"როცა ფაილი გავხსენი, თვალებს არ ვუჯერებდი, მსახიობებს შორის იყვნენ: სილვესტერ სტალონე, კლინტ და სკოტ ისტვუდები, უილა ფიცჯერალდი... ნამდვილი ვარსკვლავური გუნდი" - როგორ შეირჩა ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის ფილმისთვის? - კვირის პალიტრა

"როცა ფაილი გავხსენი, თვალებს არ ვუჯერებდი, მსახიობებს შორის იყვნენ: სილვესტერ სტალონე, კლინტ და სკოტ ისტვუდები, უილა ფიცჯერალდი... ნამდვილი ვარსკვლავური გუნდი" - როგორ შეირჩა ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის ფილმისთვის?

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 21 წლის წინ დაწერილი ჩემი სიმღერით ჰოლივუდის რეჟისორები დაინტერესდებოდნენ. სიმღერა ფილმის ერთ-ერთ კადრში, 1 წუთის და 45 წამის განმავლობაში გაიჟღერებს, თანაც, ქართულ ენაზე"

ზაზა ხუციშვილის ახდენილი ოცნება

ზაზა ხუციშვილის სიმღერებს საქართველოში კარგად იცნობენ. ამიტომ, ყველას დიდი სიხარული მოჰგვარა ინფორმაციამ, რომ მისი სიმღერა "უღრუბლო ცა", ახალ ჰოლივუდურ ფილმში აჟღერდება. ამ ფილმში მთავარ როლს სილვესტერ სტალონე ასრულებს და ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობენ. ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ ზაზა ხუციშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- ინტერვიუს დასაწყისში ყველას მადლობა უნდა გადავუხადო, ვინც ეს სასიამოვნო ამბავი მომილოცა. სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტიც დაიდო, სადაც ამ სიახლეს საზოგადოებას აცნობდნენ, მაგრამ იქ ორიოდე მცდარი ინფორმაცია იყო: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჰოლივუდის მასშტაბურ პროექტში ქართული მუსიკა აჟღერდება. მსგავსი ამბავი ადრეც მომხდარა: ჭაბუკა ამირანაშვილის მუსიკა აჟღერდა ფილმში, სადაც სტივენ სიგალი თამაშობს და როგორც ვიცი, ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში "წინწყაროც" არის მოხვედრილი.

- როგორ შეიქმნა თქვენი სიმღერა და როგორ მოხვდა ჰოლივუდის ინტერესის არეალში?

- რაც შეეხება ამ სიმღერას, ის 2003 წელს არის ჩაწერილი და ჩვენს სტუდიურ ალბომშიც შედის. სიმღერა თავდაპირველად ჯგუფ "ვაკის პარკთან" ერთად შევასრულე და ფილმის გადამღებ ჯგუფს სწორედ ეს ვარიანტი მოეწონა. "უღრუბლო ცა" იმ ურთულეს წლებს ეძღვნება, რომელიც ქართველებმა 1990-იანი წლების შემდეგ გადავიტანეთ. ყველა მისამღერის წინ მეორდება სიტყვები "ჩვენს აუხდენელ ოცნებებს". ცუდია, რომ ბევრი ოცნება ვერ ავისრულეთ, რომელიც გვქონდა და გვაქვს.

- თუმცა ახდენილი ოცნებებიც ხომ არსებობს?

- რა თქმა უნდა, არსებობს და ცხოვრება სწორედ ამით არის საინტერესო. სწორედ ამის დასტურია ჩემი სიმღერა და მისი ისტორია: ორი თვის წინ, ჩემი ამერიკელი კოლეგა დამიკავშირდა, რომელიც მუსიკოსია, მან მითხრა, რომ მის მეგობარს აქვს კომპანია, რომელიც ფილმებისთვის მუსიკის მოძიებაზე მუშაობს. სწორედ ასე მოხვდა ჩემი რამდენიმე სიმღერა ახალი ფილმის შესარჩევ სიმღერებს შორის.

ალბათ, მკითხველი დაინტერესდება, რა მოთხოვნები ჰქონდათ და რა კრიტერიუმით შეარჩიეს "უღრუბლო ცა": მათ აღმოსავლეთ ევროპიდან სჭირდებოდათ მუსიკალური ჯგუფი, რამაც ჩემი შანსები გაზარდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში უამრავი კარგი ჯგუფია. დარწმუნებული ვარ, რომ მათ შესარჩევად არა ერთი სიმღერა მიიღეს. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მუსიკა არც ძალიან ენერგიული ყოფილიყო და არც ძალიან ნელი. როგორც ჩანს, "უღრუბლო ცამ" ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და გადამღები ჯგუფის ყურადღება მიიქცია.

გავიდა დრო, მე მეგონა, რომ ამ ამბავმა უკვე ჩაიარა და საერთოდ რომ არ ველოდი, ისე მივიღე წერილი, რომლითაც მილოცავდნენ, რომ ჩემი სიმღერა ფილმში უკვე დამტკიცებულია. ბოლოს კი მწერდნენ - გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნილ კონტრაქტს ხელი მოაწეროთ და დაგვიბრუნოთო. როცა მიმაგრებული ფაილი გავხსენი და წავიკითხე, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი: მსახიობებს შორის იყვნენ სილვესტერ სტალონე, კლინტ ისტვუდი და მისი ვაჟი - სკოტ ისტვუდი, უილა ფიცჯერალდი, რომელიც რამდენიმე ფილმში მყავს ნანახი და მშვენიერი მსახიობია - მოკლედ, ეს არის ფილმი, რომელშიც ნამდვილი ვარსკვლავური გუნდი მონაწილეობს.

- თუ გაქვთ ნანახი ეს ფილმი ან მისი სცენარი რამდენად მოგწონთ?

- ფილმი ჯერჯერობით მეც არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ მისი რეჟისორია მაიკლ პოლიში, ხოლო მისი სახელწოდებაა - "ალარუმ". ფილმის შინაარსი დაახლოებით ვიცი, ჯაშუშებზეა - ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ორი აგენტი შემთხვევით მოიპოვებს რაღაც საიდუმლო მასალას და ამის შემდეგ სპეცსამსახურები მათ დევნას იწყებენ. სილვესტერ სტალონეს გმირი - ჩესტერიც მათზე ნადირობს, ჩესტერი გამოცდილი სპეცაგენტია, რომელსაც მთავარი გმირების ლიკვიდაცია აქვს დავალებული. ფილმის პრემიერა 2025 წლის გაზაფხულზე იქნება. არ ვიცი, რამდენი მასალა ჰქონდათ და "უღრუბლო ცა" რამდენ სიმღერაში ამოარჩიეს, მაგრამ ჩემთვის ეს გამორჩეული სიმღერაა. ჩემი აზრით, ის საკმაოდ მელოდიურია, საინტერესო არანჟირება და ბექ-ვოკალი ახლავს, რომელსაც მუსიკოსი გელა გნოლიძე ასრულებს.

სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც ჩემია, შესაბამისად, ტიტრებში აუცილებლად იქნება მითითებული, რომ შემსრულებელი არის "ვაკის პარკი", ხოლო მისი ტექსტის და მუსიკის ავტორი ზაზა ხუციშვილია.

- თუ ფილმი მძაფრსიუჟეტიანია, როგორ მოუხდება მას თქვენი სიმღერა?

- ის ამ ფილმის მთავარი თემა არ არის. ძირითად მუსიკას, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ფილმის სიუჟეტთან, საერთოდ, ფილმის კომპოზიტორი წერს. ფილმებში, გარდა კომპოზიტორის მიერ შექმნილი ორიგინალური მუსიკისა, სხვადასხვა მუსიკაც ჟღერს. როგორც ვიცი, ჩემი სიმღერა ფილმის ერთ-ერთ კადრში 1 წუთის და 45 წამის განმავლობაში გაიჟღერებს, თანაც, ქართულ ენაზე. ჯერჯერობით მეც არ მომისმენია და ვერაფერს ვამბობ, რადგან ზუსტად მეც არ ვიცი, ფილმს რამდენად უხდება და როგორ ჟღერს.

- რა შეგრძნებაა, როცა 20-21 წლის წინ დაწერილი სიმღერა ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორების ინტერესს იწვევს და რით ახსნით ამ წარმატებას?

- მე სულ ვამბობ, რომ წარმატების მოსაპოვებლად, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობაა აუცილებელი, მაგრამ იღბალი არანაკლებ როლს ასრულებს. გარდა ამისა, მე ძალიან გამომადგა ნაცნობობა, რომელიც ამერიკელ კოლეგებთან მქონდა და მაქვს. სხვათა შორის, იგივე სიმღერა უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, ინტერნეტში ავტვირთეთ და რუსი ჯარისკაცების მიმართ მწვავე პროტესტი გამოვთქვით. ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა იმ დღეებშიც მომწერა და თავის კოლეგებთან დამაკავშირა. დიდი სურვილი გვქონდა, რომ ქართულ-ამერიკული სიმღერა ჩაგვეწერა უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჩანაფიქრი ვერ ავისრულე. გავიდა ხანი და "უღრუბლო ცა" სულ სხვა პროექტისთვის შეარჩიეს.

- 21 წლის წინ, როცა ამ სიმღერას წერდით, იფიქრებდით, რომ ის ამერიკულ ფილმში მოხვდებოდა?

- რასაკვირველია, არა - ამაზე არც მიოცნებია, უფრო მეტიც, კინომუსიკაზე მე არასდროს მიმუშავია და ფიქრშიც კი არ გამივლია, რომ ჩემი რომელიმე სიმღერა ამერიკულ ფილმში მოხვდებოდა. საერთოდ, ვინც კინომუსიკას წერს, ყოველთვის ცდილობს, მისი სიმღერები იქ მოხვდეს, სადაც უფრო დიდი ბაზარია. არა ერთ კომპოზიტორს, რომელიც თავის მუსიკას ფილმებისთვის წერს, სპეციალური განათლება აქვს მიღებული. მე კინომუსიკაზე არასდროს მიფიქრია და რაც მოხდა, ჩემთვის სიურპრიზი იყო.

- ქართველ სპორტსმენებს და ხელოვანებს ჩვენი სამშობლოს ელჩებს უწოდებენ მთელ მსოფლიოში, ალბათ, ბედნიერი ხართ, რომ თქვენც მათ შორის აღმოჩნდით.

- გეთანხმებით: ჩვენს ცნობილ მსახიობებს, მუსიკოსებს, სპორტსმენებს, საქართველოს სახელი ყოველთვის გაჰქონდათ მსოფლიო ასპარეზზე, ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. მოხარული ვიქნები, თუ ამ დიდ საქმეში მცირეოდენ წვლილს მეც შევიტან.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)