როგორ იქცა "აფხაზეთის გმირი" პროქართულ ლიდერად - იბრაჰიმ იაგანოვი: გზა სოხუმის შტურმიდან თბილისში სეირნობამდე - კვირის პალიტრა

როგორ იქცა "აფხაზეთის გმირი" პროქართულ ლიდერად - იბრაჰიმ იაგანოვი: გზა სოხუმის შტურმიდან თბილისში სეირნობამდე

სოხუმის მუზეუმში "აფხაზეთის გმირების" პორტრეტებზე ნადირობა გრძელდება. შამილ ბასაევის ფოტოს შემდეგ მუზეუმის სტენდიდან სანაგვეში მოისროლეს კიდევ ერთი ჩრდილოკავკასიელი მეთაურის, "აფხაზეთის გმირის" ტიტულის მქონე იბრაჰიმ იაგანოვის ფოტოც. აფხაზები იაგანოვზე განაწყენებული არიან. ის რადიკალ აფხაზ ნაციონალისტებში "საქართველოს აგენტად" იმის გამო მიიჩნევა, რომ 14 წლის წინ თბილისში ჩამოვიდა და საქართველოსთან დაიწყო მეგობრობა, თან წლებია აკრიტიკებს აფხაზეთში რუსეთის სრულ დომინირებას და აფხაზებს მოუწოდებს, რომ მათთვის ჯობს, ისევ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. იაგანოვი 2021 წლიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო რუსეთმა ტერორისტად და უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა. მუზეუმში თავად დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი, გენერალი ვლადიმერ ანუა მიიჭრა და მოითხოვა ფოტოს ჩამოხსნა. "მინისტრის" ამ ქცევას სოხუმში უკმაყოფილება მოჰყვა და დე ფაქტო ხელისუფლება დაადანაშაულეს "აფხაზეთის ისტორიის" გადაწერის ცდასა და "გმირების" უპატივცემულობაში.

ნტიგმირად ქცეული "აფხაზი გმირები"

სოხუმში "აფხაზეთის გმირების" პორტრეტების სკანდალი სექტემბრის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმმა გახსნა გამოფენა "აფხაზეთის გმირების" შესახებ და რუსმა ბლოგერმა აღმოაჩინა, რომ "გმირების" სტენდზე ტერორისტად გამოცხადებული და ბესლანის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული შამილ ბასაევის პორტრეტიც ეკიდა, რასაც ტელეგრამარხებზე რუსების საერთო აღშფოთება მოჰყვა. შემდეგ სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მოსკოვიდან დირექტივაც მიიღო, რომ ფოტო ჩამოეხსნათ. აფხაზების წინააღმდეგობის მიუხედავად, ფოტო სტენდიდან გააქრეს, თუმცა ამ ამბის განხილვები ისევ გაგრძელდა და თანაც აღმოჩნდა, რომ სტენდზე გამოფენილ პორტრეტებს შორის მიუღებელია კიდევ ერთი "აფხაზეთის გმირი" - იბრაჰიმ იაგანოვი.

როგორც აფხაზური მედია წერს, საზოგადოება აღაშფოთა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ვლადიმერ ანუას ქმედებამ. გენერალი ანუა "სამინისტროს" თანამშრომლებთან ერთად მივიდა მუზეუმში და მისი მუშაკები აღშფოთებული შეძახილებით არქივში გაგზავნა. ასე რომ, "აფხაზეთის გმირების" ერთი სტენდი მუზეუმიდან გააქრეს. მასზე იბრაჰიმ იაგანოვისა და შამილ ბასაევის გარდა, წარმოდგენილი იყო სხვა მებრძოლების მუჰამედ კილბას, ჰამზათ ხანკაროვისა და ჯუმა ჩირიკბაიას ფოტოებიც, რომლებსაც არც რუსეთში ტერორისტობა ჰბრალდებათ და არც საქართველოსთან მეგობრობა, თუმცა ჩამოსახსნელ ფოტოებს შორის მაინც აღმოჩნდნენ.

აფხაზი ისტორიკოსები, მუზეუმის მკვლევრები და ომის ვეტერანები თვლიან, რომ აფხაზეთის ისტორიაში უნდა დარჩეს იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ქართულ-აფხაზური ომის დროს მოხალისეთა მოძრაობის სიმბოლოები იყვნენ, რადგან მათი შემდგომი ცოდვების მიუხედავად, სახელები უკვე ჩაიწერა ისტორიაში.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფხაზი საზოგადოება ვლადიმერ ანუას კიდევ ერთი ქმედების გამოა აღშფოთებული - "მინისტრმა" "გამარჯვების 31 წლის იუბილესადმი" მიძღვნილი ორდენი გადასცა "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას, რამაც აფხაზი ვეტერანები აღაშფოთა. აფხაზეთში ამბობენ, რომ ასლან ბჟანიას ოჯახის ნაწილი ქართულ-აფხაზური ომის დროს "საქართველოს ტერიტორიაზე" იმალებოდა, თავად ბჟანია კი რუსეთში შოულობდა ფულს და მისი ორდენით დაჯილდოება მიუღებელია. მაშინ ანუამ თავი იმით იმართლა, რომ ორდენი ბჟანიას გადაეცა არა როგორც ვეტერანს, არამედ როგორც "პრეზიდენტს". ახლა კი, როდესაც ანუა "აფხაზეთის გმირების" ფოტოებს გადაეკიდა, მას ეს ამბავიც გაუხსენეს და აღშფოთებული განცხადებებიც გაკეთდა, რომ "ხელისუფლება აფხაზეთის ისტორიაში მოხალისეთა მოძრაობის" გადაწერას გეგმავს. საზოგადოებას "თავდაცვის სამინისტროს" პრესსამსახური გამოეხმაურა და თქვა, რომ გამოფენა მას შემდეგ გაიხსნება, რაც ამოიღებენ შამილ ბასაევისა და იბრაჰიმ იაგანოვის ფოტოებს, "პირებისა, რომლებმაც თავიანთი ქმედებებითა და განცხადებებით "აფხაზეთის გმირის" მაღალი ტიტული შელახეს".

"იაგანოვი არ არის ერთადერთი, ვინც თვლის, რომ შეცდა"

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - იბრაჰიმ იაგანოვი აფხაზეთის ომში მოხალისეთა ბატალიონ "ყაბარდოს" მეთაური იყო, 2010 წელს კი თქვა, რომ აფხაზეთს სხვა პერსპექტივა არა აქვს, გარდა იმისა, რომ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. ამის შემდეგ, 2011 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი აღიარა და ამანაც ითამაშა დიდი როლი იაგანოვის კეთილგანწყობაზე, თუმცა მან აფხაზური პოლიტიკის კრიტიკა და განცხადებები, რომ აფხაზეთი რუსეთზეა დამოკიდებული, გენოციდის აღიარებამდე დაიწყო. საქართველოშიც არაერთხელ იყო ჩამოსული, სოხუმშიც ჩადიოდა და იქაც იმავეს ამბობდა.

იაგანოვი არ არის ერთადერთი ჩრდილოკავკასიელი, ვინც თვლის, რომ შეცდა. განსაკუთრებით ჩეჩნები ნანობენ, და ამბობენ, ჩვენი ბიჭები მოატყუეს, თითქოსდა აფხაზეთში მაჰმადიანებს ავიწროებდნენო. აფხაზეთის ომის დროს ეს აფხაზების მეთოდი იყო. ასე "ავერბოვკებდნენ" ჩრდილოკავკასიელებს, მათ ფულსაც უხდიდნენ და ისინიც ომობდნენ. რელიგიურ ფაქტორთან ერთად იყო პოლიტიკურიც. სანამ აფხაზეთის ომი დაიწყებოდა, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის დიდი მოძრაობა შეიქმნა და სოხუმი ამ კონფედერაციის დედაქალაქად გამოცხადდა. თითქოს გეგმა არსებობდა, რომ აფხაზეთს "გაათავისუფლებდნენ" და დამოუკიდებელი გახდებოდა, შემდეგ მთელ ჩრდილოეთ კავკასიას გაეხსნებოდა გზა ევროპისკენ - ცივილიზებული სამყაროსკენ. ამ იდეის გარშემო მიდიოდა ხალხის მობილიზაცია აფხაზეთში გასაგზავნად. იაგანოვიც ასე ფიქრობდა, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. ჩრდილოკავკასიელები დარწმუნდნენ, რომ აფხაზეთის "გათავისუფლებას" მათთვის სიკეთე არ მოუტანია, აფხაზეთი რუსეთის საყრდენი ბაზაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგაც.

- იაგანოვი 14 წელია აფხაზებს აკრიტიკებს და ახლა გაახსენდათ, რომ უღალატა­ აფხაზებს?

- ეს ყველაფერი ბასაევის ფოტოს სკანდალმა გამოიწვია. იმ სტენდზე ბასაევის პორტრეტი რომ არ ყოფილიყო, იაგანოვის ფოტოსაც არავინ მიაქცევდა ყურადღებას. რადგან ბასაევის ფოტოს ჩამოხსნა მოითხოვეს რუსებმა, ადგნენ და ყველა ფოტო ერთიანად მოხსნეს. შთაბეჭდილება შექმნეს, რომ დასრულდა გამოფენა. ამ ფოტოებს შორის იყო მუჰამედ კილბას ფოტოც, რომელიც რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობისას" ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და ისიც კი მოჰყვა ამ სკანდალში. მახსოვს, ძალიან ავადმყოფობდა, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდოდა სამკურნალოდ გადმოსვლა, მაგრამ ჩვენებმა არ მიიღეს, შემდეგ ის თურქეთში წაიყვანეს.

- აფხაზები სამკურნალოდ ხომ გადმოდიან არაოკუპირებულ საქართველოში და კილბას რატომ უთხრეს უარი?

- კილბა ტერორისტია, თან აფხაზეთის კანონიერი მოსახლე არ ყოფილა, ომის დროს არის ჩამოსახლებული თურქეთიდან, ამიტომ არ მივიღეთ. დანარჩენებს, თუნდაც ომის მონაწილეებს, ყველას ვიღებთ. შამბას თუ ბჟანიას ნათესავებიც ჩამოდიან სამკურნალოდ. რუსლან ქიშმარიაც, რომელიც გალის დე ფაქტო გამგებელი იყო, მკურნალობდა თბილისში. ისედაც ხშირად გადმოდიოდა აქეთ, გალის ე.წ. გამგებლად რომ მსახურობდა. ახლა ის გარდაცვლილია.

წაიკითხე ვრცლად: სოხუმში „აფხაზეთის გმირების“ სკანდალი გრძელდება