი იქნებოდა ვიღაცის ან რაღაცის დადანაშაულება ჩვენი ავტორიტეტის დაცემაში (და გავლენის შემცირებაში), მაგრამ მსხვერპლის მენტალიტეტი ამ შემთხვევაში ვერ დაგვეხმარება. ჩივილი და წუწუნი უპერსპექტივო სტრატეგიაა. ჩვენ უფრო ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, კრიტიკულად მივუდგეთ ჩვენს საქმიანობას, რომ საკუთარი ავტორიტეტი ავიმაღლოთ.

პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატისადმი ჩვენი რედაქციების მხარდაჭერა წინასაარჩევნო სურათზე არანაირ გავლენას არ ახდენს. არც ერთი პენსინვანიელი, რომელსაც თავისი პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს, არ იტყვის: „მე ხმას ვაძლევ იმ კანდიდატს, რომელსაც მხარს უჭერს ესა თუ ის გაზეთი“. არც ერთი! შესაბამისად, როცა რომელიმე გაზეთის რედაქცია აცხადებს, რომ ის ამა თუ იმ კანდიდატს მხარს უჭერს, ეს მკითხველში მიკერძოების გრძნობას აღძრავს. ბოლო დროს გაჟღერებული მოწოდებები, რომ გაზეთების რედაქტორებმა და სარედაქციო კოლექტივებმა თავი დაანებონ რომელიმე კონკრეტული კანდიდატისადმი სიმპათიების გამოხატვას, სრულიად სამართლიანი და პრინციპული გადაწყვეტილებაა. ასეთი პოზიცია ჰქონდა თავის დროზე იუჯინ მეიერს - „ვაშინგტონ პოსტის" გამომცემელს 1933-1946 წლებში და ის კაცი სწორად იქცეოდა. რასაკვირველია, კანდიდატისადმი მხარდაჭერაზე უარი ჩვენ ნდობის ბევრ ქულას არ შეგვმატებს, მაგრამ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება. დასანანია, რომ ეს ადრე არ გავაკეთეთ - იმ მომენტში, როცა წინასაარჩევნო კამპანია და ემოციები იწყებოდა. შესაბამისად, ჩვენ შეცდომა დავუშვით და დრო არაკორექტულად შევარჩიეთ.

მინდა დავაზუსტო, რომ ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება პრინციპს - „სამსახური სამსახურისათვის“. ჩვენგან არავინ და არანაირი სახით არ დაკავშირებია კანდიდატებს და მათ საარჩევნო შტაბს, არც ერთი დონით. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ შიდასარედაქციო დისკუსიის შედეგად და ამიტომ გავრცელებული ხმები, თითქოსდა, წინასწარ ამის შესახებ დონალდ ტრამპს ვესაუბრეთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

რასაკვირველია, საკუთარ თავს სამაგალითო და იდეალურ მფლობელს ვერ ვუწოდებ. ჩემი კუთვნილი კომპანიების ხელმძღვანელები სამთავრობო ჩინოვნიკებს ყოველდღიურად ხვდებიან და ესაუბრებიან. ზოგჯერ მე უკმაყოფილებას გამოვხატავ ხოლმე, მაგრამ რეალობა მათთან კონტაქტებს მოითხოვს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჩემი სიმდიდრე და ინვესტიციები დაშინების თავიდან აცილებაში ან გავლენის გავრცელებაში მეხმარება. გარწმუნებთ, რომ ჩემი ხედვები ჩემთანვე რჩება და არავის თავს არ ვახვევ. „ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელი 2013 წლიდან ვარ და თუ ვინმე ამ 11 წლის განმავლობაში აღმოაჩენს, რომ მე, პირადად, რომელიმე ჟურნალისტზე და სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენა მოვახდინე, შეუძლია პირუთვნელად და საჯაროდ მამხილოს. ასეთი რამ ჩემი მხრიდან არასოდეს მომხდარა.

ნდობის უკმარისობა და დეფიციტი მხოლოდ „ვაშინგტონ პოსტის“ პრობლემა არ არის. ჩვენი მოძმე მეგაზეთეები და ჟურნალისტები ასეთივე სირთულეების წინაშე დგანან. ეს მხოლოდ მასმედიის უბედურება არ არის, ეს მთელი ქვეყნის უბედურებაა. ბევრი მკითხველი გადართულია ისეთ საიტებზე და პორტალებზე, ისეთ სოციალურ ქსელებზე, რომელთა „ინფორმაციები“ შორს დგას რეალობისაგან და უბრალოდ, დეზინფორმაციებს წარმოადგენენ. ჩვენ დავკარგეთ მკითხველი. „ვაშინგტონ პოსტი“ და „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ჟურნალისტურ პრემიებს კი ვიღებთ, მაგრამ სულ უფრო მეტი ურთიერთობა გვაქვს არა ფართო მკითხველთან, არამედ - განსაზღვრულ ელიტასთან. ჩვენ სულ უფრო მეტს ვლაპარაკობთ საკუთარ თავთან და არა - ფართო აუდიტორიასთან. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ იყო - 1990-იანებში ჩვენს გაზეთს კოლუმბიის ოლქში მოსახლეობის 80% კითხულობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მე მხოლოდ ჩემი ვიწრო პირადი ინტერესებით არ ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, გაზეთს ვერ მივცემ იმის ნებას, რომ ავტოპილოტით იმოძრაოს და აქტუალურობა დაკარგოს, არ გაუწიოს წინააღმდეგობა და კონკურენცია ყველანაირ ქსელებს და გამაღიზიანებელ პოსტებს. მოკლედ, უბრძოლველად არ დავრჩებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფსონების თამასა ძალზე მაღალია. დღეს მსოფლიოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ავტორიტეტული, საიმედო და დამოუკიდებელი ხმა და საიდან უნდა წამოვიდეს ის, თუ არა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ქვეყნის დედაქალაქიდან? ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად ჩვენ კუნთების გამოჩენაც მოგვიწევს. შეიძლება, რაღაც მომენტში წარსულის გამოცდილება გავიზიაროთ და სამომავლოდ ბევრი რამ შევიძინოთ. რასაკვირველია, სიახლეებს ბევრი მტრულად შეხვდება - რას ვიზამთ, მსოფლიო ასეა მოწყობილი. მე ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი გაბედული წამოწყების ნაწილად ვითვლები. „ვაშინგტონ პოსტში" ძალიან ბევრი საუკეთესო ჟურნალისტი მუშაობს, ისინი ყოველდღიურად ოფლისღვრით შრომობენ, რომ სიმართლე მიიტანონ ადამიანებამდე. ისინი იმსახურებენ იმას, რომ მათ მიმართ ნდობა გამოიხატოს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ