"ვხედავთ ტენდენციურ ევროპას განცხადებებით, რეზოლუციებით, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული - ძალმომრეობით, ხელის გადაგრეხით აქვთ მცდელობა რაღაცები შეცვალონ - აგენტურა უნდათ ხელისუფლებაში" - კვირის პალიტრა

"ვხედავთ ტენდენციურ ევროპას განცხადებებით, რეზოლუციებით, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული - ძალმომრეობით, ხელის გადაგრეხით აქვთ მცდელობა რაღაცები შეცვალონ - აგენტურა უნდათ ხელისუფლებაში"

ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ ტენდენციურ ევროპას თავიანთი განცხადებებით, რეზოლუციებით, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული. არანაირი სიმართლის ნაპერწკალი არ დევს მათ განცხადებებში. ძალმომრეობით, ხელის გადაგრეხით აქვთ მცდელობა რაღაცები შეცვალონ, რომ მათთვის მისაღები ხელისუფლება ანუ აგენტურა არ არის დღეს ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რას ელის გაფართოების შესახებ ანგარიშით, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე რა დათქმაც არსებობდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შეასრულა, თუმცა როგორც კალაძემ აღნიშნა, როდესაც პოლიტიკურად არ აწყობდათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს და „საქართველოს ხელისუფლება დაჩაგრეს“.

„ჩვენ როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ მეორე ფრონტი უნდა გახსნა და ომი დაიწყოო, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ამას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ვიცით ამას რამხელა უბედურება მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე და საკუთარ ქვეყანაზე. როდესაც გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მიუერთდეთ სანქციებსო, ჩვენ ვეუბნებით - არა, ჩვენ არ მივუერთდებით სანქციებს იმიტომ, რომ ამით დავაზიანებთ ჩვენს ეკონომიკას, დავაზიანებთ ჩვენს მოქალაქეებს და ამას არ ვაკეთებთ! ეს არ მოსწონთ. უნდათ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ რასაც ეტყვიან, ყველაფერი გააკეთონ. რომ ეტყვიან კედელს დაეტაკეთო, იმან პასუხი არ უნდა გასცეს და კითხვა არ უნდა დასვას, კედელს რომ დავეტაკო, შეიძლება თავი გამიტყდესო. ამის უფლებაც კი არ აქვს, უნდა წავიდეს და უნდა დაეტაკოს. მაგრამ ხალხი ხომ ხედავს - ქართველი ზურგის ტვინით გრძნობს ყველაფერს, დღევანდელ მოცემულობას, რა ხდება, ვინ ებრძვის ქვეყანას, რა ძალები ებრძვიან და ხომ ვნახეთ, რამხელა აქტივობა იყო. ისეთი ხალხი მიდიოდა არჩევნებზე ხმის მისაცემად, რომ ზოგი ავად იყო, ზოგი მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ქვეყანას სჭირდებოდა და ამ ადამიანებმა გადადგეს ეს ნაბიჯი და თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო. ევროინტეგრაციის გზაზე ყველა დათქმა რაც იყო წარმოდგენილი, ყველაფერი არის შესრულებული, ყველაფერი არის გაკეთებული. მაგალითისთვის გეტყვით, 12-პუნქტიანი გეგმით ყველაფერი გავაკეთეთ და არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, უნდოდათ, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ გამოეწვიათ დაპირისპირება და ეუბნებოდნენ, თქვენ კარგი ხალხი ხართ ქართველები, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ამ დროს განხორციელებული რეფორმებით, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯით, გაცილებით წინ ვიყავით მაშინაც, იმ ქვეყნებზე, ვისაც მაშინ მისცეს სტატუსი. ჩვენ არ მოგვცეს, უბრალოდ პოლიტიკურად გამოიყენეს ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, დაგვჩაგრეს. რამდენიმე თვეში რა შეიცვალა?! პოლიტიკურად აწყობდათ - მოგვცეს სტატუსი. ეს ყველაფერი არის სიტყვების ბრახაბრუხი - ყველა პარამეტრით გვაქვს საუკეთესო შედეგები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის გაგრძელებას ვაპირებთ, ამ მიმართულებით მუშაობას ვაპირებთ, რეფორმების გატარებას ვაპირებთ, რომ მივიღოთ ის საბოლოო შედეგი, რაც ყველასთვის, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

IPN