"გაგრაში მამას დედა პლაჟზევე ძალიან მოეწონა. ზღვაში შორს რომ გაცურეს, მიუახლოვდა და რუსულად გამოელაპარაკა, - გოგონა, რა კარგი ამინდიაო, - რუსი ეგონა. დედა სიცილით იხსენებდა, ასე ბანალურად როგორ დამელაპარაკაო?!"
პროფესიით ჟურნალისტი იყო. ჯერ ჟურნალ "ცისკარს" რედაქტორობდა, შემდეგ გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორიc გახლდათ და წიგნის პალატისაც, მთარგმნელიც იყო და ბევრი მისი ლექსი სხვადასხვა ენაზეც არის ნათარგმნი, მრავალი პრემიის ლაურეატია და გერმანელი თეოლოგის, ეთიკოსის, ექიმისა და ორგანისტის, ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალიც აქვს მიღებული!
პოეტ მორის ფოცხიშვილს პირადად არ ვიცნობდი, ინტერვიუსთვის არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ამჟამინდელ "საზოგადოებრივ მაუწყებელში", უწინ კი ტელერადიომაუწყებლობის "პირველ არხზე" მუშაობისას დერეფნებსა და სტუდიებში სალმით ვხვდებოდით ერთმანეთს. მისი ლექსები და ლექსებზე შექმნილი სიმღერები დღემდე ბევრს ატკბობს. ასე მგონია, ამ ადამიანის პოეზია ზუსტად გამოხატავს მის "სულიერ ბიოგრაფიას" - ბუნებას, გრძნობებს, ემოციებს... ამბობენ, თავისუფლებისმოყვარე იყო, ლაღი, კეთილი და კაცთმოყვარეო. მართლაც ღირსეულად იცხოვრა და ლამაზი ლექსები დაწერა, ისეთი, მუსიკასავით რომ ჩაესმის ყურს. "არ მიყვარდა ერთი გოგო", "დაშვებული ფარდები", "ლაზიერის გამბიტი", "ვინც ამ გოგოს გააცინებს", "უკანასკნელი მეფაიტონე", რომელიც ბუბა კიკაბიძეს მიუძღვნა, "იძინებს მზე" და კიდევ რომელი ერთი გავიხსენო... მანამდე არ ვიცოდი, მაგრამ ბატონი მორისის უმცროს ქალიშვილთან, რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან საუბრისას შევიტყვე, რომ პოეტის ლექსების უდიდესი ნაწილი ეძღვნებოდა მის მეუღლეს - როზიტა ვერბის.
"გოგლა ლეონიძემ მამა "დაამშვიდა", ნამდვილ ვაჟკაცებს ყოველთვის გოგონები ჰყავთო"
- როგორ ცხოვრობდა, რით ხარობდა, რა აწუხებდა და როგორ უყვარდა თავისუფლებისმოყვარე კაცს მორის ფოცხიშვილს?
- დედა, როზიტა ვერბი, მამით იტალიელი იყო, ტიტულიანი გვარის წარმომადგენელი და დედით - ქართველი. თბილისში ცხოვრობდა. მამამ და დედამ ერთმანეთი აფხაზეთში გაიცნეს, ძალიან უჩვეულოდ - შუა ზღვაში... დედა ექიმი იყო, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და სამთვიან საზაფხულო პრაქტიკას გაგრაში გადიოდა. ძალიან ცისფერი თვალები ჰქონდა და ქართველისთვის უჩვეულო - რომაული პროფილი. ამას ისიც დაემატა, რომ ზაფხულის მზემ თმა გაუხუნა და ნამზეურიც ძალიან დაეტყო. იმ ზაფხულს მორისი, მთელი მისი დიდი ოჯახი და სამეგობრო დასასვენებლად გაგრაში ჩავიდნენ. მამამ დედა პლაჟზევე შენიშნა და ძალიან მოეწონა. დედამაც შენიშნა თურმე. მერე გვიყვებოდა, ისეთი თეთრი იყო, არ მომეწონაო. დედა კარგადაც ცურავდა - ზღვაში იმდენად შორს გადიოდა, ჰორიზონტზეც აღარ ჩანდა ხოლმე. იმ დღესაც ძალიან შორს გაცურა და მორისიც გაჰყვა. რომ მიუახლოვდა, რუსულად გამოელაპარაკა დედას, - გოგონა, რა კარგი ამინდიაო (მამას დედა რუსი ეგონა). დედა სიცილით იხსენებდა ხოლმე, ასე ბანალურად როგორ დამელაპარაკაო?! მაშინ მამა 28 წლის იყო, დედა - 24 წლის. გაგრაში ყოფნისას ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. დედას მეგობრები ეუბნებოდნენ, ეგ, იცი, რა მაგარი პოეტიაო! დედას კი მორისის ლექსები წაკითხულიც არ ჰქონდა. მერე, სექტემბერში, თბილისში შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და მორისმა უთხრა, დედაჩემს ძალიან ენატრები და ჩვენთან წამოდიო. მოკლედ, აგვისტოში გაცნობილებმა 31 იანვარს დიდი ქორწილი გადაიხადეს, თანაც სამდღიანი, ოღონდ ხელის მოწერა დაავიწყდათ. მორისს არ გაახსენდა, რომ ქორწინებისთვის მარტო სამდღიანი ქორწილი არ იყო საკმარისი და ხელიც უნდა მოეწერათ - რას ვიზამთ, პოეტი იყო. ქორწილის შემდეგ სამოგზაუროდ წავიდნენ და ცოლ-ქმრის ოფიციალური სტატუსის უქონლობის გამო სასტუმროს ნომერში ერთად არ შეუშვეს, ამიტომ ცალ-ცალკე ნომრებში ცხოვრობდნენ.
დედა იხსენებდა ხოლმე, ქორწილი კი არა, დიდი დღესასწაული იყოო. თამადა პოეტი გოგლა ლეონიძე ყოფილა, მეჯვარე ბერძენი პოეტი ალექსი სპარნისი, რომელიც საბერძნეთიდან საგანგებოდ ქორწილისთვის ჩამოვიდა. საქართველოში თუკი ვინმე გამორჩეული დადიოდა, ყველა ესწრებოდა მათ ქორწილს. იმხანად მორისი ძველ თბილისში ცხოვრობდა, სიონის 8 ნომერში, სადაც ახლა "ქარვასლაა". თავდაპირველად დედაც იმ სახლში მიიყვანა, მოგვიანებით კი ცალკე გადავიდნენ. ჩემი და, თამრიკო, ჩემზე უფროსია და მე რომ დავიბადე, გოგლა ლეონიძემ მამა "დაამშვიდა", არა უშავს, ნამდვილ ვაჟკაცებს ყოველთვის გოგონები ჰყავთო.
დედა და მამა სულ მოგზაურობდნენ. ერთადერთი, გვარის გამო დედას ზოგიერთ ქვეყანაში არ უშვებდნენ (მისი მამა 1938 წელს დახვრიტეს).
"ზეცაში მაინც ერთად ვიქნებით"
წაიკითხეთ სრულად - შუა ზღვაში გაცნობილები...