"მოლოდინი, რომ საჩივრები ობიექტურად იქნება განხილული, არ გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე" - კვირის პალიტრა

"მოლოდინი, რომ საჩივრები ობიექტურად იქნება განხილული, არ გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე"

ცესკოს მიმართვის საფუძველზე, რომელიც თავად არის მხილებული დანაშაულებრივი სქემის განხორციელებაში, [პროკურატურა] იწყებს გამოძიებას. მაშინ, როცა 2 თვე აბსოლუტურად უმოქმედო იყო, ცხადია, გამოძიების დაწყება არის არა სამართლებრივი პროცესი, არამედ აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

თოლორაიას განმარტებით, საგამოძიებო უწყებებს მისიის მიერ საჯაროდ გაკეთებული მოწოდებების მიუხედავად, დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციებზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყიათ, თუმცა მისია მზად არის, რომ საგამოძიებო უწყებებს მათ ხელთ არსებული ყველა მასალა გადასცენ.

„საგამოძიებო უწყებებისადმი მიმართვა ჩვენს კოალიციას ყველა ბრიფინგზე ჰქონდა, რომელიც ამ მისიის ფარგლებში ჩატარდა. კერძოდ, 30 სექტემბერს, 7 ოქტომბერს, 14 ოქტომბერს, 21 ოქტომბერს, 26 ოქტომბერს და 28 ოქტომბერს. არაერთხელ იყო მოწოდება საგამოძიებო უწყებების მიმართ, რომ გამოძიება დაეწყოთ იმ პერიოდისთვის გავრცელებული დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციაზე. დუმილი დღეს დაარღვია მხოლოდ საგამოძიებო უწყებამ და დღეს გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდებები ნიშნავდა იმას, რომ გადაეცემოდათ მათ მტკიცებულებები და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამ კოალიციის ხელთ არსებობდა.

დღეს ასეთი ტიპის მტკიცებულებები ძალიან დიდი რაოდენობით არის სოციალურ ქსელში გავრცელებული. მარტო ის ფაქტი, რომ ბიულეტენებზე უკან ეტყობოდა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, ეს უკვე ცალკე აღებული არის სისხლის სამართლის დანაშაული. განზრახვას, წინასწარ მოფიქრებას, გეგმებს თავი, რომ დაანებო, ეს არის გულგრილობა, სულ მცირე ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან. ამიტომ საგამოძიებო უწყებას ამაზე გამოძიება უნდა დაეწყო არა დღეს, არამედ მაშინ, როდესაც დაიწყო პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, პერსონალური მონაცემების დიდი რაოდენობით მოხვედრა მმართველი პარტიის ხელში, ამიტომ ამ პირობებში, როცა არაფერზე რეაგირება ჩვენ არ გვქონია, ცხადაია, ეს გამოძიება დაიწყო მედვედევის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ (რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუქმნან პრობლემები), ამ გამოძიებიდან რაიმე ტიპის მოლოდინი ჩვენ [არ გვაქვს].

იმ პირობებში, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, აბსოლუტურად, მწყობრიდან გამოსულია, რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისი, რომ ეს საჩივრები ობიექტურად იქნება განხილული, არ გვაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენი მხრივ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე. ჩვენ ჩვენი ყველა ბერკეტი სამართლებრივი, რაც გვაქვს, აუცილებლად, უნდა გამოვიყენოთ. დისკომფორტი ამ ორგანოებს აუცილებლად უნდა შეექმნათ და ყველამ უნდა შეახსენოთ მათი პასუხისმგებლობა რა არის. ეს პასუხისმგებლობა მათ არჩევნების ჩატარების დროს ვერ გაითავისეს, მაგრამ ამის შეხსენება მუდმივად უნდა მოხდეს, რომ ეს პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, მათ ეკისრებათ.

ტრაგიკულია ეს ვითარება, რომელიც დღეს ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებში გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაერთი მოწოდების მიუხედავად, დაწყებულიყო გამოძიება, რომელსაც პრევენციული გავლენა ექნებოდა და დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ეს შედეგები, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, სამართალდამცავი ორგანოები, აბსოლუტურად, უმოქმედო იყვნენ და დღეს ჩვენ ვხედავთ ცესკოს მიმართვის საფუძველზე, რომელიც თავად არის მხილებული რაღაცა დანაშაულებრივი „ბუკეტის“ განხორციელებაში, იწყებს გამოძიებას. მაშინ, როცა 2 თვე აბსოლუტურად უმოქმედო იყო, ცხადია, ეს გამოძიების დაწყება არის არა სამართლებრივი პროცესი, არამედ არის აბსოლუტურად, პოლიტიკური პროცესი. 15 წელია საგამოძიებო უწყებებში და პროკურატურაში ვმუშაობდი და მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ საქმის გამოძიება იწყებოდეს ზემოდან და არა თვითმხილველი ადამიანებისაგან“, - განაცხადა თოლორაიამ.