"ტერმინატორმა" ტრამპს "დაარტყა": შვარცენეგერი გაბრაზდა - "თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ადამიანები გაბოროტდებიან, გაღრმავდება განხეთქილება - კვირის პალიტრა

"ტერმინატორმა" ტრამპს "დაარტყა": შვარცენეგერი გაბრაზდა - "თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ადამიანები გაბოროტდებიან, გაღრმავდება განხეთქილება

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) ბეჭდავს სტატიას სათაურით - „არნოლდ შვარცენეგერი: „მე ყოველთვის და უპირველესად ამერიკელი ვარ, ვიდრე - რესპუბლიკელი“ (ავტორი - ქეთრინ შოარდი), რომელშიც ცნობილი ამერიკელი მსახიობის, პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის თვალსაზრისია გადმოცემული, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კალიფორნიის ექსგუბერნატორმა რესპუბლიკური პარტიიდან, არნოლდ შვარცენეგერმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს კამალა ჰარისს და სურს, რომ თეთრ სახლში პრეზიდენტად ქალბატონი იხილოს.

ვრცელ ჩანაწერში, რომელიც 77 წლის „ტერმინატორმა“ „იქს-ქსელში“ გამოაქვეყნა, ნათქვამია: „მე ყოველთვის ამერიკელი ვიქნები, ვიდრე - რესპუბლიკელი. ამიტომაც მომავალ კვირას მე ხმას კამალა ჰარისს და ტიმ უოლცს მივცემ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩემს აზრს იზიარებს“.

არნოლდ შვარცენეგერი, რომელსაც სამსახიობო საქმიანობა 2001-2003 წლებში შეჩერებული ჰქონდა, ვიდრე იგი კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო, წერს, რომ იგი იმედგაცრუებულია ყველა იმ პრეზიდენტის მიმართ, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში თეთრ სახლში იყვნენ. „რკინის არნოლდი“ სინანულით წერს, რომ მან ვერც ერთ პრეზიდენტთან ვერ მიაღწია თავისი მიზნის განხორციელებას - სახელმწიფო ვალის შემცირებას და იმიგრაციის პრობლემის მოგვარებას.

აღსანიშნავია, რომ „ტერმინატორი“, წარმოშობით გერმანულენოვანი ავსტრიელი, დიდი ხანია, აკრიტიკებს დონალდ ტრამპს: იგი კაპიტოლიუმზე თავდასხმას „ბროლის ღამეს“ ადარებს, რომელიც გერმანელმა ფაშისტებმა 1938 წელს განახორციელეს ებრაელთა წინააღმდეგ. იგი დონალდ ტრამპს „უიღბლო და წარუმატებელ ლიდერს“ უწოდებს, რომელიც „აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უარესი პრეზიდენტის სახელით შევა“.

არნოლდ შვარცენეგერს დონალდ ტრამპისადმი სიძულვილი განსაკუთრებით ბოლო დროს განუმტკიცდა, როცა ამ ორიოდე დღის წინათ ექსპრეზიდენტმა იმპროვიზირებულად, სპეცფორმით, ნაგვის მანქანის კაბინიდან ჟურნალისტების წინაშე განაცხადა - „როგორ მოგწონთ ჩემი ნაგავმზიდი? ეს კამალა ჰარისისა და ჯო ბაიდენის პატივსაცემად“. ამ სიტყვების შემდეგ ბევრმა ამერიკელმა იგულისხმა, რომ ტრამპმა ამერიკა ნაგვის ბუნკერს შეადარა. „ჩემთვის ამერიკა ბრწყინვალე ქვეყანაა და ის, ვინც ჩემს ქვეყანას ნაგვის ბუნკერად თვლის, არაპატრიოტულად იქცევა... ძალიან გაბრაზებული ვარ“, - წერს არნოლდ შვარცენეგერი.

„თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად იქნება არჩეული, ჩვენთვის მომავალი ოთხი წელიწადი ნეგატიური იქნება. ადამიანები სულ უფრო ბოროტები გახდებიან, საზოგადოებაში სულ უფრო გაღრმავდება განხეთქილება“, - აღნიშნავს მსახიობი და ხაზს უსვამს: „ამერიკა წინ უნდა წავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება და უთანხმოება მაქვს დემოკრატების პლატფორმის მიმართ, მხარს მაინც კამალა ჰარისს და ტიმ უოლცს დავუჭერ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო