სენსაცია: რა "გაუბაზრეს" ზელენსკის - რატომ გაჟონა პრესაში უკრაინის პრეზიდენტის "ტომაჰავკებზე" ფანტასტიკური ოცნების საიდუმლომ - კვირის პალიტრა

სენსაცია: რა "გაუბაზრეს" ზელენსკის - რატომ გაჟონა პრესაში უკრაინის პრეზიდენტის "ტომაჰავკებზე" ფანტასტიკური ოცნების საიდუმლომ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დღეებია ვეღარ მალავს თავის აღშფოთებას იმის გამო, თუ რა ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ New York Times-მა...

New York Times-მა კი დაწერა იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ ამას წინათ პრეზენტირებული „გამარჯვების გეგმის“ საიდუმლო ნაწილში, რომელიც ეხებოდა არაბირთვული სტრატეგიული შეკავების საკითხს, თურმე ჩაწერილიყო მოთხოვნა ამერიკული მხარისადმი...„ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინაში განთავსების შესახებ!

„ტომაჰავკების“ თემა იყო მკაცრად კონფიდენციალური საკითხი უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების დროს და მისი გაჟონვა ამერიკულ მასმედიაში, როგორ უნდა გავიგო? - ღიად სვამს კითხვას უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

ის, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაიჟონა არა მარტო კონფიდენციალური, არამედ სრულიად საიდუმლო გრიფის ქვეშ მყოფი ძალზე მგრძნობიარე ოპერატიული ინფორმაციებიც, არახალია. უკრაინელ სამხედროებში ძლიერდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ 2023 წლის უკრაინის არმიის ზაფხულის დიდი კონტრშეტევის გეგმაც აგრესორი რუსეთისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ამ საიდუმლო გეგმის გარკვეული დეტალები უკრაინის გენშტაბმა თავის ნატოელ პარტნიორებს გაუმჟღავნა...

1-tom-1730360233.png
ამერიკული ფრთოსანი „ტომაჰავკების“ ჩუქება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის აუხდენელ ოცნებად დარჩა...

თუმცა, New York Times-ში დაბეჭდილი „ტომაჰავკების“ სენსაციური თემის გარეშეც, ნათელია, რომ ამ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის თეორიული შანსიც არ არსებობდა და ამერიკელმა ჩინოვნიკებმა ეტყობა სპეციალურად „გააჟონვინეს“ ამ კონფიდენციალურ საკითხს მასმედიაში, რომ ოფიციალური კიევი რეალობაში დაებრუნებინათ...

ასეთს რას წარმოადგენს „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტები, რომ მათი გადაცემა უკრაინის არმიისთვის თეორიულადაც კი შეუძლებელია, თუკი ამერიკელებმა კიევს უკვე გადასცეს 300 კმ-მდე მფრენი ATACMS Block IA ტიპის ბალისტიკური რაკეტები?

საქმეც სწორედ ამ რაკეტების ფრენის სიშორეშია-იმ რამდენიმე ათეული ATACMS-ის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში(მაქსიმუმ 250 კმ-ზე) სროლას დღემდე კატეგორიულად უკრძალავს ვაშინგტონი კიევს და 1 600 კმ-ზე მფრენ Tomahawk-ებს გადასცემს აშშ-ები უკრაინის არმიას? რა თქმა უნდა არა...

რას წარმოადგენს ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ი?

ეს არის უნივერსალური ფრთოსანი რაკეტა, რომლის გაშვება შეიძლება წყალქვეშა ნავის სატორპედო აპარატიდან და ვერტიკალური გასაშვები მოწყობილობიდან, სამხედრო ხომალდიდან, სახმელეთო დანადგარიდან და თვითმფრინავიდან.

2-tom-1730360414.jpg

5,5 მ სიგრძისა და 1 200 კგ მასის ფრთოსან „ტომაჰავკს“ 880 კმ/სთ სიჩქარით 2 500 კმ მანძილზე გადააქვს 450 კგ მასის ჩვეულებრივი საბრძოლო ნაწილი ან 200 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ერთი ბირთვული ქობინი.

„ტომაჰავკის“ მთავარი პლუსი იმაშია, რომ ის დაბალ სიმაღლეზე რელიეფის მიყოლებით მიფრინავს და ძალიან ძნელად აღმოსაჩენია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემის რადიოლოკატორებისთვის,ამასთან გამოირჩევა მიზანში მოხვედრის 5-10 მ-ის სიზუსტით.

ამერიკული „ტომაჰავკების“ რუსულ ანალოგს წარმოადგენს ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, რომლებსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სისტემატურად უშვებს უკრაინული ქალაქების დასაბომბად.

აქედან გამომდინარე, ალბათ კიევშიც გაუჩნდათ სურვილი,რომ რუსულ „კალიბრებს“ ამერიკული „ტომაჰავკებით“ დაჰპირისპირებოდნენ და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 1 000- 1 500 კმ-მდე მისწვდომოდნენ სტრატეგიულ ობიექტებს, მაგრამ ეს მხოლოდ ფანტასტიკური ოცნება თუ გახლდათ ამერიკელებმაც უკრაინის ხელისუფლება ოცნებებიდან მიწაზე დააბრუნეს, როდესაც მასმედიაში სპეციალურად „გააჟონვინეს“ კიევის ეს სურვილი...

3-tom-1730360339.jpg
„ტომაჰავკი“ ათას კმ-ზე მეტი მანძილის ფრენის შემდეგაც მიზანს გასაოცარი, 5-10 მ-ის სიზუსტით ხვდება და ეს დიდ საბრძოლო შესაძლებლობებს მისცემდა კიევს რუსეთის სიღრმეში სტრატეგიული ობიექტების ზუსტად გასანადგურებლად, მაგრამ თეთრი სახლი კრემლის საპასუხო ქმედებებს უფრთხის...

გარდა ამისა, აშშ-ს, რომელსაც 40 წელია შეიარაღებაში აქვს „ტომაჰავკების“ სხვადასხვა მოდიფიკაციები, დღემდე ის მხოლოდ თავისი ყველაზე ერთგული მოკავშირისთვის - დიდი ბრიტანეთისთვის თუ აქვს მიყიდული და ისიც მხოლოდ საექსპორტო ვარიანტი, რომელიც 2 500 კმ-ის ნაცვლად მხოლოდ 1 600 კმ-მდე მიფრინავს.

2023 წელს აშშ-მა ნება დართო კიდევ ორ მოკავშირეს-იაპონიასა და ავსტრალიას „ტომაჰავკების“ შეძენაზე და წარმოუდგენლად მოჩანს, რომ მათ უკრაინაც მიემატოს.

თუნდაც იმიტომაც, რომ იაპონიას „ტომაჰავკის“ ერთი ფრთოსანი რაკეტის შეძენა 4,25 მლნ დოლარი უჯდება, ფართომასშტაბიან ომში მყოფ უკრაინას ამის სახსრები არ გააჩნია, ამერიკელები ასეთი ძვირი შეიარაღების კიევისთვის უბრალოდ ჩუქებას კი სულაც არ აპირებენ...