"კონსპიროლოგიაში გადავარდნილი საზოგადოების ნაწილის აზრით, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან არის გარიგებული, მე ფაქტები არა მაქვს, მაგრამ..."
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მირიან მირიანაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა.
- თქვენი გაზეთის ფურცლებზე აქამდეც ვამბობდი, რომ ოპოზიცია არასათანადო მასშტაბისა და ნაკლებად მწვავე წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა, რაც მაფიქრებინებდა, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ასე განვითარებულიყო. გარდა ამისა, თუ ოპოზიციას გამარჯვება სურდა, ორ ბლოკად უნდა გაერთიანებულიყო: ერთი უნდა ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო, მეორე კი დანარჩენი, ე.წ. შუაშისტური ძალების. ეს იქნებოდა ერთგვარი გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ისინი იბრძოლებდნენ გამარჯვებისთვის, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონსოლიდაცია შედეგის მისაღებად. ბევრ რეგიონში ოპოზიცია თვალითაც არ უნახავთ, ისე ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ. კონსპიროლოგიაში გადავარდნილი საზოგადოების ნაწილის აზრით, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან არის გარიგებული. მე ფაქტები არა მაქვს, ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ოპოზიციის პასიურობის ახსნა მიჭირს. ფაქტია, "ქართული ოცნება" უფრო რადიკალურ კამპანიას ეწეოდა. აქვე ვიტყვი, რომ საზოგადოების განწყობა "ქართული ოცნების" მიმართ უფრო მძაფრად ნეგატიურია, ვიდრე ამ შედეგებში ჩანს.
- ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. აღსანიშნავია, რომ წელს არჩევნებზე მივიდა გაცილებით მეტი მოქალაქე. ვისთან წავიდა მათი ხმები და რატომ არის ასეთი აცდენა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების გაკეთებულ არჩევანსა და საქართველოში მიღებულ შედეგებს შორის და ელით, რომ პოლიტიკური პროცესი ისევ ქუჩაში გადაინაცვლებს?
- იმისთვის, რომ გაყალბებაზე ვილაპარაკოთ, სხვა არგუმენტი არა გვაქვს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციის წარმოდგენილი მტკიცებულებები ვნახოთ. გაყალბების დასაფიქსირებლად საარჩევნო ინსტრუმენტები ყველაზე მეტად სწორედ პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ. საარჩევნო პროცესში ოპოზიციას ჰყავდა თავისი წარმომადგენლები, შესაბამისად, ინფორმაცია უნდა შეეგროვებინათ გაყალბების ფაქტებზე. ჯერ მას არ წარმოუდგენია ტოტალური გაყალბების მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, იყო ფაქტები, არის ამის ამსახველი დოკუმენტაციაც, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის, რომ ამან შეცვალოს ცესკოს მონაცემები. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, რატომ არავინ იზრუნა ამ დოკუმენტების სრულყოფილად მოგროვებაზე, რათა წარედგინათ საზოგადოებისთვის ქვეყანაში თუ მის გარეთ...
მოკლედ, იმისთვის, რომ დავადანაშაულოთ "ოცნება" გაყალბებაში, სულ ცოტა, ოლქების 10-15%-ის გაყალბების მტკიცებულება უნდა წარმოვადგინოთ, როგორც ვენესუელის ოპოზიციამ გააკეთა. სად არის ეს დოკუმენტები?!
რა თქმა უნდა, ალბათ, დაიწყებენ ლაპარაკს ქუჩის აქციებზე, მაგრამ ჩვენს ოპოზიციას არც ქუჩის აქციების წარმატებით რეალიზების რესურსი აქვს. ესეც ქართველი ერის ენერგეტიკაზე გადაივლის. საბოლოოდ ისიც ჩაცხრება და გამოვა, რომ ქართველებმა ვერც არჩევნებზე აჩვენეს შედეგი და ვერც ქუჩაში. ჩემი აზრით, რუსეთის მზაკვრული გეგმა სწორედ ის იყო, რომ დასავლეთის თვალში უუნაროდ გამოეჩინათ ქართველი ერი, ჩვენს საზოგადოებაში კი ნიჰილიზმი გაეღვივებინათ. ამას, სამწუხაროდ, თავი ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კარგად გაართვეს.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ის ამ შედეგს დასავლეთს წარუდგენს, როგორც ქართველი საზოგადოების მხარდაჭერის მანდატს, გამოიყენებს ამას და ჩვენი ოპოზიციის უნიათობას იმისთვის, რომ დაარწმუნოს ყველა, თითქოს ეს ქართველების დამოკიდებულებაა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და რომ საზოგადოება მას იზიარებს. ეს, რასაკვირველია, მცდარი პოზიციაა, ქართველების უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, მაგრამ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები შეეცდებიან ამას რეფერენდუმის მასშტაბი შესძინონ.
- ანუ "ქართული ოცნებისთვის" ეს შედეგი იქნება ანტიდასავლური რიტორიკის მხარდაჭერის ნიშანი და ისევ ამგვარ პოლიტიკას გააგრძელებენ?
- მე ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ასე მარტივად არ ჩამოვაყალიბებდი. მას ამ არჩევნებში ჰქონდა შემდეგი ამოცანა, ეჩვენებინა დასავლეთისთვის, რომ მას ალტერნატივა ქვეყანაში არა ჰყავს, თან ეს არჩევნები იმგვარად ჩაეტარებინა, რომ დასავლეთისთვის მისი გაყალბების თაობაზე ხელშესახები დოკუმენტები არ მიეცა. ახლა მისი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთთან ურთიერთობა გამოაკეთოს. არა მგონია, ანტიდასავლური რიტორიკის ის სიმწვავე, რომელსაც ის აგრძელებდა აღმავალ ტრენდად არჩევნებამდე, ისევ გაგრძელდეს. უახლოესი 10 დღის განმავლობაში აშშ-ის პოლიტელიტას საქართველოსთვის არ ეცლება, იქაც არჩევნებია, მაგრამ როდესაც ჩამოყალიბდება ახალი ადმინისტრაცია, ის მისწრაფება, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან ამოძირკვონ ყოველგვარი რუსული გავლენა, არსად გაქრება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ამ მოცემულობებთან თავისი პოლიტიკური ვექტორის ჰარმონიზება. ჯერ ერთი,
ივანიშვილს ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - მან უნდა მიიღოს ლეგიტიმაცია დასავლეთისგან. ამ ამოცანიდან გამომდინარე ის, ჩემი აზრით, არ გააგრძელებს ურთიერთობის ესკალაციას.
- ვნახეთ, როგორ უხარიათ რუსეთში "ქართული ოცნების" საარჩევნო შედეგი, როგორ ეპატიჟებიან ჩვენს ხელისუფლებას ბრიკსში... ბევრი ამაში ხედავს საფრთხეს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი იცვლება და თვითიზოლაციის გზას დავადექით.
- არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი ვერ აცნობიერებდეს, რომ საქართველო თავისი ეკონომიკით, ფინანსებით, პოლიტიკურად თუ მენტალურად, დასავლურ სამყაროში რა ღრმად არის ინტეგრირებული. საქართველოს სახელმწიფო დღეს არსებობს დასავლეთთან ინტეგრაციის ხარჯზე. ეს იმდენად თვალში საცემია, ამის უარყოფა შეუძლებელია. ქართველების არსებობის შენარჩუნების პირველწყარო სწორედ დასავლეთია. ამ ღრმა კავშირის გაწყვეტა ხელაღებით არანაირ არჩევნებს არ ძალუძს. ამიტომ ამ არჩევნების ნეგატიური ეფექტი ცოტა გადაჭარბებული მგონია, საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთთან ეს წინ ვერ აღუდგება. ჩვენ წინ გველის ტურბულენტობის პერიოდი, რაც გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთის პრობლემა არ მოგვარდება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, ეს დაახლოებით ერთი წლის საქმეა.
გარდა ამისა, გამოვრიცხავ, რომ საქართველო ჩინეთ-რუსეთის ალიანსს შეუერთდეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობას ამის სურვილს ვერ ვატყობ. სხვა შემთხვევაში ისინი კავკასიაში სხვანაირად იაქტიურებდნენ. როგორც ჩანს, ჩინეთ-ამერიკის გარიგებიდან გამომდინარე, ჩინეთი საქართველოს გამო ამერიკას არ დაუპირისპირდება. შესაბამისად, ამ პოლიტიკური გეზის რეალიზებისთვის წინა პირობებს ვერ ვხედავ.
წაიკითხე ვრცლად: „რა თქმა უნდა, ალბათ დაიწყებენ ქუჩის აქციებზე ლაპარაკს, მაგრამ...“