ვინ დაარტყა კადიროვის სათაყვანებელ პუტინის სახელობის უნივერსიტეტს ჩეჩნეთში - რა ბრძანება გასცა გაცოფებულმა რამზანმა?! - კვირის პალიტრა

ვინ დაარტყა კადიროვის სათაყვანებელ პუტინის სახელობის უნივერსიტეტს ჩეჩნეთში - რა ბრძანება გასცა გაცოფებულმა რამზანმა?!

29 ოქტომბერს მოხდა ის, რაც ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო - რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთში კამიკაძე-დრონმა საჰაერო დარტყმა განახორციელა...

ჯერ ერთი, ეს იყო პირველი საჰაერო შეტევა კადიროვის ხელისუფლების ქვეშ მყოფ ჩეჩნეთზე, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და მეორეც - წერტილოვანი საჰაერო დარტყმა განხორციელდა გუდერმესში მდებარე „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტის“ მთავარ შენობაზე, რომლის ხანძრის ფოტოებიც ინტერნეტით გავრცელდა, რამაც რამზან კადიროვის დამატებითი განრისხება გამოიწვია...

და ამას თავისი ახსნა აქვს, რადგან სწორედ კადიროვის ინიციატივით „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტს“ ა.წ.-ის 20 თებერვალს თავად ვლადიმერ პუტინის სახელი ეწოდა, ხოლო 20 აგვისტოს კი პუტინი არ დაზარდა კადიროვის დიდი ხნის თხოვნას და რამდენიმე საათით ეწვია გუდერმესში ამ დაწესებულებას, სადაც მას უნივერსიტეტის ძირითადი საქმიანობის დეტალები გააცნეს.

„სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტი“ პირველი და ერთადერთ კერძო სასწავლებელია რუსეთის ფედერაციაში, რომელშიც სპეციალური დანიშნულების დანაყოფების პროფესიონალურ მომზადებას ახორციელებენ.

1-uni-1730273489.png
პუტინის სახელობის „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტის“ აგიზგიზებული შენობა ჩეჩნეთის გუდერმესში...

ის ჯერ კიდევ 2013 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა, რამზან კადიროვის ინიციატივით. იგი თავიდან ატარებდა „სპეციალური დანიშნულების ძალების საერთაშორისო სასწავლო ცენტრის“ სახელწოდებას და გათვლილი იყო სხვადსხვა ქვეყნის სპეცრაზმების მომზადება-გადამზადებისთვის, რასაც კადიროვის გათვლით, დიდი ფინანსური მოგებაც უნდა მოეტანა.

ოთხი წლის შემდეგ, 2017 წლის აგვისტოში, ამ დაწესებულებას სახელი გადაერქვა და „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტი“ ეწოდა, სადაც გადამზადების სპეციალურ კურსებს, ძირითადად, კადიროვის დაქვემდებარებაში მყოფი პარამილიტარული დანაყოფები გადიან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტი“, ფაქტობრივად, წარმოადგენს საუკეთესოდ აღჭურვილ სასწავლო კომპლექსს, რომელშიც არანაკლებ 9 მიმართულებით მიმდინარეობს სპეცრაზმელების ინტენსიური მომზადება, მათ შორის - სამი სახის საცეცხლე მომზადება (პისტოლეტი,ავტომატი,სნაიპერული შაშხანა); ორი სახის ტაქტიკურ-სპეციალური მომზადება (დასახლებულ პუნქტში და მთაგორიან ტყის მასივში სპეცრაზმელების მოქმედება); ტაქტიკური მედიცინა (საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაჭრილებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და მათი ევაკუაცია); მოიერიშე ალპინისტების მომზადება; პარაშუტის გარეშე დესანტირება შვეულმფრენებიდან; საპარაშუტო მომზადება.

ჩეჩნეთის გუდერმესში „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტს“ 400 ჰექტრამდე ფართობი უკავია, რომელზეც მოწყობილია ტაქტიკური ქალაქი ანტიტერორისტული მოქმედებების დასახვეწად; სხვადასხვა სიგრძის 20 სასროლეთი; 2 ჰექტარი ფართობისა და 10 მ სიღრმის ხელოვნური ტბა, წყალზე უპარაშუტო და პარაშუტით დესანტირებისთვის, ასევე, მებრძოლი მყვინთავების მოსამზადებლად.

ამ უნივერსიტეტს საკუთარი, 1 600 მ. სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლიც კი აქვს, მცირე ზომის თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების მისაღებად.

2-uni-1730273646.png
ასე გამოიყურება თანამგზავრიდან 400 ჰექტარზე გადაჭიმული კადიროვის სიამაყე - „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტის“ კომპლექსი...

უფრო მეტიც, „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტს“ Goodsky-ის ტიპის 11 მ. სიმაღლის ვერტიკალური საჰაერო მილიც კი აქვს, რომელიც ხუთი წლის წინ ჩეხებმა დაუმონტაჟეს და რომელიც პარაშუტისტების მომზადებას ითვალისწინებს.

მოკლედ, „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტი“ საკმაოდ მაღალი დონის მოსამზადებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომლის მსგავს ბევრი განვითარებული ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალების სარდლობებიც კი ინატრებდნენ და ამიტომაც გასაგებია, რა დღეში იქნებოდა კადიროვი, როდესაც მის ამ სიამაყეს გაუბედეს და კამიკაძე-დრონის დარტყმით სახალხოდ ააგიზგიზეს...

მაგრამ ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა?

პირველი ვერსია, რა თქმა უნდა, უკრაინას უკავშირდება -კადიროვის რაზმები მესამე წელია, უკრაინის მიწაზე იბრძვიან და რუსეთის რეგულარულ არმიასთან ერთად იპყრობენ უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უკრაინულ მხარეს პირველად განეხორციელებინა საჰაერო იერიში ფრონტის ხაზიდან პირდაპირი ხაზით 900-მდე კმ-ით დაშორებულ ჩეჩნეთის გუდერმესზე, მით უმეტეს, რომ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ასეთივე წერტილოვანი საჰაერო დარტყმები 1 800 კმ-ზე, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეშიც კი აქვთ განხორციელებული...

putinkadirov-1730273739.png
„სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტის“ იმ შენობას, რომელშიც კადიროვმა პუტინი 20 აგვისტოს მიიწვია, 29 ოქტომბერს უკვე „უცნობი“ კამიკაძე-დრონი „ესტუმრა“...

თუმცა უკრაინის მასმედიაში გაჩნდა სხვა ვერსიაც - თითქოს, კადიროვზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებულმა დაღესტნელმა მილიარდერმა და სენატორმა სულეიმან კერიმოვმა ამ სახით „უპასუხა“ რამზან კადიროვის მუქარას, როდესაც ჩეჩნებმა და დაღესტნელებმა ვერ გაიყვეს კომპანია Wildberries.

მაგრამ უფრო სანდოდ მაინც უკრაინული კვალი მოჩანს, რის გამოც კადიროვმა დაიქადნა, რომ უკრაინის ფრონტზე „კადიროველები“ აღარ აიყვანენ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, ეს კი ღიად მიანიშნებს, რომ კადიროვი თავის მებრძოლებს ღიად აძლევს ბრძანებას, ჩაიდინონ საერთაშორისო კანონებით მიჩნეული სამხედრო დანაშაული -სამხედრო ტყვეების მიზანმიმართული ლიკვიდაცია, რასაც რუსეთის არმია ისედაც ახორციელებს უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ, განსაკუთრებით კი - კურსკის ოლქში...